№ას-950-912-2014 30 სექტემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – 1. სს ე.-(მოსარჩელე)
2. შპს “ს-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – 1. შპს “ს-ი“
2. სს “ე-ა“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორ სს „ე-ის“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
კასატორ შპს „ს-ის“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პროცესის ხარჯების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს ე.-(შემდეგში მოსარჩელე) შპს „ს-ის“ (შემდეგში მოპასუხეს) აწვდის ელექტროენერგიას. მოპასუხის მიერ დახარჯული ელექტრონერგიის რაოდენობა განისაზღვრება ამ უკანასკნელის ინდივიდუალური ელექტრომრიცხველის ჩვენების საფუძველზე.
2. მოპასუხის მიერ ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძზე სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2009 წლის 24 მარტს, მოსარჩელემ შეამოწმა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძი და დალუქა. დალუქული ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძი იმავე დღეს ჩაჰბარდა მოპასუხეს.
3. ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის დალუქვის შემდეგ, ლუქის მთლიანობა არ დარღვეულა.
4. 16.10.2012 წელს მოსარჩელემ შეამოწმა მოპასუხის ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ელექტროენერგიის წყაროსთან მრიცხველის მიერთების სქემა არასწორად იყო აწყობილი. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელემ მიზანშეწონილად მიიჩნია ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის დამატებითი დიაგნოსტიკური შემოწმება.
5. დამატებითი დიაგნოსტიკური შემოწმება ჩატარდა 18.10.2012 წელს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 35 კვ დენის მეორეული ამომყვანების შუალედურ ამკრეფზე, A და C ფაზების მეორეულ ამომყვანებს შორის, მოთავსებული იყო ზღუდარი, ხოლო A და C ფაზების დენი - ჩაკეტილი. ზღუდარის ამოღების შემდეგ, ელექტრომრიცხველი ამუშავდა დასაშვები ცდომილების ფარგლებში.
6. 29.03.2013 წლის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოპასუხის ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძი, გასწორებამდე არ აღრიცხავდა დახარჯული ელექტროენერგიის 52.25%-ს.
7. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის ამ უკანასკნელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელი ნაწილის - 132 001.87 ლარის დაკისრება.
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის კუთვნილ ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძთან ხელი მხოლოდ მოსარჩელეს მიუწვდებოდა, ამიტომ ელექტრომრიცხველის არასწორ მუშაობაზე პასუხისმგებლობა მოპასუხეს არ უნდა დაჰკისრებოდა. გარდა ამისა, მრიცხველის ცდომილებით მუშაობის დაწყების თარიღად 24.03.2009 წელი არ უნდა მიჩნეულიყო, ვინაიდან არ არსებობდა მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, თუ როდის დამონტაჟდა ზღუდარი. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულიც იყო.
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 132 001.87 ლარის გადახდა.
10. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის 317.1-ე და 477-ე მუხლებით).
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით:
- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11 079.22 ლარის გადახდა.
13. სააპელაციო სასამართლომ, მართალია, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მოთხოვნილი თანხის მხოლოდ ნაწილი უნდა დაჰკისრებოდა.
14. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მოპასუხე 24.03.2009 წლიდან ხარჯავდა ელექტრომრიცხველში აღრიცხულზე გაცილებით მეტ ელექტროენერგიას.
15. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება და აღნიშნა, რომ შეუძლებელია, მოპასუხის მიერ გამოშვებული პროდუქციისა და დახარჯული ელექტროენერგიის თანაფარდობით დადგინდეს ელექტროენერგიის ცდომილებით მოხმარების დაწყების თარიღი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, ასევე, რომ, რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც ამ სადავო ფაქტს დაადასტურებდა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008 წლის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ, ვინაიდან უცნობი იყო ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა მხოლოდ 01.08.2012 წლიდან 01.10.2012 წლამდე (სამი თვის მანძილზე) მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ცდომილების გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ეს თანხა შეადგენდა 11 079.22 ლარს.
17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ორივე მხარემ.
18. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მის მიერვე დადგენილი გარემოებები და არასწორად განსაზღვრა ის პერიოდი, რა დროსაც მოპასუხის მრიცხველი შეცდომით აღრიცხავდა ელექტროენერგიას, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაც დადგენილია და არც მოპასუხე ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის დალუქვის შემდეგ, 24.03.2009 წლიდან, ლუქის მთლიანობა არ დარღვეულა. ეს გარემოება კი, იმას ადასტურებს, რომ ზღუდარი აღრიცხვის კვანძში ჩაიდო და მრიცხველის მიერთების სქემა არასწორად შედგა დალუქვამდე, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან მოპასუხის მრიცხველი აღარ აღირიცხავდა დახარჯული ელექტროენერგიის 52.25%-ს;
- ის გარემოება, რომ ზღუდარი აღრიცხვის კვანძში ჩაიდო და მიერთების სქემა არასწორად შედგა დალუქვამდე, იმითაც დასტურდება, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძი მოპასუხემ თავად დაამონტაჟა და სწორედ ამის შემდეგ კვანძი დაილუქა;
- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ცდომილების გათვალისწინებით და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვისი ბრალი იყო მრიცხველის მიერ ელექტროენერგიის შეცდომით აღრიცხვა.
19. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული მოთხოვნის არაპროპორციულად;
- მოპასუხის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი მოსარჩელეს კანონით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობით დაეკისრა.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ივლისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
23. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი (მოსარჩელე) სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ, სამართლებრივად მნიშვნელოვან, ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტები), მაგრამ მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მის მიერვე დადგენილი გარემოებები და არასწორად მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო იმ თარიღის დადგენა, რა დროიდანაც მოპასუხის კუთვნილი ელექტროენერგიის მრიცხველი სრულად არ აღრიცხავდა მოხმარებულ ელექტროენერგიას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008 წლის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მხოლოდ სამი თვის მანძილზე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება, ექსპერტიზით დადგენილი ცდომილების პროცენტის გათვალისწინებით, და არა სრულად, მოთხოვნილი ოდენობით, 24.03.2009 წლიდან 18.10.2012 წლამდე.
24. კასატორის ამ პრეტენზიის მართებულობის შესამოწმებლად, საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შინაარსს, კერძოდ, სადავო არაა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებულია ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც ელექტროენერგიის გამყიდველია მოსარჩელე, ხოლო მყიდველი - მოპასუხე.
25. ზემოხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებას იმ ცდომილების გათვალისწინებით, რაც დადგენილია 29.03.2013 წლის ექსპერტიზის დასკვნით, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, 24.03.2009 წლიდან 18.10.2012 წლამდე, მოპასუხის კუთვნილი ელექტრომრიცხველი სრულად არ აღრიცხავდა მოხმარებულ ელექტროენერგიას. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღურიცხავი ელექტროენერგია შეადგენდა მოხმარებული ელექტროენერგიის 52.25%-ს. ამ ცდომილების პროცენტის გათვალისწინებით, აღურიცხავი ელექტროენერგიის მოცულობამ, ზემოხსენებულ პერიოდში, შეადგინა 1 464 072.36 კვტ.სთ, რომლის ღირებულებაა 132 001.87 ლარი.
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
27. ამასთან, გამყიდველს გაყიდული საქონლის ფასის მოთხოვნის უფლება იმ შემთხვევაში წარმოეშობა, თუ მას შესრულებული აქვს სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც გაყიდული საქონლის მყიდველისათვის მიწოდებასა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემას გულისხმობს.
28. მოცემულ შემთხვევაში, გამყიდველის (მოსარჩელის) სამტკიცებელია ის გარემოება, რომ მან სადავო პერიოდში მყიდველს (მოპასუხეს) მიაწოდა ელექტროენერგია სარჩელში მითითებული ოდენობით.
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008 წლის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის განსაზღვრა და საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენების საფუძველზე.
30. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხის ინდივიდუალური ელექტრომრიცხველი არ აღრიცხავდა მოხმარებული ელექტროენერგიის 52.25%-ს. მხარეთა შორის სადავოა, თუ როდის არ აღრიცხავდა მოპასუხის მრიცხველი მოხმარებულ ელექტროენერგიას მითითებული ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, მრიცხველი, 2009 წლის 24 მარტიდან 2012 წლის 18 ოქტომბრამდე, მოხმარებულ ელექტროენერგიას არასრულად აღრიცხავდა.
31. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული სადავო გარემოების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელემ მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება ვერ შეძლო.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში კასატორმა (მოსარჩელემ) წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მის მიერვე დადგენილი გარემოებები და არასწორად განსაზღვრა მოხმარებული ელექტროენერგიის არასრულად აღრიცხვის პერიოდი, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და არც მოპასუხე არ ხდის სადავოდ იმას, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის დალუქვის შემდეგ (24.03.2009 წელი), ლუქის მთლიანობა არ დარღვეულა. ამასთან, დადგენილია ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ თავად დაამონტაჟა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძი და სწორედ ამის შემდეგ დაილუქა ეს კვანძი. მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლო თავადვე ასკვნის, რომ დალუქვის შემდეგ, ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძს ხელოვნურად არავინ შეჰხებია. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მრიცხველის მიერ ელექტროენერგიის არასრულად აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია.
33. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ამ უკანასკნელ დასკვნას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ წინამდებარე განჩინების 32-ე პუნქტში აღნიშნული გარემოებებით პრეზუმირებულია ის ფაქტი, რომ მოპასუხის ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძში ზღუდარი ჩაიდო და მრიცხველთან მიერთების სქემა არასწორად შედგა ამ კვანძის დალუქვამდე, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან მოპასუხის მრიცხველი აღარ აღრიცხავდა დახარჯული ელექტროენერგიის 52.25%-ს.
34. ზემოხსენებული პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა. ამ უკანასკნელმა მოსარჩელის სასარგებლო პრეზუმირებული ფაქტის გასაქარწყლებლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მოსარჩელემ 24.03.2009 წელს თავად ჩაიბარა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძი და თვითონვე დალუქა. დალუქვის შემდეგ კი, აღრიცხვის კვანძზე ხელი მხოლოდ მოსარჩელეს მიუწვდებოდა, შესაბამისად, მოპასუხე მასში ზღუდარს ვერ განათავსებდა. ამის გაკეთება მოსარჩელეს შეეძლო, როგორც აღრიცხვის კვანძის დალუქვამდე, ასევე, მისი დალუქვის შემდეგ.
35. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მოპასუხეს არ ედავება 24.03.2009 წლის შემდეგ აღრიცხვის კვანძში ზღუდარის ჩადებას, პირიქით, მოსარჩელე იმას ამტკიცებს, რომ ზემოხსენებული დარღვევით აღრიცხვის კვანძი მოეწყო მის დალუქვამდე.
36. ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძში (დალუქვის შემდეგ) მოსარჩელის ხელოვნური ჩარევის თაობაზე მოპასუხის მოსაზრებას გამორიცხავს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ის უდავო გარემოება, რომ აღრიცხვის კვანძის ლუქების მთლიანობა 18.10.2012 წლამდე არ დარღვეულა. მოპასუხეს არ წარმოუდგენია დამაჯერებელი განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეეძლო მოსარჩელეს, ლუქების მთლიანობის დარღვევის გარეშე, აღრიცხვის კვანძში რაიმე შეეცვალა. ამდენად, ნათელია, და გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაც დადგენილია, რომ 24.03.2009 წლის შემდეგ, ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძში ხელოვნური ჩარევის შესაძლებლობა არავის გააჩნდა (მათ შორის, არც მოსარჩელეს).
37. დაუსაბუთებელია, ასევე, მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის დალუქვამდე, მასში ხელოვნური ჩარევა შეეძლო მხოლოდ მოსარჩელეს, ვინაიდან სწორედ ამ უკანასკნელმა ჩაიბარა და დალუქა კვანძი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ზოგადად, აღრიცხვის კვანძის დალუქვამდე, მასში ზღუდარის ჩადება და მრიცხველთან მიერთების სქემის არასწორად დამონტაჟება შეეძლო, როგორც მოსარჩელეს, ისე მოპასუხეს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ორივე მხარე უარყოფს ამ ფაქტს, უნდა გაირკვეს, თუ ვისი ინტერესი შეიძლებოდა ყოფილიყო აღიცხვის კვანძში იმგვარი ჩარევა, რომ მრიცხველს დახარჯული ელექტროენერგია სრულად არ აღერიცხა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ, დახარჯული ელექტროენერგიის არასრულად აღრიცხვის შემთხვევაში, მომხმარებელი გადაიხდის უფრო ნაკლებ ფასს, ლოგიკური და დამაჯერებელია, რომ ეს ყოველივე ელექტროენერგიის მომხმარებლის და არა ელექტროენერგიის მიმწოდებლის ინტერესებშია, რომელიც, პირიქით, დაინტერესებულია, სრულად აღირიცხოს მის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. მოპასუხის ლოგიკის თანახმად, მოსარჩელე თავის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, კერძოდ, არასრულად აღრიცხავდა მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას და იღებდა უფრო ნაკლებ ანაზღაურებას, ვიდრე ეკუთვნოდა. გაუგებარია, რატომ უნდა გაეკეთებინა ეს მოსარჩელეს, რატომ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული მის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის ხელოვნურად შემცირებით. მოპასუხეს, ამ თვალსაზრისით, რაიმე დამაჯერებელი განმარტება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის ზემოხსენებულ პრეტენზიას. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვისმა მოქმედებამ გამოიწვია აღრიცხვის კვანძის გაუმართაობა, ვინაიდან მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს მის მიერ ფაქტობრივად დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება. ამაზე, უფრო დაწვრილებით, ქვემოთ ვისაუბრებთ.
38. მოპასუხის შესაგებელი ეფუძნება, ასევე, იმ გარემოებას, რომ, თავად მოსარჩელის განმარტებით, ელექტროენერგიის არასრულად აღრიცხვის მიზეზია აღრიცხვის კვანძის გაუმართაობა და არა მოპასუხის ბრალეულობა. მოპასუხის მოსაზრებით, თუკი მას ბრალი არ მიუძღვის აღრიცხვის კვანძის გაუმართაობაში, მაშინ მან პასუხიც არ უნდა აგოს აქედან გამომდინარე შედეგებზე.
39. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის ზემოხსენებულ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ აღურიცხავი ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა მოპასუხეს ეკისრება, მიუხედავად იმისა, მისი ბრალით იყო თუ არა აღრიცხვის კვანძი გაუმართავი. მოპასუხის ბრალეულობის შემთხვევაში, იგი პასუხს აგებდა სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე. მართალია, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება დახარჯული ელექტროენერგიის გაუმართავი აღრიცხვის კვანძით არასრულად აღრიცხვას და არა აღრიცხვის კვანძის გაუმართაობაში მოპასუხის ბრალეულობას, მაგრამ, როგორც აღინიშნა, ეს არ გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას, გადაიხადოს ფაქტობრივად დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება. მოპასუხის ეს ვალდებულება გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი). აქედან გამომდინარე, განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის, მთავარია ის ფაქტი, რომ მოპასუხემ მოიხმარა უფრო მეტი ელექტროენერგია, ვიდრე მისმა გაუმართავმა აღრიცხვის კვანძმა აღრიცხა, შესაბამისად, მან გადაიხადა არა ფაქტობრივად დახარჯული, არამედ მრიცხველის მიერ ცდომილებით აღრიცხული ელექტროენერგიის ღირებულება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხის მრიცხველი 24.03.2009 წლიდან 18.10.2012 წლამდე არ აღრიცხავდა დახარჯული ელექტროენერგიის 52.25%-ს, შესაბამისად, ამ პერიოდში, აღურიცხავი ელექტროენერგიის რაოდენობამ შეადგინა 1 464 072.36 კვტ.სთ, რომლის ღირებულებაა 132 001.87 ლარი. ეს გარემოება დასტურდება წინამდებარე განჩინების 33-ე პუნქტით დაშვებული პრეზუმფციით, ასევე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: 29.03.2013 წლის ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 23-26), 15.04.2013 წლის #ა1/2-392 დარიცხვის აქტით (ს.ფ. 21-22), 16.10.2012 წლისა და 18.10.2012 წლის აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტებით (ს.ფ. 19-20), აბონენტის ბარათით (ს.ფ. 14-18), შემოსავლების სამსახურის 01.01.2014 წლის წერილითა და მასზე დართული ინფორმაციით (ს.ფ. 93-95). ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია დახარჯული, მაგრამ მისი ინდივიდუალური მრიცხველის მიერ აღურიცხავი ელექტროენერგიის ღირებულება (132 001.87 ლარი), შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება, მითითებული თანხა გადაუხადოს მოსარჩელეს (სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილით, რომელიც არ გასაჩივრებულა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 11 079.22 ლარი. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა უნდა გამოაკლდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხას - 132 001.87 ლარს და მიღებული სხვაობა - 120 922.65 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
41. დაუსაბუთებელია მოპასუხის შესაგებელი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან, სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 18.10.2012 წელს და სწორედ ამ დროიდან დაიწყო მისი მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენა (სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სარჩელის შეტანის დროისათვის (05.08.2013 წელს) გასული არ ყოფილა.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).
43. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მოპასუხის საკასაციო საჩივარს, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.
45. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის იმ მოთხოვნათა პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
46. განსახილველ შემთხვევაში, მოგებულ მხარეს (მოსარჩელეს) სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 3960.10 ლარი (იხ. ს.ფ. 34), ხოლო, საკასაციო საჩივარზე - 6046.15 ლარი (იხ. ს.ფ. 315). აქედან გამომდინარე, მოპაუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის – 10 006.25 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
47. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ე-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. სს „ე-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
5. შპს „ს-ის“ სს „ე- ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს 120 922.65 ლარის გადახდა;
6. შპს „ს-ის“ სს „ე-ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის – 10 006.25 ლარის გადახდა;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი