Facebook Twitter

№ას-86-82-2016 9 მარტი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.კ–ლი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –ხ.ზ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 1995 წლის 24 თებერვალს მ. კ–სა (შემდეგში: გამყიდველი) და ლ.კ–ს (შემდეგში: შემძენი ან მყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის მუხლი 477-ე მუხლი}, რომლის საფუძველზეც შემძენის საკუთრებაში აღირიცხა ქ. თბილისში ....... მდებარე 70 კვ.მ უძრავი ქონება - ს/კ ...... (შემდეგში უძრავი ქონება) {სსკ-ის 183-ე და 3111.1 მუხლები}.

2. 1995 წლის 24 თებერვალს შედგენილი ხელწერილით გამყიდველმა დაადასტურა, რომ 1995 წლის 24 თებერვალს მან უძრავ ქონებასთან ერთად შემძენს საკუთრებაში გადასცა 28 კვ.მ სარდაფი და 14.40 კვ.მ. სხვენ-სართული. აღნიშნულ ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლება არ დარეგისტრირებულა.

3. ზემოაღნიშნულ სარდაფს ფლობდა ნ. ზ–ლი (შემდეგში: მობინადრე, მოსარგებლე ან მფლობელი) {„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11“ა“ ქვეპუნქტი სსკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილი და 159-ე მუხლები}.

4. 1997 წლის 14 აგვისტოს ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მყიდველის სარჩელი მობინადრის სადავო ბინიდან გამოსახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მობინადრე სადავო საცხოვრებელ სადგომს 1968 წლიდან მოყოლებული სარგებლობის უფლებით ფლობდა წინა მესაკუთრესთან შეთანხმებით.

5. მოსარგებლის გარდაცვალების შემდეგ სადავო საცხოვრებელ სადგომს ფლობს მისი შვილი ხ.ზ–ძე (შემდეგში: მოპასუხე) {სსკ-ის 155.1.,157-ე და 1328-ე მუხლები}

6. შემძენმა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აჩუქა {სსკ-ის მუხლი 524-ე და 525.2 მუხლები} მ.კ–ს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი).

7. 2014 წლის 30 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა [სსკ-ის მუხლი172-ე მუხლის პირველი ნაწილი].

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სადავო ფართზე მას გააჩნდა კანონიერი სარგებლობის უფლება.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მიუთითა, რომ სასამართლომ მოპასუხე არასწორად მიიჩნია სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელად.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, საქმეზე სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2015 წლის 8 დეკემბერს.

12. სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება აპელანტის წარმომადგენელს ა.გ–ეს (შემდეგში: წარმომადგენელი ან რწმუნებული) ჩაბარდა 2015 წლის 18 ნოემბერს, ხოლო თავად აპელანტს 2015 წლის 20 ნოემბერს [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი].

13. 2015 წლის 7 დეკემბერს აპელანტმა სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომლითაც იშუამდგომლა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და რწმუნებულის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტა დააასახელა. მსგავსი შინაარსის განცხადებით სასამართლოს აპელანტის წარმომადგენელმაც მიმართა [სსსკ-ის მუხლი 100, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

14. 2015 წლის 8 დეკემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტი და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადნენ. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

16. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის განცხადებაში სხდომის გადადების შუადგომლობის საფუძვლად მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები განცხადებას თან არ ერთვოდა, ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის წარმომადგენლის განცხადებაში (7/12/2015წ) მითითებულ ფაქტზე, რომ მან მარწმუნებელს წარმომადგენლობითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე აცნობა 3 კვირით ადრე, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია რომ აპელანტს საკმარისი დრო ჰქონდა სხვა საპროცესო წარმომადგენლის დასანიშნად.

17. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა, შემდეგი საფუძვლებით:

17.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ მისი წარმომადგენლის განმარტება, რომლის თანახმადაც, რწმუნებულმა აპელანტს სასამართლოს სხდომამდე სამი კვირით ადრე აცნობა წარმომადგენლობის შეწყვეტის თაობაზე, ხოლო თავად აპელანტის მითითება, რომ მას წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სამი დღით ადრე აცნობა, საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულვებელყო. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ 3 დღიანი ვადა არ წარმოადგენდა საკმარის დროს ახალი წარმომადგენლის დასანიშნად.

17.2. სასამართლომ აპელანტს არ მისცა გონივრული ვადა მისი ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარსადგენად, რაც ცხადყოფს, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო კერძო საჩივრის ავტორის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 70-ე, 78-ე მუხლები და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის პირველი თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სსსკ ითვალისწინებს წარმომადგენლის შესაძლებლობას, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას კონკრეტულ დავაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალწარმოების პროცესში წამოჭრილი პროცესუალური საკითხების მარეგულირებელი ნორმების {სსსკ-ის მე-100 მუხლი} თანახმად, წარმომადგენელმა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თაობაზე დროულად უნდა აცნობოს როგორც სასამართლოს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს, თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში ან აიყვანოს ახალი წარმომადგენელი.

21. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს სხდომის გადადების თაობაზე განცხადებით მიმართა როგორც თავად აპელანტმა, ისე მისმა წარმომადგენელმაც. აპელანტის განმარტებით, მას სამი დღით ადრე ეცნობა წარმომადგენობითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, ხოლო იმავე ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში, რწმუნებულის განცხადებაში მითითებულია, რომ მან სამი კვირით ადრე შეატყობინა აპელანტს, რომ ის ვეღარ შეძლებდა მისი ინტერესების სასამართლოში წარმოდგენას. არცერთ შემთხვევაში განცხადებას არ ერთვოდა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც უტყუარად დაადასტურებდა განცხადებაში მოყვანილ გარემოებებს.

22. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის, ისევე როგორც მისი არსებობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტით. დადგენილია, რომ 2013 წლის 8 აპრილს აპელანტმა რწმუნებულს მიანდო მისი ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, მინდობილობა გაიცა განუსაზღვრელი ვადით (ნოტ.N....), ამ მინდობილობის გაუქმების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება აპელანტის ან/და მისი წარმომადგენლის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ზემოხსენებული დანაწესის გათვალისწინებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში შუამდგომლობის შესატყვისი მტკიცებულებების არ არსებობა გამორიცხავს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის და მის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოების საფუძვლიანობის შემოწმებას, ხოლო მარტოოდენ განცხადება არ წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერ საფუძველს.

23. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებშიც კი, თუ შესაბამისი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდებოდა აპელანტის რწმუნებულის უფლებამოსილების გაუქმება ანდა თუ აპელანტს წარმომადგენელმა დროულად არ ეცნობა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაუქმების ფაქტი, ეს გარემოება ცალკე აღებული არ შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების უცილობელ საფუძვლად. მხარეთა მიერ საპროცესო წარმომადგენლის მეშვეობით სამართალწარმოების პროცესში უფლებრივი ინტერესის დაცვა, არ ათავისუფლებს მხარეებს პროცესუალური ტვირთისა და ვალდებულებებისგან, შესაბამისად, წარმომადგენლის პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული ობიექტური ან/და სუბიექტური ფაქტორით, გავლენას ვერ მოახდენდა აპელანტის პროცესზე პირადად გამოცხადების ვალდებულებაზე. მხარის გამოუცხადებლობით საქმეზე დამდგარი შედეგის რისკის მატარებელი თავად დავის მწარმოებელი მხარეა. ამდენად, მტკიცებას საჭიროებს უშუალოდ აპელანტის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოობაც.

24. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის აპელირებას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე, რამაც მისი სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა განაპირობა, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას ამახვილებს, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებათა წრეს, კერძოდ: „საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.“ (იხ.სუს #ას-573-541-2011, ას-1040-975-2010)

25. საპროცესო კანონმდებლობა ერთი მხრივ არ ზღუდავს მხარეთა შესაძლებლობას ამტკიცონ პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო საფუძვლები, თუმცა მეორე მხრივ მითითებულ ნორმაში აკუმულირებული იმპერატიული დათქმების გათვალისწინებით, პროცესში მონაწილე მხარის აპელირება ავადმყოფობაზე, მხოლოდ იმ პირობებში შეიძლება იყოს სასამართლოს მიერ გაზიარებული, თუ დაცულია ორი კუმულაციური შინაარსის პირობა: ა) ავადმყოფობა დადატურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით და ბ) აღნიშნული დოკუმენტი პირდაპირ მიუთითებს სასამართლოს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

26. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორის მითითითება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის თაობაზე, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით შედგენილი დოკუმენტის/მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე არ წარმოადგენს საქმის განხილვის გადადების სამართლებრივ საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინება კანონშესაბამისია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.კ–ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი