Facebook Twitter

№ას-81-78-2016 4 მარტი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ.თ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.პ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დ.თ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან მოვალე) ვ.პ–ისგან (შემდეგში: მოპასუხე, ან კრედიტორი) 2014 წლის 2 აპრილს სამი თვით ისესხა 17 000 აშშ დოლარი 2.5%-იანი ყოველთვიური სარგებლის გადახდის პირობით {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე და 625.1-ე მუხლები}.

2. მხარეებმა სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევისათვის გაითვალისწინეს საურავი (პირგასამტეხლო) გადაუხდელი თანხის 0.15% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის {სსკ-ის 416-417-ე მუხლები} .

3. სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ..... მდებარე, ბინა 19 ს/კ ...... {სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი, 625-ე მუხლის მესამე ნაწილი და 311-3111 მუხლები}.

4. 2015 წლის 17 თებერვალს ნოტარიუსმა, მოპასუხის განცხადების საფუძველზე, გასცა №150152380 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემდეგნაირად განისაზღვრა: ძირითადი თანხა 17 000 აშშ დოლარით პირგასამტეხლო - 25.50 აშშ დოლარი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2014 წლის 2 სექტემბრიდან აღსრულებამდე და ვალის ამოღების მიზნით დადგინდა წინამდებარე განჩინების პ.3-ში მითითებული იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაცია {სსკ-ის მე-300-ე მუხლის მესამე ნაწილი, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მეხუთე ნაწილი და მე-40 მუხლები].

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა 2015 წლის 17 თებერვლის №150152380 სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, სესხის ძირითადი თანხის - 2000 აშშ დოლარით შემცირება, ასევე პირგასამტეხლოს შემცირებაც, ნაცვლად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.15%-ისა, 0.001%-ით განსაზღვრა და მისი გაანგარიშება 15 000 აშშ დოლარიდან.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა აპელაციის წესით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო, ვინაიდან აპელანტმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადა {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 364-ე, 374-ე და 369-ე მუხლები}.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ იმ საფუძვლით, რომ მისთვის ცნობილი არ იყო გადაწყვეტილების გამოცხადების დრო და სასამართლოს გასაჩივრების ვადის ათვლისას არ უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის 2591-ე მუხლით.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 სექტემბრის სხდომაში მონაწილეობდა მოსარჩელის წარმომადგენელი მ.მ–ძე. აღნიშნულ სხდომაზე დადგინდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2015 წლის 23 სექტემბერს 15 საათზე (ს.ფ. 104-109);

12. მოსარჩელის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა სასამართლო უწყებას (ხელწერილი) სასამართლო სხდომაზე გამოძახებისა (დაბარებისა) და გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ (ს.ფ. 111), რომლითაც მას ეცნობა 2015 წლის 23 სექტემბრის სხდომის თაობაზე;

13. მოსარჩელის წარმომადგენელს რწმუნებულებით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, წარადგინოს სააპელაციო და საკასაციო საჩივრები {სსკ-ს 98-ე მუხლი}.

14. 2015 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადნენ არც მოსარჩელე და არც მისი წარმომადგენელი; ამ უკანასკნელმა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა დაგვიანებით, 2015 წლის 13 ნოემბერს და იმავე დღეს ჩაიბარა გადაწყვეტილება (ს.ფ. 125).

15. მართალია, წარმომადგენელი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, მაგრამ მისთვის ცნობილი იყო მისი გამოცხადების თარიღი. აქედან გამომდინარე, წინამდებარე განჩინების პ.14-ში მითითებული საპროცესო მოქმედება მას უნდა შეესრულებინა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, როგორც ამას ითვალისწინებს სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილი {„თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია“ }.

16. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადას - 14 დღე, რომლის ათვლაც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2015 წლის 24 ოქტომბრიდან და დამთავრდა იმავე წლის 06 ნოემბრის 24-00 საათზე. სააპელაციო საჩივარი კი დათარიღებულია 2015 წლის 16 ნოემბრით და იგი სასამართლოს ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა იმავე წლის 18 ნოემბერს (ს.ფ. 128-139), ანუ გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

17. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ აპელანტმა საპროცესო მოქმედება არ შეასრულა კანონით დადგენილ ვადაში და მართებულად ჩათვალა, რომ საჩივარი დაუშვებელი იყო {სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილი და 63-ე მუხლი}.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.თ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი