Facebook Twitter

საქმე № 330210014530858

საქმე №ას-87-83-2016 1 მარტი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ა.-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.-ს“ მიმართ 2013 წლის 17 მაისის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, – 131 210,86 ლარის, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით – 20438,74 ლარის ანაზღაურების შესახებ. 121 684 ლარის ამოღების მიზნით, მოსარჩელემ მოითხოვა 2011 წლის 09 მარტის იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.

2. სამოქალაქო საქმეები №.. და №.. გაერთიანდა ერთ წარმოებად.

3. №.. სამოქალაქო საქმეში მოსარჩელე მოითხოვდა შპს „ს.-სათვის“ 2013 წლის 17 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 121 684 ლარის დაკისრებას, ხოლო №.. სამოქალაქო საქმეში მოსარჩელემ ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვა მოპასუხისათვის 20 526 ლარის დაკისრება.

4. 2015 წლის 30 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა №.. სამოქალაქო საქმეში წარმოდგენილი სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის 9526,83 ლარის დაკისრება, ვინაიდან მიუთითა, რომ ძირითადმა მოვალემ მას გადაუხადა დავალიანების ნაწილი და გადასახდელი დარჩა 9526,83 ლარი.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ს.ს“ შპს „ა.-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 131 210,86 ლარის გადახდა, 121 684 ლარის ამოღების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა 2011 წლის 9 მარტის ხელშეკრულებით იპოთეკით დატვირთული შემდეგ მისამართებზე მდებარე უძრავი ქონება: ა) ქ.-ი, ჩ.-ის ქუჩა №.., სართული 2, ოფისი №.. (საკადასტრო კოდი: №..); ბ) ქ.-ი, ჩ.-ის ქუჩა №.., სართული 3, ოფისი №.. (საკადასტრო კოდი: №...); გ) ქ.-ი, ჩ.-ის ქუჩა №..., სართული 3, ოფისი №... (საკადასტრო კოდი: №...); დ) ქ.-ი, ჩ.-ის ქუჩა №..., სართული 2, ოფისი №... (საკადასტრო კოდი: №...). შპს „ა.-ას“ მოთხოვნა, მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შპს „ს.-ს“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით აპელანტ შპს „ს.-ს“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარმოედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის სახით 5248,4 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს „ს.-ს“ სახელმწიფო ბაჟის – 5248,4 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმის განხილვის დასრულებამდე, ამავდროულად, აპელანტს ხარვეზის შესავსებად ვადა 5 დღით გაუგრძელდა და დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი.

10. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელ ხ. მ.-ას ჩაბარდა 2015 წლის 12 ნოემბერს.

11. სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა ხ. მ.-ას, როგორც შპს „ს.-ს“ წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადა და ფარგლები და დარწმუნდა, რომ მას განჩინების ჩაბარების უფლებამოსილება ჰქონდა.

12. 2015 წლის 17 ნოემბერს, ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში, აპელანტ შპს „ს.-ს“ წარმომადგენელმა ხ. მ.-ამ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. მან აღნიშნა, რომ კომპანია ვერ შეძლებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას საქმის მის საწინააღმდეგოდ დასრულების შემთხვევაშიც.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის, 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. ამდენად, აღნიშნული გარემოების უტყუარად დადასტურების ტვირთი ეკისრება მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას ან მისი გადახდისაგან გათავისუფლებას.

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წლის 5 ოქტომბერს აპელანტის წარმომადგენელმა ხ. მ.-ამ იშუამდგომლა საქმის საბოლოო დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ კომპანია არის უმძიმეს ეკონომიკურ/ფინანსურ მდგომარეობაში, დაყადაღებულია შპს „ს.-ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მის მთელს ქონებას ადევს საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა, კომპანია შეყვანილია მოვალეთა რეესტრში, დაყადაღებულია კომპანიის ანგარიშები. განცხადებას თან ერთვოდა საგადასახადო გირავნობის შესახებ აქტი, ცნობა მოვალეთა რეესტრის შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებები, ყადაღის შესახებ ცნობა ანგარიშებზე, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. სწორედ აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხარის ქონებრივ მდგომარეობაზე და შპს „ს.-ს“ სახელმწიფო ბაჟის – 5248,4 ლარის გადახდა გადაუვადა საქმის განხილვის დასრულებამდე, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონისმიერი წინაპირობები არ არსებობს.

15. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე და მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი დადგენილ ვადაში არ წარუდგენია, ხარვეზი არ შეუვსია.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობა არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა საკუთარი ინიციატივით გააგრძელოს.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ს.-მ“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

18. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ თავისი უფლებების სამართლიან სასამართლოში დაცვის მიზნით, სასამართლოს მიმართა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით, რაც საკმარისად დაასაბუთა. სააპელაციო პალატა გასცდა აპელანტის მოთხოვნის ფარგლებს და სულ სხვა საკითხზე იმსჯელა და აპელანტს თანხის გადახდა გადაუვადა.

19. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არსებითად უნდა განეხილა სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან ერთხელ უკვე იმსჯელა საქმეზე და ამის შესახებ აცნობა მხარეებს. იმავე საკითხზე ხელმეორედ მიიღო გადაწყვეტილება და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი შეიძლება გახდეს მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე და არა საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს.-ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

21. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შპს „ს.-ს“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

23. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

24. აქვე აღსანიშნავია ამავე ნორმის მეშვიდე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

25. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა აპელანტს თავისი შეხედულებისამებრ გაუგრძელოს, თუ ამის შესახებ თავად მხარე არ იშუამდგომლებს.

26. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შპს „ს.-ს“ დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა 7 დღის ვადაში დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის – 5248,4 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.

27. 2015 წლის 5 ოქტომბერს შპს „ს.-ს“ წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.

28. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით გაუგრძელდა და დაევალა დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარედგინა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის – 5248,4 ლარის გადახდა აპელანტს გადაუვადდა საქმის განხილვის დასრულებამდე.

29. სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ხარვეზის განსაზღვრის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელ ხ. მ.-ას ჩაბარდა 2015 წლის 12 ნოემბერს (ტომი 2, ს.ფ. 276).

30. სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა ხ. მ.-ას, როგორც შპს „ს.-ს“ წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადა, ფარგლები და დარწმუნდა, რომ მას განჩინების ჩაბარების უფლებამოსილება გააჩნდა (ტომი 2 ს.ფ. 270).

31. 2015 წლის 17 ნოემბერს, ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში, აპელანტ შპს „ს.-ს“ წარმომადგენელმა ხ. მ.-ამ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. მან აღნიშნა, რომ კომპანია ვერ შეძლებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას საქმის მის საწინააღმდეგოდ დასრულების შემთხვევაშიც, თუმცა მხარეს დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის ნაწილში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა შპს „ს.-ს“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ვინაიდან აპელანტს საკმარისი დროს მიეცა, წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი. სწორედ აღნიშნული სახის სააპელაციო საჩივრის წარდგენას გულისხმობდა სააპელაციო სასამართლო, როდესაც უთითებდა მხარეს „დაზუსტებული და დასაბუთებული“ სააპელაციო საჩივრის წარმოდგენაზე. მართალია, ამგვარი ფორმულირება სიტყვასიტყვით არ ასახავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს და სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულობის საკითხი ფასდება მისი არსებითად განხილვის ეტაპზე, თუმცა ხარვეზის შინაარსი აპელანტისათვის სავსებით ნათელი უნდა ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მას უნდა მიემართა სასამართლოსათვის მისი დაზუსტების მიზნით.

33. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, შპს „ს.-ს“ სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედება სრულად არ განუხორციელებია.

34. რაც შეეხება აპელანტის მითითებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „ს.-ს“ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების შემდეგ მსგავსი შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს. მან მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რაც ცხადად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი განცხადებით (ტომი 2, ს.ფ. 250). მოგვიანებით, ხარვეზის შევსებისათვის მიცემული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინების მიღების შემდეგ, მხარის აღნიშნული შუამდგომლობის განხილვას საფუძველი აღარ გააჩნდა, რადგან კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობისა და საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის მოთხოვნის არარსებობის პირობებში ცალსახად იკვეთებოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი წინაპირობების არსებობა. ასეთ დროს სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი დღის წესრიგში ვეღარ დადგებოდა.

35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.-ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე