საქმე № 010210015760118
საქმე №ას-27-27-2016 1 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ფ. ც.-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ც.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საკომლო წიგნის ამონაწერში ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ არსებული ჩანაწერის გაუქმება, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. ც.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. ც.-ის მიმართ და მოითხოვა, გაუქმდეს საარქივო სამმართველოს ქ.-ის არქივის მიერ 2013 წლის 9 იანვარს გაცემული საკომლო წიგნის ამონაწერებში არსებული ჩანაწერი ე. ც.-ის საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფის შესახებ და ე. ც.-ე ცნობილ იქნას ქ.-ის რაიონში, სოფელ ჩ.-ში ფ.-ი ც.-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების (2501 კვ.მ მიწისა და 170.6 კვ.მ შენობა-ნაგებობის) თანამესაკუთრედ, ასევე, სათანადო ცვლილებები განხორციელდეს საჯარო რეესტრში.
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები არიან ძმები. მათი მშობლები – თ. და ნ. ც.-ეები გარდაიცვალნენ.
3. ქობულეთის რაიონის სოფელ ჩ.-ში არსებობდა თ. ც.-ის საკოლმეურნეო კომლი, რომელსაც ეკუთვნოდა 1969 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი და 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი.
4. მხარის მითითებით, სადავო უძრავი ქონება ქ.-ში, სოფელ ჩ.-ში საკუთრების უფლებით მოპასუხის სახელზე უკანონოდაა აღრიცხული, რადგან ფაქტობრივად მხარეთა თანასაკუთებას წარმოადგენს. მოსარჩელე ოჯახთან ერთად უწყვეტად ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას, რის გამოც არ დაუკარგავს უფლება საკოლმეურნეო კომლის წილზე.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საკომლო წიგნის ამონაწერებში არსებული ჩანაწერი ე. ც.-ის საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფის შესახებ და ე. ც.-ე ცნობილ იქნა ფ. ც.-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ქ.-ში, სოფელ ჩ.-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ №..) თანამესაკუთრედ და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა საჯარო რეესტრში, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ე. ც.-ე და ფ. ც.-ე არიან ძმები.
9. ქ.-ის რაიონის სოფელ ჩ.-ში არსებობდა მხარეთა მამის – თ. ც.-ის საკოლმეურნეო კომლი, რომელსაც ეკუთვნოდა 1969 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი და 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი.
10. ქ.-ში, სოფელ ჩ.-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხე ფ. ც.-ის სახელზე.
11. ე. ც.-ე დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს სადავო სახლში. მას საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია და 1982 წლის 9 ივლისიდან რეგისტრირებულია ქ.-ში, სოფელ ჩ.-ში, რაც ფ. ც.-ეს სადავოდ არ გაუხდია.
12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2013 წლის 8 იანვრის საარქივო ცნობაზე, რომლის თანახმად ქ.-ის რაონის, ხ.-ს სასოფლო საბჭოს აღმასკომში შემავალი სოფელ ჩ.-ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ც.-ე თ. მ.-ის ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობა შემდეგია: ც.-ე თ. მ.-ი ძე – ოჯახის უფროსი; ც.-ე ნ. თ.-ის ასული - ცოლი; ც.-ე შ. თ.-ის ძე – შვილი (გადახაზულია, მინიშნებით გამოეყო ცალკე კომლად 1991 წ.) ც.-ე ფ. თ.-ის ძე – შვილი; ც.-ე ე. თ.-ის ძე – შვილი (გადახაზულია, მინიშნებით გამოეყო ცალკე კომლად).
13. საკომლო წიგნის ამონაწერში სხვა სახის მონაცემები კომლიდან გასვლის თაობაზე, კერძოდ, თვე, რიცხვი, წელი და წასვლის მიზეზი და სხვა მითითებული არ არის. ანუ სრულიად დაუდასტურებელია ფ. ც.-ის არგუმენტი, რომ ე. ც.-ე 1993 წლამდე გამოეყო ცალკე კომლად.
14. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 6 მარტის საარქივო ცნობის მიხედვით, გადასინჯულ იქნა ხ.-ს თემის საკრებულოს 1996-1998 წლების გამგეობის სხდომის ოქმები, მაგრამ, სოფელ ჩ.-ში მცხოვრები ე. თ.-ის ძე ც.-ის ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა. ხ.-ს თემის საკრებულოს 1991-1995 წლების გამგეობის სხდომის ოქმები ქ.-ის არქივში სახელმწიფო შენახვაზე არ შეტანილა. ხ.-ს სასოფლოს საბჭოს აღმასკომის 1990 წლის ჩათვლით დოკუმენტები გადაეცა აჭარის საარქივო სამმართველოს.
15. 2015 წლის 4 მარტის საარქივო ცნობიდან სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საარქივო სამმართველოს ცენტრალურ არქივში დაცული ქ.-ის რაიონის ხ.-ს სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1986-1990 წლების სხდომის ოქმებში ე. თ.-ის ძე ც.-ის მამისეული კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა.
16. სააპელაციო პალატის მითითებით, ე. ც.-ის კომლიდან ამოწერის ან ცალკე კომლად გამოყოფის ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება (თუნდაც წელს და ა.შ.) საქმის მასალებში არ მოიპოვება.
17. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფა, საკოლმეურნეო კომლის ქონებაზე უფლების დაკარგვა, კომლის გაყრა და ა.შ. ხდებოდა იმ დროისათვის მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 126-ე, 127-ე, 128-ე მუხლების საფუძველზე. თითოეული ზემოაღნიშნული მოქმედება ხორციელდებოდა გარკვეული პროცედურების დაცვით, რაც შემდგომში საკომლო ჩანაწერებში ჰპოვებდა ასახვას. ანუ, ყოველი საკომლო ჩანაწერი გარკვეული წინაპირობებიდან გამომდინარეობდა. შესაბამისად, წარმოდგენილი სადავო საკითხის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანეს ჩანაწერს წარმოადგენს საკომლო წიგნის ჩანაწერი, მაგრამ არა ისეთი ზოგადი ხასიათის, აბსტრაქტული, როგორიც წინამდებარე საქმეშია წარმოდგენილი, სადაც არანაირი მითითება არ არის, გარდა იმისა, რომ ე. ც.-ე გამოეყო ცალკე კომლად. აქ არ არის მითითება იმაზე, თუ რომელ წელს გამოეყო, რა იყო ამის საფუძველი და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ჩანაწერი (უთარიღო) არ არის საკმარისი საფუძველი იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ე. ც.-ე სწორედ 1993 წლამდე გამოეყო ცალკე კომლად.
18. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად უწყვეტად ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას, რის გამოც არ დაუკარგავს უფლება საკოლმეურნეო კომლის წილზე. 1993 წლიდან კი იგი სხვა წევრებთან ერთად კომლის ქონების მესაკუთრეა.
19. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკოლმეურნეო კომლი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე.
20. საკოლმეურნეო კომლის საოჯახო ქონებრივი გაყოფა ძირითადად დაკავშირებული იყო კომლის შემადგენლობის შეცვლასთან, რის შედეგადაც კომლი, როგორც საოჯახო შრომითი გაერთიანება, ან მთლიანად წყვეტდა თავის არსებობას და მის ბაზაზე იქმნებოდა ორი ან რამდენიმე ახალი კომლი, ან იგი რიცხობრივად მცირდებოდა კომლიდან წევრის გასვლის გამო. პირველ შემთხვევაში საქმე ეხება კომლის გაყრას, ხოლო მეორე შემთხვევაში – კომლიდან გამოყოფას.
21. სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის ამოქმედებამდე საკოლმეურნეო კომლის საოჯახო ქონებრივი გაყოფის ცნება კანონით არ იყო განსაზღვრული და საკოლმეურნეო კომლის მიმართ გამოიყენებოდა მიწის კოდექსის სათანადო ნორმები. სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში დაზუსტდა კომლიდან გამოყოფისა და საკოლმეურნეო კომლის გაყრის ცნება. (სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 126-127-130-ე მუხლები). კომლიდან გამოყოფა, როგორც წესი, აღინიშნებოდა კომლიდან გასვლით, თუმცა არსებობდა შემთხვევები, როდესაც კომლის წევრი აპირებდა ქონების გაყოფას და ფიქრობდა კვლავ კომლში დარჩენას საცხოვრებლად.
22. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იმხანად მოქმედი კანონმდებლობის თაობაზე არსებულ იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრდა შეხედულება, რომელიც დასაშვებად თვლიდა საკოლმეურნეო კომლის საცხოვრებელი სახლიდან გარკვეული წილის გამოყოფას საკუთრების უფლებით და მასზე სამოქალაქო კანონმდებლობით საერთო წილადი საკუთრებისათვის დადგენილი უფლებრივი რეჟიმის გავრცელებას. მაგალითად: თუ კომლის რომელიმე წევრი თავს დაანებებდა სამეურნეო საქმიანობას (მუშაობას დაიწყებდა საწარმოში და ა.შ), ხოლო საცხოვრებლად დარჩებოდა ამავე კომლში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ამ შემთხვევაშიც კომლის წევრი ითვლებოდა კომლიდან გამოყოფილად. კომლიდან გამოყოფა კომლიდან გასვლით და კომლში დარჩენით კომლის საერთო საკუთრების მიმართ წარმოშობდა სამართლებრივად განსხვავებულ რეჟიმს, კერძოდ, კომლიდან გასვლით და ქონების გატანით (ნატურით თუ ფულადი კომპენსაციის სახით) მთლიანად უსპობდა კომლის წევრს უფლებას კომლის საერთო ქონებაზე, კომლში საცხოვრებლად დარჩენით კი, კომლის საერთო საკუთრების ქონებაზე უფლების მოსპობასთან ერთად წარმოიშობოდა კომლთან საერთო წილადი საკუთრების უფლება, რაც ეხებოდა მხოლოდ საცხოვრებელ სახლს.
23. როგორც უკვე აღინიშნა, სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 126-127-130-ე მუხლების თანახმად, საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფა, საკოლმეურნეო კომლის ქონებაზე უფლების დაკარგვა, კომლის გაყრა და ა.შ ხორციელდებოდა გარკვეული პროცედურების დაცვით.
24. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის მოქმედი რედაქცია) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს ეკუთვნოდათ თანასაკუთრების უფლებით, ხოლო იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც ეკუთვნოდათ თანაბარი წილი.
25. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის 29-ე დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ ეკუთვნოდა კომლს და გახდა იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.
26. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 123-ე და 128-ე მუხლების თანახმად, კომლის წევრს წარმოადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში.
27. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საკომლო ჩანაწერში არსებობს მითითება, რომ ე. ც.-ე კომლიდან გასულია. ამასთან, დადგენილია, რომ იგი დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში. საქმის მასალებით არ დასტურდება ე. ც.-ის კომლიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, არ არსებობს განცხადება ამ უკანასკნელის კომლიდან ამოწერის, ან სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება კომლიდან ამოწერის შესახებ, რომ იგი არ ცხოვრობდა სოფლად, არ ჰქონდა სოფელთან კავშირი, შრომით მონაწილეობას არ იღებდა კომლის მეურნეობაში და უძრავ ქონებას არ ფლობდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ საკომლო წიგნში ე. ც.-ე გადახაზულია, არ ადასტურებს ამ უკანასკნელის კომლიდან ამოწერის ფაქტს, რადგან საქმის მასალებში არ მოიპოვება მისი ამოწერის მოტივი, საფუძველი (მიზეზი), რაც მთავარია – თარიღი, და ა.შ.
28. სააპელაციო პალატამ არ გაიზაირა მოპასუხის მითითება, რომ ე. ც.-ის კომლიდან გამოყოფას ადასტურებს მის საკუთრებაში ქ.-ის რაიონის სოფელ ჩ.-ში 3722 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, რომელიც მხარემ სწორედ კომლიდან ამოწერის შემდეგ მიიღო.
29. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში მართლაც არის წარმოდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ ე. ც.-ე არის ქ.-ში, სოფელ ჩ.-ში მდებარე 3722 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, თუმცა საკუთრების უფლების დამადასტურებელ სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია 2008 წლის საკუთრების უფლების მოწმობა და ქ.-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება. ამდენად ცხადია, არანაირი ლოგიკური ბმა არ არსებობს მითითებულ მიწის ნაკვეთსა და ე. ც.-ის კომლიდან გამოყოფას შორის.
30. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ფ. ც.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
31. კასატორმა მიიჩნია, რომ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 115-ე და 122-ე მუხლების თანახმად (1964 წლის რედაქცია), საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, 1993 წლიდან საკოლმეურნეო კომლმა შეწყვიტა არსებობა და კომლის ის წევრები, რომლებიც ამ დროისათვის წარმოადგენენ ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრებს, ავტომატურად გახდნენ ამ ქონების თანამესაკუთრეები.
32. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით უდავოდ დასტურდება, რომ ე. ც.-ე მამის – თ. ც.-ის კომლს გამოეყო 1993 წლამდე და დარეგისტრირდა ცალკე კომლად. ანუ, მან გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი მამისეულ ოჯახთან. ის გარემოება, რომ ე. ც.-ე ცხოვრობდა მამისეულ ოჯახში და რეგისტრირებულია იმავე მისამართზე არ წარმოადგენს საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს, ვინაიდან კომლის ქონება 1993 წლიდან გამოცხადდა ყველა მისი წევრის საკუთრებად, ხოლო ამ დროისათვის ე. ც.-ე არ წარმოადგენდა თ. ც.-ის კომლის წევრს.
33. მხარის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ე. ც.-ე კომლს არ გამოყოფია, რადგან არ არსებობს სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება. ის გარემოება, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს დოკუმენტის სათანადო წესით შენახვა, არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ ამ დოკუმენტის საფუძველზე გაკეთებული ქმედებები ჩაითვალოს არარსებულად. ამასთან, მითითებული საკითხის გარკვევა არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გასარკვევ საკითხს.
34. კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლო გასცდა დავის საგანს, ვინაიდან მოსარჩელეს სხვაგვარად ჰქონდა ჩამოყალიბებული მოთხოვნა, ხოლო სასამართლომ მოახდინა მისი თვითნებური ინტერპრეტაცია. მსგავსი ქმედების განხორციელების უფლება სასამართლოს აქვს სწორედ ადმინისტრაციული წარმოებისას (სარჩელის ტრანსფორმაცია) და არა სამოქალაქო სამართალწარმოებისას, სადაც მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი და მხარე თავად წყვეტს სარჩელის შეტანისა და სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბების საკითხს.
35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით ფ. ც.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
36. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ფ. ც.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
37. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 8 იანვრის საარქივო ცნობის თანახმად, ქ.-ის რაონის, ხ.-ს სასოფლო საბჭოს აღმასკომში შემავალი სოფელ ჩ.-ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ც.-ე თ. მ.-ის ძე არის კომლის უფროსი.
38. კომლი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: ც.-ე თ. მ.-ის ძე – ოჯახის უფროსი; ც.-ე ნ. თ.-ის ასული - ცოლი; ც.-ე შ. თ.-ის ძე – შვილი (გადახაზულია, მინიშნებით გამოეყო ცალკე კომლად 1991 წ.) ც.-ე ფ.–ი თ.-ის ძე – შვილი; ც.-ე ე. თ.ის ძე – შვილი (გადახაზულია, მინიშნებით გამოეყო ცალკე კომლად).
39. საკომლო წიგნის ამონაწერში სხვა სახის მონაცემები კომლიდან გასვლის თაობაზე, კერძოდ, თვე, რიცხვი, წელი და წასვლის მიზეზი და სხვა მითითებული არ არის. ანუ სრულიად დაუდასტურებელია ფ.ი ც.-ის არგუმენტი, რომ ე. ც.-ე 1993 წლამდე გამოეყო ცალკე კომლად.
40. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 6 მარტის საარქივო ცნობის მიხედვით, გადასინჯულ იქნა ხ.-ს თემის საკრებულოს 1996-1998 წლების გამგეობის სხდომის ოქმები, თუმცა სოფელ ჩ.-ში მცხოვრები ე. თ.-ის ძე ც.-ის ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა. ხ.-ს თემის საკრებულოს 1991-1995 წლების გამგეობის სხდომის ოქმები ქ.-ის არქივში სახელმწიფო შენახვაზე არ შეტანილა. ხ.-ს სასოფლოს საბჭოს აღმასკომის 1990 წლის ჩათვლით დოკუმენტები გადაეცა აჭარის საარქივო სამმართველოს.
41. 2015 წლის 4 მარტის საარქივო ცნობიდან სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საარქივო სამმართველოს ცენტრალურ არქივში დაცული ქ.-ის რაიონის ხ.-ს სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1986-1990 წლების სხდომის ოქმებში ე. თ.-ის ძე ც.-ის მამისეული კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა.
42. სააპელაციო პალატის მითითებით, ე. ც.-ის კომლიდან ამოწერის ან ცალკე კომლად გამოყოფის ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება (თუნდაც წელს და ა.შ.) საქმის მასალებში არ მოიპოვება.
43. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ე. ც.-ე სადავო საკოლმეურნეო კომლს არ გამოყოფია, რადგან არ არსებობს სასოფლო საბჭოს აღმასკომის შესაბამისი გადაწყვეტილება. მხარის ძირითად არგუმენტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა ვერ უზრუნველყო დოკუმენტის სათანადო წესით შენახვა, რაც არ წარმოადგენს ამ დოკუმენტის საფუძველზე გაკეთებული ქმედებების ანულირების სამართლებრივ წინაპირობას.
44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
45. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
46. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო სსრ სამართლის კოდექსის 123-ე და 128-ე მუხლების დანაწესი, კერძოდ, კომლის წევრს წარმოადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში.
47. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კომლის წევრობის დაკარგვას კანონმდებელი უკავშირებდა ისეთ შემთხვევას, როდესაც კომლის წევრი ზედიზედ სამი წლის განმავლობაში აღარ აწარმოებდა საკომლო მეურნეობას.
48. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საკომლო ჩანაწერში არსებობს მითითება, რომ ე. ც.-ე კომლიდან გასულია. ამასთან, დადგენილია, რომ იგი დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში. საქმის მასალებით არ დასტურდება ე. ც.-ის კომლიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, არ არსებობს განცხადება ამ უკანასკნელის კომლიდან ამოწერის, ან სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება კომლიდან ამოწერის შესახებ, რომ იგი არ ცხოვრობდა სოფლად, არ ჰქონდა სოფელთან კავშირი, შრომით მონაწილეობას არ იღებდა კომლის მეურნეობაში და უძრავ ქონებას არ ფლობდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ საკომლო წიგნში ე. ც.-ე გადახაზულია, არ ადასტურებს ამ უკანასკნელის კომლიდან ამოწერის ფაქტს, რადგან საქმის მასალებში არ მოიპოვება მისი ამოწერის მოტივი, საფუძველი (მიზეზი), რაც მთავარია – თარიღი, და ა.შ.
49. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობად არ მიიჩნევს კასატორის არც იმ არგუმენტს, რომ სასამართლო გასცდა დავის ფარგლებს და მოახდინა მოსარჩელის მოთხოვნის ტრანსფორმაცია.
50. აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნას იმთავითვე წარმოადგენდა საკომლო წიგნის ამონაწერში ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ არსებული ჩანაწერის გაუქმება და უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა (ს.ფ. 5). სწორედ აღნიშნულ მოთხოვნაზე იმსჯელა ორივე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ. შესაბამისად, გაურკვეველია, რა სახით დაარღვია სასამართლომ დისპოზიციურობის პრინციპი და რაში გამოიხატა სასარჩელო მოთხოვნის უკანონო ტრანსფორმაცია.
51. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
52. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
54. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ფ. ც.-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 25 იანვრის №2 საგადახდო დავალებით გადახდილი 350 ლარის 70% – 245 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. ც.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ფ. ც.-ის (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 25 იანვრის №2 საგადახდო დავალებით გადახდილი 350 ლარის 70% – 245 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური