Facebook Twitter

საქმე № 010210015703052

საქმე №ას-61-59-2016 23 მარტი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ტ. გ.-ე (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.-ი“, ი. დ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ტ. გ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ.-ისა“ და ი. დ.-ის მიმართ 9000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 25 იანვარს შპს „დ.-ის“ დირექტორ ი. დ.-ესთან გააფორმა უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომელიც დამოწმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ. ნასყიდობის პირველი შენატანი – 9000 აშშ დოლარი ტ. გ.-ემ გადაიხადა. მოგვიანებით მოსარჩელემ შეიტყო, რომ ი. დ.-ემ შეცდომაში შეიყვანა და ხელშეკრულება გაუფორმა ისეთ ქონებაზე, რომელიც მანამდე ლ. ჯ.-ეს მიჰყიდა, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი ეთქვა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა მხარეს რეგისტრაციაზე უარი განუცხადა.

3. ამდენად, შპს „დ.-ის“ დირექტორმა ი. დ.-ემ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თაღლითობა.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა ფიზიკური პირის მიმართ სრულიად უკანონოა. რაც შეეხება შპს „დ.-ის“ ვალდებულებას, მოსარჩელეს კუთვნილი 4070 აშშ დოლარი უკვე დაუბრუნდა. 2014 წლის 30 მაისს საზოგადოებამ აღიარა ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, თუმცა ტექნიკური შეცდომის გამო, 5000 აშშ დოლარის ნაცვლად, მიეთითა 9000 აშშ დოლარი.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „დ.-ს“ ტ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 9000 აშშ დოლარის გადახდა, რაც ი. დ.-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8. 2013 წლის 25 იანვარს ტ. გ.-ესა და შპს „დ.-ს“ შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიდო უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნასყიდობის საგანი უნდა ყოფილიყო ქ.-ში, ჭ.-ის ქ.-ში მდებარე მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულზე მდებარე 59,80 კვ.მ №-- ბინა.

9. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის თანხის პირველი შესატანის ოდენობა უნდა ყოფილიყო 9000 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელე ტ. გ.-ემ იმავე დღეს შპს „დ.-ის“ დირექტორ ი. დ.-ეს გადაუხადა.

10. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარებს შორის საბოლოოდ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება არ შედგა იმ მიზეზით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, ტ. გ.-ეს უარი ეთქვა უფლების რეგისტრაციაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, რაც გამორიცხავდა უძრავ ნივთზე ქ.-ში, ჭ.-ის ქ. №..-ში მდებარე №.. ბინაზე ტ. გ.-ის უფლების რეგისტრაციას.

11. 2014 წლის 30 მაისს, ერთი მხრივ, შპს „დ.-ის“ დირექტორ ი. დ.-ესა და, მეორეს მხრივ, ტ. გ.-ეს შორის შედგა №.. შეთანხმების ოქმი, რომლის თანახმად შპს „დ.-მა“ აღიარა, რომ მას გააჩნია ტ. გ.-ის დავალიანება 9000 აშშ დოლარის ოდენობით და აიღო ვალდებულება, აღნიშნული დავალიანება დაეფარა 2014 წლის 20 ივნისამდე, თუმცა ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 463-ე, 464-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საქმის მასალებისა და შეთანხმების ოქმის შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა მხოლოდ ტ. გ.-ესა და შპს „დ.-ს“ შორის. ამასთან, მოსარჩელისათვის 9000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება აიღო მხოლოდ შპს „დ.-მა“ და არა მისმა დირექტორმა, ფიზიკურმა პირმა ი. დ.-ემ.

13. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის არც ერთი საფუძველი, რის გამოც სარჩელი ი. დ.-ისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. გასაჩივრებულ ნაწილში აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტზე და განმარტა, რომ აღნიშული ნორმა ადგენს დირექტორის პასუხისმგებლობის წესს, თუმცა ნორმის შინაარსის შესაბამისად, კრედიტორის წინაშე საზოგადოების დირექტორის პასუხისმგებლობა დგება ისეთ შემთხვევაში, როდესაც: 1) დირექტორის ბრალეული მოქმედებით გამოწვეული ზიანისათვის კრედიტორის მიმართ საწარმოს გააჩნია ვალდებულება; 2) საწარმოს არ შესწევს ამ ვალდებულების შესრულების უნარი; 3) არსებობს ისეთი ვითარება, როცა ანაზღაურება აუცილებელია კრედიტორის დასაკმაყოფილებლად; 4) თავად საწარმო არ აყენებს დირექტორის მიმართ პასუხისმგებლობის მოთხოვნას.

15. ამდენად, მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი, კრედიტორმა უშუალოდ საზოგადოების დირექტორისაგან მოითხოვოს, მის წინაშე წარმოშობილი საზოგადოების ვალდებულების ანაზღაურება.

16. სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან აპელანტს არ წარმოუდგენია მითითებული გარემოებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, მისი მსჯელობა სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა შპს „დ.-თან“ ერთად სოლიდარულად ი. დ.-ისათვის 9000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არასწორია და გაზიარებული ვერ იქნება.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ტ. გ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

18. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „დ.-ის“ დირექტორმა ი. დ.-ემ საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება 2013 წლის 25 იანვარს ტ. გ.-ესთან დადო იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც მანამდე უკვე მიჰყიდა სხვა მყიდველ ლ. ჯ.-ეს, ამდენად, შპს „დ.-ის“ დირექტორმა ი. დ.-ემ ტ. გ.-ის წინააღმდეგ ჩაიდინა თაღლითობა, სისხლის სამართლის კოდექსის“ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

19. კასატორმა მიიჩნია, რომ შპს „დ.-ის“ დირექტორი ი. დ.-ე საზოგადოების საქმეებს არ გაუძღვა კეთილსინდისიერად, არ ზრუნავდა ისე, როგორც უნდა ეზრუნა ანალოგიურ თანამდებობაზე და პირობებში მყოფ ჩვეულებრივ, საღად მოაზროვნე პირს და არ მოქმედებდა იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. ვინაიდან საზოგადოების დირექტორმა ი. დ.-ემ კეთილსინდისიერად არ შეასრულა თავისი მოვალეობა, მან საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხი უნდა აგოს სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ, საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან/და საზოგადოების კომპრომისი ბათილია, ვინაიდან ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორ ტ. გ.-ის, დასაკმაყოფილებლად.

20. საზოგადოების დირექტორი ი. დ.-ის ვალდებულება არ შეიძლება შეწყდეს იმის გამო, რომ შესაძლოა, ის მოქმედებდა პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

21. შესაბამისად, მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი.

22. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. შპს „დ.-ის“ დირექტორ ი. დ.-ეს სოლიდარული ვალდებულება ტ. გ.-ის მიმართ წარმოეშვა კანონის, კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის პირველი აბზაცის თანახმად.

23. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კრედიტორ ტ. გ.-ეს უფლება გააჩნდა, თავისი სურვილისამებრ შესრულება მოეთხოვა ნებისმიერ მოვალის, როგორც შპს „დ.-ის“ დირექტორის, ისე ფიზიკურ პირის – ი. დ.-ისაგან.

24. მხარის მითითებით, მცდარია სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებაში მოცემული განმარტება, რომ ტ. გ.-ეს არ წარმოუდგენია იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დირექტორის ბრალეული მოქმედებით გამოწვეული ზიანისთვის კრედიტორის მიმართ საწარმოს გააჩნია ვალდებულება, საწარმოოს არ შესწევს ამ ვალდებულების გადახედვის უნარი და არსებობს ისეთი ვითარება, რომ ანაზღაურება აუცილებელია კრედიტორის დასაკმაყოფილებლად. თავად საწარმო არ აყენებს დირექტორის მიმართ პასუხისმგებლობის მოთხოვნას. აღნიშნული სადავო გარემოებები დამტკიცებულია წარდგენილი მტკიცებულებებითა და პირველი ინსტანციის სასამართლოში შპს „დ.-ის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აღიარებით.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 თებერვლის განჩინებით ტ. გ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ტ. გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 25 იანვარს ტ. გ.-ესა და შპს „დ.-ს“ შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიდო უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნასყიდობის საგანი უნდა ყოფილიყო ქ.-ში, ჭ.-ის ქ.-ში მდებარე მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულზე მდებარე 59,80 კვ.მ №.. ბინა.

28. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის თანხის პირველი შესატანის ოდენობა უნდა ყოფილიყო 9000 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელე ტ. გ.-ემ იმავე დღეს შპს „დ.-ის“ დირექტორ ი. დ.-ეს გადაუხადა.

29. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარებს შორის საბოლოოდ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება არ შედგა იმ მიზეზით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, ტ. გ.-ეს უარი ეთქვა უფლების რეგისტრაციაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, რაც გამორიცხავდა უძრავ ნივთზე ქ.-ში, ჭ.-ის ქ. №...-ში მდებარე №.. ბინაზე ტ. გ.-ის უფლების რეგისტრაციას.

30. 2014 წლის 30 მაისს, ერთი მხრივ, შპს „დ.-ის“ დირექტორ ი. დ.-ესა და, მეორეს მხრივ, ტ. გ.-ეს შორის შედგა №-- შეთანხმების ოქმი, რომლის თანახმად შპს „დ.-მა“ აღიარა, რომ მას გააჩნია ტ. გ.-ის დავალიანება 9000 აშშ დოლარის ოდენობით და აიღო ვალდებულება, აღნიშნული დავალიანება დაეფარა 2014 წლის 20 ივნისამდე, თუმცა ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

31. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ტ. გ.-ე სადავოდ ხდის ზემოაღნიშნული დავალიანების მხოლოდ შპს „დ.-ისათვის“ დაკისრების ფაქტს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლებისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს ვალდებულების შესრულება საზოგადოებისა და მისი დირექტორისათვის სოლიდარულად უნდა დაეკისრებინა.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

34. სრულიად დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად არ იკვეთება მოპასუხეების სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები მოსარჩელის მიმართ. მეტიც, ცალსახად დადგენილია, რომ ტ. გ.-ის წინაშე ვალდებულების შესრულება იკისრა შპს „დ.-მა“. აღნიშნული კი გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შემადგენლობის არსებობას.

35. სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კასატორის პრეტენზია ი. დ.-ის, როგორც შპს „დ.-ის“ დირექტორის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ უკანასკნელმა კეთილსინდისიერად არ შეასრულა თავისი მოვალეობა და საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხი უნდა აგოს სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ, საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან/და საზოგადოების კომპრომისი ბათილია, ვინაიდან ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორ ტ. გ.-ის, დასაკმაყოფილებლად.

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელსაც სავსებით შეესაბამება სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ აღნიშული ნორმა ადგენს დირექტორის პასუხისმგებლობის წესს, თუმცა ნორმის შინაარსის შესაბამისად, კრედიტორის წინაშე საზოგადოების დირექტორის პასუხისმგებლობა დგება ისეთ შემთხვევაში, როდესაც: 1) დირექტორის ბრალეული მოქმედებით გამოწვეული ზიანისათვის კრედიტორის მიმართ საწარმოს გააჩნია ვალდებულება; 2) საწარმოს არ შესწევს ამ ვალდებულების შესრულების უნარი; 3) არსებობს ისეთი ვითარება, როცა ანაზღაურება აუცილებელია კრედიტორის დასაკმაყოფილებლად; 4) თავად საწარმო არ აყენებს დირექტორის მიმართ პასუხისმგებლობის მოთხოვნას.

37. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, შპს „დ.-თან“ ერთად სოლიდარულად ი. დ.-ისათვის 9000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.

38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური