Facebook Twitter

№ას-47-46-2016 4 მარტი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „J“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ბ–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე) და შპს „J-ს“ (შემდეგში: საწარმო, მოპასუხე, ან მომჩივანი) შორის 2014 წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხეს 3 წლით მიაქირავა მის საკუთრებაში არსებული 183,67 მ2 სარდაფი და სავარჯიშო მოწყობილობები, ინვენტარი და დანადგარები მდებარე ქ. თბილისში, ..... ქირა განისაზღვრა თვეში 2000 აშშ დოლარით (ს.ფ. 13-17), [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის , შემდეგში სსკ-ის, მუხლი 531].

1. მოპასუხემ 2015 წლის 10 თებერვალს ვადაზე ადრე შეწყვიტა ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 20) [სსკ-ის 561-ე მუხლი].

2. მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2014 წლის 22 ოქტომბერის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ასევე, მოპასუხისათვის ქირის, 4919 ლარის, დაკისრება [სსკ-ის 531-ე მუხლის ბოლო წინადადება] .

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4086,9 ლარის გადახდა.

4. მოპასუხემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა აპელაციის წესით [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 364-ე მუხლი].

5. 2015 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე მოპასუხე წარმოდგენილი იყო საწარმოს დირექტორით (ს. მ. ს–ი). ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნის, მ. ფ–ის, მომსახურებით (ს.ფ. 104).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო, ვინაიდან გაშვებულ იქნა სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადა {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 364-ე, 374-ე და 369-ე მუხლები}.

7. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ იმ საფუძვლით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება საწარმოს დირექტორს ჩაბარდა 2015 წლის 20 ოქტომბერს. ვინაიდან დირექტორი არ ფლობს ქართულ ენას (ირანელია) მისთვის ცნობილი არ იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადა - 14 დღე, რომლის ათვლაც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მესამე წინადადებით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

11. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის დადგენილია, რომ თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

12. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-60 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი საპროცესო ვადის დენა მომჩივნისათვის დაიწყო 2015 წლის 11 ოქტომბერს და დასრულდა იმავე წლის 26 ოქტომბრის 24-00 საათზე.

13. სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოპასუხის კანონისმიერმა წარმომადგენელმა, დირექტორმა, ჩაიბარა სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების ჩაბარების ვადის დარღვევით 2015 წლის 20 ოქტომბერს და მან სააპელაციო საჩივარი წარადგინა იმავე წლის 3 ნოემბერს.

14. სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ საწარმოს წარმომადგენლის მიერ ქართული ენის არცოდნის გამო მისთვის ცნობილი არ იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი (დირექტორი ს.მ.ს–თი). სხდომას ესწრებოდა ასევე თარჯიმანიც, მ. ფ., რომელიც მომჩივნის წარმომადგენელს ყველა საპროცესო მოქმედებას უთარგმნიდა, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტსაც, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ვადას.

15. სსსკ-ის 369-ე და 63-ე მუხლის შესაბამისად კი, ვინაიდან მოსარჩელემ საააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო 14 დღიან ვადაში - 2015 წლის 27 ოქტომბრამდე, სასამართლოში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, მან დაკარგა სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო უფლება.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „J.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი