Facebook Twitter

საქმე №ას-1266-1188-2015 26 თებერვალი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. ი-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. ხ-ი, ნ. კ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, წერილობითი მტკიცებულებების საქმისათვის დართვისა და მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ი. ი-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ. ხ-ისა და ნ. კ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, მოწნააღმდეგე მხარეები) მიმართ 2013 წლის 16 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ (მოსარჩელისა და მოპასუხეების ნაწილში) ბათილად ცნობისა და ქ.თბილისში, შ-ას ქ#...-ში მდებარე ბინაზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმების მოთხოვნით. სარჩელის თანახმად, სადავო ხელშეკრულება მოტყუებითაა გაფორმებული, მოპასუხეების მიზანს წარმოადგენდა მოსარჩელის ბინის მისაკუთრება. მიუხედავად იმისა, რომ სესხის თანხა მოსარჩელეს არ გადასცემია, მოპასუხეები ითხოვენ ვალდებულების შესრულებას და იმუქრებიან ბინის წართმევით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხეები არ დაეთანხმნენ სარჩელს და განმარტეს, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მოტყუებას ადგილი არ ჰქონია, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გადაეცა თანხა, თავად სესხის სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულებით დგინდება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 16 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა (ნოტარიულად დამოწმდა) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მითითებული ხელშეკრულების თანახმად, 2013 წლის 16 მაისს, მოსარჩელემ ჟ. ხ-ისაგან ისესხა 21 000 აშშ დოლარი, ხოლო ნ. კ-ისაგან - 12 000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა სამი თვის ვადით 2013 წლის 15 აგვისტომდე. იგი იყო სარგებლიანი (ძირითად თანხაზე ყოველთვიურად 4 %-ის დარიცხვით) და სარგებელი თვეში ჟ. ხ-ის სასარგებლოდ განისაზღვრა 840 აშშ დოლარით, ხოლო ნ. კ-ისათვის 480 აშშ დოლარით. ხელშეკრულების 1.5. პუნქტის თანახმად, მხარეთა განცხადებით ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე გამსესხებლებმა მსესხებელს სრულად გადასცა სესხის თანხა, ხოლო მსესხებელმა მიიღო სესხის თანხა. მსესხებელმა გამსესხებლებს ერთი თვის პროცენტი _ 2 180 აშშ დოლარი გადასცა წინასწარ.

5.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება დატვირთულია (რეგისტრირებულია) იპოთეკით და იპოთეკარებს წარმოადგენენ მოპასუხეები. იპოთეკა რეგისტრირებულია 20.05.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რეესტრის #..., დამოწმების თარიღი 16.05.2013წ.

5.1.3. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ, დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მტკიცებულების სახით წარდგენილ უნდა იქნეს სესხის ხელშეკრულება, რომელშიც ასახული იქნება სესხის რეალურად გადაცემის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, ეს მოთხოვნა დაცულია. საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების თანახმად, მის ხელმოწერამდე გამსესხებლებმა მსესხებელს სრულად გადასცეს სესხის თანხა, ხოლო მსესხებელმა მიიღო იგი, ასევე, მსესხებელმა გამსესხებლებს წინასწარ გადასცა ერთი თვის პროცენტი. ამასთან, კრედიტორების მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელეს კუთვნილი ბინა. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ჩანაწერი, როგორც სიტყვასიტყვითი განმარტების, ასევე, გონივრული განსჯის შედეგად გულისხმობს, რომ ფულის საკუთრებაში დროებით გადაცემა უკვე განხორციელებულია, მით უმეტეს, რომ აღნიშნული სამოქალაქო სამართალურთიერთობისათვის გარანტიები უკვე შექმნილია და იპოთეკა სესხისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია. ამდენად, სესხის წერილობითი ხელშეკრულების დადებისას, სადაც მითითებულია, რომ მსესხებელმა თანხა ისესხა, საპირისპიროს დადასტურებამდე, იგულისხმება, რომ სესხება, როგორც რეალური ქმედება, უკვე განხორციელდა. პალატის დასკვნით, საგულისხმოა, ასევე ხელშეკრულებაში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ, როგორც მსესხებელმა, მოპასუხეების, როგორც გამსესხებლების მიმართ შეასრულა გარკვეული ფულადი ვალდებულება. პალატის შეფასებით, მითითებული ჩანაწერი უდავოდ ადასტურებდა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დამყარების ფაქტს, ვინაიდან, თუ მოსარჩელე სესხად არ მიიღებდა საკუთრებაში თანხას, მას არც ამ თანხისა და არც პროცენტის დაბრუნების ვალდებულება არ წარმოეშობოდა. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა რ. ლ-მაც დაადასტურა ის გარემოება, რომ მხარეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ვინაიდან, მისი განმარტებით, იგი უშუალოდ ესწრებოდა თანხის გადაცემის ფაქტს.

5.1.4. მოსარჩელე 2013 წლის 16 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებას მოთხოვდა მოტყუებით მისი დადების საფუძვლით. მითითებული ხელშეკრულება, მოსარჩელის მტკიცებით, იყო და არის დაფარული გარიგება, რადგან იგი იმთავითვე არ იყო გამიზნული სესხისა და იპოთეკის სამართლებრივი შედეგების დადგომისათვის. სანოტარო აქტის გაფორმების მიზანი იყო მოპასუხეების მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ხელში ჩაგდება და განზრახვას არ წარმოადგენდა სანოტარო აქტის შესაბამისად გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. სინამდვილეში მოპასუხეებს არანაირი თანხა მოსარჩელისათვის არ გადაუციათ. სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტმა განმარტა, რომ მეზობელმა ვინმე ს. მ-მა შესთავაზა ბინის დატვირთვა იპოთეკით, სესხად მიღებული თანხიდან დარჩენილი მოგებით კი, ბინის რემონტი, რაზეც საბოლოოდ დათანხმდა კიდეც მოსარჩელე. აპელანტის ახსნა-განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ ხელს აწერდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას. ფაქტობრივად, აპელანტი უთითებდა, რომ მას ამ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხა არ მიუღია და იგი რეალურად ს. მ-ს ჰქონდა მიღებული. აპელანტმა ის ფაქტიც დაადასტურა, რომ ს. მ-ი ცხოვრობდა მის მეზობლად და იყო მისი ნაცნობი.

5.1.5. პალატის დასკვნით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 1.5. პუნქტის შინაარსიდან, აგრეთვე, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელემ იპოთეკით დატვირთა კუთვნილი უძრავი ქონება, ქვემდგომმა სასამართლომ სწორად მიიჩნია პრეზუმირებულად მსესხებლისათვის თანხის გადაცემა. მით უმეტეს, რომ ეს გარემოება მოწმემაც დაადასტურა. აპელანტის მტკიცების გაზიარების შემთხვევაშიც კი, რომ რეალურად მას ამ თანხით არ უსარგებლია, არ მიუღია იგი, მაინც არ იარსებებდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც სესხის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის თანხა მსესხებელს უკვე მიღებული ჰქონდა, ხოლო თუკი შემდგომ ამ თანხას დაეუფლა მესამე პირი, აღნიშნული არ წარმოშობდა სადავო ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა და მართებულად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 623-ე მუხლები და არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი, ასევე, წერილობითი მტკიცებულების საქმისათვის დართვისა და მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთანავე, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის შედეგად არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პალატამ საქმე მნიშვნელოვანი დარღვევით განიხილა, რადგანაც სხდომაზე არ მოწვეულა თარჯიმანი, რისი აუცილებელი პირობაც არსებობდა. აპელანტი არ ფლობს სამართალწარმოების ენას. თარჯიმნის მოვალეობას წარმოადგენს, თარგმნოს პირთა განმარტებები, ასევე, სასამართლოში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა შინაარსი, სასამართლოს განკარგულებები, განჩინებები და გადაწყვეტილებები, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ განხორციელებულა.

6.1.2. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. როგორც პირველი ინსტანციის, ისე, სააპელაციო სასამართლოში გამოიკვეთა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

6.1.3. მოსარჩელე არ იცნობს სამართალწარმოების ენას, მას ისე მოაწერინეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელი, რომ არ წაუკითხავს იგი. იგი ვერც ქართულად კითხულობს და ვერც საუბრობს. ხელშეკრულება მოტყუებითაა დადებული. სესხი მოსარჩელეს არ მიუღია, თანხა გადაეცა მესამე პირს, რომელსაც კარგად იცნობს ჟ.ხ-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით და ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ადასტურებს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე თანხის მიღებას, მას ასევე გადახდილი აქვს ერთი თვის სარგებელი, ამასთანავე, მოსარჩელემ, როგორც მსესხებელმა, მოპასუხეების წინაშე ნაკისრი ვალდებულება უზრუნველყო იპოთეკით. იგი საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული და რეგისტრაციის საფუძველს სწორედ სანოტარო წესით დადასტურებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენდა. მოსარჩელემ, გარდა თანხის მიუღებლობისა, ვერ დაამტკიცა ხელშეკრულების მოტყუებით დადების ფაქტი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წერილობითი, მით უფრო სანოტარო წესით დადებული ხელშეკრულების პირობებში, მოსარჩელეს ეკისრებოდა იმის დამტკიცება, რომ ხელშეკრულება არ დადებულა (თანხა არ მიუღია), რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანხმად, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს მიეკუთვნება და დადებულად უშუალოდ თანხის გადაცემის მომენტიდან ითვლება. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მსესხებელს თანხა მიღებული აქვს და ერთი თვის პროცენტიც გადახდილი აქვს. რაც შეეხება მოტყუებით გარიგების დადებას, ამ საკითხს სამოქალაქო კოდექსის 81-ე-84-ე მუხლები არგულირებენ, ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი იმ მხარეს ეკისრება, რომელიც მოთხოვნას სწორედ მოტყუების ფაქტზე ამყარებს. საკასაციო საჩივარი ამ კუთხით არ შეიცავს დასაბუთებას. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მან არ იცის სამართლაწარმოების ენა და, ერთი მხრივ, არ შეეძლო ხელშეკრულების შინაარსის გაცნობა, ხოლო, მეორე მხრივ, მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, პალატა მას ვერ გაიზიარებს და, უპირველესად, იმას აღნიშნავს, რომ ქართულ ენაზე კითხვის შეუძლებლობის ფაქტზე სარჩელში მითითებული არ არის, ეს გარემოება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანიც ვერ გახდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ამასთანავე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიმართ არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევის ფაქტი დასტურდება, რადგანაც, როგორც სარჩელში, ისე სააპელაციო საჩივარში მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არ ესაჭიროება თარჯიმანი, ხოლო სასამართლო სხდომის ოქმების ელექტრონული ჩანაწერის შესწავლით დასტურდება ისიც, რომ მოსარჩელე სასამართლოს ქართულ ენაზე დაუბრკოლებლად აძლევდა განმარტებებს.

1.5. საოქმო განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მხარემ დააყენა მხოლოდ მოთხოვნა, ხოლო ამ მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია, სასამართლო კი, არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მოიძიოს საპროცესო დარღვეები და იმსჯელოს საკითხებზე, რომელიც მხარეს არ მიუთითებია. ამგვარი მიდგომა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლიდან არ გამომდინარეობს, ამდენად, ამ ნაწილშიც საკასაციო საჩივარი სრულიად დაუსაბუთებელია.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 21.01.2016წ. #... საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 689,86 ლარის 70% _ 1 182,902 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ი. ი-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 21.01.2016წ. #... საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 689,86 ლარის 70% _ 1 182,902 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური