საქმე №ა-761-გან-1-2016 28 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ბ. სიორიძე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა.-ე
გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც განმცხადებელი მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების განმარტება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა
დავის საგანი – პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
I. სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. ა.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 02 დეკემბრის N.. ბრძანების ბათილად ცნობა, ა(ა)იპ „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის“ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით მოცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება, ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით 2014 წლის 02 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
II. მოპასუხის პოზიცია
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
III. მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება:
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 2 დეკემბრის №.. ბრძანება მ. ა.-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილი იქნა ააიპ ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობაზე. დაევალა, ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელეს აუნაზღაუროს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან იძულებით განაცდური ხელფასი, თვეში 700 ლარის ოდენობით (დაუქვითავი), გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება მ. ა.-ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი, ააიპ ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით:
მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 02 დეკემბრის №.. ბრძანება მ. ა.-ის ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მ. ა.-ე აღდგენილ იქნა ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობაზე. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მ. ა.-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ყოველთვიური ხელფასის - 700 ლარის ოდენობით (დაუქვითავი)), სამუშაოდან განთავისუფლების დღიდან (2014 წლის 02 დეკემბრიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
6. გადაწყვეტილებაზე 2016 წლის 22 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
IV. განცხადების საფუძვლები:
7. 2016 წლის 28 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტებისა და აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში „სსსკ-ის“) 262-ე, 263-ე მუხლები) მოთხოვნით განცხადებით მომართა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც განმარტა, რომ 2015 წლის 16 აპრილს დასრულდა რეორგანიზაციის პროცესი, გაერთიანდა ორი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, გაუქმდა ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონი (...), რომლის შედეგად წარმოიშვა ახალი სუბიექტი ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი - მ.-ი (...).
8. გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, რადგან აღარ არსებობს გადაწყვეტილებაში მითითებული ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობა.
9. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მ. ა.-ეს ორჯერ შესთავაზეს ტოლფასი ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის მოადგილის თანამდებობა, რომელზედაც მან უარი განაცხადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
V. საკასაციო პალატის დასკვნები:
10. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. ვინაიდან, განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტებას, აგრეთვე, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის მოთხოვნის მართებულების კვლევისათვის უნდა ვიხელმძღვანელოთ სსსკ-ის 262-ე და 263-ე მუხლებით.
12. სსსკ-ის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ განმარტებას გადაწყვეტილება ექვემდებარება მხოლოდ გადაწყვეტილებით დადგენილი ქცევის წესის შეუცვლელად და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა აღიარებული განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ისე, რომ განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.
13. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 02 დეკემბრის №306 ბრძანება მ. ა.-ის ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მ. ა.-ე აღდგენილ იქნა ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობაზე.
14. განმცხადებლის მოთხოვნა იმ გარემოებას ეფუძნება, რომ 2015 წლის 16 აპრილს დასრულდა რეორგანიზაციის პროცესი, გაერთიანდა ორი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, გაუქმდა ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონი (...) და წარმოიშვა ახალი სუბიექტი ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი - მ.-ი (...). დღეის მდგომარეობით არ არსებობს დირექტორის თანამდებობა, ხოლო მ. ა.-ემ შეთავაზებაზე აღდგენილი ყოფილიყო დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე განაცხდა უარი.
განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობას, რადგან როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განმარტებას მხოლოდ მისი ბუნდოვანების გამო შეიძლება დაექვემდებაროს და საკითხის მხოლოდ იმგვარად დასმა, რომ გადაწყვეტილება აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განიმარტება, უმართებულია. აღსრულების ხელშეწყობა თავისთავად წარმოადგენს მისი განმარტების და შესაბამისად, სსსკ-ის 262-ე მუხლის გამოყენების მიზანს. თუმცა, ამ ნორმის გამოყენების ფაქტობრივ გარემოებად კანონმდებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არა აქვს.
15. არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების არც სსსკ-ის 263-ე მუხლის გამოყენების წინაპირობაც, გამომდინარე იქიდან, რომ მითითებული ნორმის დანაწესით: „1. სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. 2. სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ერთ შემთხვევაში, ადგენს გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების, ხოლო მეორე შემთხვევაში - აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის (სამუშაო ადგილზე აღდგენა) და განმცხადებლის პოზიციის გათვალისწინებით, არ არსებობს არცერთი მათგანის გამოყენების წინაპირობა.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დასრულებულია წარმოება, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. გადაწყვეტილებით დგინდება, როგორც მხარეები, ისე მათ მიერ ფაქტობრივად შესასრულებელი მოქმედება და ამდენად, გადაწყვეტილება მის განმარტებას ან, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას არ საჭიროებს.
განმცხადებლის მითითება კი, განხორციელებული რეორგანიზაციისა და აქედან გამომდინარე, სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობაზე, არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების საგანს.
ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეთავაზებასთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განმცხადებლის ეს პოზიციაც სცილდება გადაწყვეტილების განმარტების, აგრეთვე, მისი აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის კანონით დაშვებულ ფარგლებს და დამოკიდებულია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებაზე, რადგან, ტოლფასი თანამდებობის არსებობა და მასზე აღდგენის შესაძლებლობა შედის ფაქტის სფეროში (მტკიცების საგანი) და წარმოადგენს სასამართლოს კვლევის საგანს, რომლის განხორციელება საქმის ფაქტობრივ გარემოებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ საპროცესო კანონდებლობით დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 262-ე, 263-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების, აგრეთვე, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე