Facebook Twitter

№180210015749504

საქმე №ას-1236-1159-2015 03 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ- უ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დისციპლინური სახდელის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

I. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:

1. ლ- უ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა, დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 11 იანვრის N04-1/დ ბრძანების ბათილად ცნობა.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური და ერთი თვის შრომის ანაზღაურებიდან დაექვითა ხელფასის 30%. ბრძანება გამოიცა სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის N04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის ოქმის საფუძველზე. 2014 წელს კომისიამ განიხილა 2011 წლის აქტი. დისციპლინური სახელის დაკისრების საფუძვლად ის გარემოება დასახელდა, რომ 2006 წლიდან მოსარჩელის მამამთილი - გ.თ-ი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იყო რეგისტრირებული და იღებდა საარსებო შემწეობას.

სააგენტოს განმარტებით, დეკლარაციაში ცალკე ოჯახად დაფიქსირებული მოსარჩელის ოჯახიც გ. თ-თან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდა. 2008 წელს დეკლარაცია შეივსო მეორედ, მოსარჩელემ კი, 2009 წელს მუშაობა დაიწყო სააგენტოში.

მოსარჩელის განმარტებით, გ. თ-თან ერთად მისი მეუღლე არ ცხოვრობდა. გ. თ-თან ცხოვრობდა მისი მეორე - შვილი რ. თ-ი. მოსარჩელე 2009 წლის შემოდგომაზე საცხოვრებლად გადავიდა მამამთილის სახლში, მეუღლესთან ერთად.

3. მოსარჩელემ მიუთითა დისციპლინური სახდელის დაკისრების ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ სააგენტომ დაარღვია საქმის წარმოების წესები და დისციპლინური სახდელი დააკისრა მოკვლევის დამთავრებიდან 2011 წლიდან 4 წლის გასვლის შემდეგ, მაშინ როცა სასარჩელო ხანდაზმულობა შეადგენს 3 წელს.

II. მოპასუხის პოზიცია

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მამამთილმა 2006 წელს სააგენტოს მომართა განცხადებით სოციალური დახმარების დანიშვნის მოთხოვნით. ოჯახის დეკლარაციაში მიუთითა, რომ იყო ოჯახის წევრი იყო მხოლოდ იგი, რის გამოც, დაენიშნა საარსებო შემწეობა. 2008 წელს შეივსო ახალი დეკალარაცია იგივე მონაცემების მითითებით. 2011 წელს სააგენტოში შექმნილმა კომისიამ დადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობდა გ- თ–თან. შესაბამისად, მოსარჩელემ არ მოახდინა ოჯახის რეალური დემოგრაფიული მონაცემების დეკლარირება. 2009 წელს მოსარჩელემ მუშაობა დაიწყო სააგენტოში, ხოლო გ. თ-მა საარსებო შემწეობის მიღებაზე უარი განაცხადა 2010 წლის 28 მაისს. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ სააგენტოში დასაქმების შემდეგაც მოსარჩელემ არ განაცხადა, რომ ცხოვრობდა გ. თ-თან ერთ ოჯახად და გ. თ-ი უსაფუძვლოდ იღებდა შემწეობას.

5. მოპასუხის განმარტებით, ბრძანების გამოცემით არ დარღვეულა სახდელის დაკისრების ვადები, რადგან კომისიამ დისციპლინური სასჯელის დაკისრების გადაწყვეტილება მიიღო 2014 წელს, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დაცვით.

III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება

6. მცხეთის რაონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ლ-- უ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 11 იანვრის №04-1/დ ბრძანების მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ლ- უ-ისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.

7. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივარი წარადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ლ- უ–ი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან (დ---ის რაიონული განყოფილება) შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში (სოციალური მუშაკის პოზიციაზე) იმყოფება 2009 წლის მარტიდან.

10. სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ, სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის №04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 29 ოქტომბრის (სხდომის ოქმი N3) გადაწყვეტილებით ლ- უ–ს გამოეცხადა საყვედური და ერთი თვის შრომის ანაზღაურებიდან დაუკავდა 30%. კომისიის 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოიცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 11 იანვრის №04-1/დ ბრძანება ლ- უ–ისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.

11. ლ- უ–ისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას საფუძვლად დაედო სააგენტოს მიერ გ. თ–ის (მოსარჩელის მამამთილი) ოჯახის დეკლარაციებში არასწორი მონაცემების გამოვლენა 2011 წლის 18 ოქტომბერს.

12. 2014 წლის 29 ოქტომბრის N3 კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, ლ- უ-მა დაარღვია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის N1/1024 ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შევსების წესების“ მე-3 თავის მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტები, მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტები, 12-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები. ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს 225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშნისა და გაცემის წესის“ მე-3 თავის მე-13 მუხლი.

13. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებით მოსარჩელე ლ-- უ-ს ბრალად შეერაცხა მითითებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული იმ მოვალეობების დარღვევა, რაც მის კომპეტენციაში არ შედიოდა. ასევე, ამ მოვალეობების იმ დროს დარღვევა, როდესაც იგი არ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან.

14. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ლ-- უ–ისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ გ- თ--ის (მოსარჩელის მამამთილის) ოჯახის დეკლარაციებში არ იყო მითითება იმის შესახებ, რომ გ-თ--თან ერთად ცხოვრობდა ლ- უ-ის მეუღლის ოჯახი.

15. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს 225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშნისა და გაცემის წესის“ მე-3 თავის მე-13 მუხლის თანახმად, 1. საარსებო შემწეობის დანიშვნისათვის განცხადების შესავსებად ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სააგენტოს პასუხისმგებელი პირის ვიზიტისას აღმოჩენილი ფაქტ(ებ)ის გათვალისწინებით შესაძლებელია საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერება. საარსებო შემწეობის დანიშვნის შეჩერების საფუძველია, თუ: ა) ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მონაცემთა ბაზაში მითითებულ მისამართზე; ბ) ოჯახი ხელოვნურად არის გაყოფილი; გ) ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული; დ) ოჯახის ფაქტობრივად არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ შეესაბამება მინიჭებულ სარეიტინგო ქულას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საფუძველებს ადგენს ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ განცხადების შევსების მიზნით, მისული სააგენტოს პასუხისმგებელი პირი.

16. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის N1/1024 ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შევსების წესების“ მე-3 მუხლის თანახმად, მაძიებელი ოჯახის იდენტიფიკაცია და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა ხორციელდება სოციალური აგენტის მიერ. ამავე წესების V თავის მოთხოვნების შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციის შევსების სიზუსტის კონტროლს ახორციელებს სოციალური აგენტი.

17. დადგენილია, რომ ლ-უ-–ი დ--ის რაიონულ განყოფილებაში 2009 წლის მარტიდან მუშაობს სოციალური მუშაკის შტატზე და მისი საქმიანობის ძირითადი სფეროებია: სოციალურად დაუცველი ბავშვისა და ოჯახის, ხანდაზმულების, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების იდენტიფიცირება და მათი საჭიროებების შეფასება; მიზნობრივი ჯგუფების სოციალური მომსახურებებით უზრუნველყოფის მიზნით, შიდაუწყებრივი და უწყებათაშორისი ღონისძიებების განხორციელება და ა.შ.

18. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად სწორედ ის ფაქტი მიიჩნია, რომ ლ- უ--ის მამამთილის ოჯახის დეკლარაციები, რომლებშიც, დამსაქმებლის მოსაზრებით, არასწორი ინფორმაციის მითითება გახდა ლ- უ–ისათვის დასციპლინური სახდელის დადების საფუძველი, დ--ის რაიონის სოციალური აგენტების მიერ შევსებულია 2006 და 2008 წლებში ანუ, ლ-- უ-–ის მიერ სააგენტოში შრომითი საქმიანობის დაწყებამდე (2009 წლის მარტი);

კერძოდ, პირველი დეკლარაცია შეავსო სოციალურმა აგენტმა - ს.- ჯ-–მა 2006 წლის 25 ივლისს, ხოლო შემდგომი დეკლარაცია შეავსო სოციალური აგენტმა - ბაბუა ა-–მა 2008 წლის 15 აგვისტოს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შევსების წესების“ V თავის მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ოჯახის დეკლარაციის შევსების სიზუსტის კონტროლი შესაბამისი სოციალურ აგენტების (ს. ჯ-–ი, ბ. ა---ი) მოვალეობას წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს პრეტენზია ლ- უ-–ის მიმართ იმაში მდგომარეობდა, რომ იგი ერთ ოჯახად ცხოვრობდა გ-- თ-–თან და 2009 წელს, როდესაც მუშაობა დაიწყო სოციალურ სააგენტოში, ეს ფაქტი არ განუცხადა სააგენტოს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებას საფუძვლად ეს გარემოება არ დასდებია, ამ ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შევსების წესების“ მე-3 თავის მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტების და 12-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დარღვევა.

პალატამ განმარტა, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შევსების წესების“ შესახებ ნორმატიული აქტი წარმოადგენს იმ წესების სისტემურ ჩამონათვალს, რომლებიც „ოჯახის დეკლარაციის“ შევსებისას სოციალური აგენტის მიერ უნდა იქნას გათვალისწინებული, ამასთან, იგი განსაზღვრავს, აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის სპეციალურ სუბიექტს და აღნიშნული ნორმატიული აქტის შესაბამისად, ასეთ სუბიექტს სოციალური აგენტი წარმოადგენს.

სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული ნორმები არ ადგენს სოციალური მუშაკის მიერ სოციალური სააგენტოსათვის თავისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას. შესაბამისად, მოსარჩელე ლ-- უ--ს, რომელმაც 2009 წელს დაიწყო სოციალურ სააგენტოში სოციალური მუშაკის პოზიციაზე მუშაობა, სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული სამართლებრივი ნორმების თანახმად, არ წარმოშობია სოციალური სააგენტოსთვის მისი მამამთილის - გ– თ--ის ან საკუთარი ოჯახის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. შესაბამისად, მოსარჩელე ლ--–- უ--ს, როგორც სოციალურ მუშაკს, არ დაურღვევია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის N1/1024 ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შევსების წესებით“ განსაზღვრული მოვალეობები.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

ვინაიდან, მოცემულ საქმეზე არ დადასტურდა ლ--უ–ის მიერ სახდელის დაკისრების საფუძვლად მითითებული შრომითი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძვლით ლ-- უ-–ისათვის დისციპლინური სახდელის დადება ეწინააღმდეგებოდა კანონს, რაც, ლ--უ–ისათვის დისციპლინური სასჯელის დაკისრების ნაწილში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 11 იანვრის №04-1/დ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

20. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებული ზომები ემსახურება არსებული ვითარების სწრაფ გამოსწორებას, დასაქმებული მუშაკის იძულებას, მოიქცეს უფრო წინდახედულად და გულისხმიერად, გახდეს უკეთესი, აიმაღლოს კვალიფიკაცია. ამასთან, ამ ზომებს გააჩნია ზოგადპრევენციული დატვირთვაც, რაც იმაში გამოიხატება, რომ სხვა დასაქმებულებმა არ ჩაიდინონ იგივე დარღვევა და მათ შეექმნათ უფრო ეფექტურად მუშაობის მოტივაცია. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეების ინტერესებშია, რომ შრომითი მოვალეობის დარღვევის ფაქტზე რეაგირება მოხდეს სწრაფად, რადგან დაგვიანების შემთხვევაში ვერ მიიღწევა სახდელის პრევენციული მიზანი.

საქართველოს შრომის კოდექსი საერთოდ არ განსაზღვრავს დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძვლებს, ვადას და იგი მთლიანად შრომის შინაგანაწესით გადასაწყვეტ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური სააგენტოს შინაგანაწესი ამ კუთხით არ ადგენდა არანაირ ქცევის წესს.

21. პალატამ მნიშვნელოვნად მიაჩნია იმ გარემოების გარკვევა, თუ რა რეგულაციებს შეიცავდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსები პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილი ადმინისტრაციული სახდელის დადების მაქსიმალურ ვადად აწესებს ორ თვეს, რაც აითვლება სამართალდარღვევის ჩადენიდან ან გამოვლენიდან (თუ დარღვევა დენადია).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, ეს ნორმა ადგენს 2 წლიდან 25 წლამდე ხანდაზმულობის ვადას დანაშაულის ჩადენიდან.

მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მოსაზრებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ შრომით ურთიერთობებში დასაქმებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება უნდა მოხდეს დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში დისციპლინური დარღვევა გამოვლინდა 2011 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო, ბრძანება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ გამოიცა სამი წლის შემდეგ, 2015 წლის 09 იანვარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის ასეთი მოქმედება სცილდებოდა შრომითი მოვალეობის დარღვევაზე გონივრულ ვადაში რეაგირების სტანდარტს და სადავო ბრძანება ამ თვალსაზრისითაც უკანონო იყო.

VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები

22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

23. კასატორის განმარტებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 11 იანვრის N04-1/დ ბრძანების საფუძველზე სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროს სოციალურ მუშაკს გამოეცხადა საყვედური და ერთი თვის შრომის ანაზღაურებიდან დაუკავდა 30%. N04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე კომისიამ განიხილა სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის ინფორმაცია სააგენტოს თანამშრომლებისა და მათი ნათესავების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის შესახებ, რომელიც განხორციელდა 2011 წელს. მოსარჩელის მამამთილმა მიზნობირივი სოციალური დახმარების მიღების მიზნით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს. 2006 წლის 25 ივლისს შეავსო დეკლარაცია, სადაც დაფიქსირდა მხოლოდ ერთი წევრი - გ. თ-–ი და მას დაენიშნა საარსებო შემწეობა. 2008 წლის 15 აგვისტოს კვლავ შეავსო ახალი დეკლარაცია სადაც დაფიქსირდა მხოლოდ ერთი წევრი - გ. თ-–ი. ხოლო 2010 წლის მაისის თვეში ოჯახმა უარი განაცხადა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთაიან ბაზაში რეგისტრაციაზე.

მოსარჩელე და მისი ქმარი მამათილთან ერთად ცხოვრობდა დ--ში ს.-ის 54-ში იმავე საცხოვრისში მე-2 სართულზე (ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი).

24. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არ ჩაბარებია 2011 წლის 18 ოქტომბრის აქტი, რომელიც შედგენილ იქნა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ-საკოორდინაციო ცენტრსა და მასში შემავალ ტერიტორიულ ერთეულებში დასაქმებული თანამშრომლებისა და მათი ნათესავების ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაწავლის შედეგად. ამ აქტში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე და მისი ქმარი ცხოვრობენ იმავე სახლში მე-2 სართულზე, სადაც მისი მამათილი და მოსარჩელემ არ მოახდინა მისი ოჯახის დემოგრაფიული სიტუაციის ზუსტი დეკლარირება.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ორივე დეკლარაციის შედგენისას მუშაობდა სააგენტოში, კერძოდ, მოსარჩელე 2009 წლიდან მუშაობს სააგენტოში, ხოლო მისმა მამათილმა რეგისტრაციაზე უარი განაცხადა 2010 წელს.

25. კასატორი აღნიშნავს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 11 იანვრის N04-1/დ ბრძანება მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. დამსაქმებელს შეუძლია გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში, გაავრცელოს თანამშრომელზე დისციპლინური სასჯელის სახეები შრომის შინაგანაწესის მიხედვით.

სამოტივაციო ნაწილი:

VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

27. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 11 იანვრის N04-1/დ ბრძანების მართლზომიერება.

28. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 11 იანვრის №04-1/დ ბრძანებით ლ- უ-ს გამოეცხადა საყვედური და ერთი თვის შრომის ანაზღაურებიდან დაუკავდა 30%.

29. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარებას საფუძვლად ის გარემოება დაედო, რომ 2011 წლის 18 ოქტომბერს სააგენტომ გ. თ–ის (მოსარჩელის მამამთილი) ოჯახის დეკლარაციებში არასწორი მონაცემები გამოავლინა, სახელდობრ, გ. თ-ის (მოსარჩელის მამამთილის) ოჯახის დეკლარაციებში არ იყო მითითება იმის შესახებ, რომ გ. თ--თან ერთად ცხოვრობდა მოსარჩელის მეუღლის ოჯახიც. აღნიშნული დეკლარაციები დ-ის რაიონის სოციალური აგენტების მიერ შეივსო 2006 და 2008 წლებში ანუ, მოსარჩელის მიერ სააგენტოში შრომითი საქმიანობის დაწყებამდე (2009 წლის მარტი), კერძოდ, პირველი დეკლარაცია შეავსო სოციალურმა აგენტმა - ს.- ჯ-მა 2006 წლის 25 ივლისს, ხოლო, შემდგომი დეკლარაცია შეავსო სოციალური აგენტმა - ბაბუა ა-მა 2008 წლის 15 აგვისტოს.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შევსების წესების“ V თავის მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ოჯახის დეკლარაციის შევსების სიზუსტის კონტროლი შესაბამისი სოციალურ აგენტების (ს. ჯ-ი, ბ. ა-ი) მოვალეობას წარმოადგენდა და ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. თ-ის (მოსარჩელის მამამთილი) ოჯახის დეკლარაციებში არასწორი მონაცემების გამოვლენა მოსარჩელეს, რომელიც სოციალური მუშაკს წარმოადგენდა, ბრალად ვერ შეერაცხება.

უფრო მეტიც, ირკვევა, რომ სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული ნორმები არ ადგენს სოციალური მუშაკის მიერ სოციალური სააგენტოსათვის თავისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებასაც. შესაბამისად, მოსარჩელე ლ- უ-ს, რომელმაც 2009 წელს დაიწყო სოციალურ სააგენტოში სოციალური მუშაკის პოზიციაზე მუშაობა, სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული სამართლებრივი ნორმების თანახმად, არ წარმოშობია სოციალური სააგენტოსათვის მისი მამამთილის - გ- თ–ის ან საკუთარი ოჯახის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. შესაბამისად, მართებულია სამართლებრივი დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს, როგორც სოციალურ მუშაკს, არ დაურღვევია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის N1/1024 ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შევსების წესებით“ განსაზღვრული მოვალეობები.

30. აღსანიშნავია ისიც, რომ საკასაციო პრეტენზია ემყარება იმავე გარემობებს, რასაც ემყარებოდა სააპელაციო საჩივარი, რომელთანაც დაკავშირებით დადგენილ იქნა იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებმაც წარმოშვა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული წანამძღვრები სადავო ბრძანების ბათილობის თაობაზე.

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით კი, კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის საკასაციო პრეტენზია, რომელიც თავის შინაარსით შესაძლებელს გახდიდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.

ზემოთმითითებული ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით არსებობს სტაბილური სასამართლო პრაქტიკა.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქარველოს კანონის მე-5 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე