Facebook Twitter

№ას-223-213-2016 4 აპრილი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

სამოქალაქო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ჟ.ლ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე ლ.ა-ის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე ჟ. ლ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

პალატამ გამოარკვია:

1. 2013 წლის 15 აგვისტოს ლ. ა-სა [შემდეგში მოსარჩელე] და ჟ. ლ-ს [შემდეგში მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი] შორის დაიდო წინარე ხელშეკრულება ქ. თბილისში …. მდებარე 140 კვ.მ უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N …… იხ. საქმე, გვ 17) [შემდეგში უძრავი ქონება] ნასყიდობის თაობაზე [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მუხლი 477]. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს „ბეს“ სახით გადასცა 11500 აშშ დოლარი. სახელშეკრულებო პირობების თანახმად, აღნიშნული თანხა ჩაითვლებოდა უძრავი ქონების ნასყიდობის ფასის ანგარიშში. უძრავი ქონების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 86 000 აშშ დოლარით, ხოლო ძირითადი ხელშეკრულების გაფორმების ვადად მიეთითა 2013 წლის 25 სექტემბერი.

2. წინამდებარე გარიგების დადების შემდგომ, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ უძრავი ქონების ნაწილი (9.54 კვ.მ ფართი), რომლის შეძენაც მას ჰქონდა განზრახული, იყო სადავო. შესაბამისად, მოპასუხე ვერ უზრუნველყოფდა მისთვის უნაკლო ნივთის გადაცემას [სსკ-ის მუხლი 487]. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ დაკარგა უძრავი ქონების შეძენის ინტერესი.

3. 2014 წლის 13 აგვიტოს მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა 11 500 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო 11 500 აშშ დოლარიდან სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეებმა თანხის ნაწილი - 2000 აშშ დოლარი გადაუხადეს მაკლერს, ხოლო დარჩენილი 9500 აშშ დოლარით დაკმაყოფილდნენ უძრავი ქონების იპოთეკარები.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11 500 აშშ დოლარის გადახდა.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

7. თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დაადგინდა, რომ ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დადებული ბეს ხელშეკრულება შინაარსობრივად წარმოადგენდა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებას, ვინაიდან ითვალისწინებდა ძირითადი ხელშეკრულების სამომავლოდ დადების პრეზუმფციას. აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულება წარმოადგენდა სავალდებულო ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებას და იყო ბათილი [სსკ-ის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 59-ე მუხლი], ხოლო მოპასუხემ 11 500 აშშ დოლარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო მოსარჩელისგან [სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და 979-ე მუხლის პირველი ნაწილი ].

8. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს შეფასება ბეს ხელშეკრულების თაობაზე, შესაბამისად, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 575 (ხუთას სამოცხათხუთმეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. განჩინების თაობაზე იმავე დღეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორს.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 16 მარტს და დასრულდა იმავე წლის 21 მარტს 2400 საათზე. აღნიშნულ საპროცესო ვადის გასვლამდე კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის.

13. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

15. მოცემულ შემთხვევაში, ჟ.ლ-მა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა