საქმე №ა-747-შ-13-2016 29 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ. მ.-ი
წარმომადგენელი – ვ. ჯ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ხ. მ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – საბერძნეთის ქ.პაფოსის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბერძნეთის ქ.პაფოსის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ხ. მ.-სა და ქ. ბ.-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
ქ. მ.-ის წარმომადგენელმა ვ. ჯ.-ამ შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საბერძნეთის ქ.პაფოსის საოჯახო სასამართლოს 28 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინებით ქ. მ.-ის წარმომადგენელ ვ. ჯ.-ას დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ქ. ბ.-ე და ქ. მ.-ი ერთი და იგივე პიროვნებაა.
აღნიშნული განჩინება ქ. მ.-ის წარმომადგენელ ვ. ჯ.-ას, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა 2016 წლის 10 მარტს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც შუამდგომლობის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ქ. მ.-ის წარმომადგენელ ვ. ჯ.-ას შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.პაფოსის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელ ვ. ჯ.-ას ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2016 წლის 10 მარტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 11 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 21 მარტს, ვინაიდან 20 მარტი იყო არასამუშაო დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც შუამდგომლობის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. მ.-ის წარმომადგენელ ვ. ჯ.-ას შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.პაფოსის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. მ.-ის წარმომადგენელ ვ. ჯ.-ას შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.პაფოსის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი