Facebook Twitter

№ას-1155-1086-2015 2 თებერვალი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ს.მ.ს– (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ც–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამუშაოდან განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.ც–ძე (შემდეგში: მოსარჩელე), 2009 წლის 1 იანვრიდან, განუსაზღვრელი ვადით, დასაქმებული იყო სსიპ ს.მ.ს–ს (შემდეგში: მოპასუხის, აპელანტის ან კასატორის) ზესტაფონის რაიონულ განყოფილებაში, სოციალური მუშაკის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 650 ლარს [საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, შემდეგში სშკ-ის, მუხლი 6].

2. მოპასუხემ 2015 წლის 19 მარტს ცალმხრივად შეწყვიტა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა (ბრძანება№04-195/კ ), [ნაკისრი ვალდებულებების უხეშად დარღვევა, იხ. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტი].

3. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას მოპასუხემ საფუძვლად დაუდო შემდეგი:

3.1. 2011 წლის 2 დეკემბერს ვ.შ–ძემ (შემდეგში: განცხადებელმა) სააგენტოსაგან მოითხოვა მიმღები მშობლის სტატუსის მინიჭება (დედობილად რეგისტრაცია) და მოპასუხეს წარუდგინა 2011 წლის 1 დეკემბერს შპს ,,ჯ-ჰ–ის” მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა, რომლის თანახმადაც, ის ჯანმრთელი იყო.

3.2. 2011 წლის 1 დეკემბრამდე განმცხადებელი იღებდა პენსიას შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო, ვინაიდან იგი დაავადებული იყო დეპრესიული ტიპის შიზოაფექტური აშლილობით, მისი ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას.

3.3. განმცხადებლის ოჯახის საცხოვრებელი პირობები, მოპასუხესა და საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ე–ს” შორის 2011 წლის 6 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, შეამოწმა ამავე ორგანიზაციის თანამშრომელმა თ. ზ–ემ. ამ უკანასკნელის მიერ შედგენილ დასკვნებს ხელი ისე მოაწერა მოსარჩელემ, რომ არ გადაამოწმა დასკვნებში მითითებული გარემოებების უტყუარობა.

3.4. მოპასუხემ 2011 წლის 27 დეკემბერს №02/372 გადაწყვეტილებით, განმცხადებელს მიანიჭა მიმღები მშობლის სტატუსი.

3.5. დასკვნებში, შეცდომით იქნა მითითებული შემოწმების დაწყებისა და დასრულების თარიღები, შესაბამისად: 04.09.2011, ნაცვლად 05.12.2011-ისა; 17.12.2011, ნაცვლად 16.12.2011-ისა.

4. განმცხადებელი 2012 წლის 27 დეკემბერს მოიხსნა მიმღებ მშობლად რეგისტრაციიდან ისე, რომ მისთვის ბავშვის აყვანა არ შეუთავაზებიათ.

5. მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების სხვა შემთხვევები დაფიქსირებული არ ყოფილა და 2015 წლის 19 მარტამდე რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიმართ არ გამოყენებულა.

6. მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის 2015 წლის 19 მარტის №04-195/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა განუსაზღვრელი ვადით, ასევე, იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2015 წლის 20 მარტიდან მის სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის, მისი ყოველთვიური ხელფასის, 650 ლარის (დარიცხული) გათვალისწინებით და 2015 წლის აპრილის თვის პრემიის /დანამატის მიუღებლობით მიყენებული ზიანის, 280 ლარის, ანაზღაურება.

7. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2015 წლის 19 მარტის №04-195/კ ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, იგი აღდგენილ იქნა ზესტაფონის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მხარეთა შორის 2014 წლის 9 იანვრის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადით (განუსაზღვრელი ვადით) და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2015 წლის 20 მარტიდან მის სამუშოზე აღდგენამდე პერიოდისათვის, ყოველთვიური ხელფასის, 650 ლარის (დარიცხული) გათვალისწინებით. მოსარჩელეს უარი ეთქვა 2015 წლის აპრილის პრემიის /დანამატის მიუღებლობით მიყენებული ზიანის, 280 ლარის, ანაზღაურებაზე.

8. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი შეფასებები, სახელდობრ:

8.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა მისთვის დაკისრებული მოვალეობა. მან პირადად არ ჩაატარა ბავშვის საჭიროებებისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა შესაძლებლობების თაობაზე კვლევა და ხელი მოაწერა სხვა პირის მიერ გამოტანილ დასკვნებზე.

8.2. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხემ უკანონოდ დაითხოვა მოსარჩელე, რადგანაც შრომის სამართალში მოქმედი "Ultima Ratio-ს" პრინციპის თანახმად, დასაქმებულის განთავისუფლება დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ გადაცდომის სიმძიმე, სიხშირე და დამდგარი შედეგი უფრო მსუბუქი ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა.

8.3. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან ერთჯერადად დაირღვა შრომითი მოვალეობები, რასაც შედეგად არ მოჰყოლია სხვა პირთა კანონით დაცული ინტერესების დარღვევა. შესაბამისად, მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება, დისციპლინური სასჯელის უკიდურესი ზომისათვის - სამუშაოდან დათხოვნისათვის - მიემართა და არ გაეთვალისწინებინა გადაცდომის ხასიათი. სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სშკ-ის 38.8 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 54-ე მუხლი.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

9.1. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამასთანავე, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია; სასამართლოს არ უმსჯელია და არ მიუთითებია კანონის ნორმა, რომელიც დაარღვია მოპასუხემ სადავო ბრძანების გამოცემისას;

9.2. მართალია, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება, მაგრამ ეს საკმარისად არ მიიჩნია მასთან შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლად, მაშინ, როდესაც მოსარჩელის მხრიდან იკვეთებოდა დაკისრებული მოვალეობების უხეში დარღვევა, რომელმაც პრაქტიკულად მომავალში ბავშვის ინტერესების დარღვევის საფრთხე შექმნა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (იხ. #ბს-822-788 (კ-06); #ას-549-517-2010; #ას-527-495-2010; #ას-545-513-2012; #ას-106-101-2014 #ას- 2-239-2015 6.05.15). სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ: „დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის ანდა პროფესიული ვალდებულებების არასათანადო შესრულებისათვის არ შეიძლება პირდაპირ ისეთი მძიმე ღონისძიების გამოყენება, როგორიც არის შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა (დადგენილი გამონაკლისების გარდა), გარკვეული პროცედურული წინაპირობების დაცვის გარეშე“ ...... უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება, განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებასთან .... ზემოაღნიშნულ განმარტებებზე დაყრდნობით უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეყვეტის კანონით მინიჭებული უფლება (ხელშეკრულებიდან გასვლა) უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი) (იხ. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება #545-513-2012. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება # ას-549-517-2010, უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება #ას-545-513-2012).იხ. #ას- 2-239-2015 6.05.15.

15. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ ს.მ.ს–ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ ს.მ.ს–ს გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი