საქმე № 050210015001000716
საქმე №ას-57-55-2016 9 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ჯ.-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „გ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.-ას“ მიმართ ო.-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ.-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი №... და №..., კ.-ი ნაკეთობების ქარხანა), გამოთავისუფლებისა და მოპასუხის უკანონო მფლობელიბოდან გამოთხოვის შესახებ.
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ერიცხება ო.-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ.-ში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებითა და დამონტაჟებული მანქანა-დანადგარებით, რაც ერთობლიობაში წარმოადგენს კ.-ი ნაკეთობების ქარხანას. მითითებულ უძრავ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე შპს „ჯ.-ა“, რომელსაც ქარხნის დასაცავად გაფორმებული აქვს ხელშეკრულება დაცვის პოლიციასთან და მოსარჩელეს არ უშვებს მის ტერიტორიაზე.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ჯ.-ა“ არ ახორციელებს ფაქტობრივ მფლობელობას შპს „გ.-ის“ უძრავ ქონებაზე. კომპანიებს შორის წლების წინ მიღწეული იყო შეთანხმება, რომლითაც მოპასუხეს გადაეცა ქარხნის მართვის უფლება. პროექტი დღესაც განუხორციელებლია.
4. საწყის ეტაპზე შპს „ჯ.-ამ“ ჩაატარა გარკვეული სახის რეკონსტრუქციული სამუშაოები და მოპასუხემ ობიექტი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში სამართავად გადასცა შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც იცავს შპს „გ.-ის“ საკუთრებას ყოველგვარი ხელყოფისაგან.
5. მოპასუხემ მიიჩნია, რომ, მოსარჩელის არათანმიმდევრული დამოკიდებულების გამო, პროექტი ვერ შესრულდა და ინვესტიციებიც შეჩერდა. მოპასუხემ დატოვა ქარხნის ტერიტორია, რითაც განიცადა მატერიალური ზარალი.
6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, რომ №... და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება რეგისტრირებულია შპს „გ.-ის“ საკუთრებად.
9. შპს „გ.-ის“ დირექტორის 2015 წლის 21 მაისის წერილის თანახმად შპს „ჯ.-ას“ მიმართ, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2015 წლის 2 აპრილამდე დადებული ყველა გარიგება ცალმხრივად შეწყდა. მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებიან.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა, რომ შპს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციასთან, რომელიც ახორციელებს შპს „გ.-ის“ საკუთრებაში არსებული შპს „ჯ.-ას“ მატერიალური ფასეულობების დაცვას.
11. შესაბამისად სააპელაციო პალატამ, თავად მოპასუხე მხარის განმარტების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ჯ.-ა“, „გ.-ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში თავისი მოძრავი ნივთების, მატერიალური ფასეულობების განთავსებით ახორციელებს მფლობელობას მოსარჩელის უძრავ ქონებაზე, აღნიშნული მფლობელობა კი მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
12. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავად შპს „ჯ.-ას“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შპს „გ.-ის“ საკუთრებაში არსებულ შენობასა და ტერიტორიაზე განთავსებულია მათი ნივთები.
13. სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 312-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია შპს „გ.-ის“ საკუთრებად.
14. სააპელაციო პალატის განმარტებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.
15. ამდენად, მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება, მათ შორის შეუძლია, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
16. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს „გ.-ი“უძრავი ქონების მესაკუთრეა, შპს „ჯ.-ა“ ფლობს შპს „გ.-ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ამ შენობაში განთავსებულია მისი ნივთები და მფლობელობა არამართლზომიერია, შესაბამისად, ამ აუცილებელი პირობის არსებობის გამო, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ შპს „გ.-ის“ ვინდიკაციური სარჩელი კანონიერად დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურებულია მოპასუხე მხარის, შპს „ჯ.-ას“ მიერ შპს „გ.-ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის არამართლზომიერი ფლობა.
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ჯ.-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
20. კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი და ასევე არასწორად დაადგინა, რომ შპს „ჯ.-ა“ ახორციელებდა სადავო უძრავი ნივთის მფლობელობას. ასეთი სახის მფლობელობა არც საჯარო რეესტრში იყო რეგისტრირებული და არც ფაქტობრივად ხორციელდება. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება, რადგან უნდა განხორციელდეს არარსებული მოქმედება.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით შპს „ჯ.-ას“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ჯ.-ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ №... და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება რეგისტრირებულია შპს „გ.-ის“ საკუთრებად.
24. ამავდროულად, შპს „გ.-ის“ დირექტორის 2015 წლის 21 მაისის წერილის თანახმად შპს „ჯ.-ას“ მიმართ, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2015 წლის 2 აპრილამდე დადებული ყველა გარიგება ცალმხრივად შეწყდა. მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებიან.
25. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა, რომ შპს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციასთან, რომელიც ახორციელებს შპს „გ.-ის“ საკუთრებაში არსებული შპს „ჯ.-ას“ მატერიალური ფასეულობების დაცვას.
26. შესაბამისად სააპელაციო პალატამ, თავად მოპასუხე მხარის განმარტების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ჯ.-ა“, შპს „გ.-ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში თავისი მოძრავი ნივთების, მატერიალური ფასეულობების განთავსებით ახორციელებს მფლობელობას მოსარჩელის უძრავ ქონებაზე, აღნიშნული მფლობელობა კი მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
27. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც თავად შპს „ჯ.-ას“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შპს „გ.-ის“ საკუთრებაში არსებულ შენობასა და ტერიტორიაზე განთავსებულია მათი ნივთები.
28. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის მიერ ფაქტობრივი გარემოების დადგენის კანონიერებას იმის შესახებ, რომ სადავო უძრავი ქონება იმყოფება კასატორის მფლობელობაში და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის დანაწესი.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
31. განსახილველი სარჩელი თავისი იურიდიული ბუნებით ვინდიკაციური ხასიათისაა.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
33. შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
34. სადავო შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა სამივე აღნიშნული წინაპირობის არსებობა, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი სავსებით კანონიერად დაკმაყოფილდა.
35. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა შპს „ჯ.-ას“ მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობის ფაქტი, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინების აღნიშნული დებულება გამყარებულია საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე მითითებით – შპს „გ.-ის“ დირექტორის 2015 წლის 21 მაისის წერილი შპს „ჯ.-ას“ მიმართ (დადასტურდა, რომ 2015 წლის 2 აპრილამდე დადებული ყველა გარიგება ცალმხრივად შეწყდა და მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებიან), მოპასუხის შესაგებელსა და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის განმარტებები (რომელთა თანახმადაც, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობასა და ტერიტორიაზე განთავსებულია მოპასუხის ნივთები). აღნიშნული მტკიცებულებების სარწმუნოობა კასატორს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.
36. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუსგ 16.12.2015წ. საქმე №ას-1040-980-2015).
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ჯ.-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს „ჯ.-ასა“ და ნ. დ.-ას მიერ 2016 წლის 8 იანვარს №10 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ.-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ჯ.-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს „ჯ.-ასა“ და ნ. დ.-ას მიერ 2016 წლის 8 იანვარს №10 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური