საქმე №ას-12-12-2016 25 მარტი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 1. შპს „T-“ (შეგებებული სარჩელის ავტორი)
2. შპს „ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (პირველი, მე-4, მე-5, მე-7, მე-9 პუნქტები) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე, კასატორის მიერ გაწეული ხარჯების სრულად ანაზღაურება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, ანგარიშფაქტურის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა:
1.1. შპს „ბ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მენარდე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „T-ს“ (შემდგომში _ შეგებებული სარჩელის ავტორი, დამკვეთი) მიმართ და მოითხოვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების აუნაზღაურებელი თანხის _ 886 381,64 ლარის, ასევე, ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობიდან _ 2013 წლის 1 ნოემბრიდან თანხის დაფარვამდე მიუღებელი შემოსავლის წლიური 7%-ისა და გენერატორის იჯარით გადაცემის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების _ 10 750 ლარის ანაზღაურება.
1.2. შპს „T--მ“ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა შემდეგი: ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს _ 91 082 აშშ დოლარის, მიყენებული ზიანის (როგორც ფაქტობრივად დამდგარი ისე, მიუღებელი შემოსავალი) _ 80 000 აშშ დოლარის; 161 906 ლარის; საწყისი სახელშეკრულებო თანხის სხვაობის _ 83 285 აშშ დოლარისა და ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო 1 230 605 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე, 2013 წლის 4 ნოემბერს დამწყები ბუღალტრის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის, როგორც შეცდომით დადებული გარიგების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით თავდაპირველმა მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელემ თავად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, დათქმულ ვადაში არ შეასრულა სამუშაო, რის შედეგადაც დამკვეთს მიადგა ზიანი, შესაბამისად, წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მენარდის მიმართ.
2.2. შეგებებული სარჩელი ასევე არ ცნო თავდაპირველმა მოსარჩელემ და განმარტა, რომ მას სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას არ აძლევდა მოსახლეობა, ასევე, სხვა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ირღვეოდა შესრულების ვადები, რის შესახებაც ეცნობებოდა დამკვეთს და მისგან მიღებული იყო პირდაპირი მითითება სამუშაოების ვადის გაგრძელების თაობაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „T-ს“ დაეკისრა 897 131,64 ლარის გადახდა, ხოლო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მოპასუხეს დაეკისრა წინასწარ გადახდილი ბაჟის (სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფაზე _ 5 000 და 150 ლარის), ასევე, იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 7 000 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა:
4.1. თავდაპირველმა მოსარჩელემ მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
4.2. შეგებებული სარჩელის ავტორმა _ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ასევე ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ბ-ის“ სარჩელისა და შპს „T-ს“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე, საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „T-ს“ მის სასარგებლოდ დაეკისრა 897 131,64 ლარის წლიური 7 პროცენტის გადახდა 2013 წლის 1 ნოემბრიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე. დადგინდა, რომ თუ შპს „T-“ დავალიანებას დაფარავდა ნაწილობრივ, მას დაეკისრებოდა გადაუხდელი თანხის წლიური 7 პროცენტის გადახდა დავალიანების სრულად დაფარვამდე. შპს „T-ს“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ბ-ს“ მის სასარგებლოდ დაეკისრა 9 108,2 აშშ დოლარის გადახდა. შპს „T-სათვის“ შპს „ბ-ის“ სასარგებლოდ 897 131,64 ლარის გადახდევინების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ამავე გადაწყვეტილებით განაწილდა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებიც და შპს „ბ-ს“ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის (1%) პროპორციულად შპს „T-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 129,5 ლარის გადახდა, ხოლო შპს „T-ს“ თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ _ 12 450 ლარისა (საქმის წარმოებისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა) და 10 000 ლარის (იურიდიული მომსახურების ხარჯი) გადახდა.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა:
6.1. თავდაპირველმა მოსარჩელემ მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, შპს „T-ს“ სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში პირველი პუნქტის; შპს „T-ს“ შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში მე-4 პუნქტის; მე-5 და მე-7 პუნქტების; ადვოკატის ხარჯების სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მე-9 პუნქტის გაუქმება, შესაბამისად, კასატორმა მოთხოვა ზემოხსენებულ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლა და შპს „T-ს“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება;
6.2. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა (გამყიდველი) და შპს „T-ს“ (მყიდველი) შორის 2012 წლის 3 თებერვალს დაიდო ხელშკრულება შემდეგი პირობებით (მხარეთა 2013 წლის 4 მარტის შეთანხმებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით):
ა) გამყიდველმა მყიდველს, 1 500 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადასცა ქალაქ ბათუმში, რ-ის ქუჩის №...-ში მდებარე 3670 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ქალაქ ბათუმში, ნ-ის ქუჩის №...-ში მდებარე 982 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
ბ) მყიდველმა იკისრა შემდეგი ვალდებულებები: 3670 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 2013 წლის 30 აპრილამდე დაეწყო არანაკლებ 33-სართულიანი, არანაკლებ 141 მეტრი სიმაღლის და არანაკლებ 120 ნომრის მქონე შენობის მშენებლობა; 2013 წლის 30 ოქტომბრამდე უზრუნველეყო ასაშენებელი შენობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დასრულება შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე და 2014 წლის 30 ივლისამდე არანაკლებ 20 სართულის მქონე შენობის ბეტონის ნაგებობის აღმართვა; 2014 წლის 30 დეკემბრამდე უზრუნველეყო არანაკლებ 33-სართულიანი, არანაკლებ 141 მეტრი სიმაღლის და არანაკლებ 120 ნომრის მქონე შენობის ბეტონის ნაგებობის აღმართვა, ხოლო არა უგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველეყო შენობის დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება და არა ნაკლებ 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა; ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ქონების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით.
1.2.2. 2012 წლის 26 ნოემბერს შპს „T-ზე“ გაიცა მშენებლობის ნებართვა ქალაქ ბათუმში, რ-ის ქუჩის №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობისათვის. ნებართვა ძალაში იყო 2014 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით. მითითებული პროექტის (ე.წ „ბ-ის“ მშენებლობა) მართვის 2013 წლის 20 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „T-ს“ დაკვეთით, ზემოთ აღნიშნული სამშენებლო საქმიანობის მართვის, კანონმდებლობისა და მხარეთა შეთანხმების (პროექტის) შესაბამისად განხორციელებაზე ზედამხედველობის (კონტროლის) უფლებამოსილება 32 თვით მიენიჭა შპს „A-ს“, რომელმაც, თავის მხრივ, უფლებამოსილ პირად განსაზღვრა თ. მ-ი. შემდგომში, სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების გამო, შპს „A-სა“ და შპს „T-ს“ შორის გაგრძელდა ხელშეკრულების ვადა კიდევ 2 თვით, რის გამოც შპს „A-ის“ მომსახურების საფასური 80 000 აშშ დოლარით გაიზარდა და გამოიწერა შესაბამისი ფაქტურაც.
1.2.3. შპს „A-მა“, პროექტის განხორციელების (ხიმინჯების სამუშაოების ჩატარებისათვის) მიზნით, გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც ერთმანეთს, საბოლოოდ, დაუპირისპირდნენ მოსარჩელე და კომპანია „ზ-ი“. მოსარჩელემ შესთავაზა დამკვეთს სამუშაოების დასრულება 105 დღეში, კომპანია „ზ-მა“ _ 174 დღე და სამაგიეროდ, თანხმდებოდა სამუშაოების შესრულებას 83 285 აშშ დოლარით უფრო ნაკლები საზღაურის ფასად.
1.2.4. 2013 წლის 13 აპრილს შპს „T-სა“ და „ბ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მენარდემ იკისრა ვალდებულება, ეწარმოებინა გადამკვეთი ხიმინჯების კედლისა და საფუძვლის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები ქ.ბათუმში, რ-ის ქ#...-ში, რის სანაცვლოდაც მას გადაუხდიდნენ 1 583 413 აშშ დოლარს დღგ-სა და ყველა ხარჯის ჩათვლით, ამასთან, საჭიროებისამებრ, სამუშაოთა მოცულობის გაზრდის შემთხვევაში, ხელშეკრულების ღირებულება შეიძლებოდა გაზრდილიყო მაქსიმუმ 15%-ით; მანარდეს სამუშაოები უნდა დაესრულებინა სამუშაო ადგილის ჩაბარების დღიდან 3 კალენდარულ თვესა და 15 დღეში. ამ ვადაში სამუშაოს დასრულება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი იმუშავებდა კვირაში 6 დღეს 24-საათიანი რეჟიმით, რისთვისაც აუცილებელი იყო შესაბამისი ნებართვების უზრუნველყოფა დამკვეთის მიერ. ეს ვადა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო დამკვეთის მიერ, ფორსმაჟორული მდგომარეობის, ასევე, იმ მიზეზების გამო, რომლებიც არ იყო დაკავშირებული შემსრულებლის ქმედებებთან; სამუშაოების შესრულების კონტროლს განახორციელებდა დამკვეთის მიერ დანიშნული სუბიექტი. მენარდე ვალდებული იყო, ხელი მოეწერა დამკვეთის მიერ შედგენილი სამუშაო ადგილის რვეულში დღიურად, გარდა ამისა, იგი ვალდებული იყო, ყოველ თვეს შესასრულებელი სამუშაოების ანგარიშები, თვის 5 რიცხვამდე, ჩაებარებინა დამკვეთისათვის, აგრეთვე, ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში, მას უნდა შეედგინა სამუშაოების პროგრამა, სამუშაოების რაოდენობის, მათი შესრულების თარიღის, ვადებისა და თანმიმდევრობის მითითებით; შემსრულებელს, სამუშაოების შეთანხმებულ ვადაში და პროგრამის მიხედვით წარმოებისათვის, სამუშაო მოედანზე უნდა ჰყოლოდა საჭირო რაოდენობის გამოცდილი მუშა-მოსამსახურე და მანქანა- დანადგარები, რომლებიც, დამკვეთის წერილობითი ნებართვის გარეშე, სამუშაო ტერიტორიიდან არ უნდა გაეტანა; ფორსმაჟორული მდგომარეობის გარდა, თუ სამუშაო არ შესრულდებოდა დადგენილ ვადაში, შემსრულებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 000 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების (დღგ-ს ჩათვლით) 5 პროცენტისა; შესრულებული სამუშაოები ანაზღაურდებოდა ყოველთვიურად: თვის ბოლოს; ყოველი გადახდისას იქვითებოდა 5%, საგარანტიო თანხის შეგროვების მიზნით, რომელიც, სამუშაოს საბოლოო ჩაბარების შემდეგ, დაუბრუნდებოდა შემსრულებელს.
1.2.5. შპს „T-მ“ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მენარდეს 2013 წლის 25 აპრილს გადასცა, ამდენად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო არა უგვიანეს 2013 წლის 9 აგვისტოსი, მენარდემ სამუშაოები დაასრულა 2013 წლის 12 ოქტომბერს, ე.ი 63 დღის დაგვიანებით.
1.2.6. 2013 წლის 5 მაისს, 2 ივნისს, 9 ივნისს, 21 ივლისს, 18 აგვისტოსა და 1 სექტემბერს არ მუშაობდა მენარდე, თუმცა ეს დღეები ემთხვევა კვირა დღეებს. 2013 წლის 7-11 ივლისს (5 დღე) მოსარჩელეს არანაირი სამუშაო არ შეუსრულებია. 2013 წლის 19-28 აგვისტოს იგი ასრულებდა გარკვეულ სამუშაოებს. 2013 წლის 23, 24 და 25 სექტემბერს არ მუშაობდა მენარდე იმ მიზეზით, რომ დამკვეთს არ აუნაზღაურებია აგვისტოში შესრულებული სამუშაოების ღირებულება. დამკვეთს რაიმე პრეტენზია 50%-იანი სიმძლავრით მუშაობის გამო არ გამოუთქვამს.
1.2.7. 2013 წლის 6 მაისს, 9 მაისს, 1 აგვისტოს, 3 აგვისტოს, 13 აგვისტოსა და 21 სექტემბერს სამშენებლო ობიექტზე გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტისა და მოთხოვნის საფუძველზე, შეაჩერეს სამშენებლო სამუშაოები. პოლიციის აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელე იძულებული იყო, თითქმის ყოველდღე შეეწყვიტა სამუშაოები 22:00 საათზე, რის თაობაზეც ინფორმირებული იყო დამკვეთის უფლებამოსილი წარმომადგენელი და მოსარჩელეს მიეცა მითითება, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტისა და პოლიციის მოთხოვნის გამო, სამუშაოები შესრულებულიყო დილის 07:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე, ამასთანავე, შემსრულებელს პერიოდულად უგრძელდებოდა სამუშაოთა შესრულების ვადა.
1.2.8. 2013 წლის ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში სამუშაო პროცესის განვითარების თაობაზე ანგარიშები დადგენილ ვადაში დამკვეთისათვის არ წარუდგენია მოსარჩელეს, ასევე, 2013 წლის 23 ივნისის მდგომარეობით, მას უნდა შეემოწმებინა და წარედგინა სამუშაო პროგრამა და ფულადი ნაკადის სქემა, რაც არ განუხორციელებია. 2013 წლის 24 სექტემბერს თავდაპირველმა მოსარჩლემ, დამკვეთთან და შპს „A-თან“ შეუთანხმებლად, ხიმინჯების მანქანა-დანადგარი სამშენებლო მოედნიდან გაიყვანა და დააზიანა სამშენებლო მოედანზე შესასვლელი კარიც. მხარეთა შორის 2013 წლის 29 ოქტომბერს შედგა სამშენებლო ობიექტის საბოლოო ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც მენარდემ შეასრულა 2 555 012,19 ლარის სამუშაოები, რაც არ მოიცავდა დღგ-ს (დღგ-ს ჩათვლით სამუშაოების ღურებულება 3 014 914,39 ლარს შეადგენს). შესაბამისად, მტკიცებას მოკლებულად იქნა მიჩნეული დამკვეთის პოზიცია ანგარიშფაქტურის შეცდომით გამოწერის შესახებ.
1.2.9. სამუშაოების სრულად დასრულების თაობაზე დოკუმენტები მენარდემ დამკვეთს სამუშაოების დასრულებისთანავე წარუდგინა, თუმცა, დამკვეთის მოთხოვნით, ისინი თარგმნა ქართულ ენაზე და 2013 წლის 19 ნოემბერს ხელახლა წარედგინა ადრესატს.
1.2.10. სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების გამო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, 2012 წლის 3 თებერვლის ხელშკრულებიდან გამომდინარე, 2013 წლის 31 ოქტომბრიდან შეგებებული სარჩელის ავტორს არიცხავს ჯარიმას ყოველდღიურად 1 603,03 ლარს.
1.2.11. 2013 წლის 1 მაისს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზეც თავდაპირველმა მოსარჩელემ შპს „T-ს“ 4 თვის ვადით სარგებლობაში გადასცა გენერატორი, ყოველდღიურად ქირა განისაზღვრა 500 ლარით (დღგ-ს ჩათვლით). 2013 წლის მაის-აგვისტოში გადასახდელი ქირიდან (18 250 ლარი) შეგებებული სარჩელის ავტორმა გადაიხადა 7 500 ლარი. და დავალიანება შეადგენს 10 750 ლარს. დამკვეთის დავალიანება სულ 3 033 164,39 ლარია, საიდანაც მოვალემ გადაიხადა 2 130 016,13 ლარი, დარჩენილი 903 148,26 ლარიდან მენარდემ ითხოვა მხოლოდ 897 131,64 ლარის გადახდევინება, რადგან გამოქვითა დაზღვევისა და უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის დაკისრებული სანქციის თანხები. საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დეპოზიტზე მინიმალური სარგებელი 2013 წლიდან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე უტოლდება 7%-ს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. შპს „ბ-ის“ საკასაციო პრეტენზიებთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარე ვალდებულების ჯეროვან შესრულებას სარწმუნო მტკიცებულებაზე მითითებით ვერ ადასტურებს, იგი შემოიფარგლება მხოლოდ ხელშეკრულების დებულების ციტირებით და ცდილობს, გამორიცხოს სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის გამოყენების მართლზომიერება, რაც ფაქტობრივ საფუძვლიანობასაა მოკლებული, რაც შეეხება იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას, ამ საკითხს სადავოდ ხდის, როგორც ერთი, ისე მეორე კასატორი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რაც შეიძლება მოგებული მხარის სასარგებლოდ დაეკისროს წაგებულ მხარეს საადვოკატო მომსახურების სახით. თავად თანხის ოდენობა უნდა იყოს გონივრული, რომლის დადგენაც სასამართლოს პრეროგატივაა. ამდენად, ის გარემოება, რომ სასამართლომ სრულად არ დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის გადახდა, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (იხ: „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“), თავის მხრივ, შპს „T-ს“ პრეტენზიის ფარგელებში, პალატა აღნიშნავს შემდეგს: მართალია, საქმეში არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, თუმცა, ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, რამეთუ საქმეში წარმოდგენილია მინდობილი პირისათვის იურიდიული მომსახურების გამო გაწეული ხარჯის რეალურად ანაზღაურების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები _ საგადახდო დავალებები, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მხარესა და მის მარწმუნებელს შორის წარმოშობილია სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულება (სკ-ის 709-ე-710-ე მუხლები) დასტურდება, ამასთან, ამ ხელშეკრულების წერილობით დადების აუცილებლობა კანონით გათვალისწინებული არ არის. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ებები №ას-330-315-2015, 29 ივნისი, 2015 წელი; №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი). რაც შეეხება შპს „T-ს“ სხვა პრეტენზიებს, რომლებიც შეეხება დავის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენას, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები მენარდის მიერ სამუშაოების შესრულების, მათი პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე ვადამდე შეჩერების, უფლებამოსილი პირის თანხმობით ხელშეკრულების ვადის ეტაპობრივად გაგრძელების, შესრულებული სამუშაოების ღირებულების, დამკვეთის დავალიანების არსებობისა და მისი ოდენობის, ასევე, მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრის თაობაზე ემყარება საქმეში არსებული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ კვლევას, მათ გამაბათილებელ უტყუარ მტკიცებულებებზე კასატორი არ მიუთითებს. სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საკითხთან დაკავშირებით კი, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ემყარება, როგორც საქმის მასალების სწორ ანალიზს, ისე _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი პრინციპის სწორ გამოყენებას (იხ. სუსგ №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი). გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების გამოტანისას დადგენილი ფაქტები სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა სამოქალაქო კოდექსის 72-ე, 394.1, 395.1, მე-400, 401-ე, 404-ე, 411-ე, 415-ე, 417-ე, 581-ე, 629-ე, 649-ე, 981.2 მუხლებით.
1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „T-ს“ უნდა დაუბრუნდეს შ. მ-ის მიერ 22.01.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი, ხოლო შპს „ბ-ს“ _ მის მიერ 30.12.2015წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 097,54 ლარის 70% _ 768,278 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „T-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. შპს „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. კასატორ შპს „T--ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შ. მ-ის მიერ 22.01.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.
4. კასატორ შპს „ბ-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 30.12.2015წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 097,54 ლარის 70% _ 768,278 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური