Facebook Twitter
საქმე №ას-1028-970-2015 03 თებერვალი, 2016 წელი ქ. თბილისი


სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე



საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


საკასაციო საჩივრის ავტორი – მ- ა-ე (მოსარჩელე)


მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)


გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზულუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების გაუქმება და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება


დავის საგანი – პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა

აღწერილობითი ნაწილი:


I. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები

1. მ- ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
1.1. ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 02 დეკემბრის N306 ბრძანების ბათილად ცნობა,
1.2. ა(ა)იპ „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის“ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა და
1.3. იძულებით მოცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება, ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით 2014 წლის 02 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 22 აპრილის №114 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობაზე. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 18.08.2014წ.-ის №84 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 01.12.2014წ.-ის №301 ბრძანებით მოსარჩელე აღადგინეს ააიპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის“ დირექტორის თანამდებობაზე. ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 02.12.2014წ.-ის N306 ბრძანების შესაბამისად იგი კვლავ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

3. მოსარჩელემ სადავო ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები იურიდიულად დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნია.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხივლისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ასევე მიუთითა, რომ ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის შიდა აუდიტორული შემოწმების საფუძველს წარმოადგენდა ქ. ოზურგეთის მერის 2014 წლის 15 სექტემბრის №166 ბრძანება. შიდა აუდიტის აქტი თარიღდება 2014 წლის 27 სექტემბრით. აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელე გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან და დავა მიმდინარეობდა სასამართლოში. საქართველოს კანონის სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის 23-ე მუხლის შესაბამისად შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება ანგარიშში დასმულ საკითხებზე. მოცემულ შემთხვევაში, შიდა აუდიტის ობიექტისათვის - მოსარჩელისათვის აუდიტის ანგარიში არ ჩაუბარებიათ და შესაბამისად, მოსარჩელისათვის არ მიუციათ საშუალება მიეცა ახსნა-განმარტება აუდიტის აქტში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.

II. მოპასუხის პოზიცია

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2014 წლის 27 სექტემბრის ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის აუდიტორული შემოწმების აქტში მითითებული მოსაზრებები.

მოპასუხის განმარტებით, ორგანიზაციას არ ჰქონდა დამტკიცებული 2014 წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი, რის გამოც, ვერ დადგინდა ორგანიზაციის დაფინანსების ფარგლებში გაწეული ხარჯების რეალურობა და მიზნობრიობა.

მოპასუხემ მიუთითა, რომ ორგანიზაციის ხარჯვით ნაწილში შესრულებული იყო ფინანსური ოპერაციები, რომელმაც გამოიწვია ხელფასის ფონდში და ზოგიერთ სხვა ხარჯვით ნაწილში შეუსაბამობა და გადახარჯვა, რითაც დაირღვა ორგანიზაციის წესდების მე-4 მუხლის 4.4 და 4.5 პუნქტები.

აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, 2014 წლის 01 იანვრიდან 01 სექტემბრის ჩათვლით ყველა გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, ფინანსური ანგარიშგება შეფასდა მაღალი რისკის შემცველად.

ზემოთმითითებული და სხვა შიდა აუდიტის აქტით შეფასებული დარღვევების საფუძველზე დირექტორი მოსარჩელე გათავისუფლდა ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობიდან.

III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება

5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 2 დეკემბრის №306 ბრძანება მ-- ა--–--ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილი იქნა ააიპ ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობაზე. დაევალა, ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელეს აუნაზღაუროს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან იძულებით განაცდური ხელფასი, თვეში 700 ლარის ოდენობით (დაუქვითავი), გადაწყვეტილების აღსრულებამდე.


IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

6. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება მ- ა-ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი, ააიპ ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 22 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის N114 ბრძანების შესაბამისად, მ- ა-ე დაინიშნა ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობაზე.

9. 2014 წლის 18 აგვისტოს ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის N84 ბრძანებების შესაბამისად, მ- ა--–--ე გათავისუფლდა ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობიდან.

10. 2014 წლის 01 დეკემბრის ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის N301 ბრძანებების შესაბამისად, მ- ა-ე აღდგენილი იქნა ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან იძულებით განაცდური ხელფასი.

11. 2014 წლის 02 დეკემბერს ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის N306 ბრძანების შესაბამისად, მ- ა-ე გათავისუფლდა ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობიდან. გასაჩივრებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2014 წლის 27 სექტემბრის შემოწმების აქტში მითითებული მოსაზრებები.

12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისათვის, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით, 30-ე მუხლით, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებით, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” პუნქტით, 38-ე და 32-ე მუხლებით და მივიდა დასკვნამდე, რომ მ- ა-ის გათავისუფლება დანიშვნიდან მეორე დღეს, ყოველგვარი შეტყობინებისა და გაფრთხილების გარეშე, დაუშვებელი იყო.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შიდა აუდიტის ანგარიშში ასახული მოსაზრებები არ ქმნიდა მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების უპირობოდ შეწყვეტის საფუძვლებს. ეს ანგარიში შედგა 2014 წლის 27 სექტემბერს, ე.ი. მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნამდე და მან მოიცვა 2014 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის პირველი სექტემბრამდე განვლილი პერიოდი.

13. სააპელაციო პალატამ მიუთითა, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. პალატის მოსაზრებით, ამ ნორმის საფუძველზე, მხარეებს შორის ხელშეკრულება 2014 წლის პირველ დეკემბერს დაიდო და 2014 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის პირველ სექტემბრამდე ამ ხელშეკრულების პირობებს მოსარჩელე ვერ დაარღვევდა.

ასეც რომ არ იყოს, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, დარღვევად არის მიჩნეული 2014 წლის „ძირითადი ფინანსური დოკუმენტის” დაუმტკიცებლობა ე.წ. სახელფასო ფონდის გადახარჯვა, 1050 ლარით.

ამათგან, 600 ლარი გაიცა სახელფასო ფონდის, ყოველთვიურად, 100 ლარით გაზრდის ხარჯზე, ხოლო 450 ლარი, კი - ავანსად.

ამავე დასკვნის მიხედვით, ორგანიზაციამ არასწორად გამოიყენა საგადასახადო შეღავათი და ამის ხარჯზე, მოსარჩელემ ზედმეტად გასცა ხელფასი, 240 ლარი. დასკვნაში, ასევე, მითითებულია, ორგანიზაციის მიერ საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების თაობაზეც.

14. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ამ ნორმის მიხედვით, კუთვნილი საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდა ორგანიზაციის ვალდებულებაა და ამ ვალდებულების არსებობის გამო ორგანიზაციის დირექტორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია.

15. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 33-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი.

პალატის მოსაზრებით, ამ ნორმის საფუძველზე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონი უფლებამოსილია მუშაკებს დაუქვითოს ზედმეტად, მათ შორის, წინასწარ, ავანსად გაცემული თანხები. ამიტომ, მუშაკებისათვის ხელფასის ავანსად ან ზედმეტად გაცემით ორგანიზაციას ზიანი არ მისდგომია. მითუმეტეს, რომ ორგანიზაციის წესდების 4.2. მუხლის „ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სტადიონის თანამშრომლების შრომითი მოწყობა ხორციელდებოდა დირექტორის მიერ. ეს კი ნიშნავს, რომ დირექტორი უფლებამოსილი იყო მუშაკებისათვის ხელფასი ავანსადაც მიეცა.

16. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დასკვნაში მითითებული არ არის, თუ რა იგულისხმება 2014 წლის ძირითად ფინანსურ დოკუმენტში. წესდების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, სტადიონს უნდა ეწარმოებინა, მხოლოდ, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეედგინა ბალანსი და წარედგინა მერიის შესაბამისი სამსახურისათვის. ის გარემოება, რომ მ- ა-ეს ზემოხსენებულ მუხლში მითითებული ვალდებულებები არ შეუსრულებია, აუდიტის დასკვნაში მითითებული არ არის. ამგვარად, დასკვნაში მითითებული ძირითადი დარღვევა არის ის, რომ მ- ა--–--ემ მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმების გარეშე გაზარდა სახელფასო ფონდი 1050 ლარით. აღსანიშნავია, რომ თავად ამ თანხის გაცემის მიზნობრიობა სადავო არ არის.

17. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წესდების 4.2. მუხლის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სტადიონის დირექტორს სახელფასო ფონდი უნდა განესაზღვრა, მხოლოდ, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. დადგენილია, რომ ეს ვალდებულება მ--- ა--–--ემ დაარღვია. მიუხედავად ამისა, პალატამ მიიჩნია, რომ ამგვარი დარღვევისათვის დირექტორის სამუშაოდან გათავისუფლება არაადეკვატურად უნდა შეფასებულიყო, ვინაიდან ეს დარღვევა არ შეიძლებოდა მისი გათავისუფლების უპირობო საფუძველი გამხდარიყო. თუმცა, როგორც არ უნდა ყოფილიყო 2014 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ჩადენილი ქმედებები 2014 წლის დეკემბერში დადებული ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება ბათილი იყო.

18. იმავდროულად, პალატამ აღნიშნა, რომ მ- ა-ე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის არა მხოლოდ დაქირავებული პირი, არამედ - დირექტორი იყო.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დამფუძნებელსა და დირექტორს შორის არსებული ურთიერთობები სპეციფიკურია. ხელმძღვანელობითი საქმიანობა, არსებითად, წარმომადგენლობის ერთგვარი ფორმაა. ეს ნიშნავს, რომ ა(ა)იპ-ის დირექტორი დამფუძნებლის წარმომადგენელია და მის მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და, მათ შორის, საზოგადოების ხელმძღვანელობა დაფუძნებულია ხელმძღვანელსა და დამფუძნებელთა, პარტნიორთა შორის განსაკუთრებულ ნდობაზე. ამის გამოცაა, რომ ხელმძღვანელისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი უდავო საფუძველია მისთვის უნდობლობის გამოცხადება.

სააპელაციო პალატის მითითებით, არ შეიძლება საზოგადოების დირექტორი იყოს ის პირი, რომელსაც ერთადერთმა დამფუძნებელმა შეუწყვიტა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება და რომლის მენეჯერული თვისებები დამფუძნებელს არადამაკმაყოფილებლად მიაჩნია. ამის გამო, პალატამ მიიჩნია, რომ მ-ა-ის მოთხოვნა დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, რაიონულმა სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა. თუმცა, პალატის მოსაზრებით, აპელანტის მოქმედებით მოწინააღმდეგე მხარეს მიადგა ზიანი, რომელიც უნდა აუნაზღაუროს აპელანტმა.

პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან სასამართლომ გასაჩივრებული ბრძანება ბათილად ცნო, მიღებული გადაწყვეტილება მ- ა-ისათვის განაცდურის ანაზღაურების თაობაზე კანონიერია.

VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები

19. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მ- ა--–--ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის გაუქმების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

20. საკასაციო პრეტენზია იმ გარემოებას ეფუძნება, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნები და გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ისეთ გარემოებაზე (დირექტორსა და დამფუძნებელს შორის არსებულ ურთიერთობის სპეციფიურობაზე), რაც აპელანტს არ მიუთითებია არც ერთი ინსტანციით საქმის განხილვისას. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს არც ერთ სამართლებრივ ნორმას, რომელსაც დაეყრდნო გადაწყვეტილების ამ ნაწილში დასაბუთების დროს. რის გამოც, სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება გასაჩივრებულ ნაწილში იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

21. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო სადაოდ არ მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებობდა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობა. შესაბამისად, გაუგებარია რა საფუძვლით გასცდა სააპელაციო სასამართლო შრომით კანონმდებლობას, მით უმეტეს, რომ აღნიშნულის დასასაბუთებლად სამართლის არც ერთი კონკრეტული ნორმა არ მიუთითებია.

22. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო წინააღმდეგობაში მოდის თავისივე მსჯელობასთან. ერთი მხრივ, სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი, 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი, მეორე და მეექვსე პუნქტების, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” პუნქტის, 38-ე და 32 მუხლების საფუძველზე, მოსარჩელის გათავისფულება დანიშვნიდან მეორე დღეს, ყოველგვარი შეტყობინებისა და გაფრთხილების გარეშე, დაუშვებელი იყო. მეორე მხრივ, უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ ნდობის საკითხი შეიძლება გახდეს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი და ამ საკითხს აკავშირებს თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობასთან, რაც სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

23. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი. კერძოდ, კასატორმა მიუთითა, რომ დაუსაბუთებელი და გაურკვეველია, თუ რა მოტივით არ გამოიყენა სასამართლომ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, მაშინ როდესაც აღნიშნული ნორმა გამოიყენა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების დასაბუთების მიზნით. თუმცა, ამ მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია (რომლის ოდენობაც სასამართლოს მიერ უნდა იყოს განსაზღვრული) განსხვავდება როგორც შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული კომპენსაციის, ასევე შრომის კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებული იძულებითი განაცდურისაგან.

სამოტივაციო ნაწილი:

VII. საკასაციო პალატის დასკვნები:

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2015 წლის 09 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

25. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

26. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნება დაკავებული თანამდებობიდან მ- ა-ის გათავისუფლების შესახებ ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც, გასაჩივრებული ბრძანება ბათილად მიიჩნია და დასაქმებულს მიაკუთვნა კომპენსაცია. თუმცა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი უთხრა, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ გარემოებით იყო ნაკარნახევი, რომ არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის დირექტორი, როგორც დამფუძნებლის წარმომადგენელი მის მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებებს ახორციელებდა, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და, მათ შორის, საზოგადოების ხელმძღვანელობა ეფუძნებოდა ხელმძღვანელსა და დამფუძნებელთა (პარტნიორთა და მისთ.) შორის განსაკუთრებულ ნდობას. ხელმძღვანელისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ უდავო საფუძველს კი, მისთვის უნდობლობის გამოცხადება წარმოადგენდა.

27. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მ- ა-ემ სადავოდ გახადა ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობაზე მ-ა-ის აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება, იმ საფუძვლით, რომ საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ იმსჯელა არაკომერციული (არაიურიდიული) პირის დამფუძნებელსა და მისივე დირექტორს შორის არსებული ურთიერთობის თავისებურებაზე, მათ შორის, ნდობაზე დამყარებული იმგვარი ურთიერთობის არარასებობაზე რაც, თავად დამფუძნებელსაც სადავოდ არ გაუხდია და საქმის განხილვის არც-ერთ ეტაპზე მასზე არ მიუთითებია. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში, იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველია.

28. საკასაციო საჩივრის საფუძვლების ანალიზის შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ ნაწილში, კასატორმა დასაბუთებული სამართლებრივი შედავება (პრეტენზია) წარმოადგინა, კერძოდ, მიუთითა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიულ დაუსაბუთებლობაზე (საქართველოს სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტი).

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- 2013 წლის 22 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის N114 ბრძანებით მ- ა-ე დაინიშნა ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის“ დირექტორის თანამდებობაზე.


- 18.08.2014წ.-ის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის N84 ბრძანებების შესაბამისად, მ- ა-ე გათავისუფლდა ა(ა)იპ „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის“ დირექტორის თანამდებობიდან.

- ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 30.10.2014წ.-ის გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 01.12.2014წ.-ის №301 ბრძანებით მოსარჩელე აღადგინეს ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის“ დირექტორის თანამდებობაზე.

- ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 02.12.2014წ.-ის N306 ბრძანების შესაბამისად იგი კვლავ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

30. დადგენილია, რომ მ- ა--–--ის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად სადავო ბრძანებაში მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის“ წესდების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტი და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2014 წლის 27 სექტემბრის ა(ა)იპ „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის“ შიდა აუდიტორული შემოწმების აქტი.

31. დადგენილია ის გარემოებაც, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 15.09.2014წ.-ის N166 ბრძანების საფუძველზე შემოწმდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის (ს/კ: 237113039) საფინანსო სამეურნეო საქმიანობის 2014 წლის 01 იანვრიდან იმავე წლის 01 სექტემბრის პერიოდი. შიდა უდიტის შემოწმების ანგარიშის მიხედვით ორგანიზაციის საქმიანობისათვის მაღალი რისკის შემცველად იქნა მიჩნეული გარკვეული საკითხები, რის გამოსასწორებლადაც ორგანიზაციას მიეცა წინადადებები.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობაში აღმოჩენილი და შიდა აუდიტის შემოწმების ანგარიშში მითითებული ორგანიზაციული საქმიანობისთვის რისკის შემცველი საკითხები მ-ა--–--ეს ბრალად ვერ შეერაცხებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმება შეეხო 2014 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 01 სქტემბრამდე პერიოდს. საქმის მასალებით კი, დადგენილია, რომ 18.08.2014წ.-ის ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის N84 ბრძანებით მ- ა-ე გათავისუფლდა ა(ა)იპ „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის“ დირექტორის თანამდებობიდან. მოგვიანებით კი, მითითებულ თანამდებობაზე მისი აღდგენა განხორციელდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 30.10.2014წ.-ის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 01.12.2014წ.-ის №301 ბრძანებით. შესაბამისად, მხარეთა შორის ახალი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 01.12.2014წ.-დან და ორგანიზაციაში ამ დრომდე წარმოშობილი ფინანსური და სხვა სახის დარღვევები, საფუძვლად ვერ დაედება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევა) სამართლებრივი საფუძვლით დაკავებული თანამდებობიდან მ- ა--ის გათავისუფლებას.

32. აქვე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის წესდების მიხედვით (იხ., ს.ფ. 76, 77) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონი წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დამფუძნებელი.

მართალია დამსაქმებელს/დამფუძნებელს სრული უფლება ჰქონდა შეემოწმებინა მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის (დირექტორის) საქმიანობა. ასევე, მას ჰქონდა უფლება თანამდებობაზე დაენიშნა და გაეთავისუფლებინა ორგანიზაციის დირექტორი, თუმცა, მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ნორმატიული აქტების საფუძველზე, მიუხედავად კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია არ იყო შეუზღუდავი და არ სარგებლობდა აბსოლუტური ავტონომიით, რაც საკმარისი საფუძველი იქნებოდა დირექტორის გათავისუფლების ცალმხრივი ნების გამოსავლენად. დირექტორის გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მართლზომიერი და ნაკარნახევი ობიექტური აუცილებლობით. რამდენადაც, მოცემულ საქმეზე არ დადასტურდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტით დადგენილი საფუძვლების არსებობა, სადავო ბრძანება, როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნება, ბათილ გარიგებად იქნა ცნობილი.

33. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობის იურიდიული შედეგის სამართლებრივი რეგულირება მოცემულია საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილში, რომლის დანაწესით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს იგი ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

34. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელს დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ფაქტობრივ შეუძლებლობაზე არც მიუთითებია და აღნიშნული სარწმუნოდ არ დაუდასტურებია, კერძოდ, არ დასტურდება, რომ კონკრეტული სამუშაო ადგილი (ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობა) გაუქმდა რეორგანიზაციის ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის გამო.

პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენის დამაბრკოლებელ გარემოებად კი, სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, იმის შესახებ, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ უდავო საფუძველს უნდობლობის გამოცხადება წარმოადგენს, საკასაციო პალატა იურიდიულად დასაბუთებულ მსჯელობად და ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის სამართლებრივ საფუძვლად ვერ მიიჩნევს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის სამართლებრივ საკითხებს არეგულირებს სამოქლაქო კოდექსის 35-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისათვის განსაზღვრული წესები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მითითებული ნორმა მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის მატერიალურ საფუძვლად ინტერესთა კონფლიქტს, საზოგადოების საქმიანობის კეთილსინდისიერად გაძღოლის ვალდებულების დარღვევას მიჩნევს, რაც მოცემულ კონკრეტულ საქმეზე, მოპასუხეს არ მიუთითებია და ამდენად, მითითებული ნორმა დირექტორის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მატერილურ-სამართლებრივ საფუძვლად ვერ გამოდგება.

35. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლის დამატებითი კვლევისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით უნდა ვიხელმძღვანელოთ აგრეთვე საზოგადოების წესდებით ანდა დირექტორთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის წესდება დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, რაიმე მატრიალურ საფუძველს არ შეიცავს, ხოლო დირექტორთან შრომითი ურთიერთობა მოწერიგებული იყო მხოლოდ ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 01.12.2014წ.-ის №301 ბრძანებით, ამიტომ ა(ა)იპ-ის დირექტორთან შრომითი ურთიერთობების სახელდობრ კი, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის თანამდებობაზე გამწესება-გამოწვევისა და მასთან შრომითი ურთიერთობის რეგულირების მოსაწესრიგებლად უნდა ვიხელმძღვანელოთ სპეციალური კანონით - შრომის კოდექსით.

36. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენენ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში სამართლის ნორმათა გამოყენების პრინციპს, კერძოდ, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს იგი ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რადგან გადაწყვეტილებაში მითითებულ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის მიზეზი ზემოაღნიშნული ნორმის არც ერთ დანაწესს არ შეესაბამება და ამდენად, სახეზეა ამ გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტით განსაზღვრული წინაპირობა.

37. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს დავა, კასატორის არამართლზომიერად გათავისუფლების ფაქტის დადგენის გამო კი, მისი მოთხოვნა დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანად უნდა იქნეს მიჩნეული და დაკმაყოფილდეს.

VIII. სასამართლო ხარჯი

38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა სარჩელი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის - 300 ლარის ანაზღაურება.

39. მოსარჩელეს ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის სახით სულ, 550 ლარი. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსარჩელე გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 550 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :


1. მ- ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ- ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 02 დეკემბრის №306 ბრძანება მ- ა-ის ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მ- ა-ე აღდგენილ იქნეს ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობაზე.
5. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მ-- ა-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ყოველთვიური ხელფასის -700 ლარის ოდენობით (დაუქვითავი)), სამუშაოდან განთავისუფლების დღიდან (2014 წლის 02 დეკემბრიდან) სამუშაოზე აღდგენამდე;
6. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მ- ა-ის სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 550 ლარი;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი


მოსამართლეები: ნ. ბაქაქური


ბ. ალავიძე