Facebook Twitter

№ა-4178-ა-17-2015 28 დეკემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი (მოპასუხე) – შპს “ს-ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს “ე-ა“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ე-ამ“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შპს “ს-ის“ (შემდეგში მოპასუხის ან განმცხადებლის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ამ უკანასკნელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელი ნაწილის - 132 001.87 ლარის დაკისრება.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 132 001.87 ლარის გადახდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით:

- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11 079.22 ლარის გადახდა.

5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- მოსარჩელე მოპასუხეს აწვდის ელექტროენერგიას. მოპასუხის მიერ დახარჯული ელექტრონერგიის რაოდენობა განისაზღვრება ამ უკანასკნელის ინდივიდუალური ელექტრომრიცხველის ჩვენების საფუძველზე;

- მოპასუხის მიერ ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძზე სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2009 წლის 24 მარტს, მოსარჩელემ შეამოწმა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძი და დალუქა. დალუქული ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძი იმავე დღეს ჩაჰბარდა მოპასუხეს;

- ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის დალუქვის შემდეგ, ლუქის მთლიანობა არ დარღვეულა;

- 16.10.2012 წელს მოსარჩელემ შეამოწმა მოპასუხის ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ელექტროენერგიის წყაროსთან მრიცხველის მიერთების სქემა არასწორად იყო აწყობილი. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელემ მიზანშეწონილად მიიჩნია ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის დამატებითი დიაგნოსტიკური შემოწმება;

- დამატებითი დიაგნოსტიკური შემოწმება ჩატარდა 18.10.2012 წელს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 35 კვ დენის მეორეული ამომყვანების შუალედურ ამკრეფზე, A და C ფაზების მეორეულ ამომყვანებს შორის, მოთავსებული იყო ზღუდარი, ხოლო A და C ფაზების დენი - ჩაკეტილი. ზღუდარის ამოღების შემდეგ, ელექტრომრიცხველი ამუშავდა დასაშვები ცდომილების ფარგლებში;

- 29.03.2013 წლის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოპასუხის ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძი, გასწორებამდე არ აღრიცხავდა დახარჯული ელექტროენერგიის 52.25%-ს.

6. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მოპასუხე 24.03.2009 წლიდან ხარჯავდა ელექტრომრიცხველში აღრიცხულზე გაცილებით მეტ ელექტროენერგიას.

7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება და აღნიშნა, რომ შეუძლებელია, მოპასუხის მიერ გამოშვებული პროდუქციისა და დახარჯული ელექტროენერგიის თანაფარდობით დადგინდეს ელექტროენერგიის ცდომილებით მოხმარების დაწყების თარიღი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, ასევე, რომ, რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც ამ სადავო ფაქტს დაადასტურებდა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008 წლის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ, ვინაიდან უცნობი იყო ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა მხოლოდ 01.08.2012 წლიდან 01.10.2012 წლამდე (სამი თვის მანძილზე) მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ცდომილების გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ეს თანხა შეადგენდა 11 079.22 ლარს.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ორივე მხარემ.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით: მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისროს 120 922.65 ლარის გადახდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის – 10 006.25 ლარის გადახდა.

11. 2015 წლის 5 ნოემბერს მოპასუხემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

12. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მოპასუხისათვის ცნობილი გახდა, რომ 2011 წელს მოსარჩელეს თვითნებურად შეუცვლია ელექტრომრიცხველი ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძზე. ეს გარემოება, განმცხადებლის განმარტებით, დასტურდება დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - შპს „ვ-აS“ და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით, სადაც მითითებულია, რომ ელექტრომრიცხველის გამოშვების თარიღია 2011 წელი. განმცხადებლის მოსაზრებით, მითითებული გარემოება ადასტურტებს იმას, რომ, შეუძლებელია ეს მრიცხველი 2009 წელს არსებულიყო და, შესაბამისად, დახარჯული ელექტროენერგიის არასრულად აღრიცხვას ამ დროიდან ჰქონოდა ადგილი. განმცხადებელს მიაჩნია, რომ ეს გარემოება და მტკიცებულება ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. აქედან გამომდინარე, განმცხადებელს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მოპასუხის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

15. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით, რომ მისთვის ცნობილი გახდა ისეთი ახალი გარემოება (ელექტრომრიცხველის გამოშვების თარიღი), რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

16. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები:

- მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;

- ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;

- მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძველი კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას:

- პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე;

- მეორე, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

19. ამდენად, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც ცნობილი იყო მხარისათვის გადაწყვეტილების გამოტანამდე ან, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.

20. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - შპს „ვ-სა“ და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს ელექტრომრიცხველის გამოშვების თარიღის დადგენის შესახებ, თუმცა არ უთითებს, თუ რატომ არ შეეძლო მას ექსპერტიზის ჩატარება და მრიცხველის გამოშვების თარიღის დადგენა საქმის წარმოების დასრულებამდე. მით უმეტეს, რომ საქმის განხილვისას მთავარი სადავო საკითხი სწორედ იმ ფაქტის დადგენა იყო, თუ რა დროიდან არ აღრიცხავდა მრიცხველი დახარჯულ ელექტროენერგიას სრულად. განმცხადებელი თვითონვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა შეცდომაში შეიყვანა სასამართლო, ვინაიდან ამტკიცებდა, რომ მრიცხველი დამონტაჟდა 2009 წელს და მას შემდეგ არ შცვლილა. ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მოპასუხეს შეეძლო და ვალდებულიც იყო სარჩელისაგან თავის დასაცავად, საქმის წარმოების დასრულებამდე, შეემოწმებინა მრიცხველის გამოშვების თარიღი და ყველა ის გარემოება, რაც მრიცხველის შეცვლის ფაქტს დაადასტურებდა, თუკი, მისი მოსაზრებით, ეს გარემოებები სამართლებრივად მნიშვნელოვანი იყო საქმის მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ თავისივე დაუდევრობით არ ისარგებლა ზემოხსენებული შესაძლებლობით, მის მიერ მითითებული გარემოება ახლად აღმოჩენილად ვერ მიიჩნევა და, შესაბამისად, საქმის წარმოების განახლებასაც ვერ გამოიწვევს.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხის განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების განახლების კანონიერი საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო პალატას გამოაქვს განჩინება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე (სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს-ის“ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი