№330210014606426
საქმე №ას-1248-1171-2015 17 თებერვალი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა- ა-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ- ს-უა, ნოტარიუსი - მ- ლ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება და მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
I. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები:
1. ა- ა-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ნ-ს-უასა და ნოტარიუს მ- ლ–ის მიმართ, ა-ა-ასა და ნ- ს-უას შორის 2012 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ (3.7–3.10 პუნქტები) ბათილად ცნობისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნით.
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2012 წლის 20 ოქტომბერს, ერთი მხრივ, ა- ა-ასა და, მეორე მხრივ, ნ-ს-უას შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ა- ა-ამ ნ- ს-უასაგან ისესხა 40 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 3,5%-ის დარიცხვით. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.თ.-ში, წ-ის ქ.N13-ში ა- ა-ას საკუთრებაში არსებული N14 საცხოვრებელი ბინა.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაამოწმა ნოტარიუსმა მ- ლ–მა. ხელშეკრულების 3.7 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ, მოვალე ნებაყოფლობით არ შეასრულებს კრედიტორის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას, იპოთეკარი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
მოსარჩელის მოსაზრებით, ნოტარიუსის მიერ არ იქნა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად განმარტებული სააღსრულებო ფურცლის არსი, რაც ქმნის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 3.7-3.8 პუნქტების ბათილად ცნობისა და 2014 წლის 12 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.
II. მოპასუხის პოზიცია
3. ნ-- ს--უამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოვალის მიერ 2012 წლის 20 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა, რის გამოც, მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
4. მოპასუხე მ- ლ-მა მიუთითა, რომ 2012 წლის 20 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 3.8 პუნქტით დასტურდება, რომ ნოტარიუსის მიერ განმარტებულ იქნა სააღსრულებო ფურცლის არსი, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებაც საქმეში წარმოდგენილი არ არის.
III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ა- ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამავე კოლეგიის 2015 წლის 20 აპრილის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 იანვრის განჩინებით ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
6. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ ამავე კოლეგიის 2015 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ა--ა---ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და ამავე კოლეგიის 2015 წლის 20 აპრილის განჩინება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2012 წლის 20 ოქტომბერს, ერთი მხრივ, ა- ა-ასა და, მეორე მხრივ, ნ- ს-უას შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ა-ა-ამ ნ-ს-უასაგან სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 3,5%-ის დარიცხვით 40 000 აშშ დოლარი ისესხა. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.თ.-ში, წ--ის ქ.N13-ში ა- ა-ას საკუთრებაში არსებული N14 საცხოვრებელი ბინა.
2012 წლის 20 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (შემდგომში - ხელშეკრულების) 3.7 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ, თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა (მათ შორის ვადაზე ადრე) და მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.
ხელშეკრულების 3.8 პუნქტის მიხედვით, მხარეები ადასტურებენ, რომ მათ ნოტარიუსისაგან მიიღეს ჯეროვანი განმარტება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი ინსტიტუტის (მისი არსისა და ძირითადი პრინციპების) შესახებ და მათთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი შეცვლის სასამართლოს სააღსრულებო ფურცელს, შესაბამისად, იპოთეკარს უფლება ექნება სასამართლოსადმი მიმართვისა და სასამართლო საქმისწარმოების გარეშე მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მიიღოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და მოვალის მიმართ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების აღსრულების პროცესი დაიწყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, ხოლო მოვალის, მესამე პირის მიერ სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრება არ აჩერებს სააღსრულებო ფურცლის მოქმედებას.
ხელშეკრულების 3.9 პუნქტის შესაბამისად, იპოთეკარი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აღსრულების მეთოდი (საშუალება) და გამოიყენოს ის მეთოდი (საშუალება), რასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს თავისი მოთხოვნის ყველაზე უკეთ და სწრაფად დაკმაყოფილების მიზნით.
ხელშეკრულების 3.10 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულებისას, ყველა შემთხვევაში, იპოთეკარი ვალდებულია, უზრუნველყოს მესაკუთრის ინტერესების დაცვა იმდენად, რამდენადაც ეს ხელს არ შეუშლის მოვალის მიმართ იპოთეკარის მოთხოვნის სრულად და ჯეროვნად დაკმაყოფილებას; თუ იპოთეკის საგანი გაიყიდება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, იპოთეკის საგნის გაყიდვით მიღებული თანხის ის ნაწილი, რომელიც აღემატება მოთხოვნის მოცულობისა და აღსრულების ხარჯების ჯამს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გადაეცეს მესაკუთრეს.
2014 წლის 12 თებერვალს, ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ნ-- ს--უას მიმართ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა - 26850 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 20 იანვრიდან აღსრულებმადე.
9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ არ არის დარღვეული „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. მითითებული მუხლის 38-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე, დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
პალატამ განმარტა, რომ გარიგების დადებაზე ნების ნოტარიუსთან გამოვლენის დროს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ მოწმდება ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა და უფლებამოსილება. ნების გამომვლენს ნოტარიუსი განუმარტავს გარიგების შინაარსს და მის თანამდევ შედეგებს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარიგების ტექსტით, რომელსაც აპელანტი ხელს აწერს, დასტურდება, რომ ხელშეკრულების 3.7, 3.8, 3.9 და 3.10 პუნქტებით მოსარჩელეს ამომწურავად განემარტა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძვლებისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ. კერძოდ ის, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი შეცვლის სასამართლოს სააღსრულებო ფურცელს და შესაბამისად, იპოთეკარს უფლება ექნება სასამართლოსადმი მიმართვისა და სასამართლო საქმისწარმოების გარეშე მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მიიღოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და აღნიშნულის საფუძველზე დაიწყოს აღსრულების პროცესი.
მსგავს შემთხვევებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ სანოტარო წესით დადასტურებულ აქტზე ხელმოწერისას, მხარე გაცნობილია და გააზრებული აქვს ხელშეკრულების შინარსი. ამის საწინააღმდეგო გარემოება უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, სამოქალაქო საქმეთა პალატას ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მან ნოტარიუსისაგან ჯეროვანი განმარტება ვერ მიიღო.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით კი, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 იანვრის განჩინებით ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იგი სრულად შეესაბამებებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება. ასევე, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება.
12. კასატორი აღნიშნავს, რომ ნოტარიუსმა მხარეს არ განუმარტა სააღსრულებო ფურცლის არსი და მისი სასამართლოს გარეშე შესრულების შესაძლებლობა. შესაბამისად, ნოტარიუსმა დაარღვია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა. მიუხედავად აღნიშნულისა, გასაჩივრებულ განჩინებაში, საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ არ გაიზიარა მხარის მითითება ნოტარიუსის მხრიდან კანონის დარღვევის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
14. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
15. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის ნოტარიუსის მხრიდან „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის დარღვევას და თავის საკასაციო პრეტენზიას იმ გარემოებაზე აფუძნებს, რომ ნოტარიუსმა მხარეს არ განუმარტა სააღსრულებო ფურცლის არსი და მისი სასამართლოს გარეშე შესრულების შესაძლებლობა.
კასატორის ზემოთმითითებულ პოზიციას საკასაციო პალატა არ იზიარებს და პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტის - 2012 წლის 20 ოქტომბრის „სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების“ 3.8 პუნქტის შინაარსზე, რომლითაც ირკვევა, რომ ხელშემკვრელმა მხარეებმა დაადასტურეს ნოტარიუსისაგან ჯეროვანი განმარტების მიღების ფაქტი, კერძოდ, დააფიქსირეს, რომ მათ განემარტათ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი ინსტიტუტის (მისი არსისა და ძირითადი პრინციპების) შესახებ და მათთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი შეცვლის სასამართლოს სააღსრულებო ფურცელს. შესაბამისად, იპოთეკარს უფლება ექნება სასამართლოსადმი მიმართვისა და სასამართლო საქმისწარმოების გარეშე მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მიიღოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და მოვალის მიმართ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების აღსრულების პროცესი დაიწყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი დოკუმენტით ირკვევა ნოტარიუსის მიერ სადავო სამართლებრივი შედეგის განმარტება, მტკიცების ტვირთი საპირისპირო გარემოებისა, ამ გარემოების მიმთითებელ მხარეს - კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს/კასატორს ეკისრება, რომელმაც ამ გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება სასამართლოში ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, საკასაცო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
16. რაც შეეხება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გამოყეებული ღონისძიების გაუქმების კანონიერებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით, რომლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, არც ამ ნაწილშია წარმოდგენილი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო სამართლებრივი წანამძღვრები.
17. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის კანონიერების შემოწმების თვალსაზრისით არსებობს სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით კასატორს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 1620 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30% - 486 აშშ დოლარის ეკივივალენტი ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ა- ა--ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2.კასატორ ა-- ა--ას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 486 აშშ დოლარის ეკივივალენტი ლარი. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური