საქმე №330210014633031
საქმე №ას-130-126-2016 16 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს. დ.-ი ც.-ი პ.-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფ.-ისათვის“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ „ფ.-ისათვის“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. დ.-ი ც.-ი პ.-ის“ მიმართ 53 300 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 27 ნოემბერს მხართა შორის დაიდო №... სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 27 000 აშშ დოლარი 2 თვის ვადით. სესხისათვის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 42%-ით. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს განესაზღვრა ვალდებულება, დაეფარა ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად თანდართული გრაფიკის შესაბამისად. გრაფიკით გათვალისწინებული გადახდების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0.2%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
3. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხისა და სარგებლის მთლიანად გადაუხდელობის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საპროცენტო სარგებლის დარიცხვის წესი რჩებოდა უცვლელი, ანუ სესხის დარჩენილ მოცულობას დაერიცხებოდა იმავე ოდენობით საპროცენტო სარგებელი – წლიური 42%.
4. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება სათანადოდ არ შეუსრულებია. მსესხებლის ძირითადმა დავალიანებამ შეადგინა 27 000 აშშ დოლარი, სარგებელმა – 10 407.91 აშშ დოლარი, პირგასამტეხლომ – 14 796 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტის გადაცილებისათვის პირგასამტეხლომ – 1096.33 აშშ დოლარი.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც მოპასუხემ შეიტანა საჩივარი. ამავე სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
7. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბრის სასამართლო სხდომას ესწრებოდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი გ. ც.-ა.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 2591 მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებლის ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 7 დეკემბრიდან და ამოიწურა 2015 წლის 21 დეკემბერს. გ. ც.-ამ კი, სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 22 დეკემბერს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
11. ამავე კოდექსის 63-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ს. დ.-ი ც.-ი პ.-ამ“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის დანაწესი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამავე კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილს. მხარემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ამავე კოდექსის 257-ე მუხლის მეორე ნაწილზე და, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლომ დასაბუთებული წერილობითი სახით უნდა გამოიტანოს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან ერთ შემთხვევაში – მე-14 დღეს, მეორე შემთხვევაში კი, – 30 დღის ვადაში.
14. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ მან უნდა იცოდეს, თუ რა სამართლებრივი დასაბუთება უდევს საფუძვლად სასამართლო გადაწყვეტილებას. კონკრეტული მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც შესაძლოა, მან არ გაასაჩივროს სასამართლო აქტი, თუ დარწმუნდება, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების მიმართ საპირისპირო არგუმენტების მოყვანის საშუალება არ გააჩნია. მით უფრო, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ადგენს სააპელაციო საჩივრის შედგენისას გარკვეული საფუძვლების მითითების შესახებ მოთხოვნებს.
15. მხარემ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში არ მოუმზადებია. ტელეფონის მეშვეობით იგი რეგულარულად უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა 31-ე დღემდე განჩინების ასლი ვერ ჩაიბარა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა გასაჩივრებული განჩინების ჩაბარებიდან მე-14 დღეს და მხარეს კანონის მოთხოვნა არ დაურღვევია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. დ.-ი ც.-ი პ.-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებასა და პრეტენზიას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლასთან დაკავშირებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არსებულ შესაძლო წინააღმდეგობრივი დანაწესების მიმართ.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებასთან დაკავშირებით რაიმე უზუსტობას, ბუნდოვან ან წინააღმდეგობრივ დებულებებს არ შეიცავს.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
20. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.
21. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამდენად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
22. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
23. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა შპს „ს. დ.-ი ც.-ი პ.-ის“ წარმომადგენელი გ. ც.-ა (ტომი 2, ს.ფ. 159), რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობით (ტომი 1 , ს.ფ. 59).
24. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აპელანტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება. აღნიშნული ფაქტის დადასტურება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, აპელანტი მხარის მოვალეობას წარმოადგენდა.
25. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული განჩინების ასლის მისაღებად საქალაქო სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არ შეუსრულებია. მხოლოდ მხარის განმარტება, რომ იგი ტელეფონით უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს და იგებდა განჩინების მომზადების შესახებ, ზემოთ მითითებული კანონის დანაწესის შესრულებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან მხარეს დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის წერილობით არ მიუმართავს.
26. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591 მუხლების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს, 2015 წლის 7 დეკემბერს და ამოიწურა 2015 წლის 21 დეკემბერს, მხარემ კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 22 დეკემბერს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად და კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს. დ.-ი ც.-ი პ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე