საქმე №ას-161-157-2016 11 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – რ. ღ.-ე, ქ. ს.-ა, ლ. უ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ.-ის უფლებამონაცვლე შ. მ.-ე
გასაჩივრებული განჩინება –თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. გ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – რ. ღ.-ის, ქ. ს.-ასა ლ. უ.-ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თ.-ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ.თ.-ში, ც.-ის ქუჩის მე-.. კორპუსში მდებარე №.. ბინა (97,68კვ.მ) საკადასტრო კოდით №... გამოთხოვილ იქნა რ. ღ.-ის, ქ. ს.-ასა ლ. უ.-ას უკანონო მფლობელობიდან და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ლ. გ.-ეს.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა რ. ღ.-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თ.-ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ივნისის საოქმო განჩინებით რ. ღ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაუსრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გასაჩივრეს რ. ღ.-ემ, ქ. ს.-ამ, ლ. უ.-ამ და და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარე ლ. გ.-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შ. მ.-ე, ხოლო ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის განჩინებით რ. ღ.-ის, ქ. ს.-ასა და ლ. უ.-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ღ.-ემ თავისი, ქ. ს.-ასა და ლ. უ.-ას სახელით და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, კასატორების – ქ. ს.-ასა და ლ. უ.-ას მიერ ხელმოწერილი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება კასატორებს კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნათ და ჩაბარდათ 2016 წლის 25 თებერვალს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ღ.-ის, ქ. ს.-ასა და ლ. უ.-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორ რ. ღ.-ემ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, ჩაიბარა 2016 წლის 25 თებერვალს. ასევე, აღნიშნული განჩინების ასლები რ.ღ.-ემ ჩაიბარა ქ. ს.-ასათვის და ლ. უ.-ასათვის გადასაცემად (იხ. ტ.3, ს.ფ.155-157). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 26 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 1 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ღ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. რ. ღ.-ის მიერ ქ. ს.-ასა და ლ. უ.-ას სახელით შემოტანილი საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი