№ას-973-922-2015 16 თებერვალი, 2016 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,მ.“ (მოპასუხე)
წარმომ–გენელი - ზ.ჭ., დ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ყ. (მოსარჩელე)
წარმომ–გენელი - მ.კ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „მ.“ (ს/კ ..., შემდეგში- მოპასუხე, ან საწარმო) დაფუძნდა და კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირდა 2012 წლის 11 აპრილს. მისი 100%-იანი წილის მესაკუთრეა უკრაინის მოქალაქე ს.კ. (შემდეგში: პარტნიორი) {„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 2.3, მე-4 და მე-5 მუხლები}. საწარმოს საქმიანობის ძირითადი საგანი იყო სათამაშოების იმპორტი და მათი რეალიზაცია.
2. საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭა დირექტორ, დ.ყ–ს (შემდეგში- მოსარჩელე){„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი}.
3. 2012 წლის 12 აპრილიდან 13 ივლისამდე პარტნიორმა მოსარჩელეს უკრაინიდან გადმოურიცხა ფულადი სახსრები საწარმოს საწესდებო კაპიტალის შესავსებად. ამ უკანასკნელმა შეასრულა პარტნიორის დავალება და მითითებულ პერიოდში საწარმოს კაპიტალი შეავსო 28 280 ლარით (ტ.1. ს.ფ. 46-47).
4. 2012 წლის 26 ოქტომბერსა და 18 დეკემბერს საწარმოს საწესდებო კაპიტალი დამატებით შეივსო 18 200 და 6 600 ლარით, ანუ ჯამში 24 800 ლარით (ტ.1. ს.ფ. 48-49).
5. 2013 წლის 13 მარტს მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან და საწარმოს დირექტორად დაინიშნა უკრაინის მოქალაქე მ. ბ. (ტ.1. ს.ფ. 39).
6. მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა 24 800 ლარის დაკისრება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. პარტნიორთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მან (მოსარჩელემ) იკისრა ვალდებულება, საწარმოს საწესდებო კაპიტალი 25-30 ათასი ლარის ფარგლებში შეევსო, რომლის სანაცვლოდაც ის საკუთრებაში მიიღებდა წილს საწარმოში მის მიერ განხორციელებული შენატანის პროპორციულად.
6.2. მან 2012 წლის 26 ოქტომბერსა და 18 დეკემბერს მოპასუხის საწესდებო კაპიტალის შესავსებად შეიტანა პირადი ფულადი სახსრები, 18 200 და 6 600 ლარი, ანუ ჯამში 24800 ლარი;
6.3. პარტნიორმა დაარღვია მათ შორის არსებული შეთანხმება და მოსარჩელეს არ დაუთმო შეპირებული წილი.
6.4. პარტნიორმა ის უსაფუძვლოდ დაითხოვა სამსახურიდან. საწარმოს საჩივრის საფუძველზე, 2014 წლის 9 იანვრის დადგენილებით, მას ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო (ტ.1., ს.ფ. 105-107).
7. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი (ტ.1. ს.ფ. 143-152) და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
7.1. მოსარჩელეს მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე პირადი თანხა არ შეუტანია;
7.2. მან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მოპასუხის კუთვნილი 24144,60 ლარი, რის გამოც იგი მიცემულ იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში;
7.3. მოპასუხის საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხა წარმოადგენდა პარტნიორის საკუთრებას და ის საწესდებო კაპიტალში შეჰქონდა მოსარჩელეს პარტნიორის მითითების შესაბამისად.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ 2012 წლის 26 ოქტომბერსა და 18 დეკემბერს მოპასუხის საწესდებო კაპიტალის შესავსებად მისი კუთვნილი თანხების - 18200 და 6600 ლარის ანუ ჯამში 24800 ლარის შეტანა;
8.2. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია წილის ნასყიდობის თაობაზე ზეპირი შეთანხმების შესახებ და მიუთითა, რომ ზეპირი განმარტება არ წარმოადგენს წილის ნასყიდობის ხელშეკრულების დამადასტურებელ მტკიცებულებას;
8.3. სადავო თანხის გადამხდელად საბანკო დოკუმენტებში მოსარჩელის მითითება არ გამოდგება იმის მტკიცებულებად, რომ ფული მოსარჩელის საკუთრება იყო, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მოსარჩელის განმარტებითვე დგინდება, რომ ის ახორციელებდა პარტნიორის მიერ გადმორიცხული თანხის შეტანას მოპასუხის საწესდებო კაპიტალში. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 385-ე და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
9. მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა აპელაციის წესით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 2 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგი მითითებებით:
10.1. მოსარჩელის მოთხოვნა საწარმოს პარტნიორთან არსებულ ურთიერთობას ემყარება, მაგრამ პარტნიორი საქმეში მხარედ ან მესამე პირად ჩაბმული არ ყოფილა;
10.2. მოსარჩელე ვალდებულია, ცალსახად და არაორაზროვნად ჩამოაყალიბოს სარჩელის მოთხოვნა, რომელზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს. სარჩელში მოთხოვნასთან მიმართებით მითითებული უნდა იქნეს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც ის ეფუძნება, ასევე, სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბებული არ არის ცალსახად და არაორაზროვნად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტები მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების გათვალისწინებით, საჭიროებს უფრო მეტ სიზუსტეს და თანმიმდევრობას, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის და მის საფუძვლად მითითებული ფაქტების ნათლად ჩამოყალიბება განმსაზღვრელია სარჩელზე მოპასუხეთა წრის ჩამოყალიბებისა და დაზუსტების კუთხით, ასევე იმის დაზუსტებისათვის, ხომ არ არსებობს საქმეში ამა თუ იმ სუბიექტის მესამე პირად ჩაბმის აუცილებლობა.
10.3. პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ სარჩელზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება - მისი დაკმაყოფილება ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შეიძლება ეფუძნებოდეს სარჩელის დასაბუთებულობას ან მის დაუსაბუთებლობას, უსაფუძვლობას. ამასთან, თუ მოთხოვნის არსი და მისი საფუძველი ბუნდოვანია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 222-ე მუხლის თანახმად, მოსამართლეს უფლება აქვს მხარეებს მისცეს შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამოკვლევას. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის ფონზე განსაკუთრებულ შემთხვევებში უშვებს და საჭიროდ მიიჩნევს მოსამართლის ინიციატივას საქმის სათანადოდ განხილვის მიზნით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულის დადგენის აუცილებლობა წარმოადგენდა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს { სსსკ-ის, 385-ე მუხლი}.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 2 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განასახილველად დაბრუნების საფუძველი. სახელდობრ:
11.1. სასამართლოს მსჯელობა პარტნიორის მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რადგანაც სსსკ-ის 88-90 მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს არა აქვს უფლება საკუთარი ინიციატივით ჩააბას მესამე პირი საქმეში. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას არც მხარეებს და არც თვით პარტნიორს ამ მხრივ რაიმე ინიციატივა არ გამოუჩენიათ.
11.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით განიხილა საქმე და მიიღო სწორი გადაწყვეტილება {სსსკ-ის მესამე და მეოთხე მუხლები}. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა სსსკ-ის მე-3 და 222-ე მუხლები, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ და გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლებია.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საქმის მასალების გაცნობა, შესწავლა და ანალიზი, ასევე მიღებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე, სახელდობრ:
13.1. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელეს აღძრული აქვს მიკუთვნებითი მოთხოვნა. ის მოითხოვს მოპასუხისათვის 24 800 ლარის დაკისრებას. მას მკაფიოდ და გასაგებად აქვს ჩამოყალიბებული ის შედეგი, რისი მიღწევაც სურს. მისი მოთხოვნა დასაბუთებულია იმით, რომ მან პარტნიორთან ზეპირი მოლაპარაკების შემდეგ, 2012 წლის 26 ოქტომბერს და 18 დეკემბერს მოპასუხის საწესდებო კაპიტალის შესავსებად გაიღო კუთვნილი თანხა - 18200 და 6600 ლარი, ანუ 24800 ლარი; საწარმოს წესდების თანახმად (იხ მუხლი 3.6.პ“რ“) ახალი/დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა დირექტორი, არამედ პარტნიორთა კრება. ასეთივე რეგულაციაა გათვალისწინებული მეწარმეთა შესახებ კანონის ნორმებითაც (შეადარეთ დასახელებული კანონის მუხლი 3.5, 47.2 და 91.5. „ზ“ მუხლები) მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების ანალიზი იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ, მოსარჩელის აზრით, მან პირადი თანხა საწარმოში ვალდებულების გარეშე შეიტანა და ამიტომაც საწარმოსაგან მოითხოვს შესრულებულის უკან დაბრუნებას {სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 979-ე მუხლის პირველი ნაწილი}. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის უარყოფის მთავარ საფუძვლად მიუთითა იმაზე, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ შესრულების საგანი - 24 800 ლარი - მას, და არა პარტნიორს, ეკუთვნოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოთხოვნის არსი და მისი საფუძველი ბუნდოვანია და ამიტომ შეუძლებელია საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, დაუსაბუთებელია.
13.2. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობას პარტნიორის მესამე პირად ჩართვის მოტივით საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რადგანაც ამგვარი მსჯელობა ეწინააღმდეგება სსსკ-ის 88-90 მუხლებით დადგენილ წესებს. კანონით სასამართლოს არა აქვს იმის უფლება, რომ საკუთარი ინიციატივით ჩააბას მესამე პირი საქმეში. საქმის მასალებით კი არ დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, რომელიმე მხარემ ან თვით დაინტერესებულმა პირმა (პარტნიორმა) გამოიყენა აღნიშნული ნორმებით მინიჭებული საპროცესო უფლება.
13.3. საკასაციო სასამართლომ ერთერთ საქმეზე აღნიშნა შემდეგი: „სსსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმ–, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამდენად, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან დაბრუნება, ისევე, როგორც საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააპელაციო სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული არ გულისხმობს სააპელაციო სასამართლოს შეუზღუდაობას, ნებისმიერი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს საქმე. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნამდვილ აზრს, რითაც მოცემულ შემთხვევაში შებოჭილია სააპელაციო სასამართლო, ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმ–, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება“...(შეად. საქმე #-ას-471-450-2015 30.10.15)
14. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს შემდეგს: საქმის ხელახალი განხილვის მიზნით უკან დაბრუნების შესახებ მიღებული განჩინება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებული იქნებოდა, თუ იარსებებდა სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. სააპელაციო პალატამ ისე დააბრუნა პირველ ინსტანციაში საქმე განსახილველად, რომ სათანადოდ არ დაასაბუთა, თუ რატომ ვერ შეძლებდა გადაწყვეტილების მიღებას, მით უფრო, როგორც უკვე აღინიშნა, როგორც მოთხოვნა, ისე მისი ფაქტობრივი საფუძველი მოსარჩელის მიერ მკაფიოდ და არაორაზროვნად იყო ჩამოყალიბებული. პალატა ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 377-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, თავად გამოეკვლია მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები, გაენალიზებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ისე გამოეტანა დასკვნა სარჩელი იურიდიულად ამართლებდა თუ არა მოთხოვნას და განხორციელებული იყო თუ არა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა.
15. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმ–, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმ–, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ვიდრე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,მ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი