Facebook Twitter

საქმე №ას-20-20-2016 26 თებერვალი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ლ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ზ-ე (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოსარჩელე _ ნ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით მ. ზ-ისა და ნ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ლ-ის“ გადაწყვეტილება მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ, მოპასუხე შპს „ლ-ს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 18 თვის ხელფასის ანაზღაურება თითოეულისათვის თვეში 400 ლარის ოდენობით, მასვე მოსარჩელე მ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა გამოუყენებული შვებულების 500 ლარის, ხოლო ნ. მ-ის სასარგებლოდ - 470 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელეთა დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ლ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მ. ზ-ისა და ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტი ნაწილობრივ - ნ. მ-ის ნაწილში და 1.4. პუნქტი სრულად და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ლ-ს“ ნ. მ-ის სასარგებლოდ განაცდურის სახით დაეკისრა 7 752,5 ლარის, მიუღებელი შვებულების სახით _ 1 050 ლარის, ასევე, დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის 23 აგვისტომდე. შპს „ლ-ს“ მ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შვებულების სახით 1 050 ლარის, ასევე, დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07-ის გადახდა 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის 4 იანვრამდე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით განისაზღვრა სასამართლო ხარჯების საკითხიც, ხოლო დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

დაუსწრებელი გადაწყეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.

3. განმცხადებლის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. ზ-ემ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის (შპს „ლ-ს“ მ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის 4 იანვრამდე) განმარტება. განცხადების თანახმად, სააღსრულებო ბიურომ უარი განაცხადა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების 1.3. პუნქტით დაკისრებული თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის აღსრულებაზე იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული იყო მხოლოდ 1 050 ლარი, ხოლო საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში _ მხოლოდ კომპენსაცია და არ იყო მითითებული, რომ, დაყოვნების გამო, პროცენტის დარიცხვა ამ თანხასაც ეხებოდა.

4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტი განიმარტა იმგვარად, რომ დაყოვნებულ თანხაში იგულისხმებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების 1.3 პუნქტით დაკისრებული თანხა.

4.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

4.1.1. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტით შპს „ლ-ს“ მოსარჩელეების: მ. ზ-ისა და ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ კომპენსაციის სახით 18 თვის ხელფასის ანაზღაურება - თითოეულისათვის თვეში 400 ლარის ოდენობით, ხოლო 1.4 პუნქტის თანახმად, მოპასუხე შპს „ლ-ს“ მოსარჩელე მ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით, ხოლო ნ. მ-ის სასარგებლოდ - 470 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 1.3 პუნქტი გაუქმდა ნ. მ-ის ნაწილში, ხოლო მ. ზ-ის ნაწილში დარჩა უცვლელად, ასევე გაუქმდა 1.4 პუნქტი სრულად და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, შპს „ლ-ს“ ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის სახით 7 752,5 ლარის, მიუღებელი შვებულების სახით 1 050 ლარის, ასევე, დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის 23 აგვისტომდე ანაზღაურება. შპს „ლ-ს“ მ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შვებულების სახით 1 050 ლარის, ასევე, დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდა 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის 4 იანვრამდე.

4.1.2. სასამართლოს განმარტებით, მ.ზ-ის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას შპს „ლ-ისათვის“ 2014 წლის 1 ივნისიდან სამსახურში აღდგენამდე პირგასამტეხლოს 0.07%-ის დაკისრება წარმოადგენდა. საქალაქო სასამართლომ ამ მოთხოვნაზე საერთოდ არ იმსჯელა, სხვა გარემოებებთან ერთად სწორედ ამ საკითხზე მიუთითებდა აპელანტი სააპელაციო საჩივარში. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო, შეწყდა წარმოება მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარზე იმ ნაწილში, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტს შეეხებოდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში მისი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით და მოპასუხეს მ.ზ-ის სასარგებლოდ დაკისრა დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,07% 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის 4 იანვრამდე, შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დაყოვნებულ თანხაში იგულისხმებოდა, როგორც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 1.3. პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია 18 თვის ხელფასის ოდენობით, ისე, სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით დაკისრებული მიუღებელი შვებულების თანხა 1 050 ლარი.

5. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ლ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

5.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლოა, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტება შესაძლებელია, თუ მისი სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. კერძო საჩივრის ავტორისათვის უცნობია, თუ რა გარემოებას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას და რა ნაწილში იგულისხმა გადაწყვეტილების ბუნდოვანება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია მის მიერ, შესაბამისად, ჰქონდა საკმარისი დრო, გამოეტანა განმარტებული გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ შპს „ლ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საქმის მასალებით დასტურდება შემდეგი:

1.2.1. მ. ზ-ისა და ნ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენა; 2014 წლის 1 მაისიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიურად 525-525 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება; ამავე პერიოდიდან მოყოლებული სამუშაოზე აღდგენამდე დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრება და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 1 050-1 050 ლარის ანაზღაურება.

1.2.2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი შპს „ლ-ის“ გადაწყვეტილება მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ, მოპასუხე შპს „ლ-ს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 18 თვის ხელფასის ანაზღაურება თითოეულისათვის თვეში 400 ლარის ოდენობით, მასვე მოსარჩელე მ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა გამოუყენებული შვებულების, 500 ლარის, ხოლო ნ. მ-ის სასარგებლოდ - 470 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელეთა დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყეტილება გაასაჩივრეს, როგორც მოსარჩელეებმა, ისე მოპასუხემ.

1.2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე მ. ზ-ემ უარი განაცხადა საკუთარ სააპელაციო საჩივარზე, რომელიც შეეხებოდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილეის 1.3 პუნქტს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 387-ე მუხლების საფუძველზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ საოქმო განჩინებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტში _ მ. ზ-ის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, ხოლო ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ლ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მ. ზ-ისა და ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტი ნაწილობრივ - ნ. მ-ის ნაწილში და 1.4. პუნქტი სრულად და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ლ-ს“ ნ. მ-ის სასარგებლოდ განაცდურის სახით დაეკისრა 7 752,5 ლარის, მიუღებელი შვებულების სახით _ 1 050 ლარის, ასევე, დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის 23 აგვისტომდე. შპს „ლ-ს“ მ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შვებულების სახით 1 050 ლარი, ასევე, დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07-ის გადახდა 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის 4 იანვრამდე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით განისაზღვრა სასამართლო ხარჯების საკითხიც, ხოლო დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. უდავოა, რომ დაუსწრებელი გადაწყეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.

1.2.4. მოცემულ შემთხვევაში, დაუწრებელი გადაწყვეტილების განმარტების საკითხის დაყენება განაპირობა იმან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი არ შეიცავდა მითითებას დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების შესახებ, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მ.ზ-ის განაცდურის ოდენობა არ იყო მითითებული.

1.3. საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო კანონით გათვალისწინებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთის მიმართვის საფუძველზე განიხილავს გადაწყვეტილების განმარტების საკითხს და მას დადებითად გადაწყვეტს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილი - სარეზოლუციო ნაწილი არ არის ჩამოყალიბებული ცხადად, იმგვარად, რომ ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდეს მხარისათვის მინიჭებული უფლების ფარგლები, შინაარსი, რეალიზაციის წესი და სხვა. კანონმდებლის აღნიშნული პოზიცია გამომდინარეობს მართლმსაჯულების აქტის როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური ფარგლების სავალდებულო ძალიდან და ორიენტირებულია სასამართლო წესით რეალიზებული უფლების გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებში აღსრულების ინტერესზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვისას მოწმდება არა გადაწყვეტილების შინაარსობრივი სისწორე ან გამოყენებული ნორმის განმარტების კანონიერება, არამედ, კანონიერ ძალაში შესული, აღსასრულებლად სავალდებულო მართლმსაჯულების აქტის სწორად აღსრულების ხელშეწყობის მიზნით შესაძლო ბუნდოვანების გამოსწორების საკითხი.

1.4. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, თუმცა მას ამ კუთხით დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლით შეუძლებელია იმის ერთმნიშვნელოვნად დადგენა, თუ რას არ ეთანხმება მხარე, იგი შემოიფარგლა იმის მტკიცებით, რომ გაურკვეველია დაუსწრებელი გადაწყვეტილების რა ნაწილი მიიჩნია სასამართლომ ბუნდოვნად; სასამართლოს საკმარისი დრო ჰქონდა, გამოეტანა უკვე განმარტებული გადაწყვეტილება. მითითებულ პრეტენზიათაგან არც ერთი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საკითხს.

1.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ლ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური