№ას-490-464-2015 27 ნოემბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – ა. გ-ი, ს. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს. ა-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 08.10.2013 წლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ა. გ-მა (შემდეგში პირველმა მოპასუხემ ან კასატორმა) 2010 წლის 30 მარტს შპს ,,კ. პ-ისგან“ ისესხა 6700 ევრო, სარგებლით, 6 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ს. ა-ის (შემდეგში მოსარჩელის) კუთვნილი უძრავი ქონება. პირველმა მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც 07.06.2011 წელს იპოთეკით დატვირთულ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე დაიწყო იძულებითი აღსრულება, ხოლო მოგვიანებით, ეს ქონება აუქციონზე იძულებით გაიყიდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის – შემდეგში სსკ-ის – 623-ე, 625-ე, 286.1-ე, 289.1-ე, 302.4-ე მუხლები).
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 65 000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
3. 17.06.2011 წელს პირველმა მოპასუხემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ.ქ., დ. და კ. ქ.№----ში (შემდეგში სადავო უძრავი ნივთი), აჩუქა თავის შვილს – ნ. გ-ს (შემდეგში მეორე მოპასუხეს), (სსკ-ის 524-ე მუხლი).
4. 28.05.2013 წელს მეორე მოპასუხემ მის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ნივთი აჩუქა თავის დედას – ე. ხ-ს (შემდეგში მესამე მოპასუხეს), (სსკ-ის 524-ე მუხლი).
5. 29.11.2013 წელს მესამე მოპასუხემ მის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ნივთი აჩუქა თავის შვილს – ს. გ-ს (შემდეგში მეოთხე მოპასუხეს ან კასატორს), (სსკ-ის 524-ე მუხლი).
6. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზემოხსენებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ჩუქების ხელშეკრულებები მოსაჩვენებლად დადებული გარიგებები იყო და, შესაბამისად, ბათილი, სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო გარიგებების მოსაჩვენებლად დადების ფაქტი დასტურდებოდა შემდეგი გარემოებებით: პირველი მოპასუხის მიერ 30.03.2010 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2011 წლის 7 ივნისს, იპოთეკით დატვირთულ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე დაიწყო იძულებითი აღსრულება. სწორედ ამ პერიოდში, 2011 წლის 17 ივნისს, პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხეს აჩუქა თავისი კუთვნილი უძრავი ნივთი, რათა ამ ქონებიდან არ დაეფარა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადამოსული ვალდებულება, ხოლო სამომავლოდ თავი აერიდებინა მოსარჩელის მიმართ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან. პირველმა მოპასუხემ, მეორე მოპასუხესთან შეთანხმებით, შეგნებულად გადამალა თავისი კუთვნილი ქონება, რომელიც ვალის გადახდის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. სასამართლოში დავის მიმდინარეობისას კი, მეორე მოპასუხემ მესამე მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელმა მეოთხე მოპასუხეს აჩუქა სადავო უძრავი ქონება. მოსარჩელის განმარტებით, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ მოპასუხეები (სადავო გარიგებების მონაწილეები) იყვნენ ერთი ოჯახის წევრები (მამა-შვილი, ცოლ-ქმარი, დედა-შვილი), შესაბამისად, მათთვის ცნობილი იყო, როგორც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის, ასევე, მოსარჩელის უძრავ ქონებაზე მიმდინარე იძულებითი აღსრულების ფაქტი. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან პირველ მოპასუხეს, გაჩუქებული ქონების გარდა, სხვა ქონება არ გააჩნია, მის წინააღმდეგ მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა.
7. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ პირველ და მეორე მოპასუხეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება მოსაჩვენებლად არ დადებულა, ვინაიდან ამ გარიგების დადების დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება, პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, თანხის დაკისრების თაობაზე.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა პირველ და მეორე მოპასუხეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების მოსაჩვენებლად დადების ფაქტი, ვინაიდან ამ გარიგების დადების დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, ვერ გაბათილდებოდა პირველი გარიგება და, შესაბამისად, შემდეგში დადებული გარიგებებიც.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ, მართალია, პირველი ჩუქების ხელშეკრულების დადების დროს არ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე, მაგრამ ამ დროს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მისი ქონება აუქციონზე იყიდებოდა, შესაბამისად, პირველმა მოპასუხემ იცოდა მოსარჩელის წინაშე მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე და ამ პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით დადო ჩუქების ხელშეკრულება თავის შვილთან და გადამალა მისი კუთვნილი ერთადერთი ქონება, საიდანაც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნებოდა შესაძლებელი.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ჩუქების ხელშეკრულებები.
11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოს 28.11.2014 წლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი. ამავე განჩინებით მოპასუხეებს განესაზღვრათ ხუთი დღის ვადა სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოსადგენად და განემარტათ შესაგებლის წარმოუდგენლობის სამართლებრივი შედეგები.
12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, ასევე, რომ სააპელაციო საჩივარი, თანდართულ დოკუმენტებსა და გზავნილთან ერთად, კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ და მოპასუხეებს ჩაჰბარდათ მათ მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე: ქ.თ., გ-ის გამზირი №---, სართული მე----, ბინა №---.
13. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 372-ე, 2321-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, უნდა გამოტანილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას, კერძოდ, სადავო ჩუქების ხელშეკრულებები დადებული იყო მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა, შესაბამისად, ისინი ბათილ გარიგებებს წარმოადგენდნენ (სსკ-ის 56.1 მუხლი).
15. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.
16. საჩივარი ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ პირველი მოპასუხე, რომელსაც ჩაჰბარდა სასამართლო გზავნილი, არ იყო დანარჩენი მოპასუხეების ოჯახის წევრი, შესაბამისად, მისთვის გზავნილის ჩაბარება დანარჩენი მოპასუხეებისათვის ჩაბარებად ვერ მიიჩნეოდა.
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
18. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ამ განჩინების მე-16 პუნქტში მითითებული საჩივრის პრეტენზია და აღნიშნა, რომ მოპასუხეებს სასამართლო გზავნილი გაეგზავნათ მათ მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა პირველ მოპასუხეს, რომელიც დანარჩენი მოპასუხეების ოჯახის წევრია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით და არ არსებობდა ამ საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა.
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:
- სააპელაციო სასამართლომ ვერ უზრუნველყო სააპელაციო საჩივრის ასლის მოპასუხეებისათვის ჩაბარება კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, სასამართლო გზავნილი გაიგზავნა მისამართზე: ქ.თ., გ-ის გამზირი №---, სართული მე----, ბინა №66ა, თუმცა ეს მისამართი საერთოდ არ არსებობს, ბინა მშენებარეა. პირველმა მოპასუხემ გზავნილი ფოსტაში ჩაიბარა, მაგრამ არ გადაუცია დანარჩენი მოპასუხეებისათვის, რადგან სხვა ოჯახი აქვს შექმნილი და მოპასუხეებთან ერთად არ ცხოვრობს;
- ჩუქების ხელშეკრულებები სასამართლოს ბათილად არ უნდა ეცნო, ვინაიდან ეს გარიგებები არ ყოფილა მოსაჩვენებლად დადებული.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისისა და 15 ივნისის განჩინებებით პირველი და მეოთხე მოპასუხის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის განჩინებით მეორე და მესამე მოპასუხის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით პირველი და მეოთხე მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
22. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამდენად, მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
24. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერება. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო.
25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 372-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ, შესაგებლის წარუდგენლობისას, ურთიერთობა უნდა დაარეგულიროს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
26. პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარდგენის სავალდებულოობას ადგენს და მისი შეუსრულებლობის სამართლებრივ შედეგებს განსაზღვრავს სსსკ-ის 201-ე მუხლი. ამ მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სსსკ-ის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც მხარეებს ეცნობებათ ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 2321-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს (სააპელაციო მოპასუხეს) კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სააპელაციო საჩივრის ასლი; ბ. იგი გაფრთხილებული უნდა იყოს სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგთან დაკავშირებით; ბ. სააპელაციო საჩივარში მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნას; გ. არ უნდა არსებობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.
28. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები სადავოდ ხდიან მათთვის სასამართლო გზავნილის კანონით დადენილი წესით ჩაბარებას, კერძოდ, კასატორების განმარტებით, პირველი მოპასუხე დანარჩენი მოპასუხეების ოჯახის წევრი არაა, ამიტომ მისთვის გზავნილის ჩაბარება ამ მოპასუხეებისათვის ჩაბარებად ვერ მიიჩნევა.
29. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გაეგზავნათ მოპასუხეებს მათ მიერ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მითითებულ მისამართზე: ქ.თ., გ-ის გამზირი №---, სართული მე----, ბინა №--- (იხ. ს.ფ. 59-66). ასევე, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ჩაჰბარდა პირველ მოპასუხეს, რასაც ეს უკანასკნელიც არ ხდის სადავოდ. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს ამავე მისამართზე ჩაბარდათ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, კერძოდ, სასამართლო გზავნილი ჩაიბარა მეოთხე მოპასუხემ, როგორც დანარჩენი მოპასუხეების ოჯახის წევრმა (იხ. ს.ფ. 54-58). საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებენ იმაზე, რომ პირველი მოპასუხე დანარჩენი მოპასუხეების ოჯახის წევრია და მისთვის სასამართლოს გზავნილის ჩაბარება, სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ უკანასკნელთათვის ჩაბარებადაც მიიჩნევა. კასატორები თავიანთი მოსაზრების დასასაბუთებლად მიუთითებენ ამონაწერზე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის მიხედვით, პირველი მოპასუხე სხვა მისამართზეა რეგისტრირებული. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველ მოპასუხეს სასამართლოს გზავნილი ჩაჰბარდა უფრო ადრე, ვიდრე ზემოხსენებული ამონაწერის მისაღებად დეკლარაცია შეივსებოდა (იხ. ს.ფ. 162, 173). გარდა ამისა, კანონი უშვებს იმის შეაძლებლობას, რომ პირს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ჰქონდეს, მათ შორის, არარეგისტრირებულ მისამართზეც (სსკ-ის მე-20 მუხლის პირველი ნაწილი). განსახილველ შემთხვევაში, ამონაწერში მითითებულ მისამართზე პირველი მოპასუხის რეგისტრაცია არ გამორიცხავს მისივე ცხოვრების ფაქტს მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე, მით უფრო, როგორც აღინიშნა, ამ მისამართზე კასატორებს სხვა დროსაც ჩაჰბარდათ სასამართლოს გზავნილი.
30. დაუსაბუთებელია კასატორების პრეტენზია იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა სადავო ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც აღწერილია ამ განჩინების 1-6-ე და მე-8 პუნქტებში და, რომლებიც დამტკიცებულად მიიჩნევა (სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ასაბუთებენ, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებები ბათილია, როგორც მოსაჩვენებლად დადებული გარიგებები (სსკ-ის 56.1 მუხლი), ვინაიდან უდავოა, რომ მოპასუხეები არიან ერთი ოჯახის წევრები, შესაბამისად, პრეზუმირებულია, რომ მათ იცოდნენ მოსარჩელის მიმართ პირველი მოპასუხის ვალდებულების თაობაზე და სწორედ ამ ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით გააფორმეს სადავო გარიგებები.
31. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის შემთხვევაშიც, სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ისინი შემოიფარგლნენ მხოლოდ ამ განჩინების მე-7 პუნქტში აღწერილ გარემოებაზე მითითებით, რაც ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მოპასუხეებისათვის, როგორც ერთი ოჯახის წევრებისათვის, იმთავითვე ცნობილი იყო, როგორც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის, ასევე, მოსარჩელის უძრავ ქონებაზე მიმდინარე იძულებითი აღსრულების ფაქტი. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და საქმის მასალებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები პრეზუმირებულს ხდიან სადავო ჩუქების ხელშეკრულებების მოსაჩვენებლად დადების ფაქტს, ვინაიდან მითითებული უსასყიდლო გარიგებები დაიდო მხოლოდ იმ მიზნით, რომ პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება არ გასხვისებულიყო იძულებით აუქციონზე არც არსებული და არც მომავალში წარმოშობილი ვალდებულების გამო.
32. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ, მართალია, მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, მაგრამ, პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, დასაშვებია ასეთი აღიარებითი სარჩელი, ვინაიდან მოსარჩელის იურიდიული ინტერესი უკავშირდება სადავო ქონებაზე იძულებითი აღსრულების განხორციელებას კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაბათილებით, სამართლებრივი საფუძველი გამოეცლება პირველი მოპასუხიდან შემდეგ მოპასუხეებზე საკუთრების გადასვლას და, შესაბამისად, საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერებს (საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 26-ე მუხლი), რაც შესაძლებლობას მისცემს მოსარჩელეს დაიკმაყოფილოს მოთხოვნა პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებიდან იძულებითი აღსრულების გზით კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, ასევე, არ არსებობს ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს (სსსკ-ს 410-ე მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
34. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 241-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-ისა და ს. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი