საქმე № 820210014622520
საქმე №ას-43-43-2016 23 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ნ., ს. და ა. ჯ.-ეები (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის 1/3 ნაწილის მემკვიდრეთა და საჯარო რეესტრში მონაცემთა ცვლილების შეტანის გზით მის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. კ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. კ.-ის, ნ., ს. და ა. ჯ.-ეების მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი 1995 წლის 25 დეკემბერს დამოწმებული №... სამკვიდრო მოწმობა ხ.-ში, სოფელ ს.-ში მდებარე უძრავი ნივთის 1/3 ნაწილში და 2014 წლის 10 იანვარს ნ., ს. და ა. ჯ.-ეებს შორის ამავე მისამართზე მდებარე უძრავ ნივთზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება 1/3 ნაწილში, მ. კ.-ე ცნობილ იქნეს მამის – მ. კ.-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და თანამესაკუთრედ ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე უძრავ ქონების 1/3 ნაწილში, რაზეც საჯარო რეესტრში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები.
2. მოსარჩელის განმარტებით, მ. კ.-ე დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობდა ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე მ. კ.-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში.
3. 1984 წელს მ. კ.-ის მამა მ. კ.-ემ იქორწინა მოპასუხე ნ. ჯ.-ეზე. 1995 წელს კი, მ. კ.-ე გარდაიცვალა.
4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხისა და ამონაწერის საფუძველზე მოსარჩელემ შეიტყო, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ პირველი რიგის მემკვიდრეებმა – მ. კ.-ის ძმა ჯ. კ.-ემ და დედინაცვალმა ნ. ჯ.-ემ განცხადებით მიმართეს ნოტარიუსს, მიიღეს სამკვიდრო მოწმობა და საკუთრებაში გადაეცათ ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე მ. კ.-ის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლი მასზედ მიმაგრებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.
5. საჯარო რეესტრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვის შემდეგ მ. კ.-ისათვის ცნობილი გახდა, რომ ნ. ჯ.-ე ჯ. კ.-ის გვერდის ავლით ცდილობდა მამისეული სახლ-კარის გასხვისებას, რა მიზნითაც 2005 წელს ზემოაღნიშნული ქონება აღრიცხა საჯარო რეესტრში. რეგისტრაციის საფუძვლად, სამკვიდრო მოწმობის ნაცვლად, მიეთითა 2000 წლის 7 მარტს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად მოპასუხეს მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდა 0,035 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო მიწის რეფორმის შედეგად გადაეცა 0,26 ჰა. ამავდროულად, ნ. ჯ.-ისათვის ცნობილი იყო, რომ რეფორმამდე არსებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე 1995 წლიდან (სამკვიდრო მოწმობის გაცემის დღიდან), ჯ. კ.-ესთან ერთად იყო მ. კ.-ეც.
6. მოსარჩელის მითითებით, ნ. ჯ.-ემ საჯარო რეესტრში მიღება-ჩაბარების აქტით ინდივიდუალურ საკუთრებად დაირეგისტრირა მხოლოდ სამკვიდრო მოწმობით თანასაკუთრებაში მიღებული 254,51 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (შენობა-ნაგებობა) და 351 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მ. კ.-ე მ. კ.-ის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მამისეულ სახლში, ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში, ხოლო მამის გარდაცვალების შემდეგ ის, როგორც მ. კ.-ის პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრე, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სამკვიდროს.
7. მოპასუხე ნ., ს. და ა. ჯ.-ეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეს მამის სამკვიდროდან გარკვეული ქონება გადაეცა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რისთვისაც მ. კ.-ეს ფაქტობრივად თანხა არ გადაუხდია. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო და ხანდაზმულია.
8. მოპასუხე ჯ. კ.-ემ სარჩელი ცნო და არ დაეთანხმა დანარჩენ მოპასუხეთა პოზიციას, რომ მოსარჩელეს სამკვიდროდან კონკრეტული ქონება გადაეცა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება სინამდვილეს არ შეესაბამება.
9. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 1995 წლის 25 დეკემბერს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის №...) ხ.-ში, სოფელ ს.-ში მდებარე უძრავ ნივთზე ს/კ .. ; ს/კ ... ; ს/კ ... 1/3 ნაწილში, ასევე, ნ., ს. და ა. ჯ.-ეს შორის 2014 წლის 10 იანვარს ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე (ს/კ ...) უძრავ ნივთზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქონების 1/3 ნაწილზე, მ. კ.-ე ცნობილ იქნა მამის – მ. კ.-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და თანამესაკუთრედ ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ ...; ს/კ ...; ს/კ ... 1/3 ნაწილში, რაზედაც საჯარო რეესტრში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები.
10. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ., ს. და ა. ჯ.-ეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ მოსარჩელე მ. და ჯ. კ.-ეები არიან მამკვიდრებელ მ. კ.-ის შვილები, მოპასუხე ნ. ჯ.-ე კი, – მისი მეუღლე, მ. და ჯ. კ.-ეების დედინაცვალი. ს. და ა. ჯ.-ეები არიან ნ. ჯ.-ის ძმის შვილები.
13. სარჩელის, მოსარჩელის, მისი წარმომადგენლისა და მოწმეთა განმარტებების, ასევე, მოპასუხე ჯ. კ.-ის მიერ წარმოდგენილი შესაგებლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მ. კ.-ე დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობდა ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე მ. კ.-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, როგორც მ. კ.-ის შვილი.
14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელით, დაზუსტებული სარჩელით, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი შესაგებლებით, მხარეთა და მოწმეთა განმარტებებით, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროს მიერ 1984 წლის 21 აპრილს გაცემული ქორწინების №...-- მოწმობით დასტურდება, რომ ნ. ჯ.-ე და მ. კ.-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1984 წლის 21 აპრილიდან. სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2012 წლის 13 სექტემბერს განმეორებით გაცემული ალ №... გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ მ. კ.-ე გარდაიცვალა 1995 წლის 26 აპრილს.
15. მამის მ. კ.-ის გარდაცვალების შემდგომ მ. კ.-ე აგრძელებდა ცხოვრებას მამისეულ სახლში, აწარმოებდა სარემონტო სამშენებლო სამუშაოებს უვლიდა და აწესრიგებდა მიმდებარე ტერიტორიას (ტერასებს), ჰქონდა და აქვს ოთახი მის მფლობელობაში, სადაც განთავსებულია მისი კუთვნილი ნივთები და მამის გარდაცვალებისთანავე ფაქტობრივი ფლობის გზით მიიღო მემკვიდრეობა, რომელიც განავრცო, აწარმოა სამშენებლო სამუშაოები, მიუმატა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები და დღემდე სარგებლობს მამის დანაშთი ქონებით.
16. სარჩელითა და დაზუსტებული სარჩელით, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის, მოპასუხე ჯ. კ.-ის, მოწმეების – ზ. კ.-ის, ქ. ა.-ას, ი. კ.-ის, ი. ა.-ის, თ------ ვ.-ის განმარტებებით, აგრეთვე, ოქმით ადგილზე დათვალიერების შესახებ სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე მ. კ.-ემ მამის გარდაცვალების შემდგომ ფაქტობრივი ფლობის გზით მიიღო სამკვიდრო, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ.
17. მ. კ.-ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით დასტურდება, რომ მოპასუხე ნ. ჯ.-ე 2012 წლამდე არწმუნებდა სადავო ქონებაზე პრეტენზიის არარსებობასა და მის დამოკიდებულებაზე, რომ მ. კ.-ის დანაშთი ქონება მისი შვილების საკუთრება იყო. პირადად მამის სიცოცხლეში ზრუნავდა მამასა და მოპასუხე ნ. ჯ.-ეზე, ხოლო შემდგომ ნ. ჯ.-ეზე. მამის გარდაცვალების შემდგომ 52 დღე მუდმივად იქ იმყოფებოდა. მამის სიცოცხლესა და მისი გარდაცვალების შემდგომ აკეთებდა ყველაფერს, უვლიდა ბაღს, ასუფთავებდა ტერასებს, აგორებდა მორებს. მამის მიერ სიცოცხლეში ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი, ნ. ჯ.-ემ მიჰყიდა, რომლის ღირებულება გადაიხადა სადავო სახლში ნ. ჯ.-ის მიერ მისი კუთვნილი წილის გაქირავებით. სადავო სახლის მეორე სართულზე აქვს ოთახი, რომლითაც სარგებლობდა მამის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების დღიდან. მანვე ააშენა სამზარეულოს ნახევარი. აქვს მოძრავი საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლითაც სარგებლობდა, მათ შორის პირადი და მამის კუთვნილი კარადის ნაწილი. მოსარჩელე მ. კ.-ის განმარტება მთლიანად დაადასტურა მოპასუხე ჯ. კ.-ემ. მანვე მიუთითა, რომ მ. კ.-ემ მის მიერ სადავო ქონებასთან მიმართებით დავის აღძვრასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა.
18. მოწმის სახით დაკითხული ზ. კ.-ის განმარტებით დადგენილია, რომ 1987 წლიდან არის მოსარჩელის რძალი. მ.-ის სიცოცხლეში მ. კ.-ე ეხმარებოდა ნ.-ს ფიზიკურად და ეკონომიურად. პირადი ოჯახური კონფლიქტის გამო, ხშირად რჩებოდა. მ. კ.-ე გარდაიცვალა 1995 წელს, 52 დღე მ. კ.-ე სახლიდან არ გამოსულა. შემდეგ ყოველ პარასკევს ჩამოდიოდა სამი დღით, რჩებოდა, ღამეს ათევდა, ეხმარებოდა ნ.ს ჯ.-ეს, როგორც ფიზიკურად ისე კომუნალური გადასახადების გადახდაში. მამის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ ეზოს შესასვლელში ოთახს მიაშენა სამზარეულო. გადაიხადეს 40 და 52, ჯ.ი და ის იქ ცხოვრობდნენ ბავშვთან ერთად.
19. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოპასუხეების – ნ., ს. და ა. ჯ.-ეების წარმომადგენელმა არასწორი შეფასება მისცა ზ. კ.-ის განმარტებას, საპაექრო სიტყვაში წარმოთქვა მხოლოდ მისთვის მისაღები ამონარიდები და გვერდი აუარა მოწმის ისეთ ჩვენებას, სადაც იგი ადასტურებდა მ. კ.-ის მხრიდან მამის გარდაცვალების შემდეგ 52 დღის განმავლობაში სადავო სახლთმფლობელობაში მუდმივად ყოფნის ფაქტს, კვირის განმავლობაში სამი დღით მამის სახლში ცხოვრებას, სადავო სახლში მ. კ.-ის ოთახის არსებობას.
20. სააპელაციო პალატის მითითებით, მოდავე მხარე ცდილობს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს მოწმე ზ. კ.-ის განმარტებები: „მ. ყოველთვის ეხმარებოდა ნ.ს“,.. „მ.კო ეხმარებოდა ნ.ს იმიტომ, რომ მეორე დედად თვლიდა და ყოველნაირად უწყობდა ხელს“,.. „სახლის დალაგებაში ლ.-ს ნ. უხდიდა ფულს“,.. „დივანი და სავარძელი ჩვენი შეკითხვის გარეშე მისცა თავის ძმისშვილს, ლ. ასვენებდა თავისი ოჯახის წევრებს, ჩვენ ორ შვილს სახლში ღამის გათევის საშუალება არ ჰქონდა, იმიტომ, რომ ნ.ს ჰქონდა მთელი სახლი დაკავებული და ჩემი შვილები ბიძაშვილებთან ათევდა ღამეს, ლ. ნ.საგან იღებდა დალაგების ფულს – თვეში 300 ლარს, ხშირად დაუნახავს, ფ. ნ.საგან ქირაობდა ეზოში ადგილს, სადაც ყიდდა საზღვაო ნივთებს, ლ---- ზაფხულში ეხმარებოდა ნ.ს და ალაგებდა ოთახებს“,.. „მ. შაბათ-კვირას ეხმარებოდა ნ.ს“,.. „სერფინგი ეკუთვნის მ.ს, მოიტანა 10 წლის წინ“,.. „მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მ.ის, მასზე იყო გაფორმებული, ეს იყო სამკვიდრო ქონება, მიწა იყო მ.ის, ჰქონდა ნ.ს გაფორმებული, მ-.მ იყიდა ნ.საგან მ.ის დატოვებული ქონება“, „ლ.-სა და ლ.-სათვის დალაგების ფული მ-.ს არასდროს გადაუხდია“,.. „აგვისტოს ომამდე შევთანხმდით, რომ გაქირავებით შემოსული თანხის ნაწილს გადაგვიხდიდა“,.. „მიწაში მ.მ ნ.ს ნახევარი გადაუხადა, ესწრებოდა საუბარს“.
21. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებულ განმარტებაში არის ერთგვარი პროტესტი ნ. ჯ.-ის ქმედების მიმართ იმ ნივთების ნებართვის გარეშე გასხვისების გამო, რომელსაც მოწმე თავისი მეუღლის სამკვიდროდ მიიჩნევდა. დავა ეხება მ. კ.-ეს, ნ., ს. ა. ჯ.-ეებს და ჯ. კ.-ეს შორის სადავო ქონებას, სად ათევდნენ ღამეს და ათევდნენ თუ არა მამის კუთვნის წილში ჯ. კ.-ის შვილები, მ. კ.-ესთან მიმართებით კავშირი არ აქვს. მოწმე ზ. კ.-ეს არ უთქვამს, რომ მ. კ.-ის სარგებლობაში არსებულ ოთახს, სათანადო საზღაურის სანაცვლოდ, ალაგებდნენ მოპასუხის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხული ლ. ბ.-ე და ლ. ს.-ე, შესაბამისად, მ. კ.-ე არ გადაუხდიდა მათ გასამრჯელოს, ნ. ჯ.-ეს სრული უფლება ჰქონდა, გაექირავებინა ეზოში მისი კუთვნილი წილი. მოსარჩელეს არ გაუჟღერებია, რომ ის არის ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე და სადავო ქონების ერთპიროვნული მფლობელი, სამკვიდრო სამი პირველი რიგის მემკვიდრის თანასაკუთრებაა, და ნ. ჯ.-ის მხრივ ეზოს თავისი წილის, პირადი შეხედულების მიხედვით, გამოყენება მოსარჩელის მოთხოვნასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის გაფორმდა მიწაზე ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონების ეს ნაწილი სამკვიდრო მასაში არ შედიოდა.
22. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მამის გარდაცვალებიდან 52 დღე და შემდგომში კვირაში სამი დღე სადავო სახლში მხოლოდ მოპასუხე ნ. ჯ.-ეზე ზრუნვისთვის არ დადიოდა, მას სურდა, მიეხედა მამის დანაშთი ქონების იმ ნაწილისათვის, რასაც თავისად მიიჩნევდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სადავო ქონებას არაფერს არ შეჰმატებდა. მოპასუხე მხარემ სადავოდ ვერ გახადა მ. კ.-ის კუთვნილი ქონების სადავო სახლში ყოფნა, არც მანსარდში განთავსებულ ნივთებზე გამოუთქვამს პრეტენზია, შესაბამისად, მოსარჩელე იმიტომ ეხმარებოდა კომუნალური გადასახადების გადახდაში, რომ ამ გადასახადში მისი კომუნალური მომსახურების საზღაურიც შედიოდა.
23. საწოლების და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების მიტანასთან მიმართებაში, რომლის ნაწილი სიცოცხლეში, ხოლო ნაწილი მ. კ.-ის გარდაცვალების შემდეგაა მიტანილი, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება და მასზე მოპასუხე ნ. ჯ.-ის საპირისპირო რეაქციის არარსებობა ადასტურებს მოპასუხის პოზიციის, რომ ის მ. კ.-ეს მიიჩნევდა მამის ქონებაზე მემკვიდრედ და უფლებამოსილ პირად, რომელსაც შეეძლო საკუთარი ნივთები ჰქონოდა მამის სახლში და მ. კ.-ის გარდაცვალების შემდგომ გაეგრძელებინა იმ ქონებით სარგებლობა, რასაც სიცოცხლეშიც იყენებდა (მის მფლობელობაში არსებული კედლის, ე.წ. „სტენკის“ კარადა). მისი ნივთები გადააადგილა, მაგრამ სახლის დაცლაზე პრეტენზია არ განუცხადებია. ამასთან, მ. კ.-ის კუთვნილი მოძრავი ქონების – „კედლის“ ნაწილი არ გაუტანია მ. კ.-ის თავისად დაგულვებული ოთახიდან და მამის გარდაცვალებიდან დღემდე იგი მოსარჩელის მფლობელობასა და სარგებლობაშია.
24. მოწმის სახით დაკითხული ქ. ა.-ას განმარტებით, რომელიც მოსარჩელე მ. კ.-ის დიდი ხნის მეგობარია, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოწმე იცნობდა მ. კ.-ეს, რომელიც იყო მ. და ჯ. კ.-ეების მამა. სიცოცხლის ბოლო წლებში მასთან ცხოვრობდა მეუღლე ნ. ჯ.-ე და შვილი – მ. კ.-ე. მათთან ხშირი მიმოსვლა და ურთიერთობა ჰქონდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მ. 52 დღის განმავლობაში ცხოვრობდა ამ სახლში, სადაც განთავსებულია მისი ნივთები – ლოგინი, მატრასები, მ.ის სერვანდის ნაწილი, მ.მა რომ ოპერაცია გაიკეთა, მ. სულ იქ იყო. გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა და ცხოვრობს. ოთახი ახლაც აქვს. ტერასები მ.მ გააკეთა.
25. მოწმის სახით დაკითხული ი. კ.-ის განმარტებით, რომელიც მ. კ.-ის რძალია, სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ქმრისაგან მიღებული ინფორმაციით მ. კ.-ე მამის, მ. კ.-ის გარდაცვალების შემდეგ თითქმის მუდმივად ცხოვრობდა მამის სახლში ორი თვის მანძილზე. შემდგომში, როგორც წესი, პარასკევიდან ორშაბათამდე ყველა თავისუფალ დროს ის დადის მხოლოდ მის ფართში, ყველა საქმეს მ. აკეთებდა, მათ შორის, – მამაკაცისასაც. როცა დაქორწინდნენ პირველი თვე გაატარეს ს.-ის სახლში, მ.ს ოთახში. დღესაც აქვს ეს ოთახი, ნივთები და ჭურჭელი. ადრეც იდგა სტენკის ნაწილი, მამისეული რბილი ავეჯი. მ.მ სამზარეულოც ააშენა. სახლის ირგვლივ გააკეთა ტერასები, დარგო ნარგავები, ბოსტნეული, საიდანაც ნაწილი სახლში მიჰქონდათ, ნაწილს ჰყიდდნენ. ბადე და ნავი სულ იქ იყო, სერფინგი შემდეგ მიიტანეს და აქირავებდნენ. იცოდა, რომ სახლი მხოლოდ ნ.ს არა, მათი იყო. მისი რძლობის განმავლობაში გადაიტანა ტელევიზორი, ორი საწოლი, ტუმბო დივანი და სხვა ნივთები. მოწმემ სრულად აღწერა სახლის განლაგება, ოთახი, რომელიც მ.ს თავისად აქვს დაგულებული, რაც დადგინდა ადგილის დათვალიერების დროს, ასევე მიუთითა ნივთებზე, რომელიც მ.ისგან მიიღო მ. კ.-ემ და შემდგომში მიუმატა. მოპასუხეს იმ გარემოების საპირისპიროდ რომ ახლადდაქორწინებულმა წყვილმა მოსარჩელე მ. კ.-ის(დედისა დ დედამთილის) მფლობელობაში არსებულ ოთახში გაატარა ქორწინების პირველი თვე საპირისპირო არ დაუდასტურებია, არც შეკითხვა დაუსვამს აღნიშნულის დასაზუსტებლად ან უარსაყოფად.
26. მოწმის სახით დაკითხული ი. ა.-ის განმარტებით დადგენილია, რომ იგი იცნობდა მ. კ.-ეს, რომელიც ცხოვრობდა ს.-ში, საკუთარ სახლში მოპასუხე ნ. ჯ.-ესა და მოსარჩელე მ. კ.-ესთან ერთად. მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მ.ის გარდაცვალების შემდეგ 52 დღე და შემდეგაც დადიოდა სახლში და მ. კ.-ე იქ ხვდებოდა. საშუალო ზომის ოთახი ეჭირა, სტენკის ერთი ნაწილი მისია, დადის კვირაში სამი დღე, მეორე სართულზე მ.ს ოთახში ყავას მიირთმევდნენ. მ. სახლს უვლიდა, როგორც საკუთარს. სამზარეულო პირადად მ.მ მიაშენა. ტერასებიც მან გააკეთა.
27. მოწმის სახით დაკითხული თ. ვ.-ის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოწმე არის კ.-ეთა ოჯახის ახლო ნათესავი, აწ გარდაცვლილი მ. კ.-ე იყო მისი ბიძა. თ. ვ.-მა დაადასტურა სადავო სახლში მ. კ.-ის ცხოვრების, მოსარჩელის ინიციატივითა და ხარჯით მ. კ.-ის სარგებლობაში არსებულ ოთახში მის მიერ შპალერის გაკვრის ფაქტი, ასევე, გარემოება, რომ მ. კ.-ე მამის გარდაცვალების შემდგომ ყველა რიტუალზე და 90 დღის მანძილზე სულ სადავო სახლში იყო. მოწმის განმარტებით, მ.-ს სახლის მეორე სართულზე აქვს ოთახი და არის მასში, დიდი ამაგი აქვს ს.-ზე და რაც გააკეთა, მ.-მ გააკეთა.
28. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხე ნ., ს. და ა. ჯ.-ეების წარმომადგენელი შეეცადა, მოეხდინა სასამართლოზე დაკითხულ მხარეთა და მოწმეთა განმარტებების არასწორი შეფასება, პირველი ინსტანციის სასამართლომ კი სწორად მიიჩნია, რომ მამის დანაშთი ქონების ფაქტობრივ მიღებას ადასტურებს მ. კ.-ის შემდეგი განმარტებები: „ნ. ჯ.-ემ 4 წლის წინ ავეჯი ისე გაასხვისა, რომ ჩვენ არაფერი არ გვკითხა“... „ნ.ს ვეხმარებოდი, ვალაგებდი, მაგრამ კი არ ვაყვედრი”,.. „ორი წლის წინ ჩემი ნივთები აქეთ გადმოალაგა“,... „მე იქედან არაფერი წამომიღია, მხოლოდ იქეთ მიმქონდა“... „ამ ქალს ჰქონდა გაბატონებული უფლება, მარტო მისი ნათესავები მოდიოდნენ, ყველგან მდგმურები იყო, მხოლოდ მისი ნათესავები“,.. „20 წელი სრულდება და ჩვენ და ჩვენს ნათესავებს იქ დასასვენებელიც არ გვაქვს, მარტო თვითონ თარეშობდა“.. „ქონება, რომელსაც მართავდა ნ. იქედან გამომდინარე გადავიხადე ნასყიდობის თანხა. მე ფული არ მიმიცია მაგრამ გამოვქვითე, ნ. მთლიანად განკარგავდა ქონებას და იქედან შემოსულ ფულს“,.. „სერფინგი მაქვს იქ, რომელიც მინიმუმ 15 წელია იქ დევს“,.. „არასდროს იქედან მატერიალური არაფერი წამომიღია“... მ. კ.-ე, როგორც დანაშთი ქონების ერთ-ერთი მემკვიდრეთაგანი მიიჩნევდა, რომ მოპასუხე ნ. ჯ.-ეს არ ჰქონდა სადავო სახლთმფლობელობაში არსებული მისი ნივთების გადაადგილებისა და გასხვისების, მ. კ.-ის ქონების თვითნებურად გამოყენების უფლება. მოსარჩელემ იცოდა, რომ არა მარტო თავისი წილი, არამედ ნ. ჯ.-ის მიერ შეპირებული მოპასუხის კუთვნილი წილიც მას გადაეცემოდა, შესაბამისად, მისი კუთვნილი სამკვიდრო ქონების სეზონურად გამოყენების უფლებას არ უკრძალავდა, ვინაიდან მიღებული შემოსავლით ახდენდა 2007 წლის 15 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ. ჯ.-ისათვის 1000 კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ღირებულების კომპენსირებას.
29. სააპელაციო პალატა დაეთანხმა რაიონული სასამართლოს განმარტებას, რომ ნ., ს. და ა. ჯ.-ეების წარმომადგენელმა არასწორი შეფასება მისცა ქეთევან ა.-ას განმარტებას, რომ ნ. ჯ.-ემ მ. კ.-ეს მიჰყიდა სამკვიდრო ქონების ნაწილი და მოსარჩელემ მამისეულ მიწაში გადაუხადა თანხა, ვინაიდან შესყიდული მიწა სამკვიდრო მასაში არ შედიოდა. მოსარჩელის განმარტების მიუხედავად, რომ მამამ აჩუქა მიწის ეს ნაკვეთი, მოპასუხე ნ. ჯ.-ემ აღნიშნული გარემოება გამოიყენა და მოსთხოვა საზღაური უძრავი ქონების შემძენს.
30. მოპასუხე ნ. ჯ.-ემ ჯ. კ.-ის გვერდის ავლით დაირეგისტრირა მ. კ.-ის დანაშთი ქონება, როგორც ერთადერთმა მემკვიდრემ. იგი მ. კ.-ის კუთვნილი სამკვიდროს სეზონურად გამოყენებით იღებდა მიწის ღირებულებას. ამასთან, მ. კ.-ის შვილებთან სიტუაციის გამწვავებამდე, ნორმალური დამოკიდებულების მიუხედავად, ვერ უარყო, რომ მის მიერ ფეხის მოტეხვისას საავადმყოფოში ხელში აყვანილი შეიყვანა მოსარჩელე მ. კ.-ის მეუღლემ.
31. მოპასუხე ჯ.-ეთა წარმომადგენელის მიერ საპაექრო სიტყვაში გამოყენებული მისი ამონარიდები მოპასუხე ჯ. კ.-ის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებიდან: „ნ.მ თაღლითური გზით დაისაკუთრა სახლი“,.. „ნ.მ მთლიანად მიითვისა მამაჩემის ქონება და მერე მოგვყიდა ჩვენ, 2007 წლის შემდეგ ნ.ს ჩვენთვის არაფერი მოუცია“,.. „სახლში ყველაფერს ვუკეთებდი ნ.ს, 2007 წლამდე ნ. განკარგავდა ყველაფერს, აქირავებდა სახლს და მაძლევდა 300 ლარს“,.. „ჩემთვის და მ.სთვის 2007 წლის მიწის ნაკვეთის ნასყიდობის დროს ცნობილი იყო, რომ სამკვიდრო მასა, გარდა ნასყიდობისა, კიდევ იყო“, არ ადასტურებს დავის საგნის უსაფუძვლობას, როგორც მოპასუხე მხარის მიერ არის წარმოჩენილი, არამედ მიუთითებს პირველი რიგის მემკვიდრეთა, როგორც სადავო ქონების თანამესაკუთრეთა პრეტენზიაზე ნ. ჯ.-ის მიმართ. მოპასუხე ჯ. კ.-ის ეს განმარტება თვალნათლივ ადასტურებს, რომ მამის გარდაცვალების დღიდან პირველი რიგის მემკვიდრეებს მამისეულ სამკვიდროსთან მუდმივი შეხება ჰქონდათ, ფაქტობრივად დაუფლნენ მას და დღეს განცხადებული პრეტენზია ნ. ჯ.-ისაგან მათი ქონებიდან მიზერული შემოსავლის გაღების ნაწილში მოპასუხის მცდელობითაა განპირობებული, პირველი რიგის მემკვიდრეებთან კეთილგანწყობის შენარჩუნებით გამხდარიყო სამკვიდრო ქონების ერთპიროვნული მესაკუთრე, რაც პირველ ეტაპზე განახორციელა კიდეც და ჯ. კ.-ის მიერ მასთან დავის საგანი გახდა.
32. 1995 წელს მ. კ.-ე გარდაიცვალა. მოსარჩელე მ. კ.-ის მოსაზრებით, მის ნივთებთან და მამისეულ ქონებასთან თვითნებური მოქმედების განხორციელების უფლება მოპასუხე ნ. ჯ.-ეს არ გააჩნდა.
33. რაც შეეხება მოპასუხე ნ., ს. და ა. ჯ.-ეების წარმომადგენლის მიერ მ. კ.-ის მხრივ ფაქტობრივი ფლობის გზით სამკვიდრო ქონების მიუღებლობის დასაბუთებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელე მ. კ.-ემ და მოპასუხე ჯ. კ.-ემ განმარტების მიცემისას გამოიყენეს გამოთქმები ქონებასთან მიმართებით „მართავდა“ და „განკარგავდა“, სააპელაციო პალატამ არ განმარტა, როგორც მოპასუხე ნ. ჯ.-ის ერთპიროვნული მესაკუთრის უფლების აღიარებად, რამეთუ მხარეები არ არიან სამართლებრივი სფეროში დასაქმებული იურისტები და შესაბამისად ეს ტერმინები გამოყენებულია როგორც მოპასუხე ნ. ჯ.-ის სადავო ქონებასთან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების შესატყვისი გამონათქვამი.
34. მოწმის სახით დაკითხული ი. კ.-ის ჩვენებიდან მოპასუხე ჯ.-ეების ინტერესთა დამცველი აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ ი. კ.-ე მ. კ.-ის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გახდა კ.-ეთა ოჯახის რძალი და საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები მისთვის გადმოცემით იყო ცნობილი. მხარემ დავის საგნის საწინააღმდეგოდ განმარტა მისი ჩვენების შემდეგი ნაწილი: „მ. ახლა დადის თავისი ძმის სახლში“,.. „მ. ყველაფერს აკეთბდა სახლში ნ.სათვის, რადგან იყო ასაკოვანი, თვითონ არ შეეძლო“,.. „სერფინგი დაახლოებით რვა წლის წინ მიიტანეს“.. „მ.მ ჩემს პერიოდში გადაიტანა ორი „ტუმბო“, ტელევიზორი, სავარძელი, დივანი, ძველი არის მხოლოდ კედლის ნაწილი“,.. „მე ვიცი, რომ მ.მ მთლიანად არა, მაგრამ ნაწილ-ნაწილ გადაუხადა თანხა, როგორც მე ვიცი, ყველა დოკუმენტი იყო ნ.ზე გაფორმებული, დედამთილის სიტყვებიდან ვიცი, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც მ.მ იყიდა, იყო მამისეული”. აღნიშნულ განმარტებაში მიუღებელი და დავის საგნის საწინააღმდეგო მოსაზრებები არ გამოთქმულა. მ. კ.-ის ძმასთან სიარულში არაფერია უჩვეულო, ვინაიდან როგორც ჯ. კ.-ეს, ისე მას აქვს საკუთრ სარგებლობაში გარკვეული ფართი, ამასთან, ჯ. კ.-ემ დაადასტურა, რომ მ.მ მისი ოთახი დროებით ათხოვა მას, რაც შეეხება ნ.სადმი დახმარებას, ლოგიკურია ერთ სახლში ცხოვრების და კვირაში სამი დღის სადავო სახლში ყოფნის განმავლობაში მორალური მხარდაჭერა გამოეხატა მოპასუხე ნ. ჯ.-ისადმი სახლის დალაგებით თუ სხვა სახის დახმარებით, რაც შეეხება სერფინგის სადავო სახლთმფლობელობაში გადატანის დროს და ორი „ტუმბოს“, ტელევიზორის, სავარძლის, დივანის გადატანის დროს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. კ.-ე, რომელიც ფლობდა მამისეულ სახლში სამკვიდროს, სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, მათ შორის გაქირავებისათვის გამიზნული სერფინგი მიიტანა მისთვის საკუთრებად მიჩნეულ ობიექტში. აღნიშნული რვა წლის წინ განხორციელდა, თუ უფრო ადრე მნიშვნელობა არ გააჩნია, მნიშვნელოვანია, რომ მ. კ.-ე უფლებამოსილი იყო, მიეტანა რაც სურდა.
35. ამასთან, მოწმე ი. კ.-ის მიერ დასახელებული ნივთების გარდა, რომელიც მ. კ.-ემ მამის სამკვიდრო ქონებას შემატა, იქ არის საწოლები, მატრასები, გაზი, სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრები ნივთები, რომელიც მამის გარდაცვალებამდე ჰქონდა მიტანილი და, ასევე, მამისეული კარადა.
36. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია მოპასუხე ჯ.-ეთა წარმომადგენლის მოსაზრება მოწმის სახით დაკითხული თ------ ვ.-ის მიერ მიცემული განმარტების სანდოობასთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელმა დაადასტურა მ. კ.-ის გარდაცვალების შემდგომ 90 დღის მანძილზე მოსარჩელის მამისეულ სახლში ყოფნის ფაქტი. მანვე დაადასტურა, რომ მისი გაკრულია მ.ს ოთახში შპალერი მ.ის გარდაცვალებამდე და ბიძამისის სიკვდილის შემდეგ იშვიათად მიდის იქ. ამავე განმარტებაში მოწმემ აღნიშნა, რომ შპალერი გაიკრა მ. კ.-ის სახსრებითა და თხოვნით, იმ შემთხვევაში, თუ მ. კ.-ეს არ ექნებოდა სადავო სახლში გამოყოფილი თავისი ოთხი, თუნდაც მამის სიცოცხლეში, ის დამოუკიდებელ სახსრებს მასში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად არ გაიღებდა. მოწმის განმარტება – „ბიძაჩემის სიკვდილის შემდეგ იშვიათად მივდივარ იქ“ არ ნიშნავს, რომ 1995 წელს იშვიათად დადიოდა ბიძის სახლში. მოწმეს არ განუცხადებია, რომ იშვიათად დადიოდა მ. კ.-ის გარდაცვალების პირველ წელს, არამედ განმარტა, რომ იშვიათად სტუმრობდა სადავო სახლს, რაც თავისი შინაარსით ბოლო წლებში მის მიმოსვლას გამოხატავდა.
37. მოპასუხე ნ. ჯ.-ის მოწმის ნ.-ის განმარტებით, რომელიც, ამავდროულად, მისი ნათესავია, ერთი თვე იმყოფებოდა მათ სახლში. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. დავა არ ყოფილა. აღწერა საცხოვრებელი სახლი, დაადასტურა, რომ კედელი მ.ს აჩუქეს თანამშრომლებმა. მ. ხშირად დადიოდა, ცალკე ოთახი თუ ჰქონდა არ იცის. კარები არსად არ იკეტებოდა. მ.ი გაიცნო, როცა ნ. გაჰყვა ცოლად. მ.ს ძალიან ხშირად ნახულობდა როგორც მამის სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ. არ ახსოვს მამის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა თუ არა. 10 წელი რუსეთში იმყოფებოდა და 2005 წლიდან 2015 წლამდე არაფერი არ იცის. 52 რომ იყო, მ.ც ეხმარებოდა. ნ. ყველა ოთახს აქირავებდა და შემოსავალს, როგორც მისგან იცის, ნ. იღებდა. ის კლიენტებს ეძებდა.
38. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოწმის სახით დაკითხულმა ნ.-ემ, რომელიც არის მოპასუხე ნ. ჯ.-ის ნათესავი, დაადასტურა მ. კ.-ის ხშირი ურთიერთობა მოპასუხესთან და ოჯახში ხშირი მიმოსვლის ფაქტი, როგორც მ. კ.-ის სიცოცხლეში, ისე მის შემდგომ. მოწმემ საკუთრებასთან დაკავშირებით განმარტა – „არ მიკითხავს, ჰქონდა თუ არა ოთახი“. მანვე მიუთითა, რომ კარები არსად არ იკეტებოდა და „52 რომ იყო, მ. ნ.ს ეხმარებოდა“.
39. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მხარეები ენდობოდნენ ერთმანეთს და კარებს არსად არ კეტავდნენ, განსაკუთრებული დაინტერესების გარეშე, მოწმე არ იკითხავდა, სადავო სახლთმფლობელობაში ვის რა ფართი ეკავა, ვინ სად იძინებდა ან რით სარგებლობდა. მართალია, მოწმემ მიუთითა, რომ სახლის გაქირავების შედეგად შემოსავალს მთლიანად ნ. ჯ.-ე იღებდა, მოსარჩელე მხარემ ახსნა, რომ სახლის მისი კუთვნილი სამკვიდროს გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლით გაისტუმრა ის თანხა, რაც მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
40. მოპასუხე ნ. ჯ.-ის მოწმის ლ. ს.-ის განმარტებით, ნ.ს დაქორწინების შემდეგ დადიოდა მასთან. ოჯახის წევრი იყო. ეხმარებოდა როცა უჭირდა. 2007 წლის შემდეგ ხშირად დადიოდა. დღემდე დადის და ეხმარება. არავის არ უთქვამს და არ შეუმჩნევია, რომ სახლში სხვისი ნივთები იყო. გაქირავებული იყო ორი ოთახი, 2007 წელს ბანკის ვალი აიღო და გააკეთა. აქირავებდა ოთხივეს და საზღაურს იღებდა. არც ჯ.ის და არც მ.ს იქ ოთახები არ ჰქონდათ. საღებავსა და შპალერის გაკვრაშიც ეხმარებოდა. მოდიოდა როცა სეზონი დაიწყებოდა მაისი, ივლისი და ულაგებდა ოთხებს, მოსარჩელე და მისი ძმა რომ მოვიდოდნენ ზღვაზე, მადლობას უხდიდნენ. ნ. თუ პატივს სცემდა, როგორც მეგობარი, არავის საქმეა. ეზოში იდო საცურაო დაფა, მაგრამ ვისი იყო არ იცის. ნავი ეზოში არ უნახავს. მ. კ.-ის მეუღლე ერთხელ ნახა. მ.ი ალბათ ათი წელია რაც გარდაიცვალა. მის სიცოცხლეში ალბათ ათჯერ იქნება ნამყოფი. ნ. როდის გათხოვდა არ ახსოვს. ზღვაზე მიდიოდა მ. და მაშინ ხედავდა. ჯ.ი მხოლოდ დაბადების დღეზე და სუფრაზე ხვდებოდა, მდგმურებისგან ფულის აღება არ უნახავს, მისი თვალით. არავის უთქვამს, რომ მ.ს ოთახი ჰქონდა. კედლის ნაწილი არის ჯ.ისთან, მ.ი რომ გარდაიცვალა, არ იყო. ვერ გაიგო და იმიტომ. გარდაცვალების შემდეგ დადიოდა, 52 არ იყო გასული. 52-ზე იყო და მ.ც იქ იყო.
41. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწმე ლ. ს.-ის ჩვენება, რომელიც მ. კ.-ის ოჯახის წევრად მიიჩნევს თავს, რომ არც ჯ.ი და არც მ. კ.-ეებს მამისეულ სახლში ოთახები არ ჰქონდათ, ისინი მხოლოდ ზღვაზე დადიოდნენ და სადავო სახლთან ურთიერთობა არ გააჩნდათ, ნ. ჯ.-ემ ბანკისგან აღებული კრედიტით გაარემონტა დამატებით ორი ოთახი და შემდგომ ოთხივეს აქირავებდა, რადგანაც ასეთი მოპასუხეს შესაგებელში არ მიუთითებია, არც საკრედიტო ხელშეკრულება დაურთავს საქმისთვის, არც სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი დეკლარაციები შემოსავლების შესახებ და ხელშეკრულებები ქირავნობის თაობაზე. ამასთან, მოწმე ლ. ს.-ემ დაადასტურა სადავო ეზოში საცურაო დაფის არსებობა, თუმც არ იცის, ვის ეკუთვნოდა. მისი კუთვნილება კი დადასტურებულია მოსარჩელესა და მოპასუხე ჯ. კ.-ის, მოწმეების ზ. და ი. კ.-ის განმარტებებით.
42. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ჯ.-ე და მ. კ.-ე 11 წლის განმავლობაში ეწეოდნენ თანაცხოვრებას. ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენება, რომელმაც არ იცის მეუღლეთა ქორწინების დრო, ადასტურებს, რომ მათი თანაცხოვრების მანძილზე მხოლოდ 10-ჯერ იქნება ნამყოფი. მოპასუხე ნ. ჯ.-ის სეზონზე დამხმარე, რომელსაც საზღაურს უხდიდა მოპასუხეს გაწეული საქმიანობისთვის, რომელმაც კითხვაზე – იღებდა თუ არა საზღაურს, მიუთითა, რომ რომ „ნ. თუ პატივს მცემდა, როგორც მეგობარი, არავის საქმეა“ ვერ შეფასდება, როგორც მ. კ.-ის მამის სიცოცხლეში და შემდგომ სადავო სახლთან ურთიერთობის გამომრიცხავი გარემოება.
43. ნ. ჯ.-ის მოწმის ლ. ბ.-ის განმარტებით, მ. კ.-ის გარდაცვალების შემდეგ კარგად იყვნენ. ხშირად დადიოდა და ისვენებდა. ცალკე ოთახი არ უნახავს, მოსარჩელე მ. კ.-ე და მოპასუხე ჯ. კ.-ე სტუმრის სტატუსით მიდიოდნენ, ბინას ნ. აქირავებდა და ქირას ნ. იღებდა. როცა 2008 წელს სენაკი იბომბებოდა 1,5 თვე იყო. 10-15 წლის მანძილზე ზემოთ არ დაუსვენია, ვინაიდან ნ. აქირავებდა და შემოსავალი არ დაეკარგა. წელიწადში 2-3 ჯერ ჩამოდის. არ უნახავს მ. ქვებს თუ ეზიდებოდა. სავარძლები ძმისშვილებს მისცა. 1984 წლიდან იცნობდა მ.ს, რომელიც გარდაიცვალა 1995 წელს. გარდაცვალებიდან მესამე დღეს ჩამოვიდა ერთი საათით, მ. იყო ჭირის დღეზე, დაკრძალვას არ დასწრებია, 52-ზე ჩამოვიდა. რომ ჩამოვიდოდა ოთხივე ოთახი ცარიელი იყო. 52 დღის განმავლობაში ერთხელ ჩამოაკითხა, მ.მ უთხრა, რომ მულები და მულიშვილები აკითხავდნენ. ყოველ ზაფხულს 10-15 წელია სტუმრობს. მ. მხოლოდ სტუმრად უნახავს. სამზარეულოს მომდევნო ოთახში იდგა „კედელი“.
44. მოწმის სახით დაკითხული ლ. ბ.-ე, რომელმაც დაადასტურა, რომ სეზონურად ქალიშვილთან, შვილიშვილთან ქალიშვილის მეგობრებთან და თანამშრომლებთან ერთად 10-15 წლის მანძილზე ისვენებდა ნ. ჯ.-ესთან, ეხმარებოდა მას, განმარტების დროს კატეგორიულად გამორიცხა მ. და ჯ. კ.-ეების სადავო ქონებასთან ურთიერთობა, მამის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ მათი სადავო სახლში ცხოვრების და მ. კ.-ის სარგებლობაში ოთახის არსებობის ფაქტი, მოიშველია მათი ძმის, ო.-ის ქორწილი, სადაც და-ძმა სტუმრად მოვიდნენ და წავიდნენ, მიუთითა, რომ „მ.ი და ნ. ახალგაზრდები, ჯანმრთელები იყვნენ და მოსავლელი არაფერი სჭირდათ“, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან მოწმე არის ზედმეტად მოტივირებული, სადავო ქონებასთან მიმართებით მსჯელობდა როგორც საკუთარზე, იყენებდა კატეგორიულ გამონათქვამებს: „ცალკე ოთახი არ მინახავს“, „სტუმრის ამპლუაში მოდიოდნენ“, ჯ. კ.-ის საკუთრებასთან მიმართებით აღნიშნა: „ცნობილია, რომ ნ.მ დაუთმო თავისი ნება-სურვილით“.
45. მოწმემ ვერ უარყო ფაქტი, რომ 10-15 წლის მანძილზე შენობის მეორე სართულზე არ დაუსვენია, ოთახებს კუთვნილების მიმანიშნებელი რომ არაფერი ჰქონდათ, მ. კ.-ის გარდაცვალებიდან მესამე დღეს ჩამოვიდა 1 საათით, მ. კ.-ე იყო ჭირის დღეზე, დაკრძალვას არ დასწრებია, 52-ზე ჩამოვიდა და მ. კ.-ე იქ იყო. 52 დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჩამოაკითხა ნ. ჯ.-ეს, შესაბამისად, მოწმე, რომელსაც ყოველდღიური ურთიერთობა არ ჰქონია მოდავე მხარეებთან და არ არის თვითმხილველი მათ მიერ განხორციელებული ქმედებებისა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ, ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს სადავო ქონებასთან მოსარჩელის დამოკიდებულებას ფაქტობრივი ფლობის თვალსაზრისით, მას არ შეეძლო, ენახა იყო თუ არა მ. კ.-ე მამის გარდაცვალების შემდეგ 52 დღის მანძილზე მამისეულ სახლში, სარგებლობდა თუ არა მისი ნივთებით, ეზიდებოდა თუ არა ქვებს. რაც შეეხება მის განმარტებას, რომ მ. კ.-ე აქირავებდა სადავო სახლს, მოწმეს პირადად არ უნახავს ვინ იღებდა ქირას, აძლევდა თუ არა წილს ვინმეს და იცის მხოლოდ გადმოცემით, მოსარჩელისაგან კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, აღებული ქირით მოხდა მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის კომპენსირება.
46. სააპელაციო პალატამ ს.-ის სოფლის საკრებულოს მიერ 1995 წლის დეკემბერში გაცემული ცნობით დაადგინა, რომ გარდაცვალების დღისათვის მ. კ.-ის საკუთრებაში ირიცხებოდა ორსართულიანო ქვის სახლი 45,1 კვ.მ და 75,7 კვ.მ საცხოვრებელი ფართით და 40,6 კვ.მ დამხმარე ფართით, 1300 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთით.
47. მოსარჩელე მხარისა და მოწმეთა განმარტებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპს „ა.-ის“ 2014 წლის 13 ოქტომბრის დასკვნით დასტურდება, რომ, ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე მოპასუხეთა სახელზე რეგისტრირებული სახლთმფლობელობა დღეის მდგომარეობით გაუმჯობესებულია, საცხოვრებელი ფართი შეადგენს 254,52 კვ.მ-ს.
48. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შპს „ა.-ის“ 2014 წლის 13 ოქტომბრის დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით ქონების შეფასებაზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შესაფასებლად წარდგენილი ს.-ის დასახლებაში მდებარე 351 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასების მომენტისათვის 65 000 ლარია, ხოლო 254,51 კვ.მ შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება – 26 000 ლარია, რაც სულ შეადგენს 91 000 ლარს.
49. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის, მოპასუხე ჯ. კ.-ისა და მოწმეთა განმარტებები, რომ მშენებლობა და კეთილმოწყობის სამუშაოები ნაწარმოებია მ. კ.-ის სახსრებით, მამის გარდაცვალების შემდეგ.
50. მ. კ.-ეს, როგორც მამის დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობის გზით მიმღებს, მოპასუხე ნ. ჯ.-ისაგან, რომელიც მოპასუხე ჯ. კ.-ისაგან განსხვავებით სარჩელს არ სცნობს, არ შეზღუდვია უფლება, მამის გარდაცვალების შემდგომ აეშენებინა სამზარეულო, ეზოში წლების მანძილზე განეთავსებინა მოცულობითი ნივთი „სერფინგი“, სახლში დარჩენილიყო მისი ნივთები და შეემატებინა ახალი, შესაბამისად, მ. კ.-ის მხრივ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
51. 2015 წლის 25 აპრილის ოქმით ადგილზე დათვალიერების შესახებ დასტურდება, რომ ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე სადავო სახლს აქვს ორი დამოუკიდებელი კიბე, ფაქტობრივად შენობის ერთი ნაწილი იზოლირებულია მეორისაგან. მ. კ.-ე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ფლობს და სარგებლობს ოთახით, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი. ოთახში მის კუთვნილ ნივთებთან (საწოლები, ტუმბოები, ტელევიზორი, სავარძელი) ერთად არის მამის – მ. კ.-ის კუთვნილი ქონების ნაწილი, კერძოდ, კედლის ნაწილი, რომლითაც მ. კ.-ის საკუთრებაშია დღიდან მისი გარდაცვალებისა და მასზე დავა არავის განუცხადებია. შენობის პირველ სართულზე, ჰოლის შესასვლელთან მარცხენა მხარეს განთავსებული ოთახი 2013 წლიდან ეკუთვნის ჯ. კ.-ეს, ხოლო მასში მდებარე საწოლი, რომელიც ჩამოტანილია მოსარჩელის მიერ მამის გარდაცვალებამდე და დივანი, რომელიც მიიტანა მამის გარდაცვალების შემდეგ, ეკუთვნის მ. კ.-ეს, ოთახთან მდებარე სამზარეულოში განთავსებული ნივთები: გაზქურა, თეფშების ნაწილი, ყავის სერვიზის ჭიქები, ემალის ქვაბი მოსარჩელის განმარტებით ეკუთვნის მას და მიტანილია მ. კ.-ის სიცოცხლეში.
52. მითითებულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა რაიონული სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე მ. კ.-ეს ფაქტობრივი ფლობის გზით მიღებული აქვს სამკვიდრო, სადავო სახლში განთავსებული და მოსარჩელის სარგებლობაში არსებული ნივთების რაოდენობა და სახეობა ადასტურებს, რომ მოსარჩელე მ. კ.-ეს მამის, მამკვიდრებელ მ. კ.-ის გარდაცვალებამდე სადავო სახლში ჰქონდა სათანადო ინვენტარით აღჭურვილი ოთახი, რომლითაც პირადად სარგებლობდა და სადაც მამის ქონების ნაწილი იყო განთავსებული, მისი გარდაცვალების შემდგომ ცხოვრობდა სახლში, როგორც საკუთარში, აგრძელებდა სამკვიდროს ფლობას და მართვას, პირადი ფიზიკური და მატერიალური რესურსის გამოყენებით ზრდიდა ფაქტობრივი ფლობის გზით მიღებულ სამკვიდროს და ავითარებდა მას, ცხოვრობდა და იღებდა მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, ასვენებდა ოჯახის წევრებს (შვილმა და რძალმა ქორწინების პირველი თვე სადავო სახლში, მ.ს სარგებლობაში არსებულ ოთახში გაატარეს), მოპასუხისაგან შეუზღუდავად იყენებდა და იყენებს ეზოს ნივთების განსათავსებლად და აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ადამიანის ცხოვრებისათვის.
53. მოპასუხეებმა – ნ. ჯ.-ემ და ჯ. კ.-ემ განცხადებით მიმართეს ნოტარიუსს, რომელმაც მათ სასარგებლოდ გასცა სამკვიდრო მოწმობა, რის საფუძველზეც საკუთრებაში გადაეცათ ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე მ. კ.-ის დანაშთი ქონება, მამკვიდრებლის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთით.
54. სარჩელით, დაზუსტებული სარჩელით სამოქალაქო საქმეზე, მხარეთა და მოწმეთა განმარტებებით, 1996 წლის 06 თებერვლის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით დასტურდება, რომ მოპასუხეებმა – მ. კ.-ის ქვრივმა ნ. ჯ.-ემ და ვაჟიშვილმა ჯ. კ.-ემ სამკვიდროს სახით მიიღეს ორსართულიანი ქვის საცხოვრებელი სახლი ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში, მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთით.
55. მოპასუხე ნ. ჯ.-ემ, ჯ. კ.-ის გვერდის ავლით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო შემდეგ ნ. ჯ.-ემ და ჯ. კ.-ემ მ. კ.-ის გვერდის ავლით, დაირეგისტრირეს სადავო ქონება და მისი წილი მოპასუხე ნ. ჯ.-ემ ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა მის ძმიშვილებს, მოპასუხე ს. და ა. ჯ.-ეებს, რაც მ. კ.-ისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ჯ. კ.-ემ და ნ. კ.-ემ, ურთიერთშორის გაიყვეს მამკვიდრებელ მ. კ.-ის დანაშთი ქონება.
56. სარჩელით, დაზუსტებული სარჩელით, მოპასუხე ჯ. კ.-ის, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის განმარტებებით, 2012 წლის 12 სექტემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (განაცხადის რეგისტრაცია №...) სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე ნ. ჯ.-ემ პირველ შემთხვევაში სამკვიდრო მოწმობის გვერდის ავლით დაირეგისტრირა სადავო ქონება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, როგორც ერთპიროვნულმა მესაკუთრემ, რის თაობაზეც მ. კ.-ისათვის ცნობილი არ იყო.
57. 2014 წლის 10 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მოპასუხე ნ. ჯ.-ემ, ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე 127 კვ.მ შენობა №... საკადასტრო კოდით საჩუქრად გადასცა მის ძმიშვილებს, მოპასუხე ს. და ა. ჯ.-ეებს.
58. 2014 წლის 16 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის №...) დასტურდება, რომ მოპასუხე ს. და ა. ჯ.-ეების სახელზე ქონება დარეგისტრირდა იმავე დღეს.
59. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. კ.-ის გვერდის ავლით სადავო სამკვიდროს ნ. ჯ.-ესა და ჯ. კ.-ეს შორის გადანაწილება, ასევე, ნ. ჯ.-ისაგან მიღებული სამკვიდროს ძმისწულებზე ჩუქების გზით დაუყონებლივ გადაცემა და ამ ქმედებების შესახებ მ. კ.-ის არაინფორმირებულობა განპირობებული იყო იმით, რომ მხარეებმა იცოდნენ მ. კ.-ის მხრივ სადავო ქონების ფაქტობრივი ფლობის გზით მიღების შესახებ და დროზე ორიენტირებული ცდილობდნენ მემკვიდრის ჩამოცილებას.
60. გარდაცვალების დღისათვის მ. კ.-ის საკუთრებაში ირიცხებოდა ორსართულიანო 45,1 კვ.მ ქვის სახლი და 40,6 კვ.მ დამხმარე ფართი, სულ – 85,7 კვ.მ.
61. 1996 წლის 6 თებერვლის კანონისმიერი მემკვიდრეობის №... უფლების მოწმობით დასტურდება, რომ გარდაცვალების დღისათვის მ. კ.-ის საკუთრებაში ირიცხებოდა ორსართულიანო 45,1 კვ.მ ქვის სახლი და 40,6 კვ.მ დამხმარე ფართით, სულ – 85,7 კვ.მ.
62. ს.-ის სოფლის საკრებულოს მიერ 1995 წლის დეკემბერში გაცემული ცნობით დგინდება, რომ გარდაცვალების დღისათვის მ. კ.-ის საკუთრებაში ირიცხებოდა 45,1 კვ.მ ორსართულიანო ქვის სახლი 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთით.
63. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შპს „ა.-ის“ 2014 წლის 13 ოქტომბრის დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით დგინდება, რომ შესაფასებლად წარდგენილი ს.-ის დასახლებაში მდებარე 351 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასების მომენტისათვის 65 000 ლარია, ხოლო 254,51 კვ.მ შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება – 26 000 ლარია, რაც სულ შეადგენს 91 000 ლარს. აღნიშნული ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მ. კ.-ის სამკვიდრო ქონების მასას და ეს განპირობებულია სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ჯ. კ.-ესთან ერთად მოსარჩელე მ. კ.-ის ფიზიკური და მატერიალური დანახარჯებით. რაც შეეხება ნ. ჯ.-ეს, ადგილზე დათვალიერების დროს მან განმარტა, რომ ალაყაფის ჭიშკრიდან სახლის მარცხენა მხარეს მინაშენი არის მის მიერ გაკეთებული.
64. 2013 წლის 27 თებერვალს მოპასუხეებს ნ. ჯ.-ესა და ჯ. კ.-ეს შორის ამ უკანასკნელის მიერ აღძრულ სარჩელზე საქმის წარმოება დამთავრდა მორიგებით, სადაც ნ. ჯ.-ემ ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე სადავო სამემკვიდრეო ქონებად აღიარა 351 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ორ ნაწილად, საკადასტრო კოდი №... და №... და 254 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, საკადასტრო კოდი №... და ირიცხება მოპასუხე ს. ჯ.-ის, ა. ჯ.-ისა და ჯ. კ.-ის სახელზე.
65. მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ხ.-ის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით დასტურდება, რომ მოდავე მხარეებმა – ნ. ჯ.-ემ და ჯ. კ.-ემ ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე სადავო სამემკვიდრეო ქონებად აღიარეს 351 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 254 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, აღნიშნული ქონება გაიყო თანაბარწილად, ნ. ჯ.-ეს მიეკუთვნა საცხოვრებელი სახლის ½ – 127 კვ.მ და 119 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ჯ. კ.-ეს საცხოვრებელი სახლის ½ წილი – 127 კვ.მ ფართი და 114 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
66. 2014 წლის 7 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის №...), 2014 წლის 16 ოქტომბრის ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის №..., №..), ხ.-ის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინების საფუძველზე სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ორ ნაწილად, საკადასტრო კოდი №..., №... და 254 კვ.მ საცხოვრებელი სახლი საკადასტრო კოდით №....
67. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე მ. კ.-ის დანაშთი ქონება, მ. კ.-ის გარდაცვალების შემდგომ მემკვიდრეობით მიიღო მისმა პირველი რიგის სამმა მემკვიდრემ – მეუღლე ნ. ჯ.-ემ, შვილებმა – ჯ.ი კ.-ემ და მ. კ.-ემ (ფაქტობრივი ფლობის გზით).
68. მოსარჩელე მ. კ.-ემ მოპასუხე ნ. ჯ.-ისაგან შეიძინა 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და აღნიშნული ქონება საჩუქრად არ მიუღია. მისი ღირებულება გადაუხდა მ. ჯ.-ეს სადავო სახლში კუთვნილი სამკვიდრო წილის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლით.
69. 2007 წლის 15 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით (ხ.-ის რაიონის სანოტარო ბიუროს №1-101 სანოტარო აქტი) დასტურდება, რომ მ. კ.-ემ ნ. ჯ.-ისაგან 20 000 აშშ დოლარად (34 200 ლარი ეკვივალენტი) შეიძინა ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
70. 2011 წლის 22 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ 2007 წლის 15 იანვარის №1-91 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. კ.-ემ დაირეგისტრირა ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
71. მოპასუხე ჯ. კ.-ისა და მოწმის სახით დაკითხული ზ. კ.-ის განმარტებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე ჯ. კ.-ე, მისი კუთვნილი სამკვიდროს გაქირავების გამო, ნ. ჯ.-ისაგან იღებდა საზღაურს, ხოლო მ. კ.-ე ქირის თანხას უთვლიდა შესყიდული მიწის ნაკვეთის საზღაურში. აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ნ. ჯ.-ეს ის ოთახი ჰქონდა გაქირავებული, რომელსაც მ. კ.-ე ფლობდა მამის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდგომ. მოსარჩელეს პრეტენზია გააჩნია სამკვიდროს 1/3 წილზე და, შესაბამისად, ის ერთი ოთახით არ შემოიფარგლება.
72. ნ. ჯ.-ეს ერიცხებოდა 0,035 ჰა მიწის ფართი და მიწის რეფორმის შესაბამისად შეევსო 1999 წლის 9 ნოემბერს „მანდრატის“ ციტრუსის ნაკვეთიდან 0,23 ჰა მიწის ფართით.
73. საქმეზე წარმოდგენილი მიწის რეფორმის კომისიის 1999 წლის 9 ნოემბრის №4 სხდომის ოქმიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ნ. ჯ.-ეს ერიცხებოდა 0,03 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო მიწის რეფორმის შესაბამისად, შეევსო 1999 წლის 9 ნოემბერს „მანდრატის“ ციტრუსის ნაკვეთიდან 0,23 ჰა მიწის ფართით, მიწის მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც გაცემულია ს.-ის საკრებულოს 1999 წლის 20 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე (ოქმი) დგინდება, რომ ნ. ჯ.-ეს მიწის რეფორმამდე ჰქონდა მრავალწლიანი ნარგავებით (ციტრუსით) 0,035 ჰა მიწის ნაკვეთი. დამატებით გამოეყო 0,12 და 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი და ნაკვეთის მიღებასთან დაკავშირებით ხარჯი 17.20 ლარი გაწეულია ნ. ჯ.-ის მიერ.
74. მ. კ.-ე გარდაიცვალა 1995 წლის 25 აპრილს, შესაბამისად, 1999 წელს სარეფორმო ფონდის ფარგლებში მიღებული მიწის ნაკვეთი სამკვიდრო მასაში არ შედის.
75. მოპასუხე ნ. ჯ.-ემ 2010 წლის 25 მარტს ანდერძი გააფორმა მოსარჩელე მ. კ.-ის სასარგებლოდ მ. კ.-ისაგან მიღებული მისი კუთვნილი წილის გადაცემის თაობაზე, ხოლო 2012 წლის 29 აგვისტოს ანდერძი გააუქმა.
76. საქმეზე დართული 2012 წლის 19 აგვისტოს გარიგებით ანდერძის გაუქმების შესახებ დასტურდება, რომ მოპასუხე ნ. ჯ.-ემ 2010 წლის 25 მარტის ანდერძით, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თანაბარწილად უანდერძა დ. ო.-ის ძე კ.-ეს, გ. ო-ის ძე კ.-ეს, მ. კ.-ეს და ს. ჯ.-ეს, ხოლო დამხმარე სათავსი – ს. ჯ.-ეს და გააუქმა 2012 წლის 29 აგვიტოს.
77. 2014 წლის 10 იანვარს კი, ნ. ჯ.-ემ ძმისშვილებს – ს. და ა. ჯ.-ეებს საჩუქრად გადასცა ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე სადავო 127 კვ.მ შენობა საკადასტრო კოდით №....
78. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც მოპასუხე ნ. ჯ.-ისათვის, ისე მის მიერ დასაჩუქრებული ძმისწულებისათვის ცნობილი იყო, რომ ნ. ჯ.-ე არ წარმოადგენდა მ. კ.-ის ერთდერთ პირველი რიგის მემკვიდრეს და მასთან ერთად თანაბარი წილის უფლებით სარგებლობდნენ მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე მამკვიდრებლის შვილები, მ. და ჯ. კ.-ეები, რომელთაც ახლო ურთიერთობა გააჩნდათ ს. და ა. ჯ.-ეებთან. ნ. ჯ.-ისაგან ძმისწულებზე ქონების დაჩქარებული რეჟიმით გადაცემა, თუნდაც საჩუქრის სახით, განპირობებულია არა მათდამი განსაკუთრებული ნდობის ფაქტორით მამიდასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, არამედ სადავო ქონებაზე პირველი რიგის მემკვიდრე მ. კ.-ის ჩამოცილების მცდელობით.
79. სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი გარემოებები.
80. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, მე-4 მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
81. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამის – მ. კ.-ის გარდაცვალების შემდგომ მ. კ.-ე ცხოვრობდა მამისეულ სახლში 52 დღის მანძილზე, მამის ხსოვნის აღსანიშნავად 40 დღე მართლმადიდებელთათვის მიღებული წესის დაცვით, ხოლო 52 დღე მუსულმანური დიასპორის პატივსაცემად გადაიხადა, ფლობდა და სარგებლობდა როგორც პირადი ნივთებით, ისე სახლში მისთვის გამოყოფილ ოთახში განთავსებული მამის მოძრავი ქონების კედლის კარადის ნაწილით, რომელიც დღემდე იქაა განთავსებული და რომლითაც სარგებლობს. მოსარჩელე მამის გარდაცვალების დღიდანვე ფაქტობრივად დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას, მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე გამოყოფილი ჰქონდა თავისი ოთახი, სადაც განთავსებულია როგორც პირადი, ისე მამის დანაშთი ქონების ნაწილი კედლის კარადის სახით. მამის გარდაცვალების შემდეგ, როგორც მემკვიდრემ, განავრცო მიღებული სამკვიდრო, მიაშენა სამზარეულო, შემატა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, იყენებს ეზოს სერფინგის განსათავსებლად და სამკვიდრო მასაში მისი კუთვნილი ბინის ქირით დაფარა ნ. ჯ.-ესთან მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რაც არ მოიცავს მხოლოდ მამის გარდაცვალებამდე და მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ სადავო სახლის მეორე სართულზე მოსარჩელის მფლობელობასა და სარგებლობაში დღემდე არსებული ოთახს, არამედ მოპასუხე ნ. ჯ.-ისა და ჯ. კ.-ის მიერ სამკვიდრო მასად აღიარებული ქონების 1/3-ს.
82. სარჩელითა და დაზუსტებული სარჩელით, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის, მოპასუხე ჯ. კ.-ის, მოწმეების ზ. კ.-ის, ქ. ა.-ას, ი. კ.-ის, ი. ა.-ის, თ. ვ.-ის განმარტებებით, ოქმით ადგილზე დათვალიერების შესახებ სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე მ. კ.-ეს სადავო სახლში, მამის სიცოცხლეში გამოყოფილი ჰქონდა თავისი ოთახი, ავადმყოფობის დროს ზრუნავდა მამაზე, მ. კ.-ის გარდაცვალების შემდგომ 52 დღის განმავლობაში მუდმივად და შემდგომში რეგულარულად, კვირაში სამი დღე იმყოფებოდა მამისეულ სახლში, ზრუნავდა სახლისა და ბაღის გაკეთილშობილებაზე, მიაშენა სამზარეულო, მისი ნივთები არა მარტო მის ოთხში, არამედ სამზარეულოშიც არის განთავსებული. დაოჯახების შემდგომ მისმა რძალმა და შვილმა ქორწინების პირველი თვე სადავო სახლში მ.ს სარგებლობაში არსებულ ოთახში გაატარეს. მ. კ.-ის კუთვნილი ნივთები დღემდეა განთავსებული არა მარტო მის მფლობელობაში არსებული სახლის მეორე სართულზე მდებარე ოთახში, არამედ სახლის სხვადასხვა ადგილზე (პირველ სართულზე, სამზარეულოში, მანსარდში).
83. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარისა და მისი წარმომადგენლის, მოპასუხე ჯ. კ.-ის და მოწმეთა განმარტებები, რომ მშენებლობა და კეთილმოწყობის სამუშაოები ნაწარმოებია მ. კ.-ის სახსრებით, მამის გარდაცვალების შემდეგ. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ. კ.-ეს სადავო სახლში აქვს დამოუკიდებელი ფართი სარგებლობაში, საკუთარი ნივთები, მათ შორის მამისეული „კედლის“ ნაწილი, ასევე, ძველი ნივთები, რომელიც განლაგებულია სხვენში.
84. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხე ნ. ჯ.-ეს პრეტენზია მ. კ.-ის მიმართ საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების, მისი კუთვნილი ნივთების სახლიდან გატანის თაობაზე არ განუცხადებია და მ. კ.-ის მხრივ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
85. მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით დასტურდება, რომ მოპასუხეებმა ნ. ჯ.-ემ და ჯ. კ.-ემ ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე სადავო სამემკვიდრეო ქონებად აღიარეს 351 კვ. მ მიწის ნაკვეთი და 254 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, აღნიშნული ქონება გაიყო თანაბარწილად. ნ. ჯ.-ეს მიეკუთვნა საცხოვრებელი სახლის ½ წილი – 127 კვ.მ და 119 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ჯ. კ.-ეს საცხოვრებელი სახლის ½ წილი, 127 კვ.მ და 114 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
86. შესაბამისად, მოსარჩელე მ. კ.-ის წილი სადავო ქონებიდან განისაზღვრება მხარეთა მიერ სამკვიდროდ აღიარებული მასიდან, მით უფრო, რომ ასეთი მოცემულობა მოსარჩელის ძალისხმევითაც არის მიღწეული (ფიზიკური შრომა, ფინანსური დანახარჯი, სამშენებლო სამუშაოთა წარმოება).
87. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ნ. ჯ.-ე არ იყო გულწრფელი სხვა მემკვიდრეებთან დამოკიდებულებაში, შეიტანა დაბნეულობა მათ ქმედებაში, სამკვიდრო მოწმობის გვერდის ავლით დაირეგისტრირა და გახდა მ. კ.-ის დანაშთი ქონების ერთპიროვნული მესაკუთრე, პარალელურად ინარჩუნებდა კეთილგანწყობას გერების მიმართ, სარგებლობდა მათი დამოკიდებულებით, მათ შორის, მ. კ.-ის მატერიალური მხარდაჭერით, ანდერძიც კი გააფორმა მათთვის კუთვნილი მ. კ.-ის დანაშთი ქონების გადაცემის თაობაზე, მიჰყიდა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შემდგომში ხელწერილი გამოართვა, რომ საჩუქრად გადასცა, ასეთივე ხელწერილს მოითხოვდა მოპასუხე ჯ. კ.-ისაგან, მაგრამ ვერ მიიღო, სადავო ქონება სამკვიდრო მოწმობის გვერდის ავლით დაირეგისტრირა მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, როგორც ერთპიროვნულმა მესაკუთრემ, დაჩქარებულ რეჟიმში, რეგისტრაციისთანავე გაასხვისა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების დადების გზით, რაც მის არაგულწრფელობაზე მიანიშნებს. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მისი და მის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული მოწმეების განმარტება, რომ მ. კ.-ეს მ. კ.-ის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდგომ არ ჰქონია შეხება მამისეულ ქონებასთან, არ მიუღია მონაწილეობა მის გაკეთილშობილებაში, არ სარგებლობდა მამის დანაშთი ქონებით, არ ჰქონია დამოუკიდებელი ოთახი და არც მისი ქონება არსებობს სადავო სახლში.
88. სააპელაციო პალატა დაეთანხმა რაიონულ სასამართლოს მსჯელობას, რომ ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე სადავო სახლს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელები. მ. კ.-ემ მ. კ.-ის გარდაცვალებისთანავე მიიღო ზომები მოსარჩელის მიერ საკუთრად დაგულებულ ეზოს ნაწილში სამზარეულოს მიშენებისათვის, რაც განახორციელა კიდეც. იგი შეუფერხებლად იყენებს ეზოს პირადი ნივთების განთავსებისათვის (სერფინგი, რომლის არსებობა მოდავე მხარეების მოწმეებმა დაადასტურეს), მისი კუთვნილი და ამორტიზირებული ნივთების სახლის სხვადასხვა ადგილას განთავსებისათვის (მის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული სახლის მეორე სართულზე მდებარე ოთახში და მანსარდში).
89. ის გარემოება, რომ ადგილზე დათვალიერების დროს არ აღმოჩნდა მოსარჩელის მიერ მითითებული „სერფინგი“, მოსარჩელე მ. კ.-ისა და მოპასუხე ჯ. კ.-ისაგან აიხსნა სარემონტო სამუშაოებისათვის წაღების მოტივით, რაც სააპელაციო სასამართლომ მოახლოებული ზღვის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით სრულიად ლოგიკურად მიიჩნია, რაც შეეხება მ. კ.-ისაგან მითითებულ ყველა ნივთს, ისინი განლაგებულია როგორც მ. კ.-ის ოთახში, ისე სახლის სხვადასხვა ადგილზე, სამზარეულოსა და მანსარდში.
90. მოსარჩელე „სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ ცნობაში“ არ გულისხმობს მისთვის დაბადებიდან მინიჭებულ კანონისმიერ უფლებას, მამკვიდრებლის შვილის პირველი რიგის მემკვიდრედ ცნობას, არამედ მიუთითებს მისი, როგორც პირველი რიგის მემკვიდრის უფლების დარღვევაზე და მოითხოვს კუთვნილი უფლების რეალიზაციას მ. კ.-ის დანაშთ ქონებაზე.
91. აღნიშნული გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელე მ. კ.-ეს ფაქტობრივი ფლობის გზით მიღებული აქვს სამკვიდრო. სადავო სახლში განთავსებული და მოსარჩელის სარგებლობაში არსებული ნივთების რაოდენობა და სახეობა ადასტურებს, რომ მოსარჩელე მ. კ.-ეს სადავო სახლში ჰქონდა და აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ადამიანის ცხოვრებისათვის.
92. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ მ. კ.-ე არის აწ გარდაცვლილი მ. კ.-ის პირველი რიგის მემკვიდრე – შვილი და მამის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მისთვის გამოყოფილ ოთახში, ხოლო გარდაცვალების შემდგომ გააგრძელა ცხოვრება მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში და მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად მიღებული სამკვიდროს ფლობა დღემდე შეწყვეტილი არ არის.
93. მ. კ.-ე გარდაიცვალა 1995 წელს. აღნიშნულ დროს მოქმედი 1964 წლის რედაქციით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 540-ე მუხლის პირველი წინადადების, 544-ე მუხლისა და 556-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამკვიდროს დასაუფლებლად მემკვიდრემ უნდა მიიღოს იგი. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე როცა იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამავე მუხლის ბოლო წინადადებით მიღებული სამკვიდრო ითვლება მემკვიდრის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან
94. ამავე კოდექსის 557-ე და 556-ე მუხლებით სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გაგრძელდეს სასამართლოს მიერ თუ კი იგი ვადის გადაცილების მიზეზს საპატიოდ მიიჩნევს.
95. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს სანოტარო ორგანისათვის სამკვიდროს მიღების თაობაზე, მაგრამ დადასტურებულია, რომ მ. კ.-ე სამკვიდროს ფლობდა და მართავდა სამკვიდროს. ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავს, არ წარმოადგენს იმის უარყოფას, რომ მან მამკვიდრებელ მ. კ.-ის გარდაცვალებისთანავე ფაქტობრივი ფლობის გზით მიიღო სამკვიდრო და შეუდგა მის მართვას. სამკვიდრო გაიხსნა 1995 წელს, მ. კ.-ე სამკვიდროს დაეუფლა მამკვიდრებლის გარდაცვალებისთანავე და დღემდე არ გაუწყვეტია მისი მფლობელობა, სარგებლობა და მართვა. ვინაიდან დადასტურებულია მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფლობის ფაქტი და დადგენილ გარემოებას წარმოადგენს დღემდე ქონების ფაქტობრივი ფლობა, მოსარჩელეს სამკვიდროს მიღების ვადა გაშვებული არ აქვს.
96. ამჟამინდელი სამოქალაქო კოდექსი სადავო საკითხის გადაწყვეტის არსებითად განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია მოქმედი ნორმების მიხედვითაც.
97. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კანონით მემკვიდრეობისას გარდაცვლილის ქონება გადადის კანონში აღნიშნულ პირებზე. განსახილველ შემთხვევაში მ. კ.-ეს ანდერძი არ დაუტოვებია, შესაბამისად მამკვიდრებლის ქონება თანაბარწილად გადადის მისი პირველი რიგის მემკვიდრეებზე – მოპასუხე ნ. ჯ.-ეზე, მოპასუხე ჯ. კ.-ესა და მოსარჩელე მ. კ.-ეზე. დავის საფუძველია ის გარემოება, რომ მ. კ.-ის დანაშთი ქონების ფაქტობრივი მფლობელი მ. კ.-ე და მისი როგორც პირველი რიგის მემკვიდრის უფლება, იგნორირებულ იქნა მოპასუხე ნ. ჯ.-ისა და ჯ. კ.-ის მიერ, მათგან სამკვიდროდ აღიარებული ქონების, რომელშიც მ. კ.-ის ფიზიკური და ფინანსური რესურსი იყო ჩადებული, ურთიერთშორის განაწილებით.
98. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე მუხლების, 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე მ. კ.-ის კუთვნილ ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა 1995 წლის 26 აპრილს, მისი გარდაცვალების დღეს და მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მოსარჩელე მ. კ.-ე, მოპასუხე ჯ. კ.-ე და მოპასუხე ნ. ჯ.-ე.
99. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილით სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. კანონი არ აწესებს სამკვიდროს მიღების განსხვავებულ წესებს კანონით და ანდერძით მემკვიდრეობის დროს. სამკვიდროს მიღება ცალმხრივი ნების გამოვლენაა და მხოლოდ სამკვიდროს მიმღების სურვილს გამოხატავს. სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა და თუ მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას, გარკვეული დროით გაემგზავრება, არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს უკვე მიღებულ სამკვიდროზე, როგორც ეს მ. კ.-ის შემთხვევაში მოხდა.
100. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დადგენილია და საპირისპირო მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ მ. კ.-ე მამის გარდაცვალებიდან 52 დღის განმავლობაში მიცვალებულისათვის გათვალისწინებული ხსოვნის დღეებში (რომლის შემდგომ მოსახსენიებლად მუსულმანური წესით გარდაცვალებიდან 52 დღის აღნიშვნა ხდება), ცხოვრობდა მამისეულ სახლში, ფლობდა და სარგებლობდა მამის ქონებას, როგორც საკუთარს, ურთიერთობა არ გაუწყვეტია და შემდგომში კვირაში სამ დღეს ატარებდა მამისეულ სახლში.
101. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, მოსარჩელემ სამკვიდრო მიიღო, რაც დადასტურებულია მ. კ.-ის შემთხვევაში.
102. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი და ასეთ შემთხვევაში მის მიერ სანოტარო ორგანოსათვის მიმართვის მავალდებულებელ გარემოებას კანონი არ აწესებს.
103. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის შესაბამისად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. უდავოა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სხვა მემკვიდრეებთან ერთად მ. კ.-ის, როგორც მემკვიდრის ცხოვრება იმავე სახლში ითვლება სამკვიდროს მიღებად.
104. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დარღვეულია მოსარჩელე მ. კ.-ის, როგორც კანონისმიერი მემკვიდრის უფლება, რაც გასაჩივრებული 1995 წლის 25 დეკემბერს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის 1/3 ნაწილზე ბათილობის საფუძველია.
105. სამკვიდრო მოწმობა არასწორად გაიცა მხოლოდ ნ. ჯ.-ისა და ჯ. კ.-ის სახელზე, რითაც დაირღვა მოსარჩელე მ. კ.-ის, როგორც მ. კ.-ის კანონისმიერი, პირველი რიგის მემკვიდრის უფლებები.
106. 2014 წლის 10 იანვარს ნ., ს. და ა. ჯ.-ეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების 1/3 ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 959-ე მუხლით და მიუთითა, რომ მ. კ.-ე წარმოადგენდა ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე მ. კ.-ის დანაშთი ქონების თანამესაკუთრეს ჯ. კ.-ესა და ნ. ჯ.-ესთან ერთად, შესაბამისად, ნ. ჯ.-ე არ იყო უფლებამოსილი, მ. კ.-ის კუთვნილი სამკვიდრო მისი ნებართვის გარეშე გაესხვისებინა.
107. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ნ. ჯ.-ემ თავის ძმისშვილებს – ს. და ა. ჯ.-ეებს უსასყიდლოდ გადასცა (აჩუქა) სადავო ქონება. დასაჩუქრებულებმა იმთავითვე იცოდნენ, რომ ნ. ჯ.-ე არ წარმოადგენდა მ. კ.-ის ერთადერთ მემკვიდრეს და სადავო ქონებაზე პრეტენზიას აცხადებდნენ პირველი რიგის მემკვიდრეები, მ. კ.-ის შვილები – ჯ. და მ. კ.-ეები. ამდენად, არ არსებობს მათ მიმართ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლების მოთხოვნათა გავრცელების საფუძველი, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას ეხება. მოპასუხეები ვერ ჩაითვლებიან სადავო ქონების კეთილსინდისიერ შემძენებად.
108. გარიგება პირველ რიგში მართლზომიერი ნების გამოვლენაა და ნ. ჯ.-ესა და მის ძმისწულებს შორის დადებული გარიგება უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების სახით იმთავითვე იყო არამართლზომიერი, ვინაიდან ს. და ა. ჯ.-ეებისათვის, რომელთაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მ. კ.-ის მემკვიდრეებთან, კარგად იყო ცნობილი მათთვის გადაცემულ ქონებაზე სხვა უფლებამოსილი პირების არსებობა.
109. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დებულება – ბათილია კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვების დარღვევით დადებული გარიგებანი, ბათილობის საერთო ცნების გამომხატველი დებულებაა. თვით გამოთქმა „კანონით დადგენილი წესი“, სამოქალაქო ურთიერთობის პოზიტიური მდგომარეობის გამომხატველია. საპირისპიროდ მისი ნეგატიური ვითარების ამსახველი გამოთქმაა –„კანონით დადგენილი აკრძალვები“. განსახილველი შემთხვევა, დავის ყველა იმ საგანთან მიმართებით, რაც ბათილობას ეხება მაუწყებელია, რომ არსებობს კანონის იმპერატიულ დანაწესთან ნების გამოვლენის შეუსაბამობა.
110. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებისა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე ნ. ჯ.-ე არ იყო უფლებამოსილი, ძმისწულებისთვის ეჩუქებინა ქონება, რომლის ნაწილს ფაქტობრივად ფლობდა მოსარჩელე მ. კ.-ე და არ ჩაეყენებინა საქმის კურსში მოდავე მხარე, როგორც მ. კ.-ის ერთ-ერთი პირველი რიგის მემკვიდრე.
111. სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულება მესაკუთრის ნების გამოვლენის გარეშე დადებული გარიგებაა და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 1/3 ნაწილში.
112. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დადასტურებულია მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფლობა და მართვა, შესაბამისად, საფუძვლიანია მისი მოთხოვნა მ. კ.-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და თანამესაკუთრედ ცნობისა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე.
113. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უდავოა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სხვა მემკვიდრეებთან ერთად მ. კ.-ის, როგორც მემკვიდრის ცხოვრება იმავე სახლში ითვლება სამკვიდროს მიღებად და დასაბუთებულია მისი სადავო ქონების ერთ მესამედ ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობისა.
114. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების უარსაყოფად, რომ მოსარჩელე მ. კ.-ემ ფაქტობრივი ფლობის გზით მიიღო მამის – მ. კ.-ის დანაშთი ქონება, არის სადავო ქონების 1/3-ის თანამესაკუთრე და, შესაბამისად, ამ ნაწილზე პრეტენზიის განცხადებაზე უფლებამოსილი პირი.
115. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოპასუხის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის ნაწილში. დადგენილია და ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ მ. კ.-ეს მამის – მ. კ.-ის დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობა არ შეუწყვეტია და მისი დარღვეული უფლების შესახებ შეიტყო მხოლოდ ნ. ჯ.-ესა და ჯ. კ.-ეს შორის არსებულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ.
116. ნ., ს. და ა. ჯ.-ეებმა ვერ წარადგინეს რაიმე მტკიცებულება, რომ მ. კ.-ემ იცოდა ნ. ჯ.-ის მიერ საჯარო რეესტრში მ. კ.-ის დანაშთი ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრედ დარეგისტრირების, ქონების ძმისწულებზე გაჩუქების, აღნიშნულის გამო, ნ. ჯ.-ესა და ჯ. კ.-ეს შორის დავის და ჯ. კ.-ის მიერ სასამართლოში საქმის წარმართვის შესახებ. მოპასუხე ჯ. კ.-ემ კი დაადასტურა, რომ მოსარჩელემ ამ მოვლენათა თაობაზე არაფერი იცოდა.
117. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მ. კ.-ე სადავო ქონების საკუთრებასთან მიმართებით მიმდინარე მოვლენებზე ინფორმირებულობის შემთხვევაში ჯ. კ.-ის მიერ სარჩელის აღძვრისთანავე მიმართავდა სასამართლოს დარღვეულ უფლებასთან დაკავშირებით, ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ჯ. კ.-ემაც მოგვიანებით, 2013 წელს გაიგო მოპასუხე ნ. ჯ.-ის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ.
118. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო დარღვეული უფლების შესახებ. ივარაუდება ობიექტური მომენტი (თვით უფლების დარღვევის ფაქტი) და სუბიექტური მომენტი (როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო ამ ფაქტის შესახებ) ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა ეს ორი მომენტი ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს მაშინ ხდება, როცა პირი გვიან იგებს ან შეეძლო გაეგო უფლების დარღვევის შესახებ, ვიდრე დარღვევა მოხდა. თუ დადასტურდება, რომ პირმა გვიან გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ დარღვევის გაგებამდე, ბუნებრივია, ვერც უფლების დაცვას მოითხოვს, რაც განხორციელდა მ. კ.-ის შემთხვევაში მოპასუხეთა მიერ სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით კონსპირაციული ქმედებების განხორციელების გამო.
119. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, რომლის რეალიზაციისათვის უმეტეს შემთხვევაში სარჩელით მიმართავენ სასამართლოს, რასაც მოსარჩელე მ. კ.-ემ მიმართა.
120. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებისა და 143-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უფლებამონაცვლეობით პირის მფლობელობაში შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთი ნივთი, რომელზეც არსებობს სხვა პირის სანივთო მოთხოვნა, როგორც განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა, კერძოდ, მოპასუხე ნ. ჯ.-ისაგან ს. და ა. ჯ.-ეებისათვის ჩუქებით გადაცემულ ქონებასთან მიმართებით მოსარჩელე მ. კ.-ეს გააჩნია სანივთო მოთხოვნა.
121. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მისი დარღვეული უფლების შესახებ შეიტყო 2014 წელს და 2014 წლის 17 ოქტომბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს. უძრავ ქონებასთან დაკავშირებით კი, ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 წელს.
122. მოპასუხეს შესაგებელში არ განუხორციელებია შედავება, თუ რატომ არ უნდა მოხდეს 1995 წლის 25 დეკემბერს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობისა და ნ. ჯ.-ეს, ს. ჯ.-ესა და ა. ჯ.-ებს შორის 2014 წლის 10 იანვარს ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე უძრავი ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების 1/3 ნაწილის ბათილად ცნობა, მ. კ.-ის ცნობა მამის მ. კ.-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და თანამესაკუთრედ.
123. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, მეოთხე, მეხუთე ნაწილების თანახმად, დავის საგანთან მიმართებით მოწინააღმდეგე მხარე შესაგებელში – „მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მიერ მითითებულ დავის ფაქტობრივ გარემოებებზე“ შემოიფარგლა მხოლოდ იმის აღნიშვნით, რომ სარჩელში მითითებულ არც ერთ ფაქტობრივ გარემოებას არ ეთანხმება, ხოლო შესაგებლის გრაფაში – „მოპასუხის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნასა და მის სამართლებრივ საფუძველზე“ პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ არ ეთანხმება. სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, არასწორი, უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან, მეორე სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან არის უსაფუძვლო, მესამე სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
124. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევის მიუხედავად, მოპასუხემ სასამართლო სხდომაზეც ვერ შეძლო სარჩელის საწინააღმდეგო არგუმენტაციის დასაბუთება, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი მოწმეები – ქეთევან ა.-ა, ლ. ბ.-ე, ნ.-.ე და ლ. ს.-ე არიან მოპასუხე ნ. ჯ.-ის ახლობლები, მოტივირებული მოწმეები, არც ერთ მათგანს არ დაუდასტურებია, რომ მ. კ.-ის გარდაცვალებამდე ან გარდაცვალების შემდგომ მუდმივად ცხოვრობდა მოპასუხე ნ. ჯ.-ესთან, სტუმრის სტატუსით მათი ხშირი ვიზიტები არ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ ამომწურავად ერკვეოდნენ მ. კ.-ის კუთვნილ სახლში, მის შვილებსა და მეუღლეს რომელი ოთახი ჰქონდათ, რა ნივებით სარგებლობდნენ და თითოეული მათგანი რომელი ნივთის მესაკუთრე გახლდათ.
125. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ., ს. და ა. ჯ.-ეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
126. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობის საკითხის გადასაწყვეტად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე მუხლები, რაც მოცემულ შემთხვევაში კანონის მოთხოვნის შეგნებულად იგნორირებაა, რადგან სასამართლოს მიერ 129-ე მუხლის მესამე ნაწილით ხანდაზმულობის ვადა ცალკეულ შემთხვევაში კანონით შეიძლება იყოს გათვალისწინებული. სწორედ ის ცალკეული შემთხვევაა მოცემულ საქმეზე, რადგან სამოქალაქო კანონმდებლობით სამკვიდროს მიღება რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით, 1450-ე მუხლი მკაცრად ადგენს სამკვიდროს მიღების შედავების ვადას და იგი შეადგენს 2 თვეს იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისთვის არსებობს სათანადო საფუძვლები. ანუ არსებობს კანონით დადგენილი სპეციალური ვადა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა.
127. 2007 წლის 15 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ნ. ჯ.-ემ მ. კ.-ეს მიჰყიდა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2000 წლის 7 მარტის სარეგისტრაციო მოწმობით ნ. ჯ.-ისათვის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ნაწილია. მართალია, მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ ფაქტობრივად განხორციელდა ჩუქება. რადგან მხარეები გერსა და დედინაცვალს წარმოადგენდნენ, გააფორმეს ნასყიდობა, თუმცა მ. კ.-ეს ნასყიდობის თანხა არ გადაუხდია, რაც დასტურდება ხელწერილებით. ხელწერილი დაწერილი და ხელმოწერილია თავად მოსარჩელის მიერ, რომელიც წარმოდგენილია შესაგებელთან ერთად, ანუ ამ ნასყიდობის ხელშეკრულებით ცალსახად დასტურდება, რომ 2007 წლის 15 იანვარს მოსარჩელემ უკვე უტყუარად იცოდა, რომ ნ. ჯ.-ემ სამკვიდრო მთლიანად მიიღო და თავისი შეხედულებით განკარგავდა მას, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა ქეთევან ა.-ამ და ი. კ.-ემ. მათი მითითებით, მ. კ.-ემ იცოდა, რომ მამის მიწა იყიდა ნ.ჯ.-ისაგან.
128. სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღება შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა პი. შეიტყო, რომ არსებობს ამისათვის სათანადო საფუძველი, ორი თვის გამოთვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა დაინტერესებული პირისათვის ამის შესახებ ცნობილი გახდა, ანუ ამ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებით დადგენილია გარემოება, რომ ნ. ჯ.-ის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი მ. კ.-ისთვის ცნობილი იყო. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება მხარეთა მორიგების შესახებ, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში სადავო სამემკვიდრეო ქონება – 351 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 254 კვ.მ საცხოვრებელი სახლი გაიყო სამკვიდრო მოწმობის თანახმად, თანაბარწილად ნ. ჯ.-ესა და ჯ. კ.-ეს შორის. ბუნებრივია, მ. კ.-ემ ამ დავის შესახებ იცოდა ორივე მხარისაგან.
129. ამავდროულად, ფაქტობრივად სადავო სახლი გაიყო ორად. გამოიყო სხვადასხვა შესასვლელი.
130. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მ. კ.-ეს 2 წელი დასჭირდა იმ ფაქტის შესატყობად, რომ მის მიერ „დაგულებული“ ოთახი მოსარჩელეს აღარ ეკუთვნოდა, არამედ ჯ. კ.-ემ ათხოვა.
131. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგ პრაქტიკაზე:
132. საქმე №ას-223-208-2014, დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან სსკ 1450-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის ორთვიანი ვადა არის გაშვებული, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მოპასუხის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის ფაქტი, როგორც მოცემულ შემთხვევაში.
133. საქმე №ას-1199-1057-2010, დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, პალატამ მიუთითა, რომ სამკვიდროს მიღება არის ნების ორმხრივი გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ, შესაბამისად, სამკვიდროს მიღება არის გარიგება, სამკვიდროს მიღებას, ანუ ამ გარიგებას წარმოშობს მემკვიდრის მხოლოდ ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სამკვიდროს მიღებისკენ. პალატამ ჩათვალა, რომ რაღაც ნივთის დაუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს მოქმედებად, რომელიც მოწმობს სამკვიდროს მიღებას.
134. საქმე №ას-1184-1113-2012, დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნება, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მიუთითა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დაუფლების თაობაზე ნების გამოვლენა გამოიხატება დანაშთი ქონების ფაქტობრივად მიღებასა და მართვაში. ამ თვალსაზრისით სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ელემენტები, როგორიცაა სამკვიდროს მიღება – დაუფლებისაკენ მიმართული ნებელობითი მოქმედება და ამგვარი მოქმედების განხორციელება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, რაც ჩვენს შემთხვევაში ვერ იქნა დადგენილი. მოსარჩელის მიერ სადავო ქონებაში ღამის გათევა არ წარმოშობს სამკვიდროს მიღებას.
135. საქმე №ას 1153-1099-2013, დავის საგანი – ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებასთან მემკვიდრის ზოგადი კავშირით არ იგულისხმებოდა, რომ მას სამკვიდრო ქონება მიღებული ჰქონდა მფლობელობით. სამკვიდრო ქონების მფლობელობით მიღებაში იგულისხმება სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობა და პყრობა, ნივთების განკარგვა, მათი ბედის გადაწყვეტა. საქმის მასალებით ცალსახადაა დადასტურებული, რომ 2013 წლამდე მხოლოდ ნ. ჯ.-ე ფლობდა, განკარგავდა და მართავდა სადავო ქონებას.
136. საქმე №ას-555-526-2014, დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მოპასუხის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ და მას შემდეგ, რაც პირმა ამის თაობაზე შეიტყო, 2 თვის ვადაში სადავოდ არ გაუხდია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამკვიდრო მოწმობის შესახებ მოსარჩელემ იცოდა მისი გაცემის დღიდან. ასევე დადასტურებული გარემოებაა, რომ ამის შესახებ მან იცოდა 2007 წელს მიწის ნაკვეთის ნასყიდობის გაფორმებისას და ბოლოს, 2013 წლის თებერვლის შემდეგ, როცა იგი დადიოდა თავის ძმასთან სადავო სახლში, რომლის ნახევარი სასამართლოს გადაწყვეტილებით მიეკუთვნა ჯ. კ.-ეს და სახლი გაიყო 2 ნაწილად.
137. საქმე №ბს-339-335(2კ-14), ხანდაზმულობის საერთო ვადა განისაზღვრება 10 წლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა, პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სხვათა უფლებების შელახვას.
138. კასატორმა მიუთითა სასამართლოსათვის მოსარჩელე მ. კ.-ისა და მოწმე ზ. კ.-ის მიერ მიცემულ განმარტებებზე და მიიჩნია, რომ მათი მეშვეობით დასტურდება მ. კ.-ის უფლების არა 2014 წლიდან, არამედ 1995 წელს მ. კ.-ის გარდაცვალების დღიდან დარღვევის ფაქტი. განვლილი 20 წლის განმავლობაში კი მოსარჩელეს პრეტენზია არ განუცხადებია მაშინ, როცა სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის საფუძველზე შედავების ვადა მხოლოდ 2 თვე იყო.
139. კასატორმა ჩათვალა, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, შეაფასა და მხედველობაში მიიღო მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებული მტკიცებულებები და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, გამოკვლევის გარეშე გაიზიარა მ. კ.-ის პოზიცია.
140. მხარის მოსაზრებით, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დგინდება, რომ მ. კ.-ე მ. კ.-ის გარდაცვალების შემდეგ სადავო სახლში ცხოვრობდა. სახლში ღამის გათევა იქ ცხოვრებას არ ნიშნავს, გარდა მოსარჩელის წინასწარ მომზადებული მოწმეების განმარტებებისა, მოსარჩელეს სხვა რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარმოუდგენია.
141. სააპელაციო სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნებს, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა და უკანონოდ იმსჯელა მ. კ.-ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებაზე, რადგან აღნიშნული მოსარჩელეს არ მოუთხოვია.
142. მხარემ ჩათვალა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად უგულებელყო შესაგებელზე დართული მ. კ.-ის მიერ ხელმოწერილი ხელწერილი, რომელიც ადასტურებს, რომ, ფაქტობრივად, მოსარჩელეს მ. კ.-ის სამკვიდროდან 1000 კვ.მ ნ. ჯ.-ისაგან არ უყიდია, მიწის ნაკვეთის საფასური არ გადაუხდია, არამედ მოპასუხემ უძრავი ნივთი მას აჩუქა.
143. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით ნ., ს. და ა. ჯ.-ეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
144. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ., ს. და ა. ჯ.-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
145. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1984 წლის 21 აპრილიდან ნ. ჯ.-ე და მ. კ.-ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
146. სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2012 წლის 13 სექტემბერს განმეორებით გაცემული №... გარდაცვალების მოწმობის თანახმად, 1995 წლის 26 აპრილს მ. კ.-ე გარდაიცვალა. მამკვიდრებელს დარჩა 3 პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე – ნ. ჯ.-ე და შვილები – ჯ. და მ. კ.-ეები.
147. სააპელაციო პალატამ ს.-ის სოფლის საკრებულოს მიერ 1995 წლის დეკემბერში გაცემული ცნობით დაადგინა, რომ გარდაცვალების დღისათვის მ. კ.-ის საკუთრებაში ირიცხებოდა ორსართულიანო ქვის სახლი 45,1 კვ.მ და 75,7 კვ.მ საცხოვრებელი ფართით და 40,6 კვ.მ დამხმარე ფართით, 1300 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთით.
148. მოპასუხე ნ. ჯ.-ემ, ჯ. კ.-ის გვერდის ავლით, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაირეგისტრირა სადავო ქონება.
149. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 27 თებერვალს დამტკიცებული მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით დასტურდება, რომ მოდავე მხარეებმა – ნ. ჯ.-ემ და ჯ. კ.-ემ ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე სადავო სამემკვიდრეო ქონებად აღიარეს 351 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 254 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, აღნიშნული ქონება გაიყო თანაბარწილად, ნ. ჯ.-ეს მიეკუთვნა საცხოვრებელი სახლის ½ – 127 კვ.მ და 119 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ჯ. კ.-ეს საცხოვრებელი სახლის ½ წილი – 127 კვ.მ ფართი და 114 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
150. 2014 წლის 10 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე 127 კვ.მ შენობა №... საკადასტრო კოდით ნ. ჯანგველაშვილმა საჩუქრად გადასცა მის ძმიშვილებს, მოპასუხე ს. და ა. ჯ.-ეებს.
151. მამის მ. კ.-ის გარდაცვალების შემდგომ მისი შვილი – მ. კ.-ე აგრძელებდა ცხოვრებას მამისეულ სახლში, აწარმოებდა სარემონტო სამშენებლო-სამუშაოებს, უვლიდა და აწესრიგებდა მიმდებარე ტერიტორიას (ტერასებს), ჰქონდა და აქვს ოთახი მის მფლობელობაში, სადაც განთავსებულია მისი კუთვნილი ნივთები და მამის გარდაცვალებისთანავე ფაქტობრივი ფლობის გზით მიიღო მემკვიდრეობა, რომელიც განავრცო, აწარმოა სამშენებლო სამუშაოები, მიუმატა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები და დღემდე სარგებლობს მამის დანაშთი ქონებით.
152. მოსარჩელე მხარისა და მოწმეთა განმარტებებით, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპს „ა.-ის“ 2014 წლის 13 ოქტომბრის დასკვნით დასტურდება, რომ, ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე მოპასუხეთა სახელზე რეგისტრირებული სახლთმფლობელობა დღეის მდგომარეობით გაუმჯობესებულია, საცხოვრებელი ფართი შეადგენს 254,52 კვ.მ-ს.
153. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის, მოპასუხე ჯ. კ.-ისა და მოწმეთა განმარტებები, რომ მშენებლობა და კეთილმოწყობის სამუშაოები ნაწარმოებია მ. კ.-ის სახსრებით, მამის გარდაცვალების შემდეგ.
154. ამდენად, სარჩელითა და დაზუსტებული სარჩელით, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის, მოპასუხე ჯ. კ.-ის, მოწმეების – ზ. კ.-ის, ქ. ა.-ას, ი. კ.-ის, ი. ა.-ის, თ. ვ.-ის განმარტებებით, აგრეთვე, ოქმით ადგილზე დათვალიერების შესახებ სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე მ. კ.-ემ მამის გარდაცვალების შემდგომ ფაქტობრივი ფლობის გზით მიიღო სამკვიდრო, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ.
155. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე მ. კ.-ის დანაშთი ქონება, მ. კ.-ის გარდაცვალების შემდგომ მემკვიდრეობით მიიღო მისმა პირველი რიგის სამმა მემკვიდრემ – მეუღლე ნ. ჯ.-ემ, შვილებმა – ჯ. კ.-ემ და მ. კ.-ემ (ფაქტობრივი ფლობის გზით).
156. მოსარჩელე მ. კ.-ემ მოპასუხე ნ. ჯ.-ისაგან შეიძინა 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და აღნიშნული ქონება საჩუქრად არ მიუღია. მისი ღირებულება გადაუხდა მ. ჯ.-ეს სადავო სახლში კუთვნილი სამკვიდრო წილის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლით.
157. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე ჯ. კ.-ე, მისი კუთვნილი სამკვიდროს გაქირავების გამო, ნ. ჯ.-ისაგან იღებდა საზღაურს, ხოლო მ. კ.-ე ქირის თანხას უთვლიდა შესყიდული მიწის ნაკვეთის საზღაურში.
158. მხარეთა და მოწმეების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მ. კ.-ის პოზიცია, რომ მოპასუხე ნ. ჯ.-ე 2012 წლამდე მოსარჩელეს არწმუნებდა სადავო ქონებაზე პრეტენზიის არარსებობასა და მის დამოკიდებულებაზე, რომ მ. კ.-ის დანაშთი ქონება მისი შვილების საკუთრება იყო. მ. კ.-ის განმარტება მთლიანად დაადასტურა მოპასუხე ჯ. კ.-ემ. მანვე მიუთითა, რომ მ. კ.-ემ მის მიერ სადავო ქონებასთან მიმართებით დავის აღძვრასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა.
159. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ნ. ჯ.-ისა და მის მიერ დასაჩუქრებული ძმისწულებისათვის ცნობილი იყო, რომ მ. კ.-ის სხვა პირველი რიგის მემკვიდრეთა არსებობის შესახებ, ვინაიდან ნ. ჯ.-ესთან ერთად თანაბარი წილის უფლებით სარგებლობდნენ მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე მამკვიდრებლის შვილები, მ. და ჯ. კ.-ეები, რომელთაც ახლო ურთიერთობა გააჩნდათ ს. და ა. ჯ.-ეებთან.
160. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის მ. კ.-ის სარჩელის ხანდაზმულობის საკითხს და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით დასტურდება მ. კ.-ის უფლების არა 2014 წლიდან, არამედ 1995 წელს მ. კ.-ის გარდაცვალების დღიდან დარღვევის ფაქტი. განვლილი 20 წლის განმავლობაში კი მოსარჩელეს პრეტენზია არ განუცხადებია მაშინ, როცა სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის საფუძველზე შედავების ვადა მხოლოდ 2 თვე იყო.
161. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
162. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
163. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, კასატორის ძირითადი პრეტენზია მიმართულია სასარჩელო ხანდაზმულობისაკენ.
164. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულია სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.
165. აღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013).
166. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ნ., ს. და ა. ჯ.-ეებმა ვერ წარადგინეს რაიმე მტკიცებულება, რომ მ. კ.-ემ იცოდა ნ. ჯ.-ის მიერ საჯარო რეესტრში მ. კ.-ის დანაშთი ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრედ დარეგისტრირების, ქონების ძმისწულებზე გაჩუქების, აღნიშნულის გამო, ნ. ჯ.-ესა და ჯ. კ.-ეს შორის დავისა და ჯ. კ.-ის მიერ სასამართლოში საქმის წარმართვის შესახებ. მოპასუხე ჯ. კ.-ემ კი დაადასტურა, რომ მოსარჩელემ ამ მოვლენათა თაობაზე არაფერი იცოდა. ამავდროულად, საყურადღებოა უდავოდ დადგენილი ფაქტი, რომ თავად ჯ. კ.-ემაც მოგვიანებით, 2013 წელს გაიგო მოპასუხე ნ. ჯ.-ის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ.
167. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობას არ ქმნის მხარის მიერ მითითებული არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებები, ძირითადად მხარეთა და მოწმეების განმარტებების სახით, შეაფასა ტენდენციურად, მოსარჩელის სასარგებლოდ, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება შეიცავს საკმაოდ ვრცელ დასაბუთებას და მიმოიხილავს ორივე მხარისა და მათ მიერ წარმოდგენილი მოწმეების ახსნა-განმარტებებს. სამართლებრივი შეფასების ნაწილში კი, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დეტალურად განმარტა, რა საფუძვლით გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია.
168. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
169. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
170. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
171. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ., ს. და ა. ჯ.-ეებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით თინა იმნაძის მიერ 2016 წლის 5 იანვარს №5 საგადახდო დავალებით გადახდილი 1515 ლარის 70% – 1060,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ., ს. და ა. ჯ.-ეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ. (პირადი №...), ს. (პირადი №...) და ა. ჯ.-ეებს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით თინა იმნაძის მიერ 2016 წლის 5 იანვარს №5 საგადახდო დავალებით გადახდილი 1515 ლარის 70% – 1060,5 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური