№ას-56-54-2016 15 მარტი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ.წ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.თ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზ. წ–სა (შემდეგში: მოსარჩელე , აპელანტი, მომჩივანი) და მ.თ–ძეს (შემდეგში : მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2013 წლის 22 მაისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით (შემდეგში ხელშეკრულება), ქ. ბათუმში ........... მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი 05.32.04.113 (შემდეგში ქონება) [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემდეგში სსკ-ის, 509-ე მუხლი}.
1.1. ქონების გამოსყიდვის ვადა 4 თვით , ხოლო ნასყიდობის ფასი 33 600 დოლარით განისაზღვრა {სსკ-ის 510-ე, 514-ე მუხლი}.
1.2. 2013 წლის 28 მაისიდან ქონება საკუთრების უფლებით მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა {სსკ-ს 183-ე და 3111-ე მუხლები}.
2. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარება {სსკ 56-ე მუხლის მეორე ნაწილი, 623-ე და 289-ე მუხლის პირველი ნაწილი და 3111-ე მუხლი}}
3. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
5. გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 364-ე მუხლი}.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის -- 2377,76 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა {სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი} .
6. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და სასამართლომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა კიდევ 14 დღით გაუგრძელა {სსსკ-ის 64-ე მუხლი} .
7. აღნიშნული განჩინება სსსკ-ის 70–ე, 78–ე მუხლებით დადგენილი წესით, აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2015 წლის 11 ნოემბერს ჩაბარდა პირადად (იხ. ს.ფ. 170)
8. 2015 წლის 9 ნოემბერს, აპელანტის წარმომადგენელმა მტკიცებულებათა დართვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ აპელანტი არ არის დასაქმებული, არ გააჩნია შემოსავალი და წარმოადგინა სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიერ 2015 წლის 26 ოქტომბერს გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ აპელანტი 2015 წლის 26 ნოემბრიდან დარეგისტრირებულია სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, როგორც სამუშაოს მაძიებელი.
9. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად {სსსკ-ის 368.5}.
9.1 პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე განჩინების პ.8 მითითებული ცნობა სსსკ-ის 48-ე მუხლის მიხედვით, არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს, ხოლო სხვა სახის მტკიცებულება, რომელის დაადასტურებდა მხარის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას აპელანტს არ წარმოუდგენია.
9.2. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეავსო, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია {სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილი და 63-ე მუხლი}.
10. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ (აპელატმა) და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება [სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
11. კერძო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მომჩივანს არ აქვს შემოსავალი და განიცდის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც მისი მოსაზრებით დასტურდება სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიერ 2015 წლის 26 ოქტომბერს გაცემული ცნობით იმის შესახებ, რომ დარეგისტრირებულია სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, როგორც სამუშაოს მაძიებელი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიერ 2015 წლის 26 ოქტომბერს გაცემული ცნობა) და უნდა გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, პასუხობს სსსკ-ის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთი ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება, გახდეს სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარემ თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს.
4.1 საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი ვერ გახდება სამუშაოს მაძიებლობა, რადგანაც აღნიშნული გარემოება უტყუარად არ ადასტურებს მომჩივნის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას. ისეთი სახის მტკიცებულებები როგორიცაა: მოვალეთა სიაში რეგისტრაცია, აღწერილი და დაყადაღებული ქონება, უარყოფითი საკრედიტო ისტორია, ან მოვალის კმაყოფაზე მყოფი პირების შესახებ ინფორმაცია და ა.შ. საქმეზე არ ყოფილა წარმოდგენილი.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, შესაბამისად არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
16. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16.1 მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ზ.წ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი