№ას-897-847-2015 29 იანვარი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ. ს-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. მ-მა (შემდეგში მოსარჩელემ) ლ. ს-ის (შემდეგში მოპასუხის) წინააღმდეგ და მოითხოვა მხარეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს შორის დადგენილი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში ხელშეშლის აკრძალვა.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში აღრიცხულ უძრავ ქონებასა (მიწის საკადასტრო კოდი ... ... ...) და მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხულ უძრავ ქონებას (მიწის საკადასტრო კოდი ... ... ...) შორის დადგენილი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში ხელშეშლა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით:
- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
– მოსარჩელე და მოპასუხე მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები და მეზობლები არიან. მათ ნაკვეთებს შორის არ არის აღმართული სასაზღვრო მიჯნა;
– მოსარჩელეს გურჯაანის რაიონის სოფელ კ-ში საკუთრების უფლებით ერიცხება უძრავი ქონება – საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: ... ... ..., დაზუსტებული ფართობი – 2593.00კვ.მ;
– მოპასუხეს გურჯაანის რაიონის სოფელ კ-ში საკუთრების უფლებით ერიცხება უძრავი ქონება – საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: ... ... ... (წინა ნომერი ... ... ...), დაზუსტებული ფართობი – 2036.00კვ.მ;
– ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 22 აპრილის საინჟინრო ექსპერტიზის №..... დასკვნის მიხედვით, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მოსარჩელის სახელზე, ... ... ... საკადასტრო კოდით, რეგისტრირებული 2593.00კვ.მ და მოპასუხის სახელზე, ... ... ... საკადასტრო კოდით, რეგისტრირებული 2036.00კვ.მ მიწის ნაკვეთების გამყოფი ფაქტიური საზღვრის ნაწილი (დანართში ლურჯი ფერით) მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში (... ... ...). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს ფაქტობრივად დაკავებული აქვს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, გადაფარვის ფართობი შეადგენს 16.70 კვ.მ-ს.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს ღობის აღმართვა სურს მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე და ამ გზით - მოპასუხის მიწის ნაკვეთის მიტაცება, ასევე, არ დადგინდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ფაქტობრივად ფლობს იმ ფართობის მიწის ნაკვეთს, რაც საჯარო რეესტრში აქვს რეგისტრირებული, რადგან მან ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მოპასუხეს ფაქტობრივად დაკავებული აქვს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ, გადაფარვის ფართობი შეადგენს 16.70 კვ.მ-ს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო აღემართა მიჯნა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, ხელი შეეშალა მისთვის. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 170.2-ე და 181-ე მუხლები.
7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა საქმეზე წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას და, რომ, სასამართლო არ შეეცადა ჩაეტარებინა ალტერნატიული ექსპერტიზა საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორესთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა შეაფასა საქმეზე წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებთან და მხარეთა ახსნა-განმარტებებთან ერთად, იგი სრულად და ობიექტურად გამოიკვლია და მიიჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ აქტებთან შედარებით უპირატესობა უნდა მინიჭებოდა ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან იგი სპეციალური საექსპერტო დაწესებულების მიერ იყო შედგენილი. ამასთან, ექსპერტები გააფრთხილეს ცრუ დასკვნის შედგენის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობის თაობაზე.
8. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც იმავე მხარეებს შორის დამტკიცდა მორიგება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 219-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩინება მოპასუხეს არ წარუდგენია პირველი ინსტანციის სასამართლოში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა და შეეფასებინა ის მტკიცებულება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი და გამოკვლეული.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეცდომად მიეჩნია საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისწორე და დაედგინა, სადავო მიწის ნაკვეთის მოპასუხის მიწის ნაკვეთით გადაფარვის ფაქტი;
- გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად დადგინდა, რომ მოპასუხე 16.70 კვ.მ-ით იჭრება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში. ეს გარემოება სასამართლომ დაადგინა ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, რომელიც დაუშვებელი მტკიცებულებაა, ვინაიდან ექსპერტი შეცდომაში შეიყვანა მოსარჩელემ და მას არასწორი საზღვრები მიუთითა. გარდა ამისა, ექსპერტს არ შეუმოწმებია მოდავე მხარეთა მიწის ნაკვეთების საზღვრები ახალი აზომვითი ნახაზების მიხედვით. ამასთან, ექსპერტს დასავლეთ მხარეს მდებარე მომიჯნავე ნაკვეთიც უნდა შეემოწმებინა. გარდა ამისა, სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნა სხვა მტკიცებულებებთნ ერთობლიობაში არ შეუმოწმებია;
- სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ და დაზუსტებულ ფართებზე, რომლებიც კარგად იკითხება საჯარო რეესტრის ამონაწერში;
- სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს;
- სასამართლოს არ უმსჯელია კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ დავა მიმდინარეობდა იმავე 16.40 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რაზეც მხარეთა შორის შედგა მორიგება, შესაბამისად, სასამართლოს მოსარჩელის სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიეღო.
- განსახილველ საკასაციო საჩივარს კასატორმა თან დაურთო მტკიცებულებები: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; საკადასტრო გეგმა; მიმართვა; განცხადება; მიმართვა; გარიგება; მორიგების აქტი; აქტი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის განჩინება; გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 თებერვლის განჩინება; განცხადება (ტომი 2, ს.ფ. 94-110).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
14. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები და მეზობლები არიან. ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, სააპელაციომ სასამართლომ დაადგინა, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ კ-ში მოსარჩელის სახელზე, ... ... ... საკადასტრო კოდით, რეგისტრირებული 2593.00კვ.მ და მოპასუხის სახელზე, ... ... ... საკადასტრო კოდით, რეგისტრირებული 2036.00კვ.მ მიწის ნაკვეთების გამყოფი ფაქტიური საზღვრის ნაწილი (დანართში ლურჯი ფერით) მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში (... ... ...), შესაბამისად, მოპასუხეს ფაქტობრივად დაკავებული აქვს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, გადაფარვის ფართობი შეადგენს 16.70 კვ.მ-ს.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეცდომად მიეჩნია საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისწორე და დაედგინა, მოპასუხის მიწის ნაკვეთით მოსარჩელის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ფაქტი.
17. საკასაციო სასამართლო კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს საჯარო რეესტრის ჩანაწრების შეცდომაზე არ მიუთითებია. რაც შეეხება მოპასუხის მიწის ნაკვეთით მოსარჩელის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ფაქტს, ეს ფაქტი სასამარტლომ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდობით დაადგინა.
18. საკასაციო სასამართლო, ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას ექსპერტიზის დასკვნის დაუშველ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ექსპერტი შეცდომაში შეიყვანა მოსარჩელემ და მას არასწორი საზღვრები მიუთითა. ეს გარემოება, გარდა თავად კასატორის განმარტებისა, არაფრით არ დასტურდება. რაც შეეხება პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ექსპერტს არ შეუმოწმებია მოდავე მხარეთა მიწის ნაკვეთების საზღვრები ახალი აზომვითი ნახაზების მიხედვით, გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ მხარეებს თავიანთი მიწის ნაკვეთები, დაზუსტებული სახით, დარეგისტრირებული აქვთ ახალი სისტემით, ელექტრონულად. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტმა შედარება აწარმოა სწორედ სადავო მიწის ნაკვეთებზე საჯარო რეესტრში დაცული ელექტრონული ვერსიების მიხედვით. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორის ის პრეტენზიაც, რომ თითქოს სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ და დაზუსტებულ ფართებზე. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნა სხვა მტკიცებულებებთნ ერთობლიობაში არ შეუმოწმებია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, როგორც მოსარჩელის, ასევე, მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე და დაასაბუთა, თუ რატომ გადაწყვიტა დავა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე (იხ. გასაჩივრებული განჩინების 4.1 პუნქტი).
19. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში ხელშეშლის აღკვეთას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით ირკვევა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელისათვის სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში ხელშეშლა. ამდენად, უდავოა, რომ სასამართლომ მოსარჩელეს დაუკმაყოფილა სარჩელში მითითებული მოთხოვნა და, შესაბამისად, სსსკ-ის 248-ე მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
20. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, ხომ არ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული ვალდებულება გააჩნდა სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების საფუძველზე. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი გურჯაანიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 თებერვლის განჩინებით არ დასტურდება მოცემულ საქმეზე წარმოების შეყვეტის სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველის არსებობა, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, საქმის წარმოება წყდება, თუ განიხილება იგივე სარჩელი. სარჩელი იგივეა, თუ იგივეა სასარჩელო მოთხოვნა, სარჩელის საფუძველი და მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი განჩინებით არ ირკვევა, იგივეა თუ არა სარჩელის საფუძველი (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები განჩინებაში საერთოდ არაა მითითებული), ასევე, არ ირკვევა, მორიგება იმავე მიწის ნაკვეთზე დამტკიცდა თუ არა, რაზეც მხარეები ამჟამად დავობენ (არც განჩინებაში და არც მორიგების აქტში არ არის მითითებული მიწის ნაკვეთის კოდები).
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300.00 ლარის 70% - 210.00 ლარი.
25. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სსსკ-ის 407.1-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
26. სსსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წაროდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; საკადასტრო გეგმა; მიმართვა; განცხადება; მიმართვა; გარიგება; აქტი; განცხადება (ტომი 2, ს.ფ. 94-110).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
28. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე მუხლით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ლ. ს-ს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ნ. ფ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 25.09.2015) 70% – 210.00 ლარი;
3. კასატორ ლ. ს-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მასალები, განთავსებული ტომი 2. ს.ფ. 94-110-ზე;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი