Facebook Twitter

საქმე №020211415700007278

საქმე №ას-274-261-2016 30 მარტი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ვ. მ.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ზ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ზ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. მ.-ის მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე შესრულებული დავალებისათვის დაპირებული გასამრჯელოს – 594 968 ლარის გადახდა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულების არსებობა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განჩინებით მ. ზ.-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ვ. მ.-ის უძრავ ქონებას ქ.-ში, პ.-ის ქ.№...-ში (დაუზუსტებელი ფართი 6260.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1-1000 კვ.მ), მოსარჩელის 30%-იან წილს შპს „E-ში“, ასევე, ვ.- მ.-ის 50%-იან წილს შპს „G.-ში“.

4. დასახელებული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ზ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 355 372,8 ლარის გადახდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოპასუხის სააპელაციო საჩივარს კი უარი ეთქვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დამატებით 239596 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

8. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ვ. მ.-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა სხვა სამოქალაქო საქმის, – №.. ვ. მ.-ის სარჩელის გამო მ. ზ.-ისა და სხვათა მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, წარმოების დასრულებამდე.

10. 2015 წლის 1 დეკემბერს ვ. მ.-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა გამართლებულია და გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებას ან შეუძლებლობას არ გამოიწვევს. ვ. მ.-ის კანონიერი ინტერესების შელახვისა და მისთვის უსაფუძვლოდ, განუზომლად დიდი მატერიალური ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა შეიცვალოს, კერძოდ: ყადაღა შეიცვალოს გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვით. გათავისუფლდეს ყადაღისაგან ვ. მ.-ის საკუთრებაში არსებული ქ.-ში, პ.-ის ქ.№..-ში მდებარე 6260.00 კვ.მ დაუზუსტებელი ფართი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1-1000 კვ.მ, ვ. მ.-ის 30%-იან წილი შპს „E.-ში“, 50%-იან წილი შპს „G.-ში“ და, აღნიშნული ღონისძიების ნაცვლად, გამოყენებულ იქნეს უზრუნველყოფის ღონისძიება –გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა ვ. მ.-ის 30%-იან წილიდან 10%-ზე შპს „E.-ში“. სასამართლოსათვის შეთავაზებული უზრუნველყოფის ღონისძიება და შპს „E.-ის“ 10%-იანი წილის ღირებულება ბევრად აღემატება დავის საგნის ღირებულებას. შპს „E.-ში“ 10%-იანი წილის ღირებულება შეადგენს 720 195 ლარს, ხოლო დავის საგნის ღირებულება – 594 968 ლარს, ანუ უზრუნველყოფის საგნის ღირებულება 125 000 ლარით აღემატება დავის საგნის ღირებულებას.

11. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად განმცხადებელმა წარადგინა ფ/პ გ. ჯ.-ის 2015 წლის 24 ნოემბრის აუდიტორული დასკვნა შპს „E.-ის“ კერძო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილიდან 10%-ის ღირებულების შეფასების შესახებ, რომლის თანახმად შპს „E.-ის“ კერძო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილიდან 10%-ის ღირებულება შეადგენს 720 195 ლარს.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ვ. მ.-ის განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იცნობს უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესაძლებლობას, მაგრამ ცხადია დასაბუთებას საჭიროებს ის ფაქტობრივი გარემოება, თუ რამ გამოიწვია ამ საკითხის სასამართლოს წინაშე დასმის საჭიროება.

14. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელმა ვერ მიუთითა და ვერ დაასაბუთა ფაქტობრივი გარემოება, თუ რა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს უკვე არსებული უზრუნველყოფის ღონისძიება და რა აუცილებლობიდან გამომდინარე წარადგინა აღნიშნული მოთხოვნა სასამართლოს წინაშე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ემსახურება უზრუნველყოფის ღონისძიების შემცირებას და არა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების თანაზომიერად მისი მეორე სახით შეცვლას.

15. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მსგავსი განცხადებით სასამართლოსადმი მიმართვისას განმცხადებელმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაარწმუნოს სასამართლო იმაში, რომ უკვე გამოყენებული და არსებული უზრუნველყოფის ღონისძიება იწვევს მისთვის მეტად უარყოფით შედეგებს, ამიტომ სწორედ საქმის განხილვის ამ ეტაპზე გახდა საჭირო და აუცილებელი ამ უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლა.

16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მსგავს დასაბუთების წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს, განმცხადებელი მხოლოდ იმის განმარტებით შემოიფარგლა (სათანადო მტკიცებულების– აუდიტის დასკვნის წარდგენით), რომ შეცვლილი უზრუნველყოფის ღონისძიების პირობებშიც მოსარჩელის ინტერესი დაცული იქნება.

17. პალატის მოსაზრებით, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მითითებული ინსტიტუტის გამოყენების საკმარისი საფუძველი ვერ გახდება, რადგან უპირველესად განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ გახდა აუცილებელი უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნა, რა არსებითი ზიანი ადგება მას უკვე გამოყენებული უზრუნველყოფით და რატომ იქნება დაცული მხარეთა ინტერესები თანაბრად იმ შემთხვევაში, თუ უკვე გამოყენებული ღონისძიება შეიცვლება ახლით.

18. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსგავსი ტიპის განცხადება ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: 1) მხარემ უნდა ასაბუთოს, თუ რატომ ადგება მას ზიანი უკვე არსებული ღონისძიებით; და 2) სასამართლოს (შესაბამისმა მხარემ) მან უნდა შესთავაზოს ტოლფასი ღირებულების უზრუნველყოფის საგანი.

19. კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის ტოლფასი ღირებულების საგანი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად უნდა ითქვას, რომ შემოთავაზებულია, მაგრამ არ არის დასაბუთებული, თუ რა განსაკუთრებული ზიანი ადგება განმცხადებელს უკვე არსებული უზრუნველყოფის ღონისძიებით ან რა უარყოფითი შედეგებია მოსალოდნელი მომავალში ამ ღონისძიების არსებობით.

20. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ვ. მ.-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. მ.-მა შეიტანა საჩივარი და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესაძლებლობას, რომელიც დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მოთხოვნით და მისი სამართლებრივი საფუძველი, სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილი დაცვა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაა.

22. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად მ. ზ.-ის სასარჩელო მოთხოვნა შეადგენდა ვ. მ.-ისათვის 600 000 აშშ დოლარის დაკისრებას, რაც შემდგომ მოსარჩელემ შეამცირა და საბოლოოდ მოსარჩელის მოთხოვნას შეადგენდა ვ. მ.-ისათვის 594 968 ლარის დაკისრება. ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა იცნობს მოპასუხისათვის თავის დაცვის საშუალებას, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის არსებული ღონისძიების მეორეთი შეცვლა. სასამართლოსათვის შეთავაზებული უზრუნველყოფის ღონისძიება და შპს „E.-ის“ 10%-იანი წილის ღირებულება ბევრად აღემატება დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ, მითითებული საზოგადოების 10%-იანი წილის ღირებულება შეადგენს 720 195 ლარს, ხოლო დავის საგნის ღირებულება 594 968 ლარია. ამდენად, უზრუნველყოფის საგნის ღირებულება 125 000 ლარით აღემატება დავის საგნის ღირებულებას.

23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი დასაბუთებით:

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

25. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

26. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამავე კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.

27. ვ. მ.-ის მოთხოვნას წარმოადგენს გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შპს „E.-ში“ ვ. მ.-ის კუთვილი 30%-იან წილიდან 10%-ზე.

28. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შპს-ს წილი არის ქონება (არამატერიალური), რომლის ღირებულება არამყარი და მუდმივად ცვალებადია. მისი წილის ღირებულება უამრავ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული, რის გამოც არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ვლ.მ.-ის 10%-იანი წილი აღსრულების დროისათვის შეინარჩუნებს იმ ღირებულებას, რაც მას განცხადების განხილვის დროისათვის აქვს. აღნიშნულის გამო, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების განმცხადებლის მიერ შემოთავაზებული ცვლილება იქნება საფრთხის შემცველი, რაც მ. ზ.-ის სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების შემთხვევაში გაართულებს მის აღსრულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. მ.-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

30. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მხარის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის ღონისძიების მეორეთი შეცვლის შესახებ.

31. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

32. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

33. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

34. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

35. ამავე კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.

36. მითითებული ნორმით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს (სუსგ 25.11.2015წ. საქმე №ას-1165-1095-2015).

37. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 22 მაისის განჩინებით მ. ზ.-ის განცხადების საფუძველზე გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო ვ. მ.-ის უძრავ ქონებას ქ.-ში, პ.-ის ქ.№..-ში (დაუზუსტებელი ფართი 6260.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1-1000 კვ.მ), მოსარჩელის 30%-იან წილს შპს „E.-ში“, ასევე, ვ. მ.-ის 50%-იან წილს შპს „G.-ში“.

38. როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში მხარე ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის ღონისძიების მეორეთი შეცვლას, რასაც ასაბუთებს ვ. მ.-ის კანონიერი ინტერესების შელახვისა და მისთვის უსაფუძვლოდ, განუზომლად დიდი მატერიალური ზიანის მიყენების თავიდან აცილებით. შესაბამისად, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვას ითხოვს გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვით მხოლოდ შპს „E.-ში“ ვლ.მ.-ის 10%-იან წილთან მიმართებით.

39. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას და თვლის, რომ ვლ.მ.-ის განცხადებას კანონიერად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.

40. ზემოაღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების როლსა და მნიშვნელობას სასამართლოს მიერ სამომავლოდ შესაძლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებით და მოცემული საკითხის შეფასებისათვის უმთავრესად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე რჩება მისი სამომავლო უფლების რეალიზაციის ისეთი მყარი და სტაბილური გარანტის გარეშე, როგორსაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა წარმოადგენს. უდავოა, რომ არსებული მექანიზმებიდან ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და ეფექტური სწორედ უძრავი ქონების მიმართ აღსრულების მიქცევაა.

41. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა მხარის მიერ შემოთავაზებული სახით, რადგან, სამომავლო შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის თვალსაზრისით, აღნიშნული ცვლილება აუარესებს მდგომარეობას.

42. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ განმცხადებელმა ვერ მოახდინა მისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაადასტურა, რაში გამოიხატება თავდაპირველად გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მისთვის მიყენებული ზიანი და შემოთავაზებული ცვლილების მეშვეობით რა სახით აარიდებს იგი თავს ასეთ ზიანს.

43. სავსებით დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა იმ ნაწილშიც, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის ღირებულება უამრავ გარეშე ფაქტორებზე დამოკიდებული და არასტაბილურია, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფისათვის შესაძლოა, საკმარისი არ იყოს საზოგადოების კიდევ უფრო შემცირებული წილის მიმართ განხორციელებული არა თუ ყადაღა, არამედ წილის გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა.

44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. მ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრისა და 2016 წლის 9 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე