№ას-73-70-2016 15 მარტი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ.ზ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ზ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ზ–ის (შემდეგში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) და ზ.ზ–ის (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სახელზე თანასაკუთრების უფლებით ირიცხება ქალაქ თბილისში, .. .......კორპუსში, ბინა №56-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა საკადასტრო კოდი №.... (შემდეგში უძრავი ქონება) {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 173-ე მუხლის პირველი ნაწილი და 311-ე მუხლი}. უძრავ ნივთზე თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია კანონისმიერი მემკვიდრეობა {სსკ-ის 1336-ე მუხლი}.
2. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ქონების რეალიზაციის გზით და მიღებული თანხის თანამესაკუთრეებზე განაწილება კუთვნილი წილების შესაბამისად {სსკ-ის 953-ე, 955.2-ე, 961.1-ე, 961.3-ე მუხლები }.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საზიარო უფლების გაუქმება მისთვის ზიანის მომტანია, რადგანაც საზიარო ბინა მისი ერთადერთი საცხოვრისია და აუქციონზე ქონების გასხვისების შემთხვევაში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად შეიძლება ბინის გარეშე დარჩეს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა წინამდებარე განჩინების პ.1-ში აღნიშნულ საერთო საკუთრების საგანზე საზიარო უფლება იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და დადგინდა ამონაგები თანხის განაწილება მხარეთა შორის თითოეული მათგანის წილის შესაბამისად (1/2 და ½) {სსკ-ის 964.1 მუხლი}.
5. გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 364-ე მუხლი}.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინებით აპელანტის გამოუცხადებლობის გამო და მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად {სსსკ-ის 387.1-ე, 372-ე, 229.2-ე მუხლები}.
7. საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:
7.1 2015 წლის 13 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინებით აპელანტს ეცნობა 2015 წლის 17 ნოემბერს 15.00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის დღის თაობაზე. {სსსკ-ის 70-78-ე მუხლები} .
7.2 სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინებით, აპელანტის განცხადება სასამართლო სხდომის გადადების შესახებ, არ დაკმაყოფილდა {სსსკ-ის 215-ე და 216-ე მუხლები}.
7.3 სასამართლო სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა.
7.4 მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ (აპელატმა) და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება [სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელესთან მიმდინარეობდა მორიგების პირობების დაზუსტება და სხდომის გადადება მასთანაც შეთანხმებული იყო, სასამართლოს აღნიშნული გარემოება უნდა გაეთვალისწინებინა და სასამართლო სხდომა სხვა დროისათვის უნდა გადაედო.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11.1. კერძო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 16 ნოემბერს მოპასუხემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 17 ნოემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება. სხდომის გადადების საფუძვლად მან მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარესთან მიმდინარეობდა მორიგების პირობების შეთანხმება.
12 სადავო არ არის ის გარემოება, რომ აპელანტი სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული წესით დროულად იქნა ინფორმირებული სასამართლოს სხდომის თარიღისა და საათის თაობაზე.
13. სსსკ-ის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რაც განსაზღვრულია სსსკ-ის მერვე კარით.
14 სსსკ-ის 216-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, მხარის შუამდგომლობით, სასამართლოს სხდომის გადადება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მხარის გამოუცხადებლობა განპირობებულია საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზად კი, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულია ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სხდომის გადადების მიზნით, მხარემ სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს საპატიო მიზეზის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისეთ ვითარებაში როდესაც სხდომის გადადების მოტივად მითითებულ გარემოებას (მორიგების პირობებზე შეთანხმება), არ ადასტურებს მოსარჩელე და უარყოფს მათ შორის რაიმე სახის მოლაპარაკებას, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მოპასუხის მითითებული არგუმენტი დამაჯერებლობასაა მოკლებული და არ წარმოადგენს მისი სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. შესაბამისად, საპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების სრული დაცვით დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ზ.ზ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი