Facebook Twitter

საქმე №ას-927-877-2015 16 თებერვალი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. პ. (მოპასუხე)

წარმომადგენელი - პ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ვ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ვ.ვ-ძე (შემდეგში: „მოსარჩელე, ან პირველი კასატორი“) და ა. მ-ძე (შემდეგში: „პირველი მოპასუხე“) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1106-ე და 1151-ე მუხლები}.

2. 2005 წლის 25 მაისიდან საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ბათუმში, ……. მდებარე ბინა #3 (შემდეგში: „დაყადაღებული უძრავი ქონება“). აღნიშნული ქონება შეძენილია მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში {სსკ-ის 311-ე და 1158-ე მუხლები}.

3. პირველი მოპასუხის მიმართ 2007 წელს მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე, 332-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით, ასევე 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია პირველი მოპასუხის მიერ დანაშაულის ჩადენა და ამ გზით სახელმწიფოსათვის 120 000 ლარის ზიანის მიყენება.

4. მომავალში აღსაძრავი სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის (შემდეგში: „მეორე მოპასუხე, ან მეორე კასატორი“) შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის ბრძანებით ყადაღა დაედო პირველი მოპასუხის კუთვნილ ავტომობილ „ნივას“ და წინამდებარე განჩინების პ.2-ში აღნიშნულ უძრავ ქონებას {1998 წლის 19 თებერვლის რედაქციით მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 190.1, 30.1, 33.1 და 37.1 მუხლები}.

5. პირველ და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც დაამტკიცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, რომლის საფუძველზეც პირველი მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე, 332-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და დაენიშნა 5 - წლიანი გამოსაცდელი ვადა. მასვე შეეფარდა დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 30 000 ლარი. განაჩენით დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელიც და ა.მ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 120 000 ლარის გადახდა. სამოქალაქო სარჩელის ნაწილში გაიცა სააღსრულებო ფურცელი და ამ ნაწილში დაიწყო იძულებითი აღსრულება [1998 წლის 19 თებერვლის რედაქციით მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6791.1 , 67931, 151, 495-ე, 498-ე მუხლები].

6. მოსარჩელემ მოპასუხეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში: „მესამე მოპასუხე“) წინააღმდეგ აღძრა სარჩელი და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ყადაღისაგან გათავისუფლდა და სამივე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის, ანაზღაურება. სასამართლოს დასკვნა დასაბუთებულია შემდეგით:

7.1. წინამდებარე განჩინების პ.2-ში მითითებული ქონება შესაძლოა წარმოადგენდეს მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის თანასაკუთრებას, მაგრამ ამჟამად ამ ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრის მიხედვით აღრიცხულია მხოლოდ მოსარჩელე. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრინციპიდან გამომდინარე, პირველი მოპასუხე ავტომატურად არ შეიძლება ჩაითვალოს ყადაღის საგნის მესაკუთრედ [სსკ-ის 311-312-ე მუხლები].

7.2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას სამოქალაქო საპროცესო კანონი უშვებს მხოლოდ მოპასუხის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნა და მისი უზრუნველყოფა ერთმანეთს უნდა უკავშირდებოდეს. ამ შემთხვევაში ყადაღა დაედო არა პირველი მოპასუხის, არამედ მესამე პირის ქონებას და, შესაბამისად, ამ უკანასკნელს შეეზღუდა საკუთრების უფლება, მაშინ როდესაც მას, ანუ მოსარჩელეს, რაიმე კავშირი არა აქვს ჩადენილ დანაშაულთან [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 198-ე მუხლი].

7.3. იმისათვის, რომ სსკ-ის 1170-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, უძრავი ნივთის პირველი მოპასუხის კუთვნილი წილზე მიექცეს აღსრულება, აუცილებელია საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. გარდა ამისა, განაჩენით დადგენილი უნდა იყოს, რომ ქონება დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებითაა შეძენილი, რაც საქმის მასალებით არ დგინდება [სსკ-ის 1170-ე მუხლის მესამე ნაწილი].

8. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრეს მეორე და მესამე მოპასუხემ.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მესამე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; კერძოდ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოსარჩელის სასარგებლოდ მესამე მოპასუხისათვის სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

10. სასამართლომ გამოიტანა შემდეგი დასკვნები:

10.1. მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე განჩინების პ.2-ში მითითებული დაყადაღებული ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მხოლოდ მოსარჩელე, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს ამ ქონების ერთადერთ მესაკუთრეს.

10.2. ეს ქონება მოსარჩელემ შეიძინა მეუღლესთან (პირველ მოპასუხესთან) რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის პერიოდში. შესაბამისად, კანონის თანახმად ორივე მეუღლეს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის {სსკ-ის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილი}.

10.3. ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულებრივი მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მეუღლეთა თანასაკუთრებაზე გადახდევინების მიქცევით დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ დადგინდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა შეძენილი {სსკ-ის 1170-ე მუხლის მესამე ნაწილი}.

10.4. მეორე მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ მოსარჩელის სახელზე რიცხული დაყადაღებული ქონება შეძენილი იყო დანაშაულის ჩადენის გზით მიღებული სახსრებით {სსკ-ის 1170-ე მუხლი მესამე ნაწილი და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები}.

11. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ (საქართველოს პროკურატურა). საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

11.1. მოსარჩელემ გაუშვა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლით დადგენილი გასაჩივრების ვადა [„მოსამართლის ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მისი გაცემიდან ან აღსრულებიდან 72 საათის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების აღსრულებას. პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის ქონებას ყადაღა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო, მათ შორის, საქმესთან კავშირის არმქონე პირსაც, რომლის ქონებაც შეცდომით მოხვდა ოქმში (აღწერაში), უფლება აქვს მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად. ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის გამო სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა გამომძიებლისა და პროკურორისათვის, აგრეთვე საქმის განმხილველი სასამართლოსათვის“, კოდექსის 1998 წლის19 თებერვლის რედაქცია].

11.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა დაყადაღებული ქონების სამართლებრივი სტატუსი, კერძოდ, ის რომ ქონება სსკ-ის 1158-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას; სსკ-ის 1161-ე და 1162-ე მუხლების შესაბამისად, ამ ქონებას ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმი არ გააჩნდა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, მიღებული განჩინების იურიდიული დასაბუთებისა და საჩივრის მოტივების შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ უარყოფის თაობაზე:

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნა და მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოტივების მთლიანი უარყოფა. კერძოდ:

14.1. სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა დაყადაღებული ქონების სამართლებრივი რეჟიმი. სსკ-ის 1151-ე მუხლისა და 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან გამომდინარე, ქონება წარმოადგენს მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის (მეუღლეების) საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). მეუღლეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ არსებობს, რასაც შეიძლებოდა სხვა რამ დაედგინა {სსკ-ის 1158-ე მუხლის მეორე ნაწილის ბოლო წინადადება}. აქედან გამომდინარე, თითოეული მათგანის წილი დაყადაღებულ ქონებაში თანაბარია და შეადგენს ½-ს {სსკ-ის 1159-ე მუხლი და1168-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება}.

14.2. პირველ მოპასუხეს, ანუ ერთ-ერთ მეუღლეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, დაკისრებული აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 120 000 ლარის გადახდა. სსკ-ის 1170-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ერთ-ერთი მეუღლის ვალის დაფარვის წესი: გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მოვალის იმ ქონებიდან, რომელზეც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შეიძლება მიექცეს აღსრულება. ამ კანონის 61-ე მუხლის მიხედვით უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღსრულების საგანია მთლიანად დაყადაღებული ქონება, ანუ მოსარჩელის წილიც, სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნევს. მართალია, სსკ-ის 1170-ე მუხლის მესამე ნაწილი ამგვარ გამონაკლისს უშვებს („ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი განაჩენით დადგინდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით“), მაგრამ ამ ნორმით დადგენილი წესის გამოყენებისათვის აუცილებელი იყო იმ გარემოების დადგენა, რომ დაყადაღებული ქონება შეძენილი იყო დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი საქმეზე დადგენილი არ ყოფილა.

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ, რადგანაც არ არსებობდა სსკ-ის 1170-ე მუხლის მესამე ნაწილის განხორციელების წინაპირობა, არც ამავე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების საფუძველი არ ვლინდებოდა, შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მეუღლეთა საერთო საკუთრებაში არსებული წინამდებარე განჩინების პ.2-ში მითითებული ქონების ½ ნაწილზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა არ უნდა გაუქმდეს.

16. სარჩელის მთლიანად უარყოფას ვერ დაედება საფუძვლად კასატორის ის არგუმენტი, რომ რადგანაც მოსარჩელემ გაუშვა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების ვადა {საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლი} არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ განკარგა მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომელსაც მას ანიჭებს კანონი {„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი} და ამ უფლების რეალიზაციაზე გავლენას ვერ მოახდენს საპროცესო უფლების გამოუყენებლობა.

მოსარჩელე დაყადაღებული ქონების ½ ნაწილის მესაკუთრეა და შესაბამისად, რადგანაც არ არსებობდა მოსარჩელის კუთვნილი წილის დაყადაღების სამართლებრივი საფუძველი, სახეზე იყო სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების დაუშვებელი შეზღუდვა. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას საკუთრების უფლების ხელშეუვალობასთან მიმართებით და ამ თვალსაზრისით საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების სულისკვეთებას {საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი“}

17. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან ამ შემთხვევაში არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

18. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც მხარეებმა გასწიეს საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 257.1 და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ს. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეხუთე პუნქტი და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის (საქმე #12-237) ბრძანების საფუძველზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ნაწილობრივ გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას საჯარო რეესტრში ვ.ვ-ის სახელზე რიცხულ უძრავი ქონების (მდებარე ქ. ბათუმში, ……… (ს/კ …..) ½ ნაწილს;

4. ს. პ-ას ვ.ვ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის, ½ ნაწილის - 50 ლარის გადახდა;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი