საქმე №ას-1112-1047-2015 4 მარტი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორი – მ. ბ-ე (შეგებებული სარჩელის ავტორი)
წარმომადგენლები _ კ. გ-ე, მ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ფ-ა (მოსარჩელე)
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მესამე პირი)
წარმომადგენელი _ ლ. ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ნ. ბ-ის საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
დავის საგანი – თავდაპირველ სარჩელში _ შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, შეგებებულ სარჩელში _ განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო/შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:
1.1. ი. ფ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილების: ა. და ნ. ბ-ეების საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მეუღლის საცხოვრებელი ადგილი და დაბრუნებულიყო მშობლებთან. უფროსი შვილი ირიცხება სამტრედიის #3 საშუალოს სკოლაში, ხოლო უმცროსი, მეუღლეთა ერთად ცხოვრებისას დადიოდა საბავშვო ბაღში. მოპასუხე დასაქმებულია და ვერ ახერხებს შვილების მიმართ სათანადო მზრუნველობას, ისინი იზრდებიან მესამე პირებთან, რომლებიც ვერ უწევენ იმგვარ მზრუნველობას, როგორც ბიოლოგიური მშობელი.
1.2. მ. ბ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ი. ფ-ას მიმართ 2003 წლის 18 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის (განქორწინების) მოთხოვნით იმ საფძუვლით, რომ ცოლქმრული ერთგულების დარღვევის გამო, მათი თანაცხოვრება შეუძლებელია, შესაბამისად, შესარიგებელი ვადის დანიშვნაც არ არის მიზანშეწონილი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მ. ბ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის ოჯახში არის შვილების აღსაზრდელად კეთილსაიმედო გარემო, როგორც მორალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით, იგი ღამის საათებში არ არის დაკავებული და მზრუნველობას იჩენს შვილების მიმართ, რაც შეეხებათ მის დებს, ისინი მხოლოდ ეხმარებიან შვილების აღზდაში.
2.2. ი. ფ-ამ შეგებებული სარჩელი ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ი. ფ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2010 წლის 24 იანვარს დაბადებულ ნ. ბ-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო 2003 წლის 29 ნოემბერს დაბადებული ა. ბ-ის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მ. ბ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის 2003 წლის 18 ნოემბერს სამტრედიის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ რეგისტრირებული (სააქტო ჩანაწერის N 0... (1...) ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ, მოითხოვა ნ. ბ-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით არასრულწლოვნის საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. სადავო გარემოებებთან (არასრულწლოვანი ნ. ბ-ის საცხოვრებლის განსაზღვრა) მიმართებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის 18 ნოებრიდან ი. ფ-ა და მ. ბ-ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
5.1.2. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2003 წლის 29 ნოემბერს _ ა. ბ-ე, ხოლო 2010 წლის 24 იანვარს _ ნ. ბ-ე.
5.1.3. 2014 წლის ნოემბრიდან მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილები კი მამასთან ქ.სამტრედიაში, თ.კ-ის ქუჩა №...-ში, ხოლო ბავშვების დედა, მ. ბ-ის მოთხოვნის საფუძველზე, ამჟამად საკუთარი მშობლების სახლში _ აბაშის რაიონის სოფელ გ-ში ცხოვრობს.
5.1.4. პალატამ მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე და აღნიშნა, რომ მ. ბ-ე მუშაობს სს „ს-ის“ დასავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოში ლანჩხუთის ცენტრის უფროსად, მისი მუშაობის გრაფიკი არის 5-დღიანი, 8-საათიანი. მუშაობის პერიოდში ა. და ნ. ბ-ეებზე მონაცვლეობით მზრუნველობენ მ. ბ-ის დები, მამიდები: მ. და მ. ბ-ეები.
5.1.5. მამის ოჯახის საცხოვრებელი წარმოადგენს ორსართულიან კეთილმოწყობილ კაპიტალურ შენობას, სადაც ბავშვების ცხოვრებისა და განვითარებისათვის შექმნილია დაცული, უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო. მისი ოჯახის შემოსავალი სტაბილურია, რასაც, ძირითადად, წარმოადგენს თვით მ. ბ-ის ხელფასი, რომელიც შეადგენს თვეში 1 200 ლარს. ოჯახში იკვეთება დამაკმაყოფილებელი ეკონომიკური და ყოფითი პირობები. მ. ბ-ის ოჯახს მეზობლები და ახლობლები ახასიათებენ დადებითად. ბავშებთან მიმართებაში იგი არის მზრუნველი და კარგი მამა.
5.1.6. ი. ფ-ას საცხოვრებელს წარმოადგენს ორსართულიანი სახლი, რომელიც საჭიროებს რემონტს, ამჟამად, საცხოვრებლად ვარგისია ერთი ოთახი, სადაც შესაძლებელია იცხოვროს დედა-შვილმა, თუმცა სამომავლოდ ოჯახი გეგმავს სახლის დანარჩენი ნაწილის კეთილმოწყობას. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვით ოჯახის შემოსავალი საშუალოდ შეადგენს თვეში 700 ლარს.
5.1.7. პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2014 წლის 16 დეკემბრის, ამავე სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილების 2014 წლის 17 დეკემბრის დასკვნებზე, ასევე, ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ ბავშვის ორივე მშობელს შესწევთ უნარი, არასრულწლოვან ნ. ბ-ეს შეუქმნან ნორმალური პირობები აღზრდა- განვითარებისთვის, თუმცა, ბავშვის ასაკის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჭეშმარიტი, უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ნ. ბ-ის საცხოვრებლად კანონშესაბამისად განსაზღვრულიყო დედის საცხოვრებელი ადგილი.
5.1.8. პალატამ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მ. ბ-ის მიერ მიცემულ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, მას ჰყავს დები, რომლებიც რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ მისგან და ისინი მორიგეობით მზრუნველობენ ბავშვებზე. იმ დროის განმავლობაში, როცა ის სამსახურშია. სასამართლოს განმარტებით, ის არ ხდის სადავოდ მამიდების მხრიდან ბავშვებზე მზრუნველობის ფაქტს, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ნ. ბ-ე არის მცირეწლოვანი, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მქონე ბავშვი, გაზიარებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც პრიორიტეტი ნ. ბ-ის დედასთან ყოფნას მიანიჭა, ვინაიდან ნ. ბ-ის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის უმნიშვნელოვანესია დედასთან მჭიდრო ურთიერთობაში ყოფნა. რაც შეეხებოდა აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ დებს აქვთ მჭიდრო ურთიერთობა ერთმანეთთან და მიზანშეუწონელი იყო მათი დაშორება პალატამ ეს გარემოება სადავოდ არ მიიჩნია, დაადასტურა, რომ დედმამიშვილებს შორის სიახლოვე და მჭიდრო კავშირი, მართლაც დიდი სიკეთეა, მაგრამ, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესიდან გამომდინარე, არჩევანი უნდა გაკეთებულიყო მცირეწლოვნის დედასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაზე.
5.1.9. დადგენილი გარეოებების სამართლებრივად შეფასებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-5, მე-16 მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1201-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ფსიქოლოგი, ჩატარებული კვლევების შედეგად, იძლეოდა რჩევას იმის შესახებ, რომ „ნ-ს ასაკისა და განვითარებაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია დედასთან მჭიდრო ემოციური და ფიზიკური კავშირის შენარჩუნება“. ამდენად, ნ. ბ-ის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ფ-ას სარჩელი ამ ნაწილში კანონშესაბამისად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და არასრულწლოვანი ნ. ბ-ის საცხოვრებლად მისი ამჟამინდელი (მამის საცხოვრებელი ადგილი) საცხოვრებლის განსაზღვრა.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საერთაშორისო სამართლის ნორმები, არ გაითვალისწინა ის, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორივე განყოფილების მიერ გამოყენებულ იქნა „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-9 მუხლი, მაგრამ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა სააგენტოების მიერ შედგენილ დასკვნებსა და მათ განმარტებებს სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის, რომ ორივე სამსახურმა მხარი დაუჭირა ბავშვების საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას.
6.1.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლი, არ გაითვალისწინა ამ ნორმის თაობაზე ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ 2013 წელს გაკეთებული ზოგადი (#14) კომენტარი. ამ თვალსაზრისით არ შეუფასებია ნ. ბ-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხი და ის, თუ დედის საცხოვრებლის მიხედვით მისი საცხოვრებლის განსაზღვრით რა სულიერი და ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება მიადგეს ბავშვს. მართალია, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს, ისე ფსიქოლოგის დასკვნაში, საუბარია დედა-შვილის მიჯაჭვულობაზე, თუმცა, პალატას არ შეუფასებია მამა-შვილისა და დების მიჯაჭვულობის საკითხი. გასათვალისწინებელია, რომ ნ. ბ-ე უკვე ერთი წელია ცხოვრობს მამისა და დის გარემოში დედის გარეშე და ამ გარემოს შეცვლამ შესაძლოა მას ზიანი მოუტანოს. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის საპირისპიროდ, სასამართლომ არასწორად არ მიანიჭა უპირატესობა მამის საცხოვრებელს და სრულიად გაუმართლებლად „გაყო“ ბავშვები. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დედმამიშვილების დაშორების საკითხი, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, ამ გამონაკლისის დაშვების საფუძველი არ არსებობდა.
6.1.3. ზემოხსენებული საფუძვლებიდან გამომდინარე, კასატორმა სადავოდ გახადა მტკიცებულებათა შეფასების საკითხი, კერძოდ, მისი მოსაზრებით, პალატამ, მსგავსად პირველი ინსტანციის სასამართლოსი, არასწორად შეაფასა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნები, არ იმსჯელა სოციალური მუშაკების განმარტებებზე, რომლებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი ბავშვების საცხოვრებლად მამის საცხოვრებლის განსაზღვრას. პალატამ არ შეაფასა ის გარემოება, რომ დედის საცხოვრებელ ადგილას მხოლოდ ერთი ოთახია ვარგისი და შეუძლებელია ამ ოთახით მხოლოდ ი.ფ-ასა და შვილის მიერ სარგებლობა, ასევე ის, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი. გარდა აღნიშნულისა, არასწორად შეფასდა ფსიქოლოგის დასკვნა, რომელიც ნ.ბ-ეს ორჯერ შეხვდა და რამდენიმეწუთიანი გასაუბრება შედგა, შესაბამისად, შეუძლებელია დავასკვნათ, რომ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. თავად ფსიქოლოგი უთითებს, რომ საჭიროა ღრმა კვლევა, ამასთანავე, გაცემული დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ ფსიქოლოგის მეორე რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, რომელიც დების ურთიერთობას შეეხებოდა და საუბარია მათი დაშორების შემთხვევაში, გამოუწორებელ შედეგამდე მისვლაზე. სააპელაციო სასამართლომ გაურკვევლად დაუკავშირა ი. ფ-ას ამჟამინდელი საცხოვრებელი კასატორის მოთხოვნას, რადგანაც მშობლების სახლში დაბრუნება მოწინააღმდეგე მხარის სურვილი იყო, ამასთანავე, არ შეფასებულა დროებითი განკარგულება, კერძოდ, ის, რომ დედას ნ. ბ-ე პარასკევიდან კვირის ჩათვლით ჰყავს, ამ მხრივ, მცირეწლოვნის საცხოვრებლად კვლავ მამის საცხოვრებელი ადგილი რჩება და ამ დროებით განკარგულებას გაურკვეველია, რა შედეგები მოჰყვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მცირეწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის კანონიერება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს იმის შესახებ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ნ. ბ-ის საცხოვრებლად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი და პრეტენზიას აცხადებს, როგორც მატერიალური სამართლის ნორმების არასწორ განმარტებაზე, ისე საპროცესო წესების დარღვევაზე.
1.2. საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულების შემოწმებამდე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოსათვის სახელმძღვანელო რამდენიმე საკითხზე:
1.2.1. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
1.2.2. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
1.2.3. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესზეც. სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული და საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლით კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. მითითებული საპროცესო წესის გამოყენება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მით უფრო გამართლებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლო, როგორც სამართალწარმოების მეორე ინსტანცია, დავის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა და ამავე კოდექსის 380-ე მუხლით მას ახალ მტკიცებულებათა მიღების შესაძლებლობაც გააჩნია. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
1.3. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ:
1.3.1. 2003 წლის 18 ნოებრიდან ი. ფ-ა და მ. ბ-ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
1.3.2. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2003 წლის 29 ნოემბერს _ ა. ბ-ე და 2010 წლის 24 იანვარს _ ნ. ბ-ე.
1.3.3. 2014 წლის ნოემბრიდან მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილები _ მამასთან ქ.სამტრედიაში, თ.კ-ის ქუჩა №...-ში, ხოლო ბავშვების დედა, მ. ბ-ის მოთხოვნის საფუძველზე, ამჟამად საკუთარი მშობლების სახლში _ აბაშის რაიონის სოფელ გ-ში.
1.3.4. მ. ბ-ე მუშაობს სს „ს-ის“ დასავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოში ლანჩხუთის ცენტრის უფროსად, მისი მუშაობის გრაფიკი არის 5-დღიანი, 8-საათიანი. მუშაობის პერიოდში ა. და ნ. ბ-ეებზე მონაცვლეობით მზრუნველობენ მ. ბ-ის დები, მამიდები: მ. და მ. ბ-ეები.
1.3.5. მამის ოჯახის საცხოვრებელი წარმოადგენს ორსართულიან კეთილმოწყობილ კაპიტალურ შენობას, სადაც ბავშვების ცხოვრებისა და განვითარებისათვის შექმნილია დაცული, უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო. მისი ოჯახის შემოსავალი სტაბილურია, რასაც, ძირითადად, წარმოადგენს თვით მ. ბ-ის ხელფასი, რომელიც შეადგენს თვეში 1 200 ლარს. ოჯახში იკვეთება დამაკმაყოფილებელი ეკონომიკური და ყოფითი პირობები. მ. ბ-ის ოჯახს მეზობლები და ახლობლები ახასიათებენ დადებითად. ბავშვებთან მიმართებაში იგი არის მზრუნველი და კარგი მამა.
1.3.6. ი. ფ-ას საცხოვრებელს წარმოადგენს ორსართულიანი სახლი, რომელიც საჭიროებს რემონტს, ამჟამად, საცხოვრებლად ვარგისია ერთი ოთახი, სადაც შესაძლებელია იცხოვროს დედა-შვილმა, თუმცა სამომავლოდ ოჯახი გეგმავს სახლის დანარჩენი ნაწილის კეთილმოწყობას. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვით ოჯახის შემოსავალი საშუალოდ შეადგენს თვეში 700 ლარს.
1.3.7. ნ. ბ-ე არის მცირეწლოვანი, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მქონე ბავშვი.
1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
1.5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, უფრო მეტიც, საკითხის გადაწყვეტისას შემოიფარგლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის კანონიერების შემოწმებით იმგვარად, რომ არ შეუფასებია დავის დაწყებიდან სააპელაციო განხილვის ეტაპამდე ხომ არ არსებობდა რაიმე ფსიქო-ემოციური ცვლილებები არასრულწლოვანთა მშობლებისადმი დამოკიდებულებაში და სხვა. მაგალითად, დების ურთიერთობის საკითხის განსაზღვრისას სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ იმ დასაბუთებით, რომ დედმამიშვილებს შორის სიახლოვე და მჭიდრო კავშირი მართლაც დიდი სიკეთეა, მაგრამ, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესიდან გამომდინარე, არჩევანი უნდა გაკეთებულიყო მცირეწლოვნის დედასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაზე. მითითებული დასკვნის მართებულობის შემოწმებამდე, საკასაციო პალატა ყურადღებას იმ გარემოებას მიაპყრობს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ბ-ის საცხოვრებლად მამის საცხოვრებლის განსაზღვრის თაობაზე ი. ფ-ას არ გაუსაჩივრებია, ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (სსსკ-ის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი) და იგი შემდგომი მსჯელობის საგანი ვეღარ გახდება, თუმცა დავის თავისებურების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკითხი შეფასდეს არა ცალმხრივად, არამედ ყოველმხრივ, როგორც არასრულწლოვანი დედმამიშვილების ურთიერთობის, ისე, თოთოეული მშობლის ბავშვთან ურთიერთობის რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, რათა მიღწეულ იქნას დასახული მიზანი, რაც გულისხმობს ოჯახთან გაერთიანებასა და არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით იჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების რეალიზაციას. პალატის მოსაზრებით, როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგი) მიერ გაკეთებული დასკვნები. ამ კონტექსტში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებზე, კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2014 წლის 15 დეკემბრის დასკვნის თანახმად, მართალია ა. და ნ. ბ-ეების მიმართ მამის ოჯახში მზრუნველობა სრულფასოვნად ხორციელდება, თუმცა, მამის არყოფნის შემთხვევაში, ამ ვალდებულებას ასრულებენ არასრულწლოვანთა მამიდები, დებს განსაკუთრებული მიჯაჭვულობა აქვთ ერთმანეთის მიმართ. ამავე სამსახურის აბაშის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ა. და ნ. ბ-ეების სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია ბავშვებს ჰქონდეთ ურთიერთობა ორივე მშობელთან. მშობლებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ბავშვების აღზრდაში. სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანების ფსიქოლოგისა და ამავე დაწესებულების დირექტორის დასკვნის თანახმად, მეუღლეთა განქორწინების ნეგატიური შედეგების გამოხატულებაა პატარა ნ. შემთხვევა _ იგი თავს არიდებს პირდაპირ გამოხედვას, მისი სახე არ გამოხატავს ემოციებს, რეალურ სიტუაციაში დაძაბულია, ვერ ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს, თავშეკავებულია. სტრესულ სიტუაციას უკავშირებს დასკვნა ბავშვის შესაძლო აგრესიულ ქმედებებს. ოთხი წლის ასაკში მშობლების დაცილებით გამოწვეულ ტრავმას უკავშირდება მცირეწლოვნის შემდეგი სიმპტომატიკა: უსუსურობა, უმწეობა, პასიურობა, უსაგნო შიში, ე.წ „დამუნჯება“. დასკვნის ავტორთა რეკომენდაციით, უმჯობესია უმცროსი შვილის ცხოვრება დედის გვერდით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფსიქოლოგ ლ.ც-ის დასკვნა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებები. ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, მეთოდით _ ქცევაზე დაკვირვება გამოკვლევის პროცესში გამოვლინდა ა-ს ძნელად შესვლა კონტაქტში, კომუნიკაციის გაძნელება, არავერბალური გამოხატულება პასუხებისა დასმულ კითხვებზე. დედ-მამის თაობაზე დასმული კითხვისას ა. ჩერდებოდა, გამომეტყველება და სხეული უძრავი უხდებოდა, აშკარად იკვეთებოდა შფოთვის ნიშნები, ერთ-ერთ კითხვაზე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თვალებზე ცრემლები ჩამოსცვივდა. ფსიქოლოგის შეფასებით, ა-სათვის იმდენად მძიმეა მშობლების გაყრა, რომ ამ თემაზე საუბრისაგან თავს დუმილით იცავს. გამოკვლევისას „დაუსრულებელი წინადადებები“ ა-მ შეასრულა ყველა დავალება, რაც პირადად უკავშირდებოდა, ხოლო მშობლების მიმართ დასასრულებელი აზრის შესახებ წინადადებებს თავი შეგნებულად აარიდა, ფსიქოლოგის მითითების თანახმად, ა-ს, მშობლებს შორის არსებული დაძაბულობიდან გამომდინარე, უჭირს გაუმკლავდეს არსებულ სიტუაციას, შეიძლება მსჯელობა იმაზე, რომ, ა-ს აქვს სურვილი, მისთვის დამთრგუნველ რეალობას გაქცევის ტენდენციით დააღწიოს თავი. არსებულ ვითარებაში ბავშვს უხდება მშობლებს შორის არჩევანის გაკეთება, რაც შფოთვისა და დაძაბულობის წინაპირობაა, უკარგავს მას უსაფრთხოებისა და ჯანსაღი ოჯახური გარემოს განცდას. მას უყვარს ორივე მშობელი, თუმცა მამის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება ემოციური დაძაბულობის განმაპირობებელია. რეკომენდაციის თანახმად, ამ უსამართლობისა და დანაშაულის განცდის დასაძლევად (იგულისხმება ბავშვის დამოკიდებულება დედის მიმართ), საჭიროა, მეორე მხარე (ი.ფ-ა) ნეგატიური ხატის სახით ჩამოყალიბდეს, რაც გაამართლებს მის დამოკიდებულებას დედის მიმართ (დედა ცუდია, ამიტომ მე ის არ მინდა), დროთა განმავლობაში, როცა მას ესმის გარეშე მყოფთაგან დედის უარყოფითი შეფასებები, ბავშვის ცნობიერებაში დედისგან ყალიბდება „მტრის ხატი“ (დედა, რომელსაც ის არ უყვარს, რომელმაც მიატოვა ოჯახი და სხვა). ფსიქოლოგის დასკვნით, ეს გარემოება ცვლის დედის მიმართ შვილის დამოკიდებულებას ნეგატიური კუთხით, დაღს ასვამს ბავშვის ფსიქიკურ მდგომაროებას, უყალიბებს უნდობლობის განცდას და იწვევს ემოციური და სხვა სახის გართულებებს. „18 წლის ბავშვის შესაფასებელი ქცევების ჩამონათვალის“ თანახმად, ა-სთვის მნიშვნელოვანია ცხოვრობდეს ძალიან მშვიდ და აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოში. მას აკლია შინაგანი თავდაჯერებულობა და გამბედაობა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტეტულ პირებს, გაბედულად გამოთქვას საკუთარი აზრი და დაიცვას იგი. ა. ვერ გადადგამს ნაბიჯს, რაც ოჯახში უფროსის გაღიზიანებას გამოიწვევს. არასრულწლოვანს კონფლიქტური სიტუაციის მიმართ აქვს დაბალი შემგუებლობა, პრობლემასთან გამკლავებისათვის თავს უმწეოდ გრძნობს და ცდილობს გაერიდოს მას. გამოკვლევისას „ავტოპორტრეტი“, დადასტურდა ა-ს მყარად ყოფნის დეფიციტი, უსაფრთხოებისა და დაცულობის გაძლიერებული მოთხოვნილება. მამისა და მამიდის მკვეთრი რეაქციისას (დედის მიერ გახსენებული მომენტი) არასრულწლოვანს ჰქონდა უსუსრობის განცდა, რაც ტირილში გამოიხატა, ამავეს მიუთითებს დედის ვიზიტი სკოლაში. ფსიქოლოგის რეკომენდაციით, პრობლემის დასაძლევად მშობლების ურთიერთობამ საჭიროა, მიიღოს კოსტრუქციული ფორმა, მათი დაშორება უნდა აიხსნას ბავშვისათვის მისაღები ფორმით. „რენე-ჟილის“ მეთოდით გამოკვლევისას ფსიქოლოგმა დაასკვნა, რომ ა-ს ძლიერი ემოციური კავშირი აქვს მამასთან, სქემატურ გამოსახულებებში ირჩევს მასთან ახლო პოზიციას ემოციური მდგომარეობის გაზიარების, მხარდაჭერისა და დახმარებისათვის. მამა მისთვის ავტორიტეტული და დასაყრდნი ფიგურაა, ა-სთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი საქციელით მოიპოვოს მისი მხარდაჭერა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ა. ირჩევს მამას, თავს არიდებს დედასთან კონტაქტს და ამით ცდილობს, მოიპოვოს მამის კეთილგანწყობა. მამასთან საცხოვრებლად დარჩენას ა. ასაბუთებს იმით, რომ აქ ჰყავს მეგობრები და სკოლაც ახლოსაა, რაც მისი პასიური ხასიათიდან გამომდინარე, ფსიქოლოგმა საკმარის არგუმენტად მიიჩნია, ხოლო დედის ოჯახთან ურთიერთობის შემაფერხებლად მან დაასახელა ბებიის დამოკიდებულება მამის მიმართ, ასევე ის, რომ დეიდა არის „სხვანაირი“. კონფლიქტურ სიტუაციასთან არასრულწლოვნის დამოკიდებულების გამო, ეს გარემოება აიხსნება, როგორც უსიამოვნო ემოცია, რომელსაც საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდება. რეკომენდაციის თანახმად (რომელიც შეეხება დედის ოჯახის წევრების ვიზიტს სკოლაში), ბავშვისთვის გამაღიზიანებელი ჩარევები და კითხვები დამთრგუნველია, რისგანაც ორივე მხარემ უნდა შეიკავოს თავი. დედისადმი ემოციური გაუცხოების გამო, ნახატში „ოჯახის პორტრეტი“ არ არის ი. ფ-ა. სწორედ დედას უკავშირებს ბავშვის ცუდ მოგონებებს, რაც კვლევის თანახმად, დედის სახლიდან წასვლის ფაქტის თაობაზე მამის ნეგატიური შეფასებებითაა განპირობებული. მის მიერ ხდება დედის დამნაშავედ აღიარება, რაც ბავშვის ფსიქიკაზე დამთრგუნველად მოქმედებს. მიუხედავად დედასთან ურთიერთობაში გაჩენილი პრობლემისა, ა. მასთან ურთიერთობის სურვილს გამოხატავს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დასკვნის კვლევითი ნაწილი, რომელიც შეეხება არასრულწლოვანთა ურთიერთდამოკიდებულებას. იკვეთება ბავშვებს შორის ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა. ა-ს ასაკის გათვალისწინებით, მისთვის მცირეწლოვან ბავშვთან ურთიერთობა, განსხვავებული ინტერესების გამო, არც თუ ისე საინტერესო შეიძლება იყოს, მაგრამ იგი პატარაობიდანვე ზრუნავდა დაზე და ბავშვებს ერთმანეთთან განსაკუთრებული პოზიტიური ურთიერთობა აკავშირებთ. რაც შეეხება მცირეწლოვანი ნ-ს მიმართ ჩატარებულ კვლევას, ფსიქოლოგის გადმოცემით, იგი ვერბალურ კომუნიკაციაში არ შედის, განვითარების პროცესში აღენიშნება ჩამორჩენა ასაკთან შედარებით, აქვს დაბალი კომუნიკაციური უნარები, მეტყველების შეფერხება, საჭიროებს ღრმა ფსიქოლოგიურ კვლევასა და შესაბამის ინტერვენციულ ღონისძიებებს. მასთან მიმართებაში არ იკვეთება რომელიმე მშობლისადმი რაიმე უპირატესობის მინიჭება, დიაგნოსტიკური თამაშისას დედა და მამა თავის თავთან ერთნაირ პოზიციაში განათავსა. მამისა და ნ-ს ურთიერთობის პროცესზე დაკვირვებისას გამოიკვეთა პოზიტიური ემოციური და ფიზიკური კავშირი, რაც გამოიხატა ორივეს მხრიდან ფიზიკური სიახლოვის, თამაშისა და ემოციის გაზიარების ამსახველ ქცევაში. ფსიქოლოგის რეკომენდაციით, არსებული პრობლემის გათვალისწინებით, ნ-ს შემთხვევაში დედასთან კონტაქტის შესუსტებამ და გარემოს ცვლილებამ შესაძლოა, არსებულ სირთულესთან ერთად წარმოშვას ემოციური ხასიათის პრობლემები.
1.6. საკასაციო სასამართლო მოხმობილი კვლევების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, ნ. და ა. ბ-ეების, ხოლო, მეორე მხრივ, ნ-სა და ი. ფ-ას მიჯაჭვულობის საკითხის შეფასებისას სასამართლოს საკმარისი კვლევა არ განუხორციელებია, კერძოდ, არ შეუსწავლია ის გარემოება, თუ რა გავლენას იქონიებს დების დაშორება, რამდენად ნეგატიურად აისახება იგი ა-ს მდგომარეობაზე. უფრო მეტიც, საქმეში არსებული დასკვნების შედგენიდან გასულია საკმაო დრო, გარკვეულწილად სრულდება სასამართლოს დოებითი განკარგულებაც, თუმცა არ არის წარმოდგენილი სპეციალისტის შესაბამისი დასკვნა, რომელიც ასახავდა და გააანალიზებდა მარტო დარჩენილი ა-ს მდგომაროებას, მის ემოციურ განცდებს, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას, გვემსჯელა ბავშვთა საუკეთესო ინტერესებზე. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რაიონული სასამართლოსათვის ფსიქოლოგის მიერ მიცემულ განმარტებებს, რომელთა თანახმადაც, დედისათვის ერთ-ერთი ბავშვის მიკუთვნებამ შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნას მეორეს; დედის უარყოფითად შეფასება ა-სთვის არასასურველი შედეგების გამომწვევია; ნ-ს დედასთან ურთიერთობა შეიძლება აქტიურად იქნას გამოყენებული ა-ს მიმართ, ის დასაწყისში შეიძლება მცირე დოზით ჩაერთოს დედა-შვილის ურთიერთობაში, რაც ხელს შეუწყობს ი. ფ-ასთან ა-ს ურთიერთობის აღდგენას. ფსიქოლოგი რეკომენდაქციას აძლევს მშობლებს, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, ბავშვების მშობლებთან დამოკიდებულების ჩამოყალიბება-აღდგენისათვის არ მოხდეს მესამე პირთა ჩარევა, რაც ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება, ამასთანავე, გარემოსთან ადაპტაციის შედეგად მოსალოდნელი შესაძლო უარყოფითი ეფექტის გასაქარწყლებლად ფსიქოლოგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმას, რომ თავად გარემო არ იყოს ძალადობრივი. რეკომენდაციის თანახმად, ა-ს მამისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ფაქტია, რომელიც, მხარეთა სურვილის მიუხედავად, სავალდებულოა, რომ შეიცვალოს. განსაკუთრებით საყურადღებოა განმარტების ის ნაწილი, სადაც ფსიქოლოგი ხაზს უსვამს დების ურთიერთდამოკიდებულებას და აღნიშნავს, რომ მათი დაშორება არაა რეკომენდირებული, დედმამიშვილების დაშორებას უკედურესი ხასიათი გააჩნია და ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა საჭიროდ, თუ არსებული გარემო ერთ-ერთისათვის საფრთხის შემცველია. აქვე გადმოცემულია ნ. ბ-ის კავშირის სავალდებულობა დედასთან და ის უარყოფითი რისკ-ფაქტორები, რაც ამ კავშირის შეწყვეტა-შესუსტებას მოჰყვება (იხ. 13.03.2015წ. სხდომის ოქმი).
1.7. საკასაციო სასამართლო, ბუნებრივია, არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ საქმის ხელხლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ, მტკიცებულებათა სრული და ობიექტური შეფასების შედეგად პალატა კვლავ იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ ნ. ბ-ის საუკეთესო ინტერესი დედის გარემოში ცხოვრება იყოს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, უალტერნატივოდ უნდა დადგინდეს და აისახოს გადაწყვეტილებაში ნ. ბ-ის ურთიერთობის შესაძლებლობა დასთან და დედასთან, ასევე, მცირეწლოვანი შვილის ურთიერთობა მამასთან, ამ ურთიერთობის რეალური და ინტენსიური ხასიათი, რამეთუ ფსიქოლოგის განმარტებით, ბავშვების დაშორებამ შესაძლოა მათი ემოციური დაშორებაც გამოიწვიოს, რაც ნეგატიურ ფაქტორადაა შეფასებული (იხ. 13.03.2015წ. სხდომის ოქმი). ასეთ ვითარებაში, მართალია, კანონით უზრუნველყოფილია ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებები და სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი უკრძალავს იმ მშობელს შეზღუდოს მეორე მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მასთან ცხოვრობს, თუმცა, რეალური სურათის გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა გადაჭრას ამ ნორმის ფაქტობრივად გამოყენების გზაც, ასეთ ვითარებაში გასათვალისწინებელია მხარეთა, მათ შორის, საკასაციო სასამართლოსათვის მიცემული განმარტებებიც. ისინი სიტყვიერად ადასტურებენ საკუთარი როლის მნიშვნელობას და გამოთქვამენ მზაობას შვილებისათვის ნორმალური გარემოს შესაქმნელად, თუმცა, ფაქტობრივი სიტუაცია განსხვავებულია და მხარეთა და მესამე პირთა ჩარევა ამას განუხორციელებადს ხდის. საგულისხმოა, რომ ი. ფ-ას უფროს შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა ეძლევა მხოლოდ სკოლაში, რაც, ბუნებრივია, არასრულფასოვანია, და როგორც ფსიქოლოგი სასამართლო სხდომაზე განმარტავს, შესაძლოა ბავშვის რეაქცია დედის მიმართ მესამე პირთა დამოკიდებულებით იყო გამოწვეული, რაც შეეხება უმცროს შვილს _ დედა-შვილის ურთიერთობა ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების (დროებითი განკარგულების) აღსრულების გზით, რომელსაც, ფაქტია, გარკვეული უთანხმოებები თან სდევს.
1.8. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მოცემულ დავაში სოციალური მომსახურების სააგენტოს როლზე და აღნიშნავს, რომ განსახილველი კატეგორიის საქმეებზე მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს (სკ-ის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლის საკანონმდებლო აღიარების სწორი ანალიზი ამ ორგანოს მხრიდან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ მას ეკისრება ვალდებულება, აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს სასამართლოს იმის დადგენაში, თუ რა წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამ პროცესში წარმომდგენლობა პასიური ქმედებებით არ შემოიფარგლება და არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩასატარებელი სამუშაოს ფორმალურ შესრულებაზე. შესაძლებელია, ვიმსჯელოთ საკითხის არასაკმარის საკანონმდებლო რეგულირებაზე, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად მეურვეობის ორგანომ მინიმუმ უნდა იხელმძღვანელოს „ბავშვის უფლებათა კონვენციით“, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ და მას სავალდებულო ძალა გააჩნია. მან ეფექტური გზით უნდა გაწიოს სათანადო მუშაობა დასახული მიზნის მიღწევისათვის. ამგვარად კი, ვერ იქნება განხილული მხარეთა მორიგების მიზნით საკასაციო სასამართლოს შეთავაზებისას ამ ორგანოს მხრიდან მიცემული დავალების შეუსრულებლობა, შეემოწმებინა ი. ფ-ას ალტერნატიული საცხოვრებელი პირობები იმავე ქალაქში, სადაც მამის საცხოვრებელი ადგილია.
1.9. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სიკეთეში ჩარევის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ სწორი შეფასებისათვის საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებაზე: ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც _ ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებით, მშობლებსა და ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებს შორის კავშირი, კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პარაგრაფის ფარგლებში წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას. მსგავსი ბუნებრივი ოჯახური ურთიერთობები არ წყდება იმ საფუძვლით, რომ მშობლები დაშორდნენ ან განქორწინდნენ, როდესაც ამ მიზეზით ბავშვი ან ერთ მშობელთან ცხოვრობს ან მეორესთან (Cılız v. the Netherlands). ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ოჯახური ცხოვრება სახეზე იყო იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც მშობლების განქორწინებამდე ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდნენ (inter alia, Olsson v. Sweden (no. 1), 24 March 1988, § 81, Series A no. 130). კოვნენციის მე-8 მუხლის ძირითადი მიზანია, ინდივიდების დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების თვითნებური ქმედებებისგან. ოჯახური ცხოვრების „პატივისცემის“ უფლება, აგრეთვე, მოიცავს დამატებით პოზიტიურ ვალდებულებებს, თუმცა, სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის არსებული ზღვარი ზუსტ განსაზღვრებას არ ექვემდებარება. მათ მიმართ გამოყენებადი პრინციპები იდენტურია: ორივე კონტექსტში ყურადღება უნდა გამახვილდეს სამართლიან ბალანსზე, რაც დაცული უნდა იქნას შეპირისპირებულ ინტერესებს შორის. გარდა ამისა, ორივე კონტექსტში სახელმწიფო სარგებლობს შეფასების ფართო ზღვარით (Tuquabo-Tekle and Others v. the Netherlands, 2005 წლის პირველი დეკემბერი). საქმეზე _ „MUSTAFA AND ARMAĞAN AKIN v. TURKEY“ სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვების განცალკევების თაობაზე წარმოადგენდა მომჩივნების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას. აღნიშნული გადაწყვეტილება არა მხოლოდ და-ძმას უკრძალავდა ერთმანეთის ნახვას, არამედ, პირველი მომჩივნისთვის (მამისათვის) შეუძლებელს ხდიდა ორივე შვილი ერთდროულად ენახა. საკითხის განხილვისას მხედველობაში იქნა მიღებული მე-8 მუხლთან მიმართებით დადგენილი პრეცედენტული პრაქტიკა, რომელიც ხაზს უსვამს ხელისუფლების ვალდებულებაზე, იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით (Maslov v. Austria [GC], 2008 წლის 23 ივნისი). გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარისხის შეფასება ევროსასამართლოსაგან მოითხოვს, დაადგინოს, ჰქონდა თუ არა შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებას საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი (რაც მოიცავს, მოწმეთა ჩვენებებს, კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოთა დასკვნებს, ფსიქოლოგისა და სხვა ექსპერტის შეფასებებს და სამედიცინო ცნობებს); აგრეთვე, დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის ბავშვებს, მიეცათ თუ არა საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა (Havelka and Others v. the Czech Republic, საჩ. ნომ. 23499/06, § 62, 2007 წლის 21 ივნისი; Haase v. Germany, საჩ. ნომ. 11057/02, § 97, ECHR 2004-III (extracts)). სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და-ძმას ერთმანეთის ნახვას არ უკრძალავდა, ვინაიდან ბავშვები სამეზობლოში ცხოვრობდნენ და, ამრიგად, ერთმანეთთან კონტაქტის შენარჩუნება შესაძლებელი იყო. სასამართლოს განმარტებით, ბავშვებს შორის კავშირის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აღნიშნულის მშობლების დისკრეციისა და ახირებისთვის მინდობა დაუშვებელი იყო. დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული ეროვნული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანთათვის შაბათ-კვირის ერთად გატარება იქნებოდა მიუღებელი ცვლილება ბავშვისათვის, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ისინი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. ალტერნატივის სახით, მომჩივნების მიერ შეთავაზებული ვარიანტი შეუფერებლადაც რომ მიეჩნია, ეროვნულ სასამართლოს შეეძლო, ბავშვების მიერ ერთმანეთის ნახვის სხვა მეთოდები განეხილა და, ამრიგად, დაეცვა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მათი უფლებები. სტრასბურგის სასამართლო, აგრეთვე, არ დაეთანხმა მთავრობის არგუმენტს, რომ ცალკე მცხოვრები შვილის მიერ ყოველი შაბათ-კვირის მამასთან ერთად გატარება უარყოფითად იმოქმედებდა მის განვითარებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს აღნიშნული არგუმენტის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულება, როგორიცაა ფსიქოლოგის ან სხვა ექსპერტის შეფასებები. მშობლებისა და შვილების მიერ ერთმანეთის კომპანიით ორმხრივად სარგებლობა კონვენციის „ოჯახური ცხოვრების“ ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში (Kutzner v. Germany).
1.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე ობიექტურად არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე