Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-940-526(კ-05) 14 ნოემბერი, 2006

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: გამგეობის დადგენილებების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 4 მაისს თელავის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბ. მ.-მ მოპასუხეების _ ჯ. და ლ. უ...-ების, თელავის რ-ნის სოფ. ...-ის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი აღიარება გარდაცვლილი დედის _ ლ. მ.-ს ანდერძისმიერ მემკვიდრედ, სოფ. ...-ის გამგეობის 1996წ. 26 ივლისის ¹59 და 1999წ. 30 აგვისტოს დადგენილებების გაუქმება და მისი კუთვნილი სახლიდან მოპასუხეების გამოსახლება.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

1966 წელს ლ. მ.-მ მოსარჩელე შვილად აიყვანა შუამთის ბავშვთა თავშესაფრიდან. 1974 წელს ნათესავის ქორწილში მათ გაიცნეს მოპასუხეები, რომლებიც ცხოვრობდნენ ქ.რუსთავში, თუმცა ხშირად ჩადიოდნენ მათთან სტუმრად. მას შემდეგ‚ რაც მოსარჩელემ ჩააბარა ინსტიტუტში, მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ მოპასუხეები მეთვალყურეობას გაუწევდნენ მოსარჩელის დედას, რომელიც უკვე მოხუცებული იყო, მიხედავდნენ სახლ-კარს, დაამუშავებდნენ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, ხოლო მოსავალს გაიყოფდნენ. გარკვეული პერიოდი ასეც გრძელდებოდა, შემდგომ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. მოპასუხე უ...-ები მთლიანად დაეპატრონენ ლ. მ.-ს სახლ-კარს და დაიწყეს მისი შევიწროება. 1990 წლიდან მოპასუხეებმა ლ. მ.-ს საერთოდ აუკრძალეს თავის სახლში შესვლა. 1995 წელს ლ. მ.- გარდაიცვალა. მის ერთადერთ ანდერძისმიერ მემკვიდრეს მოსარჩელე წარმოადგენდა. 1998წ. 25 მაისის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობით ლ. მ.-ს სახელზე რიცხული სახლი გადაფორმდა ბ. მ.-ს სახელზე და მან მიიღო დედის მემკვიდრეობა. ამის შემდგომ, მიუხედავად მისი გაფრთხილებისა, მოპასუხეები სახლს არ ცლიდნენ. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ მიმართა სოფლის ხელმძღვანელობას, სადაც პასუხად მიიღო, რომ საკითხი გადაწყვეტა უწყებრივად სასამართლოს ექვემდებარებოდა. თელავის რ-ნის სოფ. ...-ის გამგეობამ ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ლ. მ.-ს კუთვნილი სახლი და შემდგომ მიწის ნაკვეთი, 1996წ. 26 ივლისის ¹59 და 1999წ. 30 აგვისტოს დადგენილებებით მიაკუთვნა ჯ. უ...-ს და არ გაითვალისწინა, რომ ბ. მ.- იყო ლ. მ.-ს ერთადერთი კანონისმიერი და ანდერძისმიერი მემკვიდრე, რომელსაც ეკუთვნოდა მშობლის მთელი ქონება.

2001წ. 11 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე ბ. მ.-მ დააზუსტა სარჩელის საგანი და მოითხოვა მხოლოდ თელავის რ-ნის სოფ. ...-ის გამგეობის 1996წ. 26 ივლისის ¹59 და 1999წ. 30 აგვისტოს დადგენილებების ბათილად ცნობა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თელავის რ-ნის სოფ. ...-ის გამგეობის გასაჩივრებული დადგენილებები.

რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა და მიწის ნაკვეთი დადგენილი წესით აღრიცხული იყო ლ. მ.-ს საკუთრებად. ამ უკანასკნელს შვილის _ ბ. მ.-ს სახელზე შედგენილი ჰქონდა ანდერძი, რომლის საფუძველზეც ბ. მ.-მ მიიღო სადავო სამკვიდრო ქონება. სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობა საკითხის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას არ დაინტერესებულა უძრავი ქონების კუთვნილების თაობაზე სარეესტრო ჩანაწერებით, გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და მიიღო გადაწყვეტილება პირისათვის უძრავი ქონების მიკუთვნების საკითხზე, რაც აღემატებოდა მის უწყებრივ კომპეტენციას. აღნიშნულის გამო, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის მოთხოვნები, რომელიც გულისხმობდა ქონების შეძენას შემძენის მიერ გასხვისებაზე უფლებამოსილი პირისაგან.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. უ...-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

აპელანტის მითითებით, მის მიერ დაკავებული და ბ. მ.-სათვის ანდერძით დატოვებული მიწის ნაკვეთი იყო სხვადასხვა, მოსარჩელეს ანდერძით მიღებული მიწა უკვე გაყიდული ჰქონდა, მეორე სადავო ნაკვეთი კი მოსარჩელეს არ ეკუთვნოდა და აპელანტები მას კანონიერად ფლობდნენ. ყველამ იცოდა, რომ ლ. მ.-ს ორი ნაკვეთი გააჩნდა და ერთ-ერთი მას უ...-ებისათვის ჰქონდა გადაცემული.

თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა‚ აგრეთვე‚ თელავის რ-ნის სოფ. ...-ის გამგეობამ.

აპელანტის მითითებით, მისი წარმომადგენლის მიერ პროცესზე მიცემული ახსნა-განმარტება არასწორად იყო სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახული. წარმომადგენელმა პროცესზე არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია იმის თაობაზე, რომ ლ. მ.-ს ანდერძში მოხსენიებული მიწის ნაკვეთი და სახლი სულ სხვაა, ხოლო ის მიწა და სახლი, რომლებიც უ...-ებს დაუკანონეს _ სხვა. ამასთან, ბ. მ.-ს ანდერძით დატოვებული ქონება მიღებულიც ჰქონდა და გაყიდულიც. ამდენად, მათ მიერ მიღებული დადგენილებები სამართლიანი იყო და რეალურ სიტუაციას ასახავდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 29 მარტის განჩინებით თელავის რ-ნის სოფ. ...-ის გამგეობის და ჯ. უ...-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. უ...-მა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. ოქტომბრის განჩინებით ჯ. უ...-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 29 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 11 მაისის განჩინებით თელავის რ-ნის სოფ. ...-ის გამგეობის განცხადება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა და თელავის რ-ნის სოფ. ...-ის გამგეობის სააპელაციო საჩივრის ნაწილში საქმეზე წარმოება შეწყდა.

აღნიშნულ განჩინებაზე ჯ. უ...-მა კერძო საჩივარი შეიტანა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 21 ივნისის განჩინებით ჯ. უ...-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადაეგზავნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 6 ოქტომბრის განჩინებით ჯ. უ...-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 11 მაისისა და 21 ივნისის განჩინებები.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 15 თებერვლის განჩინებით ჯ. უ...-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. მ.- გარდაიცვალა 1995წ. 26 იანვარს. სოფ. ...-ის გამგეობის მიერ დამოწმებული ანდერძის თანახმად, ლ. მ.-ს დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა მისი შვილი _ ბ. მ.- და 1998წ. 20 მაისს გაიცა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა თელავის რ-ნის ნოტარიუსის მიერ (სამემკვიდრეო საქმე ¹8, რეესტრი ¹456), რომლის მიხედვით, სამკვიდრო შედგებოდა სოფ. ...-ში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განლაგებულ 34,1 კვ.მ საცხოვრებელი ორი ოთახის, 23,4 კვ.მ დამხმარე ფართის, 23.0 კვ.მ სამეურნეო ფართის, 57,5 კვ.მ სასარგებლო ფართისაგან. სამემკვიდრეო საქმეში არსებული თელავის რ-ნის ტექბიუროს მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის (ფორმა ¹6), მისივე 1998წ. 20 მაისის ¹172 ცნობა-დახასიათების, თელავის რ-ნის სოფ. ...-ის გამგეობის 1998წ. 19 მაისის ¹204 ცნობით დასტურდებოდა, რომ ქონება გარდაცვალებამდე ეკუთვნოდა ლ. მ.-ს, რაც 1994 წელს აღირიცხა ლ. მ.-ს სახელზე ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად და შეტანილ იქნა რეესტრში ¹13/6-41-17. თელავის ნოტარიუსის 1994წ. 6 მაისის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით (საქმე ¹57, რეესტრის ¹1030) დასტურდებოდა, რომ 1990წ. 23 დეკემბერს გარდაცვლილი ბ. მ.-ის მემკვიდრედ ცნობილ იქნა ბ. მ.-. სამკვიდრო ქონება მდებარეობდა თელავის რ-ნის სოფ. ...-ში, შედგებოდა საცხოვრებელი სახლისგან სასარგებლო ფართით 56 კვ.მ, საცხოვრებელი ორი ოთახისა ფართით 42.0 კვ.მ, დამხმარე 14,0 კვ.მ-სგან ასევე დადგენილი იყო, ისიც, რომ აღნიშნული სახლი ბ. მ.-მ 1998წ. 20 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ვ. ბ.-ზე. თელავის რ-ნის სოფ. ...-ის საკრებულოს 2003წ. 2 იანვრის ¹20-21 ცნობების თანახმად, ბ. მ.-ს ერიცხებოდა 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი მეგრელაანთ უბანში, ხოლო ლ. მ.-ს _ 0,15ჰა ნაკვეთი მამალაანთ უბანში. ბ. მ.-ს 1994 და 1998 წლებში თელავის რ-ნის სოფ. ...-ში ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ორი საცხოვრებელი სახლი _ ერთი ლ. მ.-ს, ხოლო მეორე _ ბ. მ.-ის სახელზე რიცხული. ბ. მ.-ისაგან მემკვიდრეობით მიღებული სახლი მან გაასხვისა ვ. ბ.-ზე.

სააპელაციო სასამართლომ თელავის რ-ნის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004წ. 20 მაისის ¹31 ცნობის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ სოფ. ...-ში მდებარე სადავო სახლზე, ერთ შენობაზე, არსებობდა ორი სხვადასხვა დოკუმენტი. 1993 წელს პასპორტი შედგენილ იქნა მ. უ...-ზე სოფლის გამგეობაში არსებული ჩანაწერის საფუძველზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, მოგვიანებით, ლ. მ.-ს სახელზე სახლი აღირიცხა არსებული დამტკიცებული მშენებლობის პროექტის წარდგენის საფუძველზე 1994 წელს ჩატარებული პასპორტიზაციის შედეგად. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სადავო სახლზე თელავის რ-ნის ტექბიუროს მიერ გაიცა საკუთრების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობა ფორმა ¹6 ლ. მ.-ს სახელზე, ხოლო ასეთი სარეგისტრაციო მოწმობა ჯ. უ...-ის სახელზე არ გაცემულა. ამასთან, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ლ. მ.-ს საკუთრების უფლების არსებობა, ბ. მ.-ს მიერ მემკვიდრეობის მიღება და არ მოუთხოვია სადავო სახლის ამშენებლად ცნობა ან მესაკუთრედ აღიარება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ სადავო სახლი და მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა გარდაცვლილი ლ. მ.-ს სახელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თელავის ტექბიუროს მიერ სახლისათვის პასპორტიზაციის სამუშაოების ჩატარების და სოფლის გამგეობის ჩანაწერების საფუძველზე 1993წ. 28 იანვარს სახლის მფლობელად მ. უ...-ის დადგენის შემდეგ ჯ. უ...-ი იმავე სახლის თავის სახელზე გადაფორმებისათვის განმეორებით სოფლის გამგეობას აღარ მიმართავდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სახლი მოანდერძე ლ. მ.-ს საკუთრებას წარმოადგენდა და იგი 1998წ. ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით საკუთრებაში გადაეცა ბ. მ.-ს.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ 1992წ. 26 მარტს ლ. მ.-მ განცხადებით მიმართა ...-ის მეურნეობის დირექტორს თავის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის ჯ. უ...-ის სახელზე გადაწერის თაობაზე, განცხადების მეორე გვერდზე არსებული მინაწერის თანახმად, 1995წ. 28 აპრილს მიწის ნაკვეთი აღებულ იქნა სარეზერვო ფონდში. თელავის რ-ნის სოფ. ...-ის გამგეობის 1996წ. 26 ივლისის ¹59 დადგენილებით სოფ. ...-ში მცხოვრებ ჯ. უ...-ს გაუფორმდა საცხოვრებელი ბინა საპროცესო და სკ-ის 256-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მეზობლური აქტის და იურისკონსულტის დასკვნის საფუძველზე. თელავის რ-ნის სოფ. ...-ის გამგეობის 1999წ. 30 აგვისტოს უნომრო დადგენილებით (ოქმი ¹8) გარდაცვლილ ლ. მ.-ს სახელზე აღრიცხული 0,15ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც ლ. მ.-ს სიტყვიერი თანხმობით ჯ. უ...-მა ააშენა საცხოვრებელი ბინა, მეზობლური აქტისა და იურისკონსულტის დასკვნით გაუფორმდა ჯ. უ...-ს. თელავის რ-ნის სოფ. ...-ის მიწის რეფორმის ფონდის კომისიის 1999წ. 30 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით (¹1940) ჯ. უ...-ს გადაეცა რეფორმამდე არსებული 0,16ჰა ფართი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 256-ე მუხლის «დ» მუხლის მიხედვით, მხოლოდ სასამართლოს გააჩნდა უფლებამოსილება, დაედგინა საკუთრების უფლებით შენობის ფლობის ფაქტი, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში‚ თუ განმცხადებელს არ შეეძლო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით წარედგინა სარჩელი საერთო საფუძველზე და არ შეეძლო ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთის სხვა წესით მიღება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ჯ. უ...-ზე საცხოვრებელი ბინის გადაფორმებით დაირღვა სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964წ. რედაქცია) და სამოქალაქო კოდექსით (1997წ. რედაქცია) განსაზღვრული უძრავი ქონების გადაცემის წესი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სადავო 1999წ. 30 აგვისტოს უნომრო დადგენილების მიხედვით, 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი აღრიცხული იყო გარდაცვლილი ლ. მ.-ს სახელზე. ამავე დროს საქმეზე დართული იმავე ...-ის გამგეობის მიერ დამოწმებული ლ. მ.-ს ანდერძით და მემკვიდრეობის მისაღებად გაცემული ცნობით დასტურდებოდა, რომ გამგეობისათვის ცნობილი იყო ბ. მ.-ს, როგორც მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი. ამავე დადგენილებაში არ იყო მითითებული აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებზე. საგულისხმოა, რომ მეზობლური აქტი შედგენილი იყო 1994წ. მაისში, ლ. მ.-ს სიცოცხლეში და ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში აპელანტს შეეძლო სადავო ქონების მის სახელზე კანონით დადგენილი წესით აღრიცხვა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თელავის რ-ნის სოფ. ...-ის გამგეობის 1996წ. 26 ივლისის ¹59 და 1999წ. 30 აგვისტოს დაუნომრავი დადგენილებებით დადგინდა ჯ. უ...-ის საკუთრების უფლება ლ. მ.-ს, ხოლო შემდგომში ბ. მ.-ს სახელზე რიცხულ ქონებაზე უფლებამოსილების გადამეტებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინების გარეშე და ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. და ლ. უ...-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ შეაფასა ობიექტურად. თელავის რ-ნის ტექნიკური ბიუროს მიერ გაცემული ცნობებიდან დასტურდებოდა, რომ თელავის რ-ნის სოფ. ...-ში მდებარე სახლი ირიცხება მიხეილ უ...-ის სახელზე, სახლს პასპორტიზაცია ჩაუტარდა 1993წ. 28 იანვარს, საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტიდან ირკვეოდა სახლის საერთო და დამხმარე ფართობი, რომელიც არ ემთხვეოდა სადავო ბინას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა ჯერ კიდევ 1999წ. 9 ნოემბერს, სადაც მოითხოვდა მათი ოჯახის გამოსახლებას, მაგრამ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, 2000წ. 21 ივნისის განჩინებით სარჩელი განუხილველი დარჩა.

კასატორების განმარტებით, 1993 წელს გაცემული სახლის პასპორტით სახლი აღრიცხული იყო მათზე, რომელსაც ასევე ფაქტობრივად ფლობდნენ ამჟამად. აღნიშნული კი მათ აძლევდა სახლის საკუთრებად მიჩნევის უფლებას. ამასთან დაკავშირებით კასატორები მიუთითებდნენ სკ-ის 1513-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სკ-ის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.

კასატორები არ იზიარებდნენ სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. მ.-ს სახელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული იყო საკუთრების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობა, რაც მათზე არ გაცემულა და მათ აღნიშნული დოკუმენტი სადავოდ არ გაუხდიათ. კასატორების განმარტებით, სასამართლოს აღნიშნული მითითება არასწორი იყო, ვინაიდან სარეგისტრაციო მოწმობა მათ არ უნახავთ და არც არავის დაუდგენია ის ფაქტი, რომ მათ აშენებულ სახლზე გაცემული იყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ამის გამო შინაურული მორიგებით ლ. მ.-მ თავის სახელზე რიცხული მიწა მათ 500 მანეთად მიჰყიდა. მოგვიანებით ლ. მ.- ცდილობდა მიწის მათთვის დაკანონებას და ამ მიზნით განცხადებითაც მიმართა ...-ის რ-ნის მეურნეობის დირექტორს მასზე რიცხული მიწის ნაკვეთის მათ სახელზე გადაწერის თაობაზე, ანუ ლ. მ.-ს აღნიშნული მიწა 1992წ. მდგომარეობით უკვე დათმობილი ჰქონდა მათთვის. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ჯ. უ...-ისათვის მიწის რეფორმის ფონდის კომისიის 1999წ. 30 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით 0,16ჰა-ის გადაცემის ადგილსამყოფელი. ასევე არ გაიზიარა მისივე განჩინებაში მითითებული 1995წ. 28 აპრილს გაკეთებული მინაწერი, საიდანაც აღებული მიწა სარეზერვო ფონდში ჩაირიცხა. აქედან გამომდინარე, თუკი სადავო მიწა სარეზერვო ფონდში ჩაირიცხა, ე.ი. იგი ლ. მ.-ს ჩამოერთვა და არ შეიძლებოდა ამჟამად სადავო ყოფილიყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. და ლ. უ...-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 15 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად არის დადგენილი და შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ლ. მ.- გარდაიცვალა 1995წ. 26 იანვარს. სოფ. ...-ის გამგეობის მიერ დამოწმებული ანდერძის საფუძველზე, ლ. მ.-ს დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა მისი შვილი ბ. მ.- და 1998წ. 20 მაისს გაიცა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა თელავის რ-ნის ნოტარიუსის მიერ. სამკვიდრო შედგებოდა სოფ. ...-ში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განლაგებულ 34,1 კვ.მ საცხოვრებელი ორი ოთახის, 23,4 კვ.მ დამხმარე ფართის, 23.0 კვ.მ სამეურნეო ფართისა და 57,5 კვ.მ სასარგებლო ფართისაგან;

სამემკვიდრეო საქმეში არსებული თელავის რ-ნის ტექბიუროს მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობით, მისივე 1998წ. 20 მაისის ¹172 ცნობა-დახასიათებით, თელავის რ-ნის სოფ. ...-ის გამგეობის 1998წ. 19 მაისის ¹204 ცნობით დასტურდება, რომ სადავო ქონება გარდაცვალებამდე ეკუთვნოდა ლ. მ.-ს, რაც 1994 წელს აღირიცხა ლ. მ.-ს სახელზე ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად და შეტანილ იქნა რეესტრში ¹13/6-41-17;

თელავის ნოტარიუსის 1994წ. 6 მაისის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით დასტურდება, რომ 1990წ. 23 დეკემბერს გარდაცვლილი ბ. მ.-ის მემკვიდრედ ცნობილ იქნა ბ. მ.-. სამკვიდრო ქონება მდებარეობდა თელავის რ-ნის სოფ. ...-ში, შედგებოდა საცხოვრებელი სახლისაგან სასარგებლო ფართით 56 კვ.მ, საცხოვრებელი ორი ოთახის‚ ფართით 42.0 კვ.მ, დამხმარე ფართით _ 14,0 კვ.მ. ასევე დადგენილი იყო, რომ აღნიშნული სახლი ბ. მ.-მ 1998წ. 20 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა ვ. ბ.-ზე;

თელავის რ-ნის სოფ. ...-ის საკრებულოს 2003წ. 2 იანვრის ¹20-21 ცნობების თანახმად, ბ. მ.-ს ერიცხებოდა 0,15ჰა მიწის ნაკვეთი მეგრელაანთ უბანში, ხოლო ლ. მ.-ს _ 0,15ჰა მიწის ნაკვეთი მამალაანთ უბანში. ბ. მ.-ს 1994 და 1998 წლებში თელავის რ-ნის სოფ. ...-ში ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ორი საცხოვრებელი სახლი: ერთი ლ. მ.-ს, ხოლო მეორე _ ბ. მ.-ის სახელზე რიცხული. ბ. მ.-ისაგან მემკვიდრეობით მიღებული სახლი მან გაასხვისა ვ. ბ.-ზე;

სოფ. ...-ში მდებარე სადავო სახლზე, ერთ შენობაზე, არსებობდა ორი სხვადასხვა დოკუმენტი: 1993 წელს პასპორტი შედგენილ იქნა მ. უ...-ზე სოფლის გამგეობაში არსებული ჩანაწერის საფუძველზე, ხოლო მოგვიანებით, ლ. მ.-ს სახელზე სახლი აღირიცხა 1994 წელს ჩატარებული პასპორტიზაციის შედეგად. სადავო სახლზე თელავის რ-ნის ტექბიუროს მიერ გაიცა საკუთრების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობა ფორმა ¹6 ლ. მ.-ს სახელზე, ხოლო ასეთი სარეგისტრაციო მოწმობა ჯ. უ...-ის სახელზე არ გაცემულა;

აპელანტს სადავოდ არ გაუხდია სადავო სახლზე ლ. მ.-ს საკუთრების უფლების არსებობა, არც ბ. მ.-ს მიერ აღნიშნულ სახლზე მემკვიდრეობის მიღება.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს და ამასთან დაკავშირებით კასატორს არა აქვს წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი სადავო სახლზე თავისი უფლების დამადასტურებლად მიუთითებს 1993წ. ტექნიკურ პასპორტზე, მაშინ როდესაც აღნიშნული სახლი ტექბიუროს შემდგომი მდგომარეობით‚ ჩანაწერის თანახმად‚ აღრიცხულია ლ. მ.-ს საკუთრებად. კასატორი მიუთითებს, რომ ლ. მ.-ს საკუთრებაში ჰქონდა ბ. მ.-თან საერთო საკუთრებაში არსებული სახლი და სწორედ ის დაუტოვა ანდერძით მოსარჩელეს, მაგრამ ბ. მ.-თან თანასაკუთრებაში არსებულ სახლზე კასატორი ვერ ადასტურებს ლ. მ.-ს საკუთრების უფლებას და ვერ აქარწყლებს სადავო სახლზე ლ. მ.-ს საკუთრების რეგისტრაციის ჩანაწერს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო სახლი მოანდერძე ლ. მ.-ს საკუთრებას წარმოადგენდა და იგი 1998წ. ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით საკუთრებაში გადაეცა ბ. მ.-ს.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ თელავის რ-ნის სოფ. ...-ის გამგეობის 1996წ. 26 ივლისის ¹59 სადავო დადგენილების გამოცემის მდგომარეობით სადავო ბინა ირიცხებოდა ლ. მ.-ს სახელზე და გამგეობა არ იყო უფლებამოსილი, განეკარგა აღნიშნული ქონება. ასევე, ...-ის გამგეობის 1999წ. 30 აგვისტოს დადგენილების გამოცემის მდგომარეობით, რომლითაც ჯ. უ...-ს გაუფორმდა გარდაცვლილი ლ. მ.-ს სახელზე აღრიცხული 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც აშენებული იყო სადავო საცხოვრებელი ბინა, მოსარჩელე ბ. მ.-ს უკვე მიღებული ჰქონდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, როგორც ლ. მ.-ს სამკვიდრო და გამგეობა ასევე არ იყო უფლებამოსილი მის განკარგვაზე. იმავდროულად, ჯ. უ...-ზე სადავო საცხოვრებელი ბინის გადაფორმებით ...-ის გამგეობის მიერ უხეშად დაირღვა როგორც 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსით, ისე 1997წ. სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უძრავი ქონების გადაცემის წესი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. და ლ. უ...-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 15 თებერვლის განჩინება;

3. ჯ. და ლ. უ...-ებს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.