Facebook Twitter

№ას-1239-1162-2015 4 მარტი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.გ–ძე, ს.გ–ძე, ი.შ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – დ.ჩ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისში, თბილისის ..... მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ ვ.შ. (შემდეგში: მოპასუხე,1/5 ნაწილის მესაკუთრე) და მ.გ–ძე (4/5 ნაწილის მესაკუთრე, შემდეგში: თანამესაკუთრე ან გამჩუქებელი) {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 173.1 მუხლი}.

2. გამჩუქებელი და ი.შ–ძე (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი კასატორი) იმყოფებოდნენ საქორწინო ურთიერთობაში {სსკ-ის 1106-ე მუხლი}.

3. პირველ მოსარჩელეს გამჩუქებელთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი მ. (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მეორე კასატორი), დაბადებული1997 წლის 25 თებერვალს და ს.გ–ძეები (შემდეგში: მესამე მოსარჩელე, მესამე კასატორი), დაბადებული 2000 წლის 27 ივნისს.

4. არასრულწლოვანი მოსარჩელეების კანონიერი წარმოდგენელია მათი დედა - პირველი მოსარჩელე {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 101-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები }.

5. 2011 წელს პირველმა მოსარჩელემ და გამჩუქებელმა ქ. ქუთაისში, თბილისის .... მდებარე უძრავი ქონება გაარემონტეს საკუთარი სახსრებით. გარდაცვალებამდე (2012 წელს გარდაიცვალა) მამამ (გამჩუქებელმა) მის საკუთრებაში რიცხული მთელი ქონება აჩუქა შვილებს {სსკ -ის 524-ე და 525.2. მუხლები }.

6. გარდაცვალების დროისთვის პირველ მოსარჩელეს შეწყვეტილი ჰქონდა ქორწინების რეგისტრაცია გამჩუქებელთან { სსკ-ის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი}.

7. 2013 წლის 29 ოქტომბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაზუსტდა ქ. ქუთაისში, ...... მდებარე უძრავი ქონებაზე თანამესაკუთრეთა წილობრივი მონაწილეობა, რომლის შესაბამისადაც, 9/10 ნაწილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა მეორე მოსარჩელე, ხოლო მოპასუხე აღირიცხა 1/10 ნაწილი ქონების მესაკუთრედ.

8. შპს „ა.ე-ის" საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...... მდებარე უძრავ ქონებაზე 2011-2012 წლებში ჩატარებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა - 39 264,54 ლარი.

9. 2014 წლის 19 ივნისს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვეს უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების ნაწილის, 39 264,54 ლარის 1/10 ნაწილი - 3926.45 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება {სსკ-ის 987-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები}.

10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

10.1. პირველ მოსარჩელეს გამჩუქებელთან, ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე ბოლო 10 წლის განმავლობაში, შეწყვეტილი ჰქონდა საქორწინო ურთიერთობა, შესაბამისად, მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია უძრავი ქონების გარემონტებაში.

10.2. სარემონტო სამუშაოები გამჩუქებელმა ჩაატარა, თუმცა აღნიშნული ხარჯის გაღება არ იყო განპირობებული აუცილებლობით.

10.3. მოპასუხე წარმოადგენდა რა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/10 ნაწილის თანამესაკუთრეს, სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე დასთანხმდა გარკვეული პირობის სანაცვლოდ:

ა) გამჩუქებელი მას დაუბრუნებდა ნასესხებ 1000 აშშ დოლარს;

ბ) თვითონ (მოპასუხე) არ მიიღებდა მონაწილეობას რემონტთან დაკავშირებული ხარჯებში.

10.4. შპს „ა.ე–ის დასკვნა და შპს „ნ. ჯ–ის“ ხარჯთაღრიცხვა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, კერძოდ, სარემონტო სამუშაოებზე გაწეული დანახარჯების შეფასება იყო შეუსაბამოდ მაღალი და არ გამომდინარეობდა შესაბამისი დოკუმენტაციიდან. როგორიცაა: მასალის შესაძენად გადახდილი ხარჯთაღრიცხვის ქვითრები, ზედნადებები, საანგარიშო საბაზრო ღირებულება.

11. 2014 წლის 30 ივლისს მოსაარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს, გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნა და იგი განსაზღვრეს 4547,45 ლარით {სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილი}.

12. მოცემულ საქმეზე სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2014 წლის 3 სექტემბერს. ამის შესახებ შეტყობინება მოპასუხემ პირადად ჩაიბარა. შესაგებელში მოპასუხის წარმომადგენლებად მითითებული არიან თ.ბ–ძე (შემდეგში მოპასუხის/აპელანტის საპროცესო წარმომადგენელი) და მ. ბ–ძე (რწმუნებული) სსსკ-ის 93-ე და 94-ე მუხლები .

13. 2014 წლის 2 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა და საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება მოითხოვა {სსსკ-ის 215-ე და 216-ე მუხლის პირველი ნაწილი}. მტკიცებულების სახით მან სასამართლოს წარუდგინა მისი მონაწილეობით სისხლის სამართლის პროცესზე სხდომის 3 სექტემბერს დანიშვნის თაობაზე ცნობა, რის გამოც ის ვერ შეძლებდა წინამდებარე დავაზე სასამართლოს სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადებას (იხ. საქმე: გვ. 108). სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

14. საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელეთა კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

15. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის განხილვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

16. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოთხოვნა და 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ძალაში დატოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

17. სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე აპელანტი გარდაიცვალა და მის უფლებამონაცვლედ საქმის განხილვაში ჩაება დ.ჩ–ძე {შემდეგში: უფლებამონაცვლე, მოწინააღმდეგე მხარე}.

18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახლველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

19. პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5, 7-8 და 12-13 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

19.1. პალატამ ასევე დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე მოპასუხეს არ ეცნობა, შესაბამისად პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში როდესაც მოპასუხეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო [სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტი].

19.2. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის საპროცესო წარმომადგენელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვის ნამდვილად წარმოადგენდა მოპასუხის წარმომადგენელს და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარმოუდგენლობა შემთხვევითობით იყო განპირობებული. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“პუნქტი და 241-ე მუხლი.

20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

21. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს;

21.1. სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტი. მართალია დავის საგნის ღირებულების გაზრდის თაობაზე მოპასუხემ არაფერი უწყოდა, მაგრამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვები იყო თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, შესაბამისი საპროცესო ხარჯის ანაზღაურებით.

21.2 სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ თუ მხარეს დროულად ეცნობა ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა და შესაბამის საპროცესო ხარჯების თაობაზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შემდგომში სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა ხელს არ უშლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაეუქმებინა მხოლოდ გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში.

22.3. სასამართლო სხდომის თაობაზე გზავნილი ჩაიბარა თავად მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად ჩაბარება თუნდაც ერთ-ერთ პირისთვის მოპასუხე იქნება თუ წარმომადგენელი ნიშნავს სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გზავნილის ჩაბარებასაც. შესაბამისად მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი საქმის მასალებით არ დგინდება, ხოლო მოპასუხის საპროცესო წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამარლოსთვის უცნობი იყო.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბერს საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

2. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

4. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მხოლოდ თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში დაკმაყოფილების თაობაზე. სასარჩელო მოთხოვნის გადიდება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის შესაბამისი საპროცესო სამართლებრივი დანაწესია, აღნიშნული უფლებით სარგებლობა სასამართლოს მთავარ სხდომამდე შეუქცევადად აქცევს აღნიშნულ პროცესს და მოპასუხის კანონშეუსაბამო ქმედების დადგენის შემთხვევაში, სწორედ გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნით უნდა იხელმძღვანელოს საქმის განმხილველმა სასამართლომ. პალატა განმარტავს, რომ როგორც სარჩელის გადიდება ისე მისი შემცირებაც მხარის პროცესუალური უფლებაა და სასამართლო თვითნებურად ვერ ჩაერევა მის განსაზღვრაში, კასატორის მსჯელობასთან მიმართებით საგულისხმოა, ის გარემოებაც, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს არც კი უშუამდგომლია სასამართლოს წინაშე სარჩელის თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში დაკმაყოფილების თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 233 -ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ, უალტერნატივო საფუძვლებს. ასეთად კი, მათ შორის, მოიაზრება მოპასუხისათვის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე ინფორმაციის, დოკუმენტაციის დროულად მიუწოდებლობა, რაც ამ დავაზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და სწორად შეაფასა აღნიშნული გარემოება. ამდენად, მოცემულ საკითხზე არსებული საპროცესო საკანანონმდებლო რეგლამენტაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და დასკვნებს.

5. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. {იხ. სასამართლო გადაწყვეტილება საქმე Nას331-316-2015}.

6. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257-ე, 391-ე, 399-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.გ–ძის, ს.გ–ძისა და ი.შ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის გამო;

2. მ.გ–ძეს (.....), ს.გ–ძესა (.....) და ი.შ–ძეს (.....) დაუბრუნდეთ ი.შ–ძის (....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 01.12.2015 სს თიბისი ბანკი), 300 (სამასი) ლარის, 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი