Facebook Twitter

საქმე №ას-872-822-2015 12 თებერვალი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ D.G. (დ. ჯ.)“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა/ ს. მ. ს.(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2014 წლის 28 მარტს შპს „D.G. (დ ჯ.)“-სა [შემდეგში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, ასევე პ.ა.] და ა.ა.რ.ს.მ.ს-ოს [შემდეგში მოპასუხე, აპელანტი, ბენეფიციარი ან კრედიტორი] შორის დაიდო საქონლის სახელმწიფო შესყიდვის N02-02/37 ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება) {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 477-ე მუხლი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი}.

2. ხელშეკრულების პირობების თანახმად, სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანია 80 ერთეული მრავალფუნქციური მოტობლოკი, ნიადაგის დამამუშავებელი აგრეგატებით და სათიბლით. ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 312 000 ლარი {სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი}.

3. კონტრაჰენტებმა საქონლის მიწოდების ვადად განისაზღვრეს 50 კალენდარული დღე, ხოლო მიწოდების საბოლოო თარიღად დადგინდა 2014 წლის 17 მაისი (იხ. ს/ფ 14-18).

4. ხელშეკრულებით საქონლის მიწოდების ვადის დარღვევისათვის, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად განისაზღვრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2% [სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები].

5. სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეთა შორის ასევე დაიდო საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს „ლ.ბ-ს“ [შემდეგში - გარანტი] კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა უზრუნველეყო 15600 ლარის (საგარანტიო თანხა) ფარგლებში {სსკ-ის 879-ე და 888- ე მუხლები}.

6. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, ნაკლიანი შესრულებით, მოპასუხეს მიაწოდა 2014 წლის 20 მაისს. მიწოდებული საქონლის მოტობლოკებს თან არ ახლდა 240 ერთეული ფრეზის დანა [სსკ-ის 487-ე მუხლი, 488-ე მუხლის მე-2 ნაწილი].

7. მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა 2014 წლის 30 მაისს, ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებით.

8. 2014 წლის 30 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დადასტურდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიღების ფაქტი, ასევე, მოსარჩელის მიერ მიწოდების ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება (იხ ს/ფ გვ 22-23).

9. კრედიტორმა ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, მოსარჩელეს მოსთხოვა პირგასამტეხლოს, 7488 ლარის, გადახდა, რომელიც მოპასუხემ სრულად გადაიხადა 2014 წლის 7 ივნისს (იხ. ს/ფ 24-26).

10. ბენეფიციარმა 2014 წლის 2 ივნისს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დათქმულ ვადაში არაჯეროვანი, ნაკლიანი შესრულების გამო, გარანტს მოსთხოვა საბანკო გარანტიის თანხის, 15 600 ლარის გადახდა. გარანტმა კრედიტორს საგარანტიო თანხა სრულად გადაუხადა (იხ.ს/ფ 26) {სსკ-ის 879-ე და 888-ე მუხლები}.

11. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 15600 ლარის დაკისრება.

12. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი შემდეგი დასაბუთებით:

მოსარჩელემ დათქმულ ვადაში არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. საბანკო გარანტიის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა უპირობოდ გადაეცემოდა შემსყიდველს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საგარანტიო თანხის მოთხოვნის დროისათვის ვალდებულება უკვე შესრულებული იყო, ხოლო პირგასამტეხლოს თანხა გადახდილი, მიუხედავად ამისა მოპასუხე აღნიშნულისგან დამოუკიდებლად, ვალდებული იყო გადაეხადა საბანკო გარანტიის თანხა.

13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15 600 ლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასმართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 416-417-ე, 879-ე, 885-ე მუხლები.

14. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

14.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ გარანტიის თანხის მიღებით მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. აპელანტის მოსაზრებით, უსაფუძვლო გამდიდრებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც პირი სარგებელს მიიღებს იურიდიულად ნამდვილი საფუძვლის გარეშე და იმავდროულად სარგებლის სახით მიიღებს იმ სიკეთეს, რომელის სხვას ეკუთვნის ან რომელიც მას არ უნდა მიეღო, კონრეტულ შემთხვევაში კი საგარანტიო თანხის გადახდა განხორციელდა მხარეთა შორის არსებული ძირითადი ხელშეკრულებისა და საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად.

14.2. საბანკო გარანტიას გამოარჩევს მისი იურიდიულ ბუნება, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობას ძირითადი ვალდებულებისაგან. სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავს საბანკო გარანტიის პირობებს და იგი დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე. კონტრაჰენტთა შეთანხმებით, კი განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების დარღვევის ნებისმიერი შემთხვევისათვის განისაზღვრა საბანკო გარანტიის გამოყენების შესაძლებლობა.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის განჩინებით სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2015 წლის 15 აპრილს.

16. აღნიშნული განჩინება მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე - ბოლნისი…... შეტყობინების ბარათით, გზავნილის ჩაბარების თაობაზე ირკვევა, რომ შეტყობინება ჩაჰბარდა მ.დ-ს. მოწინააღმდეგე მხარესთან აღნიშნული პირის დამაკავშირებელ სამართლებრივ სტატუსად მითითებულია - „დედა“.

17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე), რის გამოც აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი].

17.1. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე ეცნობა სსსკ-ის 70ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე პროცესზე გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია.

17.2. პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და მიიჩნია, რომ კონკრეტული საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის კრედიტორზე გადახდის ვალდებულება გარანტს წარმოეშობა ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში და აღნიშნული არ არის დამოკიდებული იმაზე, დაეკისრა თუ არა მოსარჩელეს ხელშეკრულებით მიწოდების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო. ხელშეკრულებითა და საბანკო გარანტიის პირობებით არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ჩათვლა ან/და გამოქვითვა საგარანტიო თანხიდან. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო მოთხოვნას.

18. 2015 წლის 15 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა [სსსკ-ის 372-ე და 236-ე მუხლები]. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ საპროცესო წარმომადგენელი არ იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო სხვა წარმომადგენლებს არ გააჩნდათ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში წარმომადგენლობის უფლებამოსილება. გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით სააპელაციო მოთხოვნა არ იყო სამართლებრივად დასაბუთებული.

19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

20. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. მოწინააღმდეგე მხარის საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონისმიერ საფუძველს {სსსკ-ის 233-ე, 241-ე და 215-ე}. მოწინააღმდეგე მხარეს გონივრული დრო ჰქონდა, რათა მიეღო ყველა საჭირო ზომა, მხარის გამოუცხადებლობის მიზეზით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური შედეგის თავიდან ასაცილებლად.

21. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

21.1. კასატორი ორგანიზაცია რეგისტრირებულია მისი დირექტორის იურიდიულ მისამართზე. სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე სასამართლო უწყება ჩაჰბარდა კასატორის დირექტორის დედას, რომელიც არ წარმოადგენს ამავე უწყებაში დასაქმებულ პირს, შესაბამისად, უწყება არ ჩაჰბარებია სასამართლო სხდომაზე მოსაწვევ პირს, ვინაიდან, თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით, იგი უნდა ჩაჰბარდეს შესაბამისი ორგანიზაციის ადმინისტრაციას [სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 74-ე მუხლის პირველი ნაწილი].

21.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივარს. იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ შეასრულა ვადაგადაცილებული ვალდებულება, რისთვისაც საჯარიმო სანქციის სახით პირგასამტეხლოც გადაიხადა, სასამართლოს უნდა ემსჯელა, რა სამართლებრივი საფუძვლებით უნდა დაჰკისრებოდა მოსარჩელეს დამატებით ქონებრივი პასუხისმგებლობა უკვე შესრულებული ვალდებულების გამო. კრედიტორის განმარტებით, ვალდებულ პირს პირგასამტეხლოს გარდა, უნდა დაეკისროს საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაც, როგორც პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე. აღნიშნული მსჯელობა სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რაც ეწინააღმდეგება საბანკო გარანტიის ინსტიტუტის არსს.

21.3. კასატორის ერთადერთი უფლებამოსილი წარმომადგენელი, საქმის განხილვის დროისათვის არ იმყოფებოდა საქართველოში, შესაბამისად აღნიშნული გარემოება უნდა ჩაითვალოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო გარემოებად და საფუძვლად დაედოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, პრინციპალის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. სახელდობრ:

24. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 26 თებერვლის განჩინებით სასამართლოს მთავარი სხდომა დანიშნა 2015 წლის 15 აპრილს. მთავარი სხდომის დანიშვნის დროისა და თარიღის შესახებ მოწინააღმდეგე მხარეს, რომელიც იურიდიული პირია, შეტყობინება გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე - ბოლნისი, …... შეტყობინება ჩაჰბარდა დირექტორის დედას, რომელიც ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი არ არის.

25. კანონის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს {სსსკ-ის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის პირველი წინადადება}. საპროცესო სამართლით დადგენილი წესები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, განვრცობითი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ იძლევა, რადგანაც ეს დაარღვევდა სამართლებრივი ნორმების ერთიანობას და წინააღმდეგობაში მოვიდოდა პროცესუალური ფორმალიზმის პრინციპთან. ამ პრინციპის არსი კი, ისაა , რომ ყოველი საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილი წესებისა და ფორმალობების მკაცრად დაცვით {შეად. სსსკ-ის პირველი მუხლის პირველი ნაწილი}. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ უწყების მიმღებსა და საწარმოს წარმომადგენელს, (დირექტორს) შორის ბიოლოგიური კავშირი არსებობს (დედა-შვილია), კანონის გაგებით იგი (დედა) არ წარმოადგენს ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებული იქნებოდა, უწყება ადრესატისათვის გადაეცა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იაზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე ეცნობა სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით.

26. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივარს, მოკლებულია დამაჯერებელ სამართლებრივ არგუმენტაციას. პალატა იაზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ როდესაც მხარეთა შორის არსებული ვალდებულება შეწყდა შესრულებით {სსკ-ის 427-ე მუხლი) და მოწინააღმდეგე მხარემ ვადაგადაცილებისათვის ზიანიც აანაზღაურა (გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო), რამდენად არსებობდა საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ნორმების ამოქმედების საფუძველი. შესაბამისად, არსებობდა თუ არა პრინციპალისათვის ასეთი მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

27. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ აღნიშნა შემდეგი: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სააპელაციო სასამართლო დაემყარება მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნიშნავს არა სარჩელში მითითებული გარემოებების ავტომატურად დადგენილად მიჩნევას, არამედ იმის შემოწმებას, სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებებით (დადგენილად მიჩნევით) გაბათილდება თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი სადავო ნაწილის დასკვნები, რომლებიც აპელანტის წინააღმდეგაა მიმართული, ანუ სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, მხედველობაში უნდა მიღოს აპელანტის ახსნა-განმარტება (რომელიც შეიძლება არც იყოს მოსარჩელე), ხოლო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე). იხ სუსგ საქმე №ას-1046-1003-2014 16.02.15წ.

28. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

29. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2015 წლის 15 აპრილის დანიშნულ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა არ იყო გამოწვეული არასაპატიო მიზეზით, სააპელაციო სასამართლომ კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმათა არასწორი განმარტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების არასწორად შეფასების გამო მოწინააღმდეგე მხარეს უსაფუძვლოდ უთხრა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „D.G. (დ.ს.ჯ.)-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი