¹ბს-938-524(კ-05) 6 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ჯ. გახოკიძე
დავის საგანი: მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ო-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა და მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი არის .... წელს დაბადებული, დიდი სამამულო ომის მონაწილე, მეორე ჯგუფის ომის ინვალიდი და იღებს ომის ინვალიდობის პენსიას _ 45 ლარს. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე ითხოვდა ომის ინვალიდობის პენსიასთან (45 ლარი) ერთად მოხუცებულობის გამო პენსიის (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლებას. ამასთან, მოხუცებულობის პენსიაზე დანამატს, მოხუცებულობისათვის დაწესებული მინიმალური პენსიის ორმაგი ოდენობით, ასევე ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, 12 თვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხეს ნ. ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა საპენსიო დანამატის (42 ლარის ოდენობით) დანიშვნა 2005წ. 9 თებერვლიდან და გასული 12 თვის მიუღებელი პენსიის, 504 ლარის, ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ომიაძე არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი, 87წ. და დანიშნული აქვს პენსია 45 ლარის ოდენობით, რომელზედაც ვრცელდება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ კანონში მითითებული ცვლილებები ეხება იმ პირთა წრეს, ვინც ამავე კანონში 2003წ. 23 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მოიპოვა მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მიღების უფლება, რომელიც ამოქმედდება 2005წ. 1 იანვრიდან. პირთა დანარჩენი წრის მოქმედება კი გადავადებული არ არის, ვინაიდან მითითებული კანონის თავდაპირველი რედაქცია მოქმედებდა კანონის ძალაში შესვლის დღიდან, შესაბამისად მოქმედებდა კანონის 50-ე და მე-60 მუხლები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-17 მუხლს, 21-ე მუხლის მეორე პუნქტს, 22-ე მუხლის მეორე პუნქტს, 25-ე მუხლის პირველ პუნქტს, 34-ე და 36-ე მუხლებს, 48-ე მუხლის მეოთხე პუნქტს, 50-ე და მე-60 მუხლებს საქართველოს პარლამენტის 2004წ. 29 დეკემბრის ¹853 გადაწყვეტილებით შეუჩერდათ მოქმედება 2006წ. 1 იანვრამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ო-ე არის 87წ., 1941-45 წლების სამამულო ომის მონაწილე, ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი და იღებს პენსიას _ 45 ლარს.
“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის პირველი მუხლის “ი’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;
ბ) უნდა შეუსრულდეს 75 წელი;
გ) უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს I და II ჯგუფის ინვალიდი.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ო-ე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას განეკუთვნება, ვინაიდან იგი არის 1941-45 წლების სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული, მეორე ჯგუფის ომის ინვალიდი.
“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონის 50-ე მუხლის თანახმად კი, ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა პენსიების ოდენობაში ცვლილებების შეტანისას, გადაანგარიშება წარმოებს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მისაღებად, მაშინ მას სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის მიეცემა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის თვეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნ. ომიაძე წარმოადგენს კანონის პირველი მუხლის “ი’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომელსაც მე-60 მუხლით გათვალისწინებული მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის უფლება წარმოეშვა კანონის ამოქმედების დღიდან, მაგრამ მას ამ დროისათვის არ მიუმართავს სათანადო ორგანოსათვის და არ მოუთხოვია პენსიის გადაანგარიშება. პენსიის გადასაანგარიშებლად სარჩელი წარადგინა 2005წ. 12 იანვარს, ამიტომ მას სასამართლომ სწორად აუნაზღაურა პენსიის მიუღებელი სხვაობა არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებდა პენსიის მომატებისათვის მიმართვის დღეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის თავდაპირველი რედაქცია მოქმედებდა კანონის ძალაში შესვლის დღიდან, შესაბამისად, მოქმედებდა კანონის მე-60 და 50-ე მუხლებიც. 2003წ. 23 ივლისს აღნიშნული კანონის მე-17 მუხლში, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 22-ე მუხლში, 25-ე მუხლის პირველ პუნქტში, 34-ე და 36-ე მუხლებში, 48-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 50-ე და მე-60 მუხლებში შევიდა ცვლილებები. კასატორის მიერ მითითებულ ზემოაღნიშნულ კანონში 2003წ. 31 დეკემბრის ცვლილებები ითვალისწინებს 2003წ. 23 ივლისს შესული ცვლილებების ძალაში შესვლას 2005წ. 1 იანვრიდან (რომლის ამოქმედებამ შემდგომში გადაიწია 2006წ. 1 იანვრამდე) და არა ამ მუხლების თავდაპირველი რედაქციის ძალაში შესვლას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.