Facebook Twitter

საქმე № 330210015971108

საქმე №ას-204-194-2016 30 მარტი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ტ. პ.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჩ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი

განაცდურის ანაზღაურება, კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. ჩ.–მა (შემდგომში – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ტ. პ.–ის“ (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ტ.-ის“ დირექტორის ბრძანება „ნ. ჩ.–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“, შპს „ტ.-ის“ ჟურნალისტის თანამდებობაზე აღდგენა გათავისუფლების მომენტისათვის არსებული შრომითი ანაზღაურების შენარჩუნებით იმ ვადით, რაც დარჩენილი იყო მისი გათავისუფლების დღიდან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე, შპს „ტ-ს“ იძულებითი განაცდურის – 2015 წლის აპრილიდან თანამდებობაზე აღდგენამდე თვეში 625 ლარისა და კომპენსაციის სახით 2 თვის შრომითი ანაზღაურების – 1300 ლარის ანაზღაურება.

2. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია საქართველოს შრომის კანონმდებლობის დარღვევით. იგი ეფუძნება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტს, კერძოდ, მხარის მიერ შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას, რაც ფაქტობრივად არ განხორციელებულა.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ მუშაობისას უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები, რაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძველს წარმოადგენდა. ამავდროულად, სამსახურებრივი ურთიერთობების შეწყვეტა მოხდა მხარეთა შეთანხმებით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ტ.-ის“ დირექტორის ბრძანება ნ. ჩ.-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, მოსარჩელე აღდგენილ იქნას თანამდებობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სამსახურში აღდგენამდე დაეკისრა ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის სახით 625 ლარის (არაუგვიანეს 2016 წლის 10 თებერვლისა) გადახდა, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა კომპენსაციის სახით 2 თვის შრომის ანაზღაურების მიღების თაობაზე, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 27 ოქტომბერს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი ბ. კ.-ე (ს.ფ. 88).

7. სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა ბ. კ.-ის, როგორც შპს „ტ.-ს“ წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადა და ფარგლები (ს.ფ. 44).

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის, 369-ე მუხლის პირველი ნაწილის და 2591-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი, რომლითაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ცხადდება, დათარიღებულია 2015 წლის 27 ოქტომბრით. ამავე რიცხვისაა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც (ს.ფ. 90-91). ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილი დასაბუთებული გადაწყვეტილება 2015 წლის 28 ოქტომბრით თარიღდება (ს.ფ. 99).

9. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვალა ორივე ზემოთ დასახელებული (27 ოქტომბერი და 28 ოქტომბერი) თარიღის შესაბამისად.

10. 2015 წლის 27 ოქტომბრის შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო 2015 წლის 26 ნოემბერი. 2015 წლის 28 ოქტომბრის შემთხვევაში კი – 2015 წლის 27 ნოემბერი.

11. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ტ.-ს“ წარმომადგენელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში (2015 წლის 16 ნოემბრიდან 2015 წლის 26 ნოემბრამდე ან 2015 წლის 17 ნოემბრიდან 2015 წლის 27 ნოემბრამდე) სასამართლოში არ გამოცხადებულა, შპს „ტ.-ს“ წარმომადგენელი ბ. კ.-ე გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში 2015 წლის 2 დეკემბერს გამოცხადდა (ს.ფ. 114) და იმავე დღეს ჩაიბარა გადაწყვეტილება. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს – 27 ნოემბერს და 2015 წლის 10 დეკემბერს ამოიწურა, ან 28 ნოემბერს და 11 დეკემბერს ამოიწურა.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილისა და 61-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ტ. პ.–ის“ (ყოფილი შპს „ტ.“) წარმომადგენელმა ბ. კ.-ემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 14 დეკემბერს (ს.ფ. 116), შესაბამისად, მას გასაჩივრების ვადა ორივე ზემოაღწერილ შემთხვევაში გაშვებული აქვს, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს „ტ. პ.–ის“ (ყოფილი შპს „ტ.“) სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ოქტომბრის (28 ოქტომბრის) გადაწყვეტილებაზე შეტანილია კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, იგი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს „ტ.პ.-ის“ სააპელაციო საჩივარს ერთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 181.50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. შესაბამისად, აპელანტს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 181.50 ლარის ოდენობით.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

16. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მოპასუხის წარმომადგენელი ნამდვილად ესწრებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას და ვალდებული იყო, 30-ე დღეს გამოცხადებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად, რაც განახორციელა კიდეც, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ იყო. მისი ჩაბარება შესაძლებელი გახდა მხოლოდ 2015 წლის 2 დეკემბერს. მხარეს ესაჭიროებოდა გონივრული ვადა სააპელაციო საჩივრის შესადგენად და ისარგებლა კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადით.

17. მოპასუხემ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების დაგვიანების გამო, ზარალდება ის მხარე, რომელიც სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას დაესწრო, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მას იმ მხარესთან შედარებით, რომელიც სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებაზე არ ცხადდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ტ. პ.-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

19. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შპს „ტ. პ.-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

20. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

21. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.

22. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

23. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

24. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27-28 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ბ. კ.-ე (ს.ფ. 88), რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობით (ს.ფ. 44).

25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ აპელანტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს გამოცხადდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ამკვიდრებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მხარე მოვალეა, სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს ის ფაქტი, რომელსაც საკუთარ პრეტენზიას აფუძნებს.

27. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აპელანტის წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში მართლაც გამოცხადდა სასამართლოში და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. მითითებული ფაქტის დადასტურება აპელანტი მხარის მოვალეობას წარმოადგენდა.

28. ასევე დაუსაბუთებელია მხარის მოსაზრება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებაზე დამსწრე მხარე არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდება ისეთ მხარესთან შედარებით, რომელიც არ გამოცხადდება სხდომაზე იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას დროულად არ მოამზადებს.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას დაესწრო და აღნიშნული მომენტიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ვერ ჩაიბარა იგი სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობის გამო, უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს აღნიშნულ სასამართლოს. მას შემდეგ, რაც სასამართლო კანცელარიაში დაფიქსირდება ამგვარი წერილობითი განაცხადი სასამართლო მოვალეა, შესაბამისი მოხელის სახით, რეაგირება მოახდინოს მხარის მოთხოვნაზე და დააფიქსიროს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის. ამ მომენტიდან მხარე თავისუფლდება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ შემთხვევებში მხარის უფლებების დაცვას.

30. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული განჩინების ასლის მისაღებად საქალაქო სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არ შეუსრულებია. მხოლოდ მხარის განმარტება, რომ იგი კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოცხადდა სასამართლოში და ზემოთ მითითებული კანონის დანაწესის შესრულებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის წერილობით არ მიუმართავს.

31. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული სადავო გარემოების დადასტურებად ვერ მიიჩნევს საქმის მასალებში წარმოდგენილ მოპასუხის განცხადებას (ს.ფ. 164-165), რომ მხარემ მიმართა საქალაქო სასამართლოს წერილობითი მტკიცებულებით იმ ფაქტის დადასტურების შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხარეს მისი ბრალის გარეშე დაგვიანებით გადაეცა. კერძო საჩივრის ავტორს საქალაქო სასამართლოს წერილობითი დასტური მითითებულ ფაქტზე არ წარმოუდგენია.

32. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591 მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად აითვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან და ჩათვალა, რომ მხარემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად და კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ტ. პ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე