გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ ბს-939-525 (კ-05) 21 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
«ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ» საქართველოს მთავრობის 21.05.04წ. ¹39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს მთავრობის 23.07.04წ. ¹60 დადგენილების შესრულების მიზნით, რეორგანიზაციასა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის 01.09.04წ. ¹პ-1559 ბრძანებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ...-ს უფროსი გ. ლ.-ე 2004წ. 1 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გ. ლ.-ემ 20.09.04წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ და მისი გათავისუფლების შესახებ ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა და თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ 1974 წლიდან მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში. 2003წ. 28 ოქტომბრიდან საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დაინიშნა ...-ის დეპარტამენტის ...-ს უფროსის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა 2004წ. 1 სექტემბრამდე. 29.07.04წ. მას აცნობეს, რომ 01 სექტემბრიდან განხორციელდებოდა ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო, სახელმწიფო საშინაო ვალის დეპარტამენტებისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამსახურის შერწყმა, რეორგანიზაცია და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის თანახმად მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელე აგრძელებდა მუშაობას და ელოდა შესაბამისი თანამდებობის შეთავაზებას. ფინანსთა მინისტრის 01.09.04წ. ბრძანებით იგი გათავისუფლდა სამსახურიდან. მოსარჩელემ არაერთგზის მიმართა ფინანსთა სამინისტროს შესაბამის პირებს მისი უკანონოდ გათავისუფლების გამო, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მის მიმართ დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე და 98-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან მისთვის არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობა.
ფინანსთა სამინისტრომ 15.11.04წ. შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოსარჩელ ეს არ შესთავაზეს სხვა თანამდებობა იმ დროისათვის ფინანსთა სამინისტროში შესაბამისი ვაკანტური ადგილის არ არსებობის გამო.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 08.12.04წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ლ.-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ლ.-ის მიერ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით: «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი არ ითვალისწინებს მოხელის სამსახურიდან განთავისუფლებას, რადგან დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, ხოლო მოსარჩელის შტატი არ შემცირებულა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელს უნდა გაეთვალისწინებინა ატესტაციის შედეგები, რომლის საფუძველზეც მოხდა მოსარჩელის დაწინაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.05.05წ. გადაწყვეტილებით გ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 08.12.04წ. გადაწყვეტილება გაუქმდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, გაუქმდა ფინანსთა მინისტრის 01.09.04წ. ¹პ-1559 ბრძანება «გ. ლ.-ის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ» და ფინანსთა სამინისტროს დაევალა გ. ლ.-ის სხვა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 2.2 მუხლის თანახმად‚ გ. ლ.-ე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მის მიმართ გამოიყენება მითითებული კანონის ნორმები. ამავე კანონის 96.2 მუხლის შესაბამისად დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება‚ მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ხსენებული მუხლის მეორე ნაწილის დებულებიდან გამომდინარე მოხელის განთავისუფლება არ დაიშვება, თუ იგი თანახმაა‚ დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ადმინისტრაციას გ. ლ.-ისათვის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა არ შეუთავაზებია. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაცია არ იყო უფლებამოსილი გ. ლ.-ე გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან, ვიდრე მას არ შეთავაზებდა და ეს უკანასკნელი უარს არ განაცხადებდა სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე. იმის გათვალისწინებით, რომ რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობს ის თანამდებობა, რომელიც მოსარჩელეს ეკავა მის გათავისუფლებამდე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგი უნდა დაინიშნოს ტოლფას თანამდებობაზე.
სააპელაციო პალატის 06.05.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის უარის თქმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
კასატორი უთითებს, რომ «ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ» საქართველოს მთავრობის 21.05.04წ. ¹39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს მთავრობის 23.07.04წ. ¹60 დადგენილების შესრულების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე გ. ლ.-ე 2004წ. 1 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. მოსარჩელე განთავისუფლებამდე მუშაობდა სახელმწიფო ...-ის დეპარტამენტის ...-ს უფროსის თანამდებობაზე. აღნიშნულ დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო 8 საშტატო ერთეული. რეორგანიზაციის შედეგად დეპარტამენტი, სადაც მუშაობდა მოსარჩელე, შეუერთდა საბიუჯეტო დეპარტამენტს და ჩამოყალიბდა სახელმწიფო შიდა ვალის სამმართველოდ, სადაც გათვალისწინებულია 3 საშტატო ერთეული. ამასთან‚ მოსარჩელის მიმართ ვერ განხორციელდა სხვა თანამდებობის შეთავაზება, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროში იმ დროისათვის ვაკანტური თანამდებობა არ არსებობდა.
გ. ლ.-ემ წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.2 მუხლი არ ქმნის მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს. რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო შიდა ვალის სამმართველო დაკომპლექტდა ძველი თანამშრომლებით და მხოლოდ გ. ლ.-ე იქნა განთავისუფლებული. შესაგებლის ავტორი არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თანამდებობის შეთავაზება ვერ მოხერხდა ვაკანტური თანამდებობის არ არსებობის გამო და აღნიშნავს, რომ სამინისტროს სამსახურები დაკომპლექტდა გარეშე პირებით მაშინ, როდესაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2 მუხლის თანახმად, მოხელის გათავისუფლება სამსახურიდან დასაშვებია, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. შესაგებლის ავტორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ სახელმწიფო შიდა ვალის სამმართველოს მისი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ეტაპობრივად დაემატა 6 საშტატო ერთეული, ამდენად, შტატების შემცირებას ადგილი არ ჰქონია, მოხდა შტატების გადანაწილება სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის შიგნით. სამსახურიდან დათხოვნისას არ იყო გათვალისწინებული შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო პალატამ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ზეპირი განხილვის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი საქმის დავის საგანს წარმოადგენს საჯარო-სამსახურებრივი სამართალურთიერთობიდან გამომდინარე დავა. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება (ბრძანება) მიჩნეულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ აქტად, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტითა და IV თავით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ დავები განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შესახებ დავებად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა ზოგადი ადმინიტსრაციული კოდექსის აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ნორმებთან. გ. ლ.-ე სასამართლოში აღძრული სარჩელით მოითხოვდა ფინანსთა მინისტრის 01.09.04წ. ¹პ-1559 ბრძანების ბათილად ცნობას და თანამდებობაზე აღდგენას. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ «ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ» საქართველოს მთავრობის 21.05.04წ. ¹39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს მთავრობის 23.07.04წ. ¹60 დადგენილების შესრულების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება. აღნიშნულის შედეგად ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საშინაო ვალის დეპარტამენტის სახელმწიფო საშინაო ვალის აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, შეუერთდა საბიუჯეტო დეპარტამენტს, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო შიდა ვალის სამმართველო. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტი, ფინანსთა მინისტრის 01.09.04წ. ¹პ-1559 ბრძანება «გ. ლ.-ის გათავისუფლების შესახებ», არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და გამოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ, გ. ლ.-ის სამუშაოდან დათხოვნის დროს ადმინისტრაციის მიერ არ იქნა დაცული სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც: «მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე». საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელისათვის სამსახურიდან გათავისუფლებამდე არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობაზე დანიშვნა. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლების წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რომელიც წარმოადგენდა არა საგამონაკლისო ნორმას, არამედ იმპერატიულ დანაწესს, არ დაიშვებოდა მოხელის განთავისუფლება სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე. ის გარემოება, რომ რეორგანიზაციას თან ახლდა შტატების შემცირება (ვალის აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო 8 საშტატო ერთეულს ითვალისწინებდა, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი შიდა ვალის სამმართველოში 3 საშტატო ერთეული იყო გათვალისწინებული) არ ათავისუფლებდა ადმინისტრაციას მოხელისათვის კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის შეთავაზებისაგან, ადმინისტრაცია ვალდებული იყო‚ დაეცვა ხსენებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც დათხოვნამდე სხვა სამუშაოს შეთავაზებას ითვალისწინებდა სწორედ შტატების შემცირების დროს. ამდენად, დაწესებულების რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, წარმოადგენდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, უკეთუ მოხელე უარს იტყოდა სხვა შეთავაზებულ თანამდებობაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებდა სხვა და არა ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 06.12.05წ. გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ნორმებში არ არის მოცემული «ტოლფასი თანამდებობის» ცნება, შესაბამისად არ არის გათვალისწინებული და განსაზღვრული დათხოვნილი მუშაკის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის დაშვების შესაძლებლობა, შრომის კანონთა კოდექსის 109-ე მუხლი გამონაკლის შემთხვევას აწესრიგებს და უკავშირდება სამსახურიდან გათავისუფლებას მუშაკის არჩევით თანამდებობაზე არჩევის გამო. შეთავაზებული შეიძლება იყოს სხვა, იგივე ან უფრო დაბალი რანგის თანამდებობა, ან სამუშაო ადგილი, შეთავაზებულ თანამდებობაზე უარის თქმა ქმნის მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2 მუხლების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. ადმინისტრაციას არ გამოურკვევია‚ ჰქონდა თუ არა გ. ლ.-ეს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36.2 მუხლის საფუძველზე სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-10 თავი, რომელიც არეგულირებს სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს, არ ითვალისწინებს შტატების შემცირებისას უპირატესი დარჩენის უფლებას. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამდენად, შტატების შემცირებისას თანაბარ პირობებში უპირატესი დარჩენის უფლება შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უნდა გაირკვეს. ადმინისტრაციას უნდა გაერკვია‚ აგრეთვე, თანახმაა თუ არა გ. ლ.-ე დაიკავოს სხვა შეთავაზებული თანამდებობა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 23.12.05წ. კანონით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონში შეტანილი ცვლილება-დამატებები, კერძოდ კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის გაუქმება ზემოქმედებას ვერ მოახდენს განსახილველი ურთიერთობების მიმართ, ვინაიდან სადავო ურთიერთობები წარმოქმნილია 23.12.05წ. კანონის ძალაში შესვლამდე(01.01.06წ.), «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ასეთ მითითებას 23.12.05წ. კანონი არ შეიცავს. არ დაიშვება კანონისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ბრძანების კანონიერება ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის და სადავო ბრძანების გამოცემის დროს არსებული საშტატო განრიგის საფუძველზე უნდა დადგინდეს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონისა და შრომის კანონთა კოდექსით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისას დადგენილი პროცედურული საკითხების, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის I-ლი ნაწილის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკითხები მმართველობის სფეროს განეკუთვნება და შეადგენს ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო სამართალურთიერთობების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი და სადავო საკითხის _ მოსარჩელის სამსახურში აღდგენის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი «გ. ლ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ», შესაბამისად მოპასუხემ გ. ლ.-ის მიმართ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ უნდა გაირკვეს რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული ფინანსთა სამინისტროს სისტემაში რეორგანიზაციის შედეგად, ხომ არ არის სხვა შესატყვისი სამსახური, რომელზეც თანხმობას განაცხადებს მოსარჩელე.
საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე, ვინაიდან გ. ლ.-ე სარჩელით და სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და თანამდებობაზე აღდგენას, შესაბამისად ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხზე. სსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად‚ საკასაციო ინსტანციაში დავის საგნის შეცვლა ან გადიდება არ დაიშვება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 410-411-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.05.05წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
2. გ. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი ფინანსთა მინისტრის 01.09.04წ. ¹პ-1559 ბრძანება «გ. ლ.-ის გათავისუფლების შესახებ» და ფინანსთა სამინისტროს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.