საქმე № 330210015793452
საქმე №ას-91-87-2016 1 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. ყ.-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. დ.-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი. ყ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. დ.-ის მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 25 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის შეცვლა და პირგასამტეხლოს მოცულობის 167,60 აშშ დოლარით განსაზღვრა.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 3 აპრილს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ზ. დ.-ემ ტ. ქ.-ას სესხის სახით გადასცა 4000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 2013 წლის 3 ივნისამდე ყოველთვიური სარგებლის სახით 4% დარიცხვით.
3. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს ანაზღაურება ძირითადი თანხის 0,3% მოცულობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება.
5. მხარემ მიუთითა, რომ 2013 წლის 3 აპრილს შედგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტორის უფლებების რეალიზაციის მიზნით, ზ. დ.-ემ სააღსრულებო ფურცლის მიღების შესახებ მიმართა ნოტარიუსს.
6. 2015 წლის 25 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად კრედიტორია ზ. დ.-ე, ხოლო მოვალეს წარმოადგენს ი. ყ.-ი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განსაზღვრულია შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა – 4000 აშშ დოლარი და 2014 წლის 3 იანვრიდან დარიცხული პირგასამტეხლო, რომელიც, კრედიტორის მითითებით, შემცირებულია 0,1 პროცენტამდე. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა ფულადი ვალდებულების შესასრულებლად ი. ყ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია.
7. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს ოდენობის 0,03 პროცენტამდე შემცირების ნაწილში ცნო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2015 წლის 25 თებერვალს ნოტარიუს ი. ხ.-ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №...) შევიდა ცვლილება და მასში ყოველდღიურად ასანაზღაურებელი პირგასამტეხლოს მოცულობა განისაზღვროს სესხის ძირითადი თანხის 0,01 პროცენტით, ი. ყ.-ის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 167,60 აშშ დოლარის მითითების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ყოველწლიურად გადასახდელი თანხის (პირგასამტეხლოს) ოდენობა შეადგენს 146 აშშ დოლარს (4000-ის 0,01% – 0,4 აშშ დოლარიX365 დღეზე).
12. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა პირგასამტეხლოს მოცულობის 167,60 აშშ დოლარამდე შემცირების ნაწილში. ამდენად, ის ოდენობა, რომლითაც გადასახდელი თანხა მცირდება, შეადგენს 146 აშშ დოლარს-167,60 აშშ დოლარი. აღნიშნული კი, კანონით დადგენილ ზღვრულ 1000 ლარს არ აღემატება.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ყ.-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
14. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ი. ყ.-ს უარი ეთქვა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს სახით 167,60 აშშ დოლარის მითითებაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ციფრობრივი სიდიდის სახით გამოხატვა დაუსაბუთებლად მიიჩნია. აღნიშნული გასაჩივრდა სააპელაციო წესით.
15. მხარის მითითებით, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე მაშინ, როდესაც აპელანტი სადავოდ ხდიდა არა პირგასამტეხლოს ოდენობას, არამედ იმ გარემოებას, რომ სააღსრულებო ფურცელი უნდა შეიცვალოს და მასში აისახოს პირგასამტეხლოს ციფრობრივი სიდიდე, რაზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ყ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ი. ყ.-ის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრისა და მისი განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
18. განსახილველი კერძო საჩივრით მხარე მიუთითებს, რომ აპელანტის მოთხოვნა ეხებოდა არა პირგასამტეხლოს ოდენობას, არამედ იმ გარემოებას, რომ სააღსრულებო ფურცელი უნდა შეიცვალოს და მასში აისახოს პირგასამტეხლოს ციფრობრივი სიდიდე.
19. წარმოდგენილი დავის საგნის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ურთიერთ პრეტენზიები წარმოიშვა ქონებრივი ურთიერთობების საფუძველზე.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
21. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 1000 ლარს სცილდება. 1000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
22. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-41 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
23. ამდენად, სააპელაციო სასამართლო, ამავე კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრისას ხელმძღვანელობს რა პირველი ინსტანციისათვის დადგენილი ნორმებით, გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ მიმდინარე დავების დროს სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებას ადგენს ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი წესით (სუსგ 6.02.2015წ. საქმე №ას-1260-1200-2014).
24. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ყ.-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა პირგასამტეხლოს სახით 167,60 აშშ დოლარის მითითების შესახებ, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
25. ყოველწლიურად გადასახდელი თანხის (პირგასამტეხლოს) ოდენობა შეადგენს 146 აშშ დოლარს (4000-ის 0,01% – 0,4 აშშ დოლარიX365 დღეზე).
26. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ თანხა, რომლითაც მოსარჩელის ფულადი ვალდებულება მცირდება კანონით დადგენილ ზღვრულ 1000 ლარს არ აღემატება.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ყ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე