Facebook Twitter

საქმე №330210014649179

საქმე №ას-95-91-2016 16 მარტი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.-ის“ მიმართ 2 028,40 ლარის ანაზღაურების შესახებ.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 21 მარტს საქართველოს თავადაცვის სამინისტროსა და შპს „ა.-ის“ შორის დაიდო №... და №... ხელშეკრულებები.

3. 2014 წლის 21 მარტის №... ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, რაოდენობა და ღირებულება გაიწერა ხელშეკრულების №1 დანართში. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 48 580 ლარით. ამავე თარიღის №... ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, რაოდენობა და ღირებულება გაიწერა ხელშეკრულების №1 დანართში, რომლის ფასიც განისაზღვრა 5 799 ლარით. საქონლის მიწოდების ვადად დადგინდა 2014 წლის 5 მაისი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების დროდ განისაზღვრა 2014 წლის 4 ივნისი.

4. მხარის მითითებით, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მის მიერ მიწოდებული საქონელი იყო უხარისხო, რაც დადასტურებულია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №... დასკვნით.

5. 2014 წლის 21 მარტის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში შპს „ა.-ის“ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს წარმოეშვა დავალიანება, რომელიც შეადგენს 2 028,40 ლარს, რაც მას არ დაუფარავს.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, იქნება თუ არა 5 წლის მანძილზე საპოხის ხარისხი შეფერხებული მუყაოს ტარანში მოთავსებით. აღნიშნულის დასადგენად საექსპერტიზო დასკვნა სანდოობის გარანტი ვერ იქნება. შესაბამისად, მხოლოდ ამ საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება კანონს. ამასთანავე, 2015 წლის 5 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო 2 028,40 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლომ უნდა შეამციროს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ა.-ის“ დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 300 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ა.-ის“ დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 800 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველ ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

11. 2014 წლის 21 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ა.-ის“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №... და №... ხელშეკრულებები.

12. 2014 წლის 21 მარტის №.. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 48 580 ლარით, ხოლო 2014 წლის 21 მარტის №... ხელშეკრულებისა – 5 799 ლარის ოდენობით.

13. მითითებული ხელშეკრულებებით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო. ხელშეკრულებების 16.1.1. პუნქტის თანახმად, საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე.

14. 2015 წლის 15 მაისის სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ № ... დასკვნით დადასტურებულია, რომ შპს „ა.-ის“ მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიწოდებული საქონელი აღმოჩნდა უხარისხო.

15. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავოა პირგასამტეხლოს ოდენობა. აპელანტის მტკიცებით, შპს „ა.-ისათვის“ დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 2028,40 ლარს, მოწინააღმდეგე მხარე კი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული და სამართლიანია. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში.

16. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, შპს „ა.-ის“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა ერთიანი თანხა 300 ლარის ოდენობით, ხოლო მხარეთა მიერ ხელშეკრულებებით განსაზღვრული იყო მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე, რამაც ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 2 028,40 ლარი.

17. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც მოვალის, ასევე კრედიტორის ინტერესებს. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება უნდა ემსახურებოდეს მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას.

18. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, პირგასამტეხლოს ოდენობამ მთლიანობაში შეადგინა 2 028,40 ლარი. საქალაქო სასამართლომ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა და განსაზღვრა 300 ლარით. სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ამ ოდენობით შემცირება არ არის გონივრული და არ ემსახურება კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი –მიუწოდებელი საქონლის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საკრედიტო ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს, პირგასამტეხლოს ამ ოდენობით შემცირების საფუძველი არ შეიძლება გახდეს, რამდენადაც ფაქტია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება არაჯეროვნად შეასრულა.

19. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, შეფასდეს, თუ რაში გამოიხატა მიმწოდებლის (მოწინააღმდეგე მხარის) მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავად მისაწოდებელი საქონლის – საპოხი მასალის, შეფუთვის სტანდარტის დაუცველობაში და არა უშუალოდ მისაწოდებელი საქონლის, საპოხი მასალის უვარგისობაში. შესაბამისად, ერთი მხრივ, დარღვევის ამ თავისებურებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს, თუმცა ამავე დროს, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, შემსყიდველმა უარი განაცხადა მიწოდებული საქონლის მიღებაზე და საბოლოოდ მან ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლისაგან შესრულება ვერ მიიღო სააპლაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს – 2028 ლარის 300 ლარამდე შემცირება არაგონივრულია და არ ემსახურება კრედიტორის ინტერესების დაცვას.

20. ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, აგრეთვე ორივე მხარის კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა, სადავო პირგასამტეხლოს ოდენობად 800 ლარის დადგენა.

21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

22. კასატორმა მიიჩნია, რომ კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კერძოდ: მხარის ქონებრივი მდგომარეობა და დაზარალებულის ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ზემოთ მითითებული გარემოებები არ გამოიკვლია.

23. მხარის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლსა და 418-ე მუხლის მეორე ნაწილთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე, რაც უპირობოდ გულისხმობს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. სააპელაციო სასამართლომ კი, თავად მიიჩნია დადგენილად ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.

24. ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა განისაზღვრა თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და მისი შემცირების სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 21 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ა.-ის“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №. და №. ხელშეკრულებები.

28. 2014 წლის 21 მარტის №. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 48 580 ლარით, ხოლო 2014 წლის 21 მარტის №. ხელშეკრულებისა – 5 799 ლარის ოდენობით.

29. მითითებული ხელშეკრულებებით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო. ხელშეკრულებების 16.1.1. პუნქტის თანახმად, საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე.

30. 2015 წლის 15 მაისის სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ № ... დასკვნით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ა.-ის“ მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიწოდებული საქონელი აღმოჩნდა უხარისხო. ამდენად, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა.

31. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის მიერ შპს „ა.-ისათვის“ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების კანონიერებას.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2015 წლის 6 მარტის №ას-1342-1380-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება).

36. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

37. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

38. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

39. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური