№ას-350-333-2015 30 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ.მ.
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.დ.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ლ.დ.-მ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა სასამართლოს რ. მ.-ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 1400 ლარის დაკისრება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1400 ლარის გადახდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. კერძო საჩივრის საფუძვლები:
- აპელანტსა და მის წარმომადგენელს არ ჩაბარებიათ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება, კერძოდ, არასწორია გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ კურიერმა ადრესატის საცხოვრებელ ბინაზე შეტყობინება დატოვა. ასეთი შეტყობინება აპელანტსა და მის წარმომადგენელს არ უნახავთ;
- განჩინებაში მითითებულია, რომ მოპასუხე არ ცხოვრობს ქ.ქობულეთში, რ.-ის ქ.№...-ში. ეს გარემოება სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან მოპასუხე ფაქტობრივადაც ამ მისამართზე ცხოვრობს და რეგისტრირებულიც იქვეა. მითითებული გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა საჩივარს თან დაურთო ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან ამოღებული ამონარიდი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაშიც. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინების ასლი აპელანტის (მოპასუხის) წარმომადგენელს სამჯერ გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ.თბილისი, ....(იხ. მინდობილობა – ს.ფ. 41, სააპელაციო საჩივარი – ს.ფ. 61, სასამართლოს გზავნილები – ს.ფ. 86, 88, 91). სასამართლოში დაბრუნებული გზავნილებით ირკვევა, რომ ადრესატი სახლში არ იმყოფებოდა, ხოლო მობილურ ტელეფონზე არ პასუხობდა (იხ. ს.ფ. 93).
9. საქმის მასალებით ირკვევა, ასევე, რომ ხარვეზის განჩინების ასლი მოპასუხის წარმომადგენელს გაეგზავნა სააპელაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მითითებულ სხვა მისამართზეც, კერძოდ, ქ.თბილისი, წერეთლის ქ.№.., ბინა №..(იხ. ს.ფ. 94). ამ შემთხვევაშიც გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატს, ვინაიდან იგი ამ მისამრთზე არ იმყოფებოდა (იხ. ს.ფ. 96).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, ხარვეზის განჩინება ჩაბარებულად ითვლება აპელანტის წარმომადგენლისათვის.
11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.
12. მითითებული ნორმის მიხედვით, სასამართლოს აკისრია ვალდებულება უწყება გაუგზავნოს მხარეს ან მის წარმომადგენელს და არა ორივე მათგანს, ხოლო ერთ-ერთი მათგანისათვის უწყების ჩაბარება ჩაითვლება მხარისათვის უწყების ჩაბარებად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ასლი გაეგზავნა და კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენელს, სასამართლო აღარ იყო ვალდებული უწყება დამატებით გაეგზავნა მხარისთვისაც.
13. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი სასამართლომ გაუგზავნა, ასევე, მოპასუხეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ.ქობულეთი, რ.-ის N... (იხ. ს.ფ. 97). სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ ადრესატი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს (იხ. ს.ფ. 98). ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის 76-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს გზავნილი მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება. თუნდაც, დავუშვათ, რომ მოპასუხე ზემოხსნებულ მისამართზე ცხოვრობს, ფაქტია, რომ იგი მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა და გზავნილიც ვერ ჩაბარდა. სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, სასამართლო ვალდებული იყო, რომ მხარისათვის ხარვეზის განჩინება გაეგზავნა დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ სასამართლომ დამატებით სამჯერ გააგზავნა გზავნილი, როგორც მოპასუხის წარმომადგენლის, ასევე, თავად მოპასუხის მისამართზეც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ გზავნილი ვერ ჩაჰბარდათ იმის გამო, რომ ისინი მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდნენ. ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის 71.2-ე მუხლის მიხედვით, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება.
14. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და სადავო არაა, რომ მოპასუხეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი და მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი.
16. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 410-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი