Facebook Twitter

№330210014426453

საქმე №ას-83-79-2016 23 თებერვალი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი- ჩ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ-- გ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის საოქმო (ფორმის) განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უფლების აღიარება, ვალდებულების შესრულების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ-- გ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ი- ჩ-ის მიმართ და მოითხოვა, მოსარჩელის აღიარება გენეტიკური შვილის დაბადებისა და მშობლად რეგისტრაციის მიზნით, მისი კვერცხუჯრედით შექმნილ ემბრიონზე, კერძოდ, მისი უფლების აღიარება გაყინული ემბრიონის სუროგატის სხეულში გადატანისათვის საჭირო თანხმობის ცალმხრივად გამოყენებაზე სუროგატისა და შესაბამისი კლინიკის ცალმხრივად შერჩევაზე. ასევე, სუროგატთან დასადები ხელშეკრულების ნაწილში, მოპასუხის თანხმობის აღიარებულად მიჩნევა.

2. მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებულ იქნა მოსარჩელის უფლება მისი და მოპასუხის ბიოლოგიური მასალით შექმნილ ემბრიონზე, კერძოდ, გაყინული ემბრიონის სუროგატის სხეულში გადატანაზე, სუროგატთან ხელშეკრულების დადებაზე, სუროგატისა და კლინიკის შერჩევაზე მოპასუხის თანხმობის გარეშე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის საოქმო (ფორმის) განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

6. განჩინება დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 2015 წლის 23 დეკემბერს 16:00სთ.-ზე სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა 2015 წლის 22 ოქტომბერს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს აპელანტმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს სხდომის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ იმ ეტაპზე, მას არ ჰყავდა ადვოკატი, ხოლო წინა წარმომადგენელზე გაცემული მინდობილობის მოქმედების ვადა ამოწურული იყო და ახალი ადვოკატის აყვანა ვერ შეძლო ჰონორარის წინასწარ გადახდის შეუძლებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელანტის/მოპასუხის ინტერესებს იცავდა ადვოკატი მ. ბ--ე. საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულება გაცემული იყო ერთი წლის ვადით - 2015 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი იყო 2015 წლის 03 სექტემბერს, რომელსაც ხელს აწერდა პირადად აპელანტი ანუ, აპელანტისათვის ჯერ კიდევ, სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის იყო ცნობილი მინდობილობის მოქმედების ვადის ამოწურვის თაობაზე.

ასევე, დადგენილ იქნა, რომ აპელანტს უწყება ჩაბარდა 2015 წლის 22 ოქტომბერს - საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვამდე ორი თვით ადრე, ამდენად, აპელანტს ჰქნოდა გონივრული ვადა, რომ მოეხდინა თავისი საპროცესო უფლბების რეალიზაცია - აეყვანა ახალი წარმომადგენელი ან გაეცა ახალი რწმუნებულება - მ. ბ--ის სახელზე. აპელანტი თავადაც არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა სსკ-ის 216-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის განხილვის გადადების საფუძველი, რის გამოც, შუამდგომლობას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე, 229-ე მუხლით და სხდომაზე გამოცხადებული აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის საოქმო (ფორმის) განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

7. კერძო საჩივარი დასაბუთებულ-- იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აპელანტმა 2015 წლის 22 დეკემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე, იგი საჭიროებდა ადვოკატის დახმარებას. სააპელაციო საჩივარი შედგენილ იქნა მ. ბ---ის მიერ 2015 წლის სექტემბერში და აპელანტისათვის უცნობი იყო მ. ბ-ის რწმუნებულების მოქმედების ვადის ამოწურვის თაობაზე. აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უწყება ჩაიბარა 2015 წლის 22 ოქტომბერს და 27 ოქტომბერს ნოტარიუსთან მინდობილობა გაუფორმა მ. ბ-ეს, რის თაობაზედაც ინფორმაციის მიწოდება მ. ბ-ისათვის 2015 წლის 23 დეკემბრამდე ვერ განხორციელდა. ამიტომ, აპელანტმა აღნიშნულის შესახებ აცნობა სასამართლოს, კერძოდ, აცნობა, რომ მ. ბ--ესთან დაკავშირება და მასთან ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოახერხა. იმ დროისათვის იყო საახალწლო სამზადისი, სააპელაციო ინსტანციაში გამოსვლის უფლების მქონე სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატი ვერ მოიძია და ითხოვდა საქმის განხილვის გადადებას. იმავე დღეს, საქმის განხილვა სისხლის სამართლის პალატაში გადაიდო მ. ბ---ის გამოუცხადებლობის გამო. კერძო საჩივრის ავტორი ახდენს სსკ-ის 215-ე მუხლის ციტირებას და აღნიშნავს, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს სასამართლოს წერილობით წარედგინა განცხადება სხდომის გადადების შესახებ, რაც სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა, რადგან დავა იყო რთული კატეგორიის საქმე და სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის წარმოადგენდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს. შესაბამისად, აპელანტი ვერ შეძლებდა თავისი ინტერესების დაცვას და სასამართლოს არ უნდა დაერღვია შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი, დაუცველად დარჩენილი აპელანტის უფლებების დასაცავად უნდა გამოეყენებინა ყველა ის ბერკეტი, რაც ხელს შეუწყობდა სამართლიანი სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელებას.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სსკ-ის 218-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს ნაცვლად იმისა, რომ მოეშორებინა საქმის განხილვა ყველა ღონე უნდა ეხმარა საქმის მორიგების დამთავრებისათვის.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განჩინების გაუქმების დამატებითი საფუძველია ის, რომ სასამართლოს არ უმსჯელია შემდეგზე: სსკ-ის 278-ე მუხლის თანახმად, იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემდეგ, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე. აქვე, მხარე განმარტავს, რომ იმ დღეს სააპელაციო სასამართლომ ყველა სხდომა გადადო, მხოლოდ მოცემული საქმის განხილვა დაასრულა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: „ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას“.

სსსკ-ის 387-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ აპელანტი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე და მოწინააღმდეგე მხარე არ შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე, გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შესახებ.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს მხარის სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პროცესუალურ შედეგს და მისი გამოყენების მართლზომიერება პირდაპირ უკავშირდება საკითხს იყო თუ არა მხარე ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით.

სსსკ-ის 70 მუხლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის შესახებ და უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს ან სსსკ-ის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმის მასალებით, დადგენილია და აღნიშნული არც კერძო საჩივრითაა სადავოდ ქცეული, რომ 2015 წლის 23 დეკემბერს 16:00სთ.-ზე სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა 2015 წლის 22 ოქტომბერს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საპროცესო სამართლებრივი თვალსაზრით მნიშვნელოვანია საკითხი მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ, რასაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონდა. ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ აპელანტს იმ ეტაპზე არ ყავდა წარმომადგენელი და საქმის სირთულის გათვალისწინებით მას არ შეეძლო უშუალოდ წარმოედგინა თავისი ინტერესები სასამართლოში, რაც თავის მხრივ, დასაბუთებულს ხდიდა სხდომის გადადების შესახებ წერილობითი ფორმით, სხდომამდე წარმოდგენილ შუამდგომლობას, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ აპელანტის/მოპასუხის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდა ადვოკატი მ. ბ--ე. საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულება გაცემული იყო ერთი წლის ვადით და მოქმედებდა 2015 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. სააპელაციო საჩივარი კი, წარმოდგენილი იყო 2015 წლის 03 სექტემბერს, რომელსაც ხელს აწერდა პირადად აპელანტი ანუ, აპელანტისათვის ჯერ კიდევ, სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის იყო ცნობილი მინდობილობის მოქმედების ვადის ამოწურვის თაობაზე. ასევე, დადგენილ იქნა, რომ აპელანტს უწყება ჩაბარდა 2015 წლის 22 ოქტომბერს - საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვამდე ორი თვით ადრე. ამდენად, აპელანტს ჰქნოდა გონივრული ვადა მოეხდინა თავისი საპროცესო უფლებების რეალიზაცია - აეყვანა ახალი წარმომადგენელი ან გაეცა ახალი რწმუნებულება - მ. ბ---ის სახელზე.

მითუმეტეს, როგორც წარმოდგენილი კერძო საჩივრის შინაარსით დასტურდება კერძო საჩივრის ავტორმა ჯერ კიდევ, 2015 წლის 27 ოქტომბერს ანუ, სასამართლო სხდომის დღის შესახებ უწყების ჩაბარებიდან ხუთ დღეში, გასცა სანოტარო წესით დამოწმებული ახალი მინდობილობა მ. ბ--ეზე. ხოლო არგუმენტი იმასთან დაკავშირებით თითქოს 2015 წლის 22 ოქტომბრიდან 22 დეკემბრამდე კერძო საჩივრის ავტორმა საახალწლო სამზადისისა, ჰონორარის წინასწარ ანაზღაურების აუცილებლობისა თუ სხვა მიზეზთა გამო ვერ მოახერეხა მ. ბ-ესთან დაკავშირება, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, იქიდან გამომდინარე, რომ მხარის უფლება მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში პირადად ან საქმე აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით, დისპოზიციური ხასიათისაა, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია წარმომადგენლის დახმარებისათვის გასაწევ ხარჯებთან, გარდა ამისა, აპელანტს შეეძლო თავადაც გამოცხადებული სასამართლოში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის ზემოაღნიშნული არგუმენტი იმის თაობაზე, რომ არსებობდა საქმის განხილვის გადადების საფუძველი და რომ დაირღვა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი და მას არ მიეცა პროცესუალური შესაძლებლობა ესარგებლა წარმომადგენლის აუცილებელი დახმარებით, სამართლებრივად მნიშვნელოვანი ვერ იქნება იმის დასასაბუთებლად, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დარღვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-5, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 216-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

12. უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმასთან დაკავშირებითაც, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე და სასამართლო პრაქტიკის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 229-ე მუხლების გამოყენების წინაპირობად სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება გათვალისწინებული არ არის და სარჩელისა თუ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ეტაპზე, ამ საკითხის პერსპექტივაში განხილვის აუცილებლობა არც კანონითაა ნაკარნახევი.

ხოლო რაც შეეხება კერძო საჩივრის იმ არგუმენტს, რომ 2015 წლის 23 დეკემბერს საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ მოცემული საქმის გარდა ყველა სხდომა გადადო, მოცემულ საქმეზე დამდგარ საპროცესო-სამართლებრივ შედეგზე გავლენა ვერ ექნება.

13. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი- ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე