Facebook Twitter

№010210015721036

საქმე №ას-1244-1167-2015 10 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ- ჯ-ე, ზ-მ--ე, ტ- მ-–ვილი, შ- ხ-ვილი, მ- მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „მ–კ-ი“, ა--ტ--ე, ბ- ბ-ე, ჯ- გ-ე, დ- ბ---ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

I. სასარჩელო მოთხოვნა:

1. რ- ჯ-ემ, ზ-- მ-ემ, ტ- მ-ვილმა, შ--ხ-–ვილმა, მ--მ--ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „მ– კ–-ის“, ა-ტ-ის, ბ- ბ--ის, ჯ- გ-ის, დ- ბ--ის მიმართ შ--ის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „მ–კ-ის” 1996 წლის 12 ივნისის დამფუძნებელ პარტნიორთა საერთო კრების №1-ის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

II. მოპასუხის პოზიცია

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და ამავდროულად, მიუთითეს მის ხანდაზმულობაზე.

III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1992 წლის ოქტომბერში ბათუმის აგროეკონომიკური კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე ჩამოყალიბდა შ---ის უნივერსიტეტი „მ–---- კ---–-ი”, რომლის წესდებაც დამტკიცდა აჭარის მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლობაში 1992 წლის 2 ოქტომბერს. საზოგადოების დამფუძნებელი იყო 18 პარტნიორი, რომელთა შორის იყვნენ მოსარჩელეებიც. თითოეულმა პარტნიორმა საზოგადებაში შეიტანა 5000 ლარი, რითაც საზოგადოების 1/18 წილზე შეიძინა უფლება.

6. 1996 წლის 12 ივნისს საზოგადოების დამფუძნებელმა პარტნიორებმა ჩაატარეს საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ დამფუძნებელი პარტნიორები ა. ტ-ე, რ. ქ--ე, ბ. ბ--ე, ჯ. გ-ე, დ. ბ----–---ე და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ცენტრი „მ-ას” დამფუძნებელი დ. ბ--–--ე. კრებაზე შედგა ოქმი N1, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად შეიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ–---- კ---–-ი” და დამტკიცდა წარდგენილი წესდების პროექტი. ამავე ოქმით უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე დაინიშნა დ. ბ-ე.

7. 1996 წლის 05 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დადგენილება შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „მ– კ--ის” რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული დადგენილებით საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 1260 ლარით, საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორებად კი მითითებული იქნენ: ა. ტ-ე, რ.ქ-ე, ბ. ბ-ე, ჯ. გ--ე, დ. ბ-ე და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ცენტრი „მ-ა”.

8. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და მიუთითა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებზე, კერძოდ, გაიზიარა დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ შ-ის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „მ– კ-ი” შ-ის უნივერსიტეტი „მ– კ-ის” უფლებამონაცვლე არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იურიდიული პირის უნივერსალური უფლებამონაცვლეობა წარმოიშობა, მხოლოდ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი რეორგანიზაციის, შერწყმის ან გაყოფის დროს, რაც არ განხორციელებულა. პალატის მოსაზრებით, საზოგადოების წესდებაში არსებული დათქმა უფლებამონაცვლეობის შესახებ დეკლარაციული ხასიათისაა და სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. უფლებამონაცვლეობას არ წარმოშობს არც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიები იმ უძრავ ქონებაზე, რომელზედაც, სავარაუდო უფლებები 1992 წელს დაფუძნებულ საწარმოს ჰქონდა.

9. პალატამ, ასევე აღნიშნა, რომ „მეწარმეთა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის №578-1ს დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ექვემდებარებოდნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 21 დეკემბრის №80-1ს დადგენილებით ეს ვადა გაგრძელდა 1996 წლის 1 სექტემბრამდე, თუმცა შ--ის უნივერსიტეტ „მ–კ---–-ს” მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონისა და ამ დადგენილებების შესაბამისად ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია. ამის ნაცვლად, საწარმოს დამფუძნებელთა ნაწილმა შექმნა, პრაქტიკულად, იმავე სახელწოდების ახალი საწარმო. ამ საწარმოს პარტნიორები კი, აპელანტები არასდროს ყოფილან. პალატამ მიიჩნია, რომ ხელახალი რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ შ--ის უნივერსიტეტი „მ–კ--ი” ჩაითვალა ლიკვიდირებულად და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, 1996 წლის 1 სექტემბრის შემდეგ მისი უფლებაუნარიანობა შეწყდა. ამის გამო, აპელანტებს სხვა საწარმოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არა აქვთ, რადგან ეს გადაწყვეტილება მათ უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს არ შეხებია.

10. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულადაც მიიჩნია და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 248-ე მუხლის თანახმად, კი სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში, გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია. სადავო კრების ოქმი შედგენილია 1996 წლის 12 ივნისს, აპელანტებმა კი სარჩელი აღძრეს 2015 წლის 11 თებერვალს. ამის შესაბამისად, აპელანტების მოთხოვნა საფუძვლიანი რომც ყოფილიყო, მათი მოთხოვნა მაინც ხანდაზმული იქნებოდა.

VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და მოცემულ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

12. საკასაციო საჩივარი იმ გარემოებას ეფუძნება, რომ შ--ის უნივერსიტეტი „მ– კ–ის“ სამართალმემკვიდრეა. სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება თუ რატომ მიატოვეს დამფუძნებლებმა დღეისათვის მოქმედი უნივერსიტეტი, არ მოახდინეს ლიკვიდაცია და ვის გადაეცა იურიდიული პირის ქონება - 1143მ2 მქონე ფართი ან როგორ გახდა მისი მეპატრონე შ--ის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „მ– კ-ი“. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხეებმა ვერ უარყვეს სამართალმემკვიდრეობის არსებობა, თუმცა მიუხედავად ამისა სააპელაციო სასამართლო მაინც პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს დაეყრდნო.

კასატორთა მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინებით არასწორად განიმარტა სამოქალაქო კოდექსის 25.4-ე მუხლი. გარდა ამისა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე და 46-ე მუხლების გამოყენება უმართებულოა, რადგან ისინი ინფორმაციული ხასიათისაა.

კასატორთა მითითებით, მოპასუხეებს რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ და სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მათი წარმომადგენლის ურთიერთსაპირისპირო განმარტებებს.

სასამართლომ არც იმას მიაქცია ყურადღება, რომ მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

კასატორები სადავოდ ხდიან სამართლებრივ შეფასებას ხანდაზმულობასთან მიმართებითაც და მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხს.

სამოტივაციო ნაწილი:

VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

14. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

15. საკასაციო საჩივრით სადავოა იურიდიული პირის უფლებამონაცლეობა, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ იურიდიული პირის უფლებამონაცვლეობა წარმოიშობა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და მისი საფუძველი შესაძლოა იყოს საწარმოს რეორგანიზაცია, შერწყმა ან გაყოფა. მოცემულ საქმეზე კი, შ-ის დამოუკიდებელი უნივერსიტეტ „მ– კ--სა“ და შ-ის უნივერსიტეტ „მ– კ-ს“ შორის სამართალმემკვიდრეობის შესახებ ფაქტობრივი გარემოებები არ დგინდება.

16. აღსანიშნავია ისიც, რომ საკასაციო პრეტენზია ემყარება იმავე გარემობებს, რასაც ემყარებოდა სააპელაციო საჩივარი, რომელთანაც დაკავშირებით დადგენილ იქნა იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც არ წარმოშვა სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

17. რაც შეეხება კასატორის პოზიციას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და იმაზე მითითებას, რომ სასამართლოს ხანდაზმულობის ვადის ათვლისას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ გამომდინარე იქიდან, რომ სადავოა პარტნიორთა კრების ოქმის კანონიერება და მისი გასაჩივრების ვადასა და წესს ადგენს სპეციალური კანონის - მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი და ამ მიმართებით, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის, როგორც გასაჩივრების ვადის ათვლის მარეგულირებელი ნორმის გამოყენება ნაკარნახევი არ არის.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 06.03.2015წ.-ის განჩინება, საქმე №ას-1310-1249-2014)

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ- ჯ-ის, ზ- მ-ის, ტ- მ–ვილის, შ- ხ–ვილის, მ- მ--ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: რ- ჯ-ეს, ზ--მ--ეს, ტ- მ-ვილს, შ-- ხ-ვილს, მ- მ--ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ზ-- მ-ის მიერ 2015 წლის 02 დეკემბერს №8670792 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური