Facebook Twitter

საქმე №ას-12-12-2016 26 თებერვალი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ-ს“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „T.“ (შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო/შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

1.1. შპს „ბ-სმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „T.-ს“ მიმართ თანხის _ 897 131,64 ლარისა და ფულადი ვალდებულების შესრულების დღიდან (01.11.2013წ.) თანხის სრულად ანაზღაურებამდე გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე საბანკო ანაბრის საპროცენტო განაკვეთით განსაზღვრული წლიური სარგებლის _ 7%-ის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. შპს „T.-მ“ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ბ-სის“ მიმართ და მოითხოვა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს _ 91 082 აშშ დოლარის, ამ ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის _ 80 000 აშშ დოლარის, 161 906 ლარის, კომპანია „ზ-სა“ და შპს „ბ-ს“ შორის არსებული საწყისი სახელშეკრულებო თანხის სხვაობის 83 285 აშშ დოლარის, ფინანსური ზიანის _ 1 230 605 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, 2013 წლის 4 ნოემბერს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის (266 194.45 ლარზე), როგორც შეცდომით დადებული გარიგების ბათილად ცნობა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხემ ძირითადი სარჩელი არ ცნო.

2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ _ 897 131,64 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. შპს „ბ-სმა“ მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შპს „T.-მ“ _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების/გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ბ-სის“ სარჩელისა და შპს „T.-ს“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე, საპროცესო ხარჯების განაწილების გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ბ-სის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „T.-ს“ შპს „ბ-სის“ სასარგებლოდ დაეკისრა 897 131,64 ლარის წლიური 7 (შვიდი) პროცენტის გადახდა 2013 წლის 1 ნოემბრიდან ამ დავალიანების სრულად დაფარვამდე. თუ შპს „T.“ დავალიანებას დაფარავს ნაწილობრივ, მას დაეკისრებოდა შპს „ბ-სის“ სასარგებლოდ გადაუხდელი თანხის წლიური 7 (შვიდი) პროცენტის გადახდა დავალიანების სრულად დაფარვამდე. შპს „T.-ს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ბ-სს“ შპს „T.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 9 108,2 აშშ დოლარის გადახდა. შპს „T.-სათვის“ შპს „ბ-სის“ სასარგებლოდ 897.131,64 ლარის გადახდევინების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. შპს „ბ-სს“ შპს „T.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 129.5 ლარის გადახდა, საქმის წარმოებისას გაწეული საპროცესო ხარჯების შესაბამისი ნაწილის ანაზღაურებისათვის. შპს „T.-ს“ შპს „ბ-სის“ სასარგებლოდ საქმის წარმოებისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაეკისრა 12 450 ლარის, ხოლო იურიდიული მომსახურებისათვის _ 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.

5.1.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს „ბ-სის“ შუამდგომლობა ზემოხსენებული გადაწყვეტილებით მხარეთათვის დაკისრებული თანხების გაქვითვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება:

პალატის განმარტებით, შპს „ბ-სი“ მოთხოვნების გაქვითვის თაობაზე შუამდგომლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლზე აფუძნებდა. პალატის განმარტებით, შუამდგომლობაში ასახული პოზიცია საქმის განხილვის არც ერთ სტადიაზე არ გაჟღერებულა მხარეთაგან. ამასთან, არ არსებობს შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომელიც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო დადგენილი წესით მსჯელობს წარდგენილი სარჩელის საფუძვლიანობაზე და თუ მიიჩნევს დასაბუთებულად, აკმაყოფილებს მას. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის მფლობელი (ამ შემთხვევაში - შპს „T.“) თავად წყვეტს საკუთარი მოთხოვნის ბედს და, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, შეუძლია მოურიგდეს კიდეც შპს „ბ-სს“ აღსრულების ეტაპზე, თუნდაც მოთხოვნათა გაქვითვის გზით.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ბ-სმა“, მოითხოვა მისი გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრა.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და მის მიერ ძალაში დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნას აღემატება დაახლოებით 50-ჯერ. სააპელაციო პალატას აცნობა მხარემ, რომ შპს „T.-ს“ გაუჭირდება დაკისრებული თანხის ანაზღაურება, რადგანაც ამ უკანასკნელს არავითარი ქონება არ ერიცხება, გარდა მიწის ნაკვეთისა, რომელიც წინამდებარე დავაზე უზრუნველყოფის საგნად იქცა. გასათვალისწინებელია, რომ საწარმოს ერთადერთი პარტნიორისა და დირექტორის მიერ უკვე დაწყებულია დავა საწარმოს მიმართ 3 500 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით, რომელიც, მისი განმარტებით, ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზეა გადაცემული. ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად ასევე გამოყენებულია ზემოხსენებული ქონება. შესაბამისი მასალები წარედგინა სააპელაციო პალატას და განემარტა, რომ შპს „T.-ს“ მიმართ წამოწყებული დავა ემსახურება მისი კრედიტორების დაკმაყოფილების ხელშეშლას. აღნიშნულის საპირისპიროდ, შპს „T.-ს“ გააჩნია რესურსი იმისა, რომ ხელი შეუშალოს კერძო საჩივრის ავტორის საქმიანობას, თუნდაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ფორმატში. ამ გარემოების გამო, გამართლებული იქნებოდა თუკი სასამართლო დაადგენდა გადაწყვეტილების აღსრულების წესს და გაქვითავდა მხარეთა მოთხოვნებს.

6.1.2. სრულიად გაუმართლებელია სასამართლოს დასაბუთება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რადგანაც მხარეები, ურთიერთმოთხოვნის კრედიტორებს წარმოადგენენ. „საარსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 55.1 და 57.1 მუხლების შესაბამისად, კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ყადაღის დადება, მათ შორის მოთხოვნაზე. მსგავს ვითარებაში, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია ამ მოქმედების განხორციელება, შედეგად შპს „ბ-სი“ გადაიხდის გარკვეულ თანხას, რომელიც მიიმართება არა შპს „T.-ს“ არამედ გადამხდელის მიმართ, რომელიც შპს „T.-ს“ კრედიტორს წარმოადგენს. ამდენად, გაურკვეველია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმა, ამასთანავე, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებული სახით შევა კანონიერ ძალაში და, ამასთან, თუნდაც გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე მორიგდებიან მხარეები, კვლავ საჭირო გახდება სასამართლოსათვის მიმართვა, თანახმად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა, რაც ეწინააღმდეგება პროცესის ეკონომიურობის პრინციპს, ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლი ითვალისწინებს ვალდებულების შეწყვეტის შესაძლებლობას ურთიერთმოთხოვნათა გავიქვითვის გზით. რაც შეეხება პალატის მსჯელობას, რომ ამ საკითხზე მხარეებს მოსაზრება საქმის განხილვისას არ გამოუთქვამთ, ეს ბუნებრივია, რადგანაც წინასწარ შეუძლებელი იყო იმის ცოდნა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ შპს „ბ-სის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ბ-სის“ სარჩელისა და შპს „T.-ს“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე, საპროცესო ხარჯების განაწილების გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ბ-სის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „T.-ს“ შპს „ბ-სის“ სასარგებლოდ დაეკისრა 897 131,64 ლარის წლიური 7 (შვიდი) პროცენტის გადახდა 2013 წლის 1 ნოემბრიდან ამ დავალიანების სრულად დაფარვამდე. თუ შპს „T.“ დავალიანებას დაფარავს ნაწილობრივ, მას დაეკისრებოდა შპს „ბ-სის“ სასარგებლოდ გადაუხდელი თანხის წლიური 7 (შვიდი) პროცენტის გადახდა დავალიანების სრულად დაფარვამდე. შპს „T.-ს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ბ-სს“ შპს „T.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 9 108,2 აშშ დოლარის გადახდა. შპს „T.-სათვის“ შპს „ბ-სის“ სასარგებლოდ 897.131,64 ლარის გადახდევინების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. შპს „ბ-სს“ შპს „T.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 129.5 ლარის გადახდა, საქმის წარმოებისას გაწეული საპროცესო ხარჯების შესაბამისი ნაწილის ანაზღაურებისათვის. შპს „T.-ს“ შპს „ბ-სის“ სასარგებლოდ საქმის წარმოებისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაეკისრა 12 450 ლარის, ხოლო იურიდიული მომსახურებისათვის _ 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.

1.2.2. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენას იმგვარად, რომ სასამართლომ გაქვითოს მხარეთა ურთიერთმოთხოვნები და ამ გარემოებას ასაბუთებს იმ შესაძლო დაბრკოლებათა თავიდან აცილების მიზნით, რაც მოწინააღმდეგე მხარეს, როგორც კრედიტორსა და ამავდროულად, როგორც მოვალეს, უფლებას ანიჭებს, განახორციელოს საკუთარი საპროცესო უფლებები.

1.2.3. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების წესის განსაზღვრასაც მხარე მოითხოვს, არც კანონიერ ძალაშია შესული და არც დაუყოვნებლივ აღსასრულებლადაა მიქცეული.

1.3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს, რომელიც შეეხება მატერიალური ნორმის არარსებობას მხარის მსგავსი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ასევე იმას, რომ აღსრულების წესის განსაზღვრის შესაძლებლობას გამორიცხავდა ამ მოთხოვნის საქმის განხილვის ეტაპზე მხარის მიერ მიუთითებლობა და აღნიშნავს, რომ, სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს არა აქვს უფლება, უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ სამართლის ნორმა არ არსებობს, ან იგი ბუნდოვანია. კანონის მითითებული დანაწესი ამკვიდრებს ანალოგიის პრინციპის გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმა და ანალოგია, თავის მხრივ, აღიარებულია, როგორც საპროცესო (სსსკ-ის მე-7 მუხლი), ისე მატერიალურ სამართალში (სკ-ის მე-5 მუხლი).

1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლი წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების რეალიზაციის საპროცესო წესს, რა დროსაც შეფასებას ექვემდებარება მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი (შინაარსობრივი) ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა, რომელიც ჯამში მას პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით აქვს დადასტურებული, აღემატება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის ოდენობას და მხარეს სურს აღსრულების წესის იმგვარად განსაზღვრა, რომ გაიქვითოს მხარეთა ურთიერთმოთხოვნები. ამ საკითხის შეფასებისას საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის დისპოზიციას და განმარტავს, რომ მითითებული კერძოსამართლებრივი ნორმა სადავო ურთიერთობაზეც შეიძლება გავრცელდეს, რამეთუ ამ ნორმის (გაქვითვის) მიზანი ურთიერთმოთხოვნების მქონე პირებისათვის ვალდებულების შესრულების გაიოლება ან ვალდებულების შეწყვეტაა. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ გვაქვს საპასუხო მოთხოვნები, რაც გაქვითვის უმთავრესი წინაპირობაა. ამასთანავე, სახეზე არ არის ის ამკრძალავი შემთხვევები, რომლებიც ამ ურთიერთობის განხორციელებას გამორიცხავენ (სკ-ის 447-ე მუხლი), რაც შეეხება მათ არატოლფასოვნებას, ეს საკითხიც ვერ გახდება სადავო სამართალურთიერთობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი (სკ-ის 444-ე მუხლი). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ურთიერთმოთხოვნის გაქვითვის საპროცესო წესზეც: თუკი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობისათვის იგი ნამდვილად მხოლოდ მას შემდეგ მიიჩნევა, რაც მოთხოვნის უფლების მქონე პირის ცალმხრივი ნება მიუვა ადრესატს (სკ-ის 51.1 მუხლი), საპროცესო რეალიზაცია ნებისა დასაშვებია, თუკი დაცული იქნება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესები.

1.5. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზეც, რომ სახეზე ორი მოსარჩელე გვყავს, რომელთაგან ერთმა, ბუნებრივია ძირითადი, ხოლო მეორემ _ შეგებებული სარჩელი აღძრა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლი ადგენს შეგებებული სარჩელის მიღების პირობებს და ნორმის მე-2 ნაწილი იძლევა ამ ინსტიტუტის თვისობრივ განმარტებას. მითითებული დანაწესიდან წინამდებარე ურთიერთობისათვის მნიშვნელოვანია „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები: მოსამართლე მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ: შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად; შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ ნორმის სწორი ანალიზიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საპროცესო კანონმდებლობა მატერიალური სამართლის ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენებას არ კრძალავს, არამედ, ძირითადი და შეგებებული სარჩელების საფუძვლიანობის (თუნდაც ნაწილობრივ) პირობებში მოთხოვნათა გაქვითვა სრულად გამომდინარეობს ამ ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი იურიდიული ბუნებიდან (შეგებებული სარჩელი, როგორც საპროცესო თავდაცვის საშუალება, მიმართულია ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნის წინააღმდეგ და ამავდროულად თავად წარმოადგენს მოთხოვნას).

1.6. უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ურთიერთომოთხოვნის გაქვითვის საკითხი ვერ დადგებოდა, რადგანაც საქალაქო სასამართლომ თავდაპირველი სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე განაცხადა უარი. სააპელაციო სასამართლომ კი, გადაწყვეტილების შეცვლის გზით ნაწილობრივ დააკმაყოფილა, როგორც თავდაპირველი, ისე შეგებებული სარჩელი, რაც გამორიცხავს სასამართლოს მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ მოტივით, რომ მხარეს ეს საკითხი საქმის განხილვის ეტაპზე არ დაუყენებია.

1.7. მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, საკასაციო პალატა საკითხის გადაწყვეტისას უმთავრესად ხელმძღვანელობს იმით, რომ ამ ეტაპზე მოთხოვნის გაქვითვის საჭიროება არ დგას. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, როგორც ზემოთ აღინიშნა, არც კანონიერ ძალაშია შესული და არც დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება. საკასაციო სასამართლოს წარმოებაშია, როგორც ერთი, ისე, მეორე მხარის საკასაციო საჩივარი და, ბუნებრივია, არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალოს. ამ თვალსაზრისით ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს, თუნდაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნით, შეუძლია შპს „ბ-სისათვის“ ხელშეშლა, რადგანაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხი იხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე (191-ე მუხლი) მუხლით განსაზღვრული სტანდარტით, რა დროსაც მოწმდება მოთხოვნის ფორმალური საფუძვლიანობა. რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით შესაძლო პრობლემებს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, მხარე არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით (რომელიც რეალურად იქნება დასაბუთებული) მიმართოს გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ-სის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური