Facebook Twitter

საქმე №ას-84-80-2016 11 მარტი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მარჩენალის დაკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ქ. მ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი) მიმართ 2011 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე მიუღებელი სარჩოს სხვაობის _ 7 895 ლარისა და 2014 წლის 1 სექტემბრიდან ყოველთვიურად 360 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მეუღლემ საწარმოო ტრავმა მიიღო მოპასუხე ორგანიზაციაში და შრომის უნარის დაქვეითების (80%) პროპორციულად ეძლეოდა სარჩო. მისი გარდაცვალების შემდგომ მოპასუხე ჯერ საკუთარი ინიციატივით, ხოლო შემდგომ _ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უხდიდა სარჩოს მოსარჩელეს. მიუხედავად მარჩენალის მიერ ტრავმის მიღებისას დაკავებულ თანამდებობაზე ხელფასის გაზრდისა, გაზრდილი ოდენობის სარჩოს ანაზღაურებაზე მოპასუხე აცხადებს უარს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული, ამასთანავე, არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე მიუღებელი სარჩოს ერთობლივი თანხის _ 7 895 ლარის, ხოლო, 2014 წლის სექტემბრიდან ყოველთვიურად _ 360 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩვრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მეუღლე წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე საწარმოში უფროს მსინჯველ-შემკეთებლად, სადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა და შრომითი დასახიჩრების გამო, უვადოდ დაკარგა პროფესიული შრომითი უნარი 80%-ით. ხაშურის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ხაშურის სავაგონო დეპოს ზ.მ-ის მეუღლის სასარგებლოდ, საწარმოო ტრავმიდან გამომდინარე მარჩენალის დაკარგვის გამო დაეკისრა სარჩოს გადახდა. ამ გარემოებათა მტკიცებისაგან მოსარჩელეს ათავისუფლებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი.

5.1.2. მარჩენალის დაღუპვის შედეგად მოსარჩელე იღებს სარჩოს მოპასუხისაგან, რომლის ოდენობაც თვეში 116.28 ლარს შეადგენს და იგი 2013 წლის 1 მაისიდან არ შეცვლილა.

5.1.3. მოპასუხე საწარმოში მომუშავე უფროსი მსინჯველ-შემკეთებლის ხელფასი 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის აგვისტომდე - 700 ლარს შეადგენდა, ხოლო 2012 წლის პირველი აგვისტოდან - 900 ლარს.

5.1.4. ხაშურის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ხაშურის სავაგონო დეპოს, საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებული მუშაკის მეუღლის სასარგებლოდ, დაეკისრა საწარმოო ტრავმიდან გამომდინარე მარჩენალის დაკარგვის გამო სარჩოს გადახდა მეუღლის კუთვნილი თანხის ნახევრის ოდენობით. ნიშანდობლივია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაწესებული სარჩოს გადაანგარიშება სწორედ აღნიშნული პრინციპით მოხდა. არც სააპელაციო საჩივრით და არც სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით აპელანტს სარჩოს ოდენობა და დაანგარიშების წესი სადავოდ არ გაუხდია.

5.1.5. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით დადგენილი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებები საქმის მასალებით დასტურდებოდა. პალატამ მიუთითა ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველსა და მე-2 ნაწილებზე, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის №53 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი“ და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით განისაზღვრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. აღნიშნული წესის 1.1 მუხლით განისაზღვრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ამ წესით (1.2 მუხლი), საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. მართალია, სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობას საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება არ ითვალისწინებდა, თუმცა, თავად ზიანის ანაზღაურების მიზანი სწორედ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც მას უკვე არ აქვს უნარი, მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. წინამდებარე სასარჩელო წარმოების გზით მოსარჩელის მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩოს დაწესება კი არ ხდება, არამედ დაწესებული სარჩოს გადაანგარიშება, შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი აქტითა და დამსაქმებლის კონკლუდენტური ქმედებით დასტურდებოდა დამსაქმებლის ვალდებულება, გადაუხადოს დასაქმებულის მემკვიდრეს მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩო იმ ოდენობით, რასაც ის მიიღებდა, დამსაქმებელთან შრომითი საქმიანობის განხორციელების დროს შრომის უნარის 80%-ით დაკარგვის გარეშე. პალატამ მიუთითა შრომის კოდექსის 44-ე მუხლზეც და მიიჩნია, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო თავად სარჩოს ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი წარმოადგენდა. პალატამ ამავე კოდექსის 1006-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მუხლი სარჩოს გადახდაზე ვალდებულ პირად მიიჩნევს ზიანის მიმყენებელს, იგი ადგენს სარჩოს გადახდის ხანგრძლივობასაც, რომელიც ძალაშია ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.

5.1.6. 2013 წლის 1 მაისიდან მოსარჩელე, სარჩოს სახით, მხოლოდ, 116 ლარს იღებდა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მოპასუხე საწარმოში მომუშავე უფროსი მსინჯველ-შემკეთებლის ხელფასი 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის აგვისტომდე - 700 ლარს შეადგენდა, ხოლო 2012 წლის პირველი აგვისტოდან - 900 ლარს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოპასუხისათვის დასაკისრებელი სარჩოს ოდენობა, მით უფრო, რომ სააპელაციო პრეტენზია სარჩოს ოდენობის დაანგარიშების ნაწილში წარმოდგენილი არ ყოფილა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლომ სარჩელის საფუძვლიანობა დაამყარა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებასა და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, თუმცა მითითებული ნორმები სარჩოს გადაანგარიშების წესს არ ადგენენ. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და თუ არ არის გასული მოთხოვნის წარდგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული წესი არეგულირებს მხოლოდ დამსაქმებლის ბრალეულ შემთხვევას და არა დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას. სარჩელის უსაფუძვლობას ადასტურებს ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანებულების 36-ე მუხლი არეგულირებდა მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩოს დანიშვნის საკითხს, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არაა, რაც შეეხება სარჩოს გადაანგარიშებას, ამავე ბრძანებულების 38-ე მუხლში 2005 წლის 7 ნოემბრის #923 ბრძანებულებით შევიდა ცვლილება და სარჩო გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება, ხოლო საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილება (მოქმედი) არ ითვალისწინებს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სასამართლოს ასევე არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ მოსარჩელის მეუღლის ჯანმრთელობის დაზიანება (შრომის უნარის დაკარგვა 80%-ით), რომელიც საწარმოს ბრალეულობით იყო გამოწვეული, დაზარალებულისათვის, ხოლო მოგვიანებით _ დაზარალებულის გარდაცვალების შემდგომ მისი მეუღლისათვის (მოსარჩელე) სარჩოს დანიშვნის საფუძველი გახდა, ამასთან, მოსარჩელის წინაშე მოპასუხის ვალდებულება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაა დადგენილი. ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულია მარჩენალის გარდაცვალებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესიც _ ჯანმრთელობის დაზიანებამდე დაკავებულ თანამდებობაზე მომუშავე პირის შრომის ანაზღაურების 80%-ის 1/2. დადგენილია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში გაიზარდა ხელფასი იმ თანამდებობაზე, რომელიც მოსარჩელის მეუღლეს ეკავა, ხოლო გაზრდილი ხელფასის პროპორციულად მოპასუხე არ ახორციელებდა სარჩოს გადაანგარიშებას.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია გადაწყვეტილების სამართლებრივ დაუსაბუთებლობაზე მითითებით შემოიფარგლება, რასაც პალატა არ იზიარებს. უპირველესად, სასამართლო მოიშველიებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს და განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი გარემოებები პრეიუდიციულადაა დადგენილი საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მათ შორისაა, მოპასუხის ვალდებულება და ამ ვალდებულების შესრულების (გამოანგარიშების) წესი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად კი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. გარდა აღნიშნულისა, სარჩოს გადაანგარიშების საკითხთან მიმართებით, პალატა მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48-ე ბრძანებულების მე-12 პუნქტით მუშაკისათვის დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობა ექვემდებარებოდა გადაანგარიშებას, მიუხედავად იმისა, როდის მიიღო მან ეს დასახიჩრება. აღნიშნულ ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის #923 ბრძანებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით ამოღებულ იქნა პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48-ე ბრძანებულების მე-12 პუნქტი. 2007 წლის 6 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის #93 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესები. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილებით კი, დამტკიცდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. აღნიშნული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. აღნიშნული დადგენილებით ახლებურად მოწესრიგდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებული პირისათვის ზიანის ანაზღაურების წესები. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მარჩენალი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო“ (იხ. სუსგ №ას-169-497-09, 24 ივლისი, 2009 წელი). ამასთანავე, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად პირის (კრედიტორის) მიერ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წესი სწორედ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლითაა მოწესრიგებული და ამ ნაწილშიც გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. რაც შეეხება კასატორის პოზიციას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით (რომელიც გამოთქმულია შესაგებელში, ასევე მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს საქართველოს მთავრობის 24.03.2007წ. დადგენილების 2.1. მუხლზე) პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალისწინებულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. დელიქტით გამოწვეული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 130-ე მუხლის მოთხოვნები (სკ-ის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კანონის 130-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ურთიერთობა უკავშირდება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს იძულებითი გადახდევინება მის მიერ სარჩელის აღძვრამდე სამი წლის გადაუხდელი ერთიანი თანხისა.

1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 01.02.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 540,98 ლარის 70% _ 378, 686 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს-ას“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 01.02.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 540,98 ლარის 70% _ 378, 686 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური