საქმე №ას-1296-1216-2015 26 თებერვალი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – დ., ნ. და ა. კ-ეები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, ნაცვლად 697 აშშ დოლარისა, 300 აშშ დოლარის დაკისრება
დავის საგანი – სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „მ-ომ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ., ნ. და ა. კ-ეების (შემდგომში _ მოპასუხეები, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ 990,57 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარი იმ საფუძვლით განაცხადეს, რომ მათ მოსარჩელისათვის ძირ თანხაზე მეტი აქვთ გადახდილი, ამასთან, ითხოვეს იმის გათვალისწინება, რომ დავალიანება გააჩნიათ სხვა საკრედიტო ორგანიზაციების მიმართაც.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 697,85 აშშ დოლარის გადახდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და დაკისრებული თანხის შემცირება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება:
5.1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 368-ე მუხლის, 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ ამავე სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ, დაეზუსტებინათ მოთხოვნა, მიეთითებინათ რა ოდენობით ითხოვენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის შემცირებას; გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი - დავის საგნის ღირებულების 4%, სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ ყველა აპელანტის მიერ ხელმოწერილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედნის სახით). ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტებს განესაზღვრათ 7 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან და განემარტათ, რომ თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდებოდა ხარვეზი, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
5.1.2. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა დ. კ-ეს (ნ. და ა. კ-ეების წარმომადგენელს - ს.ფ.37-38) 2015 წლის 4 ნოემბერს.
5.1.3. 2015 წლის 12 ნოემბერს აპელანტმა დ. კ-ემ სააპელაციო პალატას წარმოუდგინა ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადება, სადაც მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც აპელანტებს სოლიდარულად დაეკისრათ 697,85 აშშ დოლარის გადახდა და ახალი გადაწყვეტილებით აპელანტებს დაკისრებოდათ შემცირებული თანხა _ 300 აშშ დოლარი.
5.1.4. სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული 7-დღიანი ვადა ამოიწურა 11 ნოემბერს (ოთხშაბათს). დ. კ-ემ სააპელაციო პალატას 2015 წლის 12 ნოემბერს (ფოსტის მეშვეობით), სასამართლოს მიერ განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დარღვევით, მე-8 დღეს წარუდგინა განცხადება, ხოლო ნ. და ა. კ-ეებს არც ხარვეზი გამოუსწორებიათ და არც სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გაგრძელების მოთხოვნით არ მიუმართავთ პალატისათვის.
5.1.5. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე და განმარტა შემდეგი: ვინაიდან, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორებულა, ერთმა აპელანტმა სასამართლოს განსაზღვრული ვადის დარღვევით მომართა, სხვა აპელანტებს არც ხარვეზი გამოუსწორებიათ და არც სასამართლოს მიერ ამ მიზნით განსაზღვრული ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავთ პალატისათვის, სასამართლომ ჩათვალა, რომ დ., ნ. და ა. კ-ეების სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის წინაშე მათი ვალდებულების 300 აშშ დოლარით განსაზღვრა.
6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მათი მხრიდან საპროცესო დარღვევას დაადასტურებდა და გასაჩივრებული განჩინების გამოტანას გამოიწვევდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მხარეებს არ მიეცათ შესაძლებლობა, შემცირებულიყო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობა, რასაც, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ დ., ნ. და ა. კ-ეების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
1.2.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრებული თანხის ოდენობა შეადგენს 697,85 აშშ დოლარს;
1.2.2. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, მოპასუხეებმა მოითხოვეს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და დაკისრებული თანხის შემცირება, სააპელაციო საჩივარს არ ახლავს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, შეუამდგომლობა მისი გადახდის გადავადების, ოდენობის შემცირებისა თუ გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, ასევე არ შეიცავს სააპელაციო საჩივარი დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობის თაობაზე, სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია მხოლოდ დ. კ-ის მიერ;
1.2.3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინების (ხარვეზის დადგენის შესახებ) შინაარსს და მიიჩნევს, რომ იგი შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის, 368-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 ნაწილებს, ასევე, 440-ე მუხლს.
1.2.4. საქმეში წარმოდგენილი გზავნილისა და საფოსტო შეტყობინების თანახმად, დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2015 წლის 4 ნოემბერს ჩაბარდა დ. კ-ეს, რომელიც, ამავდროულად დანარჩენი აპელანტების ოჯახის წევრია (ამ თვალსაზრისით იხ: უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განჩინების ჩაბარების საფოსტო დასტური. სასამართლო შეტყობინება ჩაიბარა დ. კ-ემ, როგორც საკუთარი, ისე ნ. და ა. კ-ეების სახელით, ამ უკანასკნელთათვის განკუთვნილ ეგზემპლარებზე დ.კ-ემ, ერთ შემთხვევაში, მიუთითა, რომ არის მეუღლე, ხოლო, მეორე შემთხვევაში _ ძმა).
1.2.5. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო კონვერტის თანახმად, ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოს მიმართა მხოლოდ დ.კ-ემ, ფოსტისათვის შეტყობინების ჩაბარების თარიღად მითითებულია 12 ნოემბერი, 2015 წელი, ნ. და ა. კ-ეებს სასამართლოსათვის არ მიუმართავთ, ამასთანავე, წარმოდგენილი განცხადების თანახმად, სააპელაციო მოთხოვნა ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: გთხოვთ, ნაწილობრივ გააუქმოთ გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ნაცვლად 697,85 აშშ დოლარისა, მოსარჩელის სასარგებლოდ დაგვაკისროთ 300 აშშ დოლარის გადახდა.
1.3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის, რომ სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 61-ე, 63-ე, 70-ე, 74-ე მუხლების სწორი განმარტებით დაადგინა, რომ ხარვეზის გამოსწორების ვადა ამოიწურა 2015 წლის 11 ნოემბერს, ორშაბათს, ხოლო განცხადება წარდგენილი იყო საპროცესო ვადის დარღვევით, გარდა აღნიშნულისა, ნ. და ა. კ-ეები საერთოდ არ მიმართავდნენ სასამართლოს, ხოლო დ. კ-ეს დადგენილი ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია, ამასთანავე, დაზუსტებული მოთხოვნით გამოიკვეთა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კიდევ ერთი წინაპირობა: აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა 397,85 აშშ დოლარის ნაწილში, რომელიც არ აღემატება ქონებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის მინიმალურ ოდენობას _ 1 000 ლარს (სსსკ-ის 365-ე მუხლი).
1.4. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის საფუძველზე მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, კერძო საჩივრის ავტორებს კი, არ მიუთითებიათ იმგვარ საპროცესო დარღვევებზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ., ნ. და ა. კ-ეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური