Facebook Twitter

საქმე № 330210013344475

საქმე №ას-66-63-2016 16 მარტი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – სს „თ.-ო“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე– ქ. ჯ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების შეწყვეტა

დავის საგანი – ნასყიდობის ღირებულებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ.-ომ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ჯ.-ის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის დადებული ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნასყიდობის საგნის ღირებულების – 160 000 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 160 000 ლარის წლიური 15%-ის ანაზღაურება.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ ქ. ჯ.-ეს ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დაცვით გადასცა ნასყიდობის საგანი, ხოლო მოპასუხეს ავტომანქანის ღირებულება არ გადაუხდია.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2008 წელს სადავო ავტომანქანა აჩუქა შპს „ს.-ის“ 100% წილის მესაკუთრე ა. წ.-მა (მოპასუხის მამამთილმა), თუმცა მოძრავი ნივთი მის საკუთრებად აღირიცხა მოგვიანებით, 2011 წლის 24 მარტს. ფაქტობრივად, არანაირი ნასყიდობა არ გაფორმებულა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 160 000 ლარისა და 2011 წლის 24 აპრილიდან ნასყიდობის თანხის სრულად გადახდამდე მიუღებელი შემოსავლისთვის ზიანის – 160 000 ლარის წლიური 8%-ის ანაზღაურება, რაც ქ. ჯ.-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ქ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. ჯ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განჩინებით ქ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. 2016 წლის 15 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „თ.-ოს“ დირექტორმა ზ. მ.-მა და საზოგადოების სახელით უარი განაცხადა სს „თ.-ოს“ მიერ ქ. ჯ.-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ აღძრულ სარჩელზე. განმცხადებელმა მოითხოვა მითითებულ სარჩელზე მიმდინარე საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საქმეზე, – სს „თ.-ოს“ სარჩელის გამო, ქ. ჯ.-ის მიმართ ნასყიდობის ღირებულებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპის ძალით, მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებები.

11. აღნიშნული მსჯელობა განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, რომლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.

12. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სს „თ.-ოს“ დირექტორ ზ. მ.-ის განცხადება, რომლითაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა სს „თ.-ოს“ სარჩელზე და მოითხოვა მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტა.

13. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ზ. მ.-ის, როგორც სს „თ.-ოს“ დირექტორის უფლებამოსილება 2016 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის ელექტრონული ამონაწერის მეშვეობით (https://enreg.reestri.gov.ge).

14. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საქმის წარმოების დამთავრების შესაძლებლობას გადაწყვეტილების მიღების გარეშე, რა დროსაც სასამართლოს დავაზე მატერიალური სამართლის ნორმათა შეფარდების გზით, არსებითად არ მსჯელობს და საქმე სრულდება პროცესუალურ-სამართლებრივი პროცედურის საფუძველზე. ერთ-ერთ ასეთ საშუალებას წარმოადგენს საქმის წარმოების შეწყვეტა.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელი განსაზღვრავს საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობას, კერძოდ, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

16. ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე. ასეთ პირობებში მოქმედებს სასამართლოს მოვალეობა, შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული დავის განხილვა მიუხედავად იმისა, რომელ სასამართლო ინსტანციაში იმყოფება საქმე და რამდენად პერსპექტიულია სარჩელი მისი არსებითად დაკმაყოფილების კუთხით. შესაბამისად, მატერიალურ სამართალში მოქმედი ნების ავტონომიის მსგავსად, მხარეს შეუძლია თავისი სურვილის მიხედვით განახორციელოს საპროცესო უფლება სარჩელზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

17. ამასთან, საყურადღებოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

18. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლისა (საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს) და 372-ე მუხლის (საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით) საფუძველზე საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის მე-3, 272-ე 273-ე მუხლებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სს „თ.-ოს“ მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მეოთხე ნაწილით დადგენილა, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

20. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე სარჩელზე უარის თქმის გამო, კასატორ ქ. ჯ.-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ქ. ჯ.-ისა და თ. ფ.-ის მიერ 2016 წლის 7 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შეწყდეს საქმის წარმოება სს „თ.-ოს“ სარჩელის გამო, ქ. ჯ.-ის მიმართ ნასყიდობის ღირებულებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ.

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

4. კასატორ ქ. ჯ.-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ქ. ჯ.-ისა და თ. ფ.-ის მიერ 2016 წლის 7 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური