საქმე №ას-1287-1208-2015 26 თებერვალი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ჯ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „M-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „M-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი) მიმართ ზიანის ანაზღაურების მიზნით 179 017,83 ლარის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელის თანახმად, ქ.თბილისში, ლ-ას ქუჩა #22-ში მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი სასაწყობო-სამეურნეო შენობა, რომლის მიმდებარედ გადის მოპასუხის კუთვნილი 300მმ დიამეტრის წყალსადენის მილი. მილი სისტემატურად ზიანდებოდა და თვეების განმავლობაში იტბორებოდა ტერიტორია, რამაც გამოიწვია ფუძე-გრუნტის გაწყლიანება და ბეტონის იატაკის არათანაბარი ჯდენა, მისი დაზიანება. დაზიანებული სასაწყობო-სამეურნეო იატაკის მოწყობისა და აღდგენის ღირებულება 179 017,83 ლარია, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სარჩელზე დართული მტკიცებულებებით მისი კუთვნილი მილის დაზიანებისა და ტერიტორიის დატბორვის ფაქტი, ასევე, მოპასუხის ბრალეულობის საკითხი არ დგინდება, ამასთანავე, მოპასუხე არც დაზიანებული ნივთის აღდგენის ღირებულებას დაეთანხმა, რადგანაც მასში საუბარი ახალი იატაკის მოწყობაზე და არა ძველის პირვანდელ მდგომაროებაში აღდგენაზეა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 142 279 ლარი.
5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, ლ-ას ქუჩა №...-ში მდებარე 4961 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე. მისი კუთვნილი სასაწყობე შენობის იატაკი დაზიანებულია, აქვს ბზარები, რაც გამოწვეულია ფუძე-გრუნტის გაწყლიანებით და ბეტონის იატაკის ჯდენით.
5.1.2. მოპასუხის კუთვნილი 300 მმ მაგისტრალური წყლის მილი მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი სასაწყობე შენობიდან 100 -150 მეტრში.
5.1.3. ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №... ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ლ-ას ქ№...-ში მდებარე სასაწყობო-სამეურნეო შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ბეტონის იატაკს, არასახარბიელოა. იატაკზე გაჩენილი ბზარები გამოწვეულია ფუძე-გრუნტის გაწყლიანებით და ბეტონის იატაკის ჯდენით. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, დასადგენი იყო, თუ რამ გამოიწვია აპელანტის კუთვნილი სასაწყობე შენობის საძირკველში ფუძე-გრუნტის გაწყლიანება.
5.1.4. მოპასუხის მიერ წარდგენილი ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს 10.04.2014წ. დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ლ-ას ქ№...-ის ტერიტორიაზე არსებული შპს „M-ის“ კუთვნილ სასაწყობო-სამეურნეო შენობის მიმდებარედ გრუნტის დატბორვა-გაწყლიანება გამოწვეულია არა მაგისტრალის მილის დაზიანებით, არამედ ატმოსფერული ნალექების შედეგად, რომლებიც შენობის სახურავიდან პირდაპირ ჩაედინება შენობის საძირკველში, რადგან შენობის გარშემო მთლიანად არ არის მოწყობილი სარინელი და არ არის შესრულებული, ატმოსფერული ნალექების ორგანიზაციულად გადასაყვანად, ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარება. იატაკის დაზიანება კი, სავარაუდოდ, გამოწვეულია მშენებლობის პროცესში დაშვებული სამშენებლო ნორმებისა და წესების უხეში დარღვევებით. აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ საკვლევ შენობას ჩრდილოეთ ფასადის მხარეს საერთოდ არ აქვს მოწყობილი სარინელი. აქ რელიეფი მიმდებარე ტერიოტორიასთან შედარებით 2 მეტრის სიგანზე მთელი ფასადის გასწვრივ დაწეულია 30-40 სმ-ით, ფართობით 45X2=90მ2. კედლისქვეშა რანდკოჭების ქვეშ კი, შეინიშნება სიცარიელე, რის გამოც კონსტრუცია ფაქტიურად ჰაერშია, რანდკოჭებზე ფიქსირდება ბზარი. ამ ადგილზე გრუნტის დაწევა, სავარაუდოდ, გამოწვეულია ატმოსფერული ნალექების ინტენსიური ჩადინებით შენობის საძირკველში. წყალმიმღები დგარებიდან სახურავზე (რომლის საერთო ფართია 2000მ2) შეკრებილი წვიმის წყალი ფაქტიურად ჩაედინება საძირკველში. ატმოსფერული ნალექები სახურავიდან და გარშემო ტერიტორიიდან პირდაპირ ჩაედინება შენობის ქვეშ, საძირკველში. ტერიტორიის ამგები გრუნტების თვისებებიდან გამომდინარე, ეს არის ტერიტორიის დატბორვისა და საძირკველში გრუნტის გაწყლიანების ძირითადი მიზეზი და არა 100-150 მეტრით დაშორებული წყალსადენის მაგისტრალური მილიდან გამოჟონილი წყალი. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე და არ გაიზიარა ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში მითითებული გარემოებები. დასკვნის თანახმად, წყალმიმღები დგარებიდან სახურავზე (რომლის საერთო ფართია 2000მ2) შეკრებილი წვიმის წყალი ფაქტიურად ჩაედინება საძირკველში. შეუძლებელია, მსგავს მოვლენას ჰქონდეს ადგილი, რადგან სარინელი სახურავს არ აქვს მხოლოდ ერთ მხარეს და, ამასთან, საქართველოს კლიმატის გათვალისწინებით, შეუძლებელია, მხოლოდ ჩადინებულმა ნალექმა გამოიწვიოს ისეთი გაწყლოვანება, რომ დააზიანოს ბეტონის მიწის საფარი. ამ თვალსაზრისით, დასკვნაში საერთოდ არ არის განხილული წლის განმავლობაში თბილისის ტერიტორიაზე მოსული და აორთქლებული ნალექის რაოდენობა, ექსპერტიზა არ შეიცავს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თბილისის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო თუ არა იმ ოდენობის ნალექის მოსვლა, რაც გამოიწვევდა საძირკვლის გრუნტის დატბორვა-გაწყლიანებას. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ამავე დასკვნის თანახმად, შენობას სარინელი მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილში არ აქვს მოწყობილი, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თბილისისათვის დამახასიათებელია ზომიერად თბილი ჰავა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ხშირია გვალვები. რაც შეეხება ზამთარს, თოვლი იშვიათად მოდის და ამასთან თოვლის საბურველი დიდხანს არ დევს. ტერიტორიისათვის დამახასიათებელი ნალექების დაბალი რაოდენობისა და ჰაერის გატენიანების დეფიციტის პირობებში, შენობის მხოლოდ ერთ მხარეს სარინელის არ არსებობა, პალატის შეფასებით, ვერ გამოიწვევდა შენობის საძირკველში იმ ოდენობის ატმოსფერული ნალექის ჩაღვრას, რაც გახდებოდა გრუნტის დატბორვა-გაწყლიანების მიზეზი. ამასთან, ზემოაღნიშნულ დასკვნაში აღწერილი იყო ზედაპირული წყლების დინების მიმართულებები, თუმცა საგულისხმო იყო ის, რომ წყალსადენი მილი განლაგებული იყო მიწის საფარში და შეუძლებელი იყო, მისგან გამავალი წყალის მიწის ზედაპიზე გავრცელება. იგი მიედინებოდა მიწის ქვეშ, თიხის ფენამდე, რომელიც წყლის ნაკადს არ ატარებს. აღნიშნული ექსპერტიზის აქტი შეადგინა ინჟინერ კონსტრუქტორმა, გეოლოგმა და არქიტექტორმა, მაშინ, როდესაც დარგი (მეცნიერება), რომელიც იკვლევს მიწისქვეშა წყლებს, მათ შედგენილობასა და თვისებებს, წარმოშობას, გავრცელებისა და მოძრაობის კანონზომიერებებს, ურთიერთქმედებას ქანებთან და ა.შ, არის ჰიდროგეოლოგია. სწორედ მეცნიერების ეს დარგი იკვლევს მიწისქვეშა წყლების წარმოშობის მიზეზებს, მისი გავრცელების ფორმებს, რასაც გადამწყვეტი როლი უნდა მიენიჭოს მოცემული დავის გადაწყვეტის დროს. სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის „ტექნიკური ექსპერტიზა და უსაფრთხოება მშენებლობაში“ 2014 წლის 27 მარტის დასკვნაში გაკეთებულია ჰიდრო გეოლოგიური შეფასებები. ამ დასკვნით გამოკვლეულია თბილისში ატმოსფერული ნალექების რაოდენობა და იმის შესაძლებლობა, დასაშვებია თუ არა თბილისში არსებული კლიმატის გათვალისწინებით, შენობის სახურავიდან გადმოსულმა წყალმა გამოიწვიოს შენობის გრუნტის მსგავსი დაზიანება. დასკვნაში მითითებულია, რომ თბილისის ტერიტორიაზე, მათ შორის, განსახილველ უბანზე ატმოსფერული ნალექების წლიური ნორმაა 599 მმ/წელიწადში, ხოლო აორთქლების საშუალო რაოდენობა _ 800-850 მმ/წელიწადში, ანუ აორთქლება 1.5-ჯერ აღემატება ნალექების საშუალო სიდიდეს, შესაბამისად, სახეზეა ჰაერის გატენიანების დეფიციტი, როგორც წვიმიან, ისე მშრალ პერიოდშიც. ქალაქის ტერიტორიაზე თოვლის საფარი უმნიშვნელოა (არაუმეტეს 10 სმ-ის სისქისა) და, ამასთან, ძალზე არამდგრადია. წვიმისა და თოვლიანობის შედეგად მიწის ზედაპირზე დაგროვებული ტენი მოკლე დროში ორთქლდება და ამიტომ, ხსენებული ფაქტორი გატენიანების მიზეზი ვერ გახდება, რის გამოც იმის მტკიცება, რომ შენობის დეფორმაციები საწვიმარი ღარებიდან ჩამომავალი წყლების ზემოქმედების შედეგია, უსაფუძვლოა. ექსპერტი აღნიშნავს, რომ დასველება-გაწყლიანება არ ნიშნავს წყლით გაჯერებასა და ტერიტორიის დაჭაობებას, თანაც ეს მდგომარეობა ზემოთ აღწერილი კლიმატური და მორფოლოგიური პირობების გამო, დიდხანს ვერ გაგრძელდება და საძირკვლის გრუნტის წყალთან კონტაქტის ხანგრძლივობა არ იქნება საკმარისი გრუნტში არსებული საშუალოდ ხსნადი თაბაშირის გასახსნელად და სიცარიელეების წარმოსაქმნელად, რასაც შემდგომში შენობის დაჯდომა მოჰყვებოდა. საამისოდ დიდი რაოდენობის გამდინარე წყალი და ხანგრძლივი კონტაქტია საჭირო. გამომდინარე ზემოაღნიშნული დასკვნიდან და იმ რეალობიდან, რომ თბილისში არსებობს საკმაოდ მშრალი ჰავა საიმისოდ, რომ მოხდეს მიწის ზედაპირის დატბორვა ხანგრძლივი ვადით, ისე რომ მან მშენებლობას შეუქმნას საფრთხე, პალატის დასკვნით, იქმნება პრეზუმფცია იმისა, რომ ჩვეულებრივ წვიმის წყლის ჩადინებით შუძლებელია, შენობისათვის მსგავსი ზიანის მიყენება. ამგვარი რამ უნდა გამოეწვია წყლის მეტად ძლიერ დინებას, რაც ბევრად აღემატება თბილისში მოსული ნალექების ოდენობას. მითითებული გარემოებების ლოგიკურ ჯაჭვს მივყავართ იმ მოსაზრებამდე, რომ ზიანი დამდგარია დაზიანებული მილიდან გამდინარე წყლის შედეგად და არა ატმოსფერული ნალექების გამო. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით უარყოფილია მილიდან გამდინარე წყლით სადავო ტერიტორიის გაწყლოვანება. აღნიშნულ დასკვნას აძლიერებს ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ საინჟინრო-ტექნოლოგიური კვლევების ანგარიშიც. მასში მითითებულია, რომ თბილისში, ლ-ას ქ№...-ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური პროცესების ჩასახვა-განვითარების კვალი არ აღინიშნება, უბანი მდგრადია და მშენებლობისათვის დამაკმაყოფილებელ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში იმყოფება. ასევე გამოკვლეულ იქნა ჰიდროგეოლოგიური პირობები და მითითებულია, რომ გრუნტის წყლები მე-4 შურფში გახსნილია 0.9 მ სიღრმეზე. წყალი არ არის აგრესიული არც ერთი მარკის სახსტანდარტის 10178-76 პორტლანტცემენტზე დამზადებული წყალშეუღწევადი ბეტონების მიმართ. არ არის აგრესიული არმატურის მიმართ რკინაბეტონის კონსტრუქციების წყალში მუდმივად დაძირვის პირობებში, სუსტად აგრესიულია პერიოდულად დასველების დროს. აზოტოვანი ნაერთების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია. წყლის არააგრესიულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შეუძლებელია, გრუნტის წყლებს გამოეწვია ბეტონის ან რკინის საფარის დაზიანება. ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით დაზიანება გამოწვეული არ არის ნალექების ან გრუნტის წყლების ზემოქმედებით. აღნიშნული გარემოებისა და იმ ფაქტის ანალიზით, რომ მოსარჩელე და ასევე ამავე მიწაზე არსებული სხვა ნაგებობის მესაკუთრე მიმართავდნენ მოპასუხეს მილის შეკეთების მოთხოვნით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დაზიანება გამოწვეული იყო შეუკეთებელი წყალსადენიდან გამომავალი წყლის დინებით. (მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას მილის შეკეთებასთან დაკავშირებით რაიმე შედეგი მოჰყვა).
5.1.5. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, მე-1000 მულის პირველი და მე-2 ნაწილებით და განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა მიუთითებს მომეტებულ საფრთხეზე, რომელიც გამომდინარეობს ნაგებობიდან. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შეუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება. წყლის მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებით გამოწვეული ზიანისათვის პასუხიმგებლობის დაკისრებისათვის მნიშვნელობა არა აქვს ამ მოწყობილობების მფლობელის ბრალეულობას და კანონმდებელი დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავს ამ მოწყობილობების მფლობელ პირს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის დეფორმაციის გამომწვევი მიზეზი მოპასუხის კუთვნილი წყალსადენის ხაზიდან წყლის დიდი რაოდენობით დანაკარგი გახდა, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენდა შპს „ჯ-ი“.
5.1.6. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, პალატამ აღნიშნა შემდეგი: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ქ.თბილისში, ლ-ას ქ№...-ში მდებარე შპს „M-ის“ სასაწყობო-სამეურნეო შენობის იატაკის მოწყობის პროექტი, სადაც მითითებულია დაზიანებული იატაკის აღდგენისათვის საჭირო სამუშაოები, კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს დაზიანებული იატაკის დემონტაჟს და მის ნაცვლად ახალი რკინა-ბეტონის ფილის (იატაკის) მოწყობას. იატაკის დემონტაჟისას არსებული ღორღის ფენა (6.0მ) უნდა გაფხვიერდეს, დამსხვრეულ ბეტონთან აირიოს, ამიტომ, არეული მასა გატანილ იქნება და შემოტანილი წვრილფრაქციული ღორღი დაიკტეპნება თვითმავალი სატკეპნით. ამის მერე უნდა შესრულდეს ბეტონის სამუშაოები. მომავალში რომ არ მოხდეს ფუძე-გრუნტის ხელახლა გაწყლიანება, საჭიროა, მოეწყოს დრენაჟი. სასამართლოს დასკვნით, ზიანის ოდენობის დადგენისას უნდა ეხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით. აღნიშნული ხარჯთაღიცხვის მიხედვით, იატაკის მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო იყო 179 017.83 ლარი. ხარჯთაღიცხვაში გათვალისწინებულია იატაკის არმირების ღირებულება, მაშინ როდესაც, დაზიანებამდე იატაკი არმირებული არ იყო. აღნიშნულს ადასტურებდა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც, სადაც მითითებულია, რომ ტექნოლოგიური პროცესების შეუფერხებელი წარმოებისათვის, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაზიანებული ბეტონის იატაკის დემონტაჟი და მის ნაცვლად არმირებული იატაკის მოწყობა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია აპელანტის მიერ იატაკის არმირების ღირებულების - 25 738 ლარის ანაზღაურების მოთხოვნა. ამასთან, როგორც სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში, გეორადარით კვლევით ნაწილში იყო მითითებული, ბეტონის ფილის სისქე მერყეობდა 13-15 სანტიმეტრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა ითვალისწინებდა 20 სმ-ის ბეტონის ფილის მოწყობას, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ მოთხოვნა 5 სმ (20-15სმ) ბეტონის ფილის ნაწილში, ღირებულებით 11 000 ლარი დაუსაბუთებელი იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და შპს „ჯ-ს“ აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა იატაკის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენისათვის საჭირო თანხის _ 142 279 ლარის ანაზღაურება.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმის მასალები და არასწორად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის კუთვნილი შენობის საძირკვლის გაწყლიანება და იატაკის ჯდენის მიზეზი მოპასუხის კუთვნილი სასმელი წყლის მილიდან დიდი რაოდენობით წყლის დანაკარგი იყო. სასამართლოს მიერ დადგენილი ეს გარემოება მისი ლოგიკური მსჯელობის და არა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგია. საძირკვლის გაწყლიანება სასამართლომ ჯერ ატმოსფერული ნალექებისა და გრუნტის წყლების შედეგად გამორიცხა, ხოლო, ამ გარემოებაზე, ასევე, იმაზე დაყრდნობით, რომ მოსარჩელე და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგებებოების მესაკუთრეები მიმართავდნენ მოპასუხეს მილის შეკეთებსი თხოვნით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაზიანება გამოწვეული იყო შეუკეთებელი წყალსადენიდან წყლის გადინებით და თან არა ზედაპირული, არამედ, მიწისქვეშა დინებით.
6.1.2. მითითებული გარემოების დადგენით სასამართლომ თავად შეითავსა ექსპერტის ფუნქციები, რაც დაუშვებელია, რადგანაც მას სათანადო ცოდნა არ გააჩნდა. წყლის მილის დაზიანების ფაქტის დასადგენად სასამართლომ საკმარისად მიიჩნია მოსარჩელისა და სხვა პირთა მიმართვები მოპასუხისადმი. თუკი მართლაც იღვრებოდა წყალი კასატორის კუთვნილი მილიდან, ამისათვის საჭირო იყო ცხელ ხაზზე დაკავშირება, რათა დროული რეაგირება მომხდარიყო დაზიანების აღმოსაფხვრელად. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს უშუალოდ არ მიუმართავს კასატორისათვის მილის დაზიანებაზე, არამედ 2012 წლის 3 დეკემბერს მიმართა შპს „M-ის“ დირექტორმა და ისიც წერილობით და არა ცხელ ხაზზე. ეს გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ მილი ამ დროისათვის არ იყო დაზიანებული. მილი არც სარჩელის აღძვრის დროისათვის იყო დაზიანებული, რასაც ორივე მხარე აკვირდებოდა, სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის საეჭვო ვითარებაში დაზიანდა იგი. დროული რეაგირების შედეგად შეკეთდა და ეს მოსარჩელეს ზიანს ვერ მიაყენებდა.
6.1.3. სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია და არ გაიზიარა ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, არამედ დაეყრდნო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრ „ტექნიკური ექსტერტიზა და უსაფრთხოება მშენებლობაში-ს“ დასკვნას. ქართულ-გერმანული ექსპერტზის დასკვნის სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში, სასამართლო მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ დაზიანება ატმოსფერული ნალექის ჩადინების შედეგად იყო გამოწვეული, რადგანაც შენობას ჩრდილოეთის მხრიდან არ გააჩნია სარინელი, ხოლო რანდკოჭების ქვეშ შეინიშნება სიცარიელე. მთელი ფასადის გასწვრივ რელიეფი 30-40 სმ-ით დაწეულია. ამავე დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი ნაგებობის იატაკი მოწყობილია მხოლოდ ბეტონით, არმირების გარეშე. ეს მის მდგრადობაზე ახდენს გავლენას. შენობაში ინახება ტონობით საქონელი, რის შედეგადაც განიცდის ჯდენას.
6.1.4. სასამართლომ არასწორად დააკისრა კასატორს შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თანხა, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულია გაუმჯობესებული იატაკის მოწყობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ მოსარჩელის კუთვნილი შენობის დაზიანება ატმოსფერული ნალექისა და გრუნტის წყლების ჩადინებით არ არის გამოწვეული, არამედ, იგი შეუკეთებელი წყალსადენიდან გამომავალი წყლის დინების შედეგია. ამ კუთხით სასამართლომ შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს: სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის „ტექნიკური ექსპერტიზა და უსაფრთხოება მშენებლობაში“; ლ.სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის კვლევას და მათი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ქართულ-გერმანული ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავდა საკითხის სრულყოფილ კვლევას, იგი არ გამორიცხავდა მოსარჩელის მტკიცებას, მოპასუხის კუთვნილი მილის დაზიანების შედეგად მოსარჩელის შენობის დაზიანების თაობაზე, რასაც დამატებით მოწმობდა მოპასუხისადმი მიწერილობა წყლის მილის შეკეთების შესახებ და პალატამ საბოლოოდ დაასკვნა, რომ სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლით გათვალისწინებული მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრის ვალდებულება, აენაზღაურებინა წყლის მილის დაზიანებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები. ამასთანავე, ვინაიდან შენობის პირვანდელი იატაკი არ იყო არმირებული, სარჩელი მხოლოდ 142 279 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამასთან, მხედველობაშია მისაღები საქმეში არსებული შპს „M-ისა“ და შპს „M-ის“ მიწერილობა, რომელზეც მყისიერი რეაგირების შესახებ კასატორი არ მიუთითებს. სააპელაციო პალატის მიერ დასაშვებად ცნობილი ფაქტების კონსტატაციის მასალებიდან ნათლად ჩანს როგორც მოპასუხის კუთვნილი მილის დაზიანების, ისე ტერიტორიის დატბორვის ფაქტი და რაც მთავარია, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის „ტექნიკური ექსპერტიზა და უსაფრთხოება მშენებლობაში“ წყლის ქიმიური ანალიზის შედეგად კატეგორიულად ადგენს, რომ გაჟონილი წყალი სასმელი წყლის შემადგენლობისაა და არა გრუნტის ან ნალექების წყლისათვის დამახასიათებელი შემადგენლობის. ამავე დასკვნის თანახმად, წყალსადენის 300 მმ დიამეტრის მილი მიწის ზედაპირიდან ამჟამად დაახლოებით 1,8 მეტრის საღრმეზეა გაშიშვლებული, მის ქვემოთ დაახლოებით 5,2 მ. სისქის პრაქტიკულად წყალგაუმტარი თიხა-თიხნარის ეკრანია, საკითხავია ამ პირობებში საით უნდა წასულიყო დაზიანებული მილსადენიდან დიდი რაოდენობით გამომდინარე ნაკადი? ცხადია, ის მიწის ზედაპირზე ამოაღწევდა და გრუნტს (მათ შორის, საძირკვლის გრუნტს) ინტენსიურად (დაჭაობების სტადიამდე) გააწყლიანებდა, რაც კიდეც მოხდა, ნაგებობის დეფორმაცია კი, პროცესის ლოგიკური შედეგია. დასკვნის თანახმად, მის ავტორს ეჭვი არ ეპარება, რომ ნაგებობათა დეფორმაციის გამომწვევი მიზეზი წყალსადენის ხაზიდან წყლის დიდი რაოდენობით დანაკარგი გახდა. მითითებული დასკვნის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზეა მილის მესაკუთრის სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორად შეაფასა გერმანულ-ქართული კვლევის შედეგები და ზემოხსენებულ მიზეზთა გამო მართებულად არ გაიზიარა მასში მოცემული არგუმენტაცია.
1.5. რაც შეეხება დაკისრებული თანხის ოდენობას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, მასში გაქვითულია არმირების ღირებულება, მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორი მაინც არ ეთანხმება მას, თუმცა არ მიუთითებს მის მიერ საქმეში არის თუ არა საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია და ამ დარღვევას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 15.01.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7 113,95 ლარის 70% _ 4 979,765 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ჯ-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 15.01.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7 113,95 ლარის 70% _ 4 979,765 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური