Facebook Twitter

საქმე №ას-141-137-2016 18 მარტი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ. ჯ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მესამე პირი _ იბა „თ-ი 88“, თავმჯდომარე ზ. თ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმისნიტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ზ. ჯ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) და დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის _ იბა „თ-ის 88-ის“ თავმჯდომარე ზ. თ-ის (შემდგომში _ მესამე პირი) მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 09.10.2013წ. #... წერილისა (რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა იბა „თ-ი 88-ის“ თავმჯდომარედ რეგისტრაციაზე) და 26.12.2013წ. #... ბრძანების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზ. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 09.10.2013წ. #... წერილის ბათილად ცნობისა და იბა „თ-ი 88-ის“ თავმჯდომარედ დარეგისტრირების თაობაზე) ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხის დავალდებულება, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იბა „თ-ი 88-ის“ თავმჯდომარედ მოსარჩელის დარეგისტრირების შესახებ.

2. მოპასუხის/მესამე პირის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის რეგისტრაციასაც მოსარჩელე მოითხოვს, არ არის მიღებული სამოქალაქო კოდექსთ დადგენილი წესის შესაბამისად.

2.2. მესამე პირმა მხარი არ დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 31 მარტს შედგა იბა „თ-ი 88-ის“ დამფუძნებელ წევრთა კრება. კრების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა რ. გ-ი. ამხანაგობის წევრების მოწვევა განხორციელდა გაზეთ „ს-ში“, „რ-ში“ და „2-ი“ გამოქვეყნებული განცხადებების საფუძველზე. როგორც კრების მასალებიდან ირკვევა, კრების მსვლელობისას თავმჯდომარემ განმარტა, რომ ამხანაგობაში გაწევრიანებული იყო 114 წევრი, საიდანაც კრებას ესწრებოდა ამხანაგობის ხმის უფლების მქონე 51 წევრი, შესული იყო 12 წევრის განცხადება, რომელთაც წინასწარ ჰქონდათ ნება გამოხატული კრების დღის წესრიგის მიმართ და ითხოვენ, რომ მათი ხმები ყოფილიყო გათვალისწინებული როგორც კვორუმში, ასევე, გადაწყვეტილების მიღებისას. აღნიშნულთან დაკავშირებით, კრებამ გადაწყვიტა, რომ ამხანაგობის 12 წევრის განცხადება კრების გადაწყვეტილებაზე თანხმობის გამოხატვასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული ყოფილიყო გადაწყვეტილების მიღებისას.

5.1.2. კრების დღის წესრიგს წარმოადგენდა: იბა „თ-ი 88-ის“ გამგეობის არჩევა; იბა „თ-ი 88-ის“ თავმჯდომარის არჩევა; ამხანაგობის აქტუალური და გადაუდებელი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა.

5.1.3. კრებამ დაადგინა, რომ საერთო კრების კვორუმის განსაზღვრა მომხდარიყო ამხანაგობის საერთო წევრთა უბრალო უმრავლესობით (ნახევარზე მეტით), ხოლო გადაწყვეტილების მისაღები კვორუმი განსაზღვრა კრებაში მონაწილეთა უბრალო უმრავლესობით (ნახევარზე მეტით).

5.1.4. კრების გადაწყვეტილებით გამგეობა განისაზღვრა 9 კაცის შემადგენლობით და წევრებად არჩეულ იქნენ ტ. ძ-ი, მ. კ-ი, ზ. ჯ-ე, მ. ი-ე, რ. გ-ი, ნ. ს-ა, ლ. ვ-ი, ნ. ჯ-ი, გ. მ-ე. კრებამ მოისმინა ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის საკითხი და თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ზ. ჯ-ე. კრების ამავე გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამგეობის ახალი დებულების შემუშავების, შესაბამისი მიწის ნაკვეთის, რომელზეც მშენებლობა მიმდინარეობს, ამხანაგობაში შენატანად ჩათვლისა და ამხანაგობის წევრობიდან შესაბამისი პირების გასვლის შესახებ. აღნიშნული ოქმი 06.04.2013წ. დაამოწმა ნოტარიუსმა.

5.1.5. არ იქნა გაზიარებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ 20.11.2003წ. წევრთა საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულება ძალაშია. 2003 წლის 20 ნოემბრის ამხანაგობის #... კრების ოქმით დადგინდა ცვლილებების შეტანა 2000 წლის 8 დეკემბრის საერთო კრების მიერ დამტკიცებულ დებულებაში წარდგენილი სახით. აღნიშნული ცვლილებების თანახმად (მე-2 პუნქტი), „ამხანაგობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ამხანაგობის წევრებად შეიძლება მიღებულ იქნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, რომლებიც აღიარებენ ამ დებულებას და ამხანაგობის მიერ დასახულ მიზნებს“; 7.1. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამხანაგობის წევრთა საერთო კრების კომპეტენციას წარმოადგენს გამგეობის წარდგინების საფუძველზე ამხანაგობის დებულებაში ცვლილებების ან დამატებების შეტანა, „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად _ მისი უფლებამოსილებაა ამხანაგობის გამგეობის წევრთა არჩევა იმ შემთხვევაში, თუ გამგეობის წევრი გარდაიცვალა, დაკარგა ამხანაგობის წევრობა ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; 7.2. პუნქტის თანახმად _ ამხანაგობის წევრთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. კრების მოწვევის ორგანიზებას ახორციელებს და მის ჩატარებას უზრუნველყოფს ამხანაგობის გამგეობა; 7.3. პუნქტის თანახმად _ ამხანაგობის წევრთა საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო შემადგენლობის 2/3, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად კი, საჭიროა დამსწრე წევრთა უმრავლესობის თანხმობა; მე-9 პუნქტის თანახმად _ გამგეობას ხელმძღვანელობს ამხანაგობის თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს ამხანაგობის უმაღლეს თანამდებობის პირს. იგი ირჩევა 5 წლის ვადით ამ ცვლილებებისა და დამატებების მიღების დღიდან. ამხანაგობის თავმჯდომარე შეიძლება ვადამდე იქნეს გადაყენებული თანამდებობიდან ამხანაგობის წევრთა 2/3-ის წერილობითი მოთხოვნით, თუ მის საქმიანობაში გამოიკვეთება დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები. დავა წყდება სასამართლოს მეშვეობით, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ; 8.1. პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნება ამხანაგობის წევრთა საერთო კრების მოწვევა და მისი დღის წესრიგის განსაზღვრა, „გ“ ქვეპუნქტის თანახმად - ამხანაგობის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება; 9.1. პუნქტის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარე წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან, სასამართლოსთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში, ამხანაგობის სახელით ხელს აწერს ნებისმიერ ხელშეკრულებას ან/და შეთანხმებას, ხსნის ანგარიშებს საბანკო-საკრედიტო დაწესებულებაში, ინახავს ამხანაგობის ბეჭედს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებითა და კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი იბა „თ-ი 88-ის“ 2000 წლის 8 დეკემბრის #... კრების ოქმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ იბა „თ-ი 88-ს“ სამოქმედო ძირითადი დოკუმენტი არ გააჩნია, შესაბამისად, 2003 წლის 20 ნოემბრის ამხანაგობის კრების ოქმით განხორციელებული ცვლილებები 2000 წლის 8 დეკემბრის საერთო კრების მიერ დამტკიცებულ დებულებაში არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლებრივი ძალის მქონედ. წესდება, რომელშიც შევიდა ცვლილებები, აღარ არსებობს, შესაბამისად, შეუძლებელია მასში განხორციელებული ცვლილებებით ხელმძღვანელობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ ამხანაგობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, ანუ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ხელშეკრულების ყველა მონაწილის თანხმობით.

5.1.6. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლზე, 931-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა შემდეგი: ამ ნორმებთან მიმართებაში საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ვინაიდან, ამხანაგობის წევრთა შორის ურთიერთობა გრძელდებოდა 1997 წლის 25 ნოემბრის შემდეგაც, აღნიშნული ურთიერთობა თავისი არსით წარმოადგენდა ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა) ხელშეკრულებას. ამხანაგობის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული ნორმები გარიგებათა შესახებ (სკ-ის 50-ე მუხლი). პალატამ განმარტა, რომ კრების ოქმი, სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებაა და მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი. ამ ნორმიდან გამომდინარე კი, 2013 წლის 31 მარტის კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი. ახალი თავმჯდომარის არჩევისათვის დაცული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში, ამხანაგობაში შედიოდა 114 წევრი, კრებას ესწრებოდა 51 წევრი და წარდგენილი იყო ამხანაგობის 12 წევრის განცხადება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამხანაგობას არ გააჩნია დებულება, სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების ყველა მონაწილის თანხმობით. ამავე საფუძვლიდან გამომდინარე სამართლებრივი ძალის მქონედ არ მიიჩნეოდა 2003 წელს წესდებაში შეტანილი ცვლილებები. კრების უფლებამოსილება ან მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა ლეგიტიმურობა უნდა განისაზღვროს კანონით ან წესდების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, არც კანონი და არც წესდება (ლეგიტიმურადაც რომ ჩაითვალოს) არ ადგენს კრების ჩატარებისა და მის მიერ გადაწყვეტილებების მიღების ისეთ წესებს, რომელთა მიხედვითაც ჩატარდა და მიიღეს გადაწყვეტილებები 2013 წლის 31 მარტს ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრებაზე. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილებები იურიდიული ძალის არმქონე იყო.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. ქვემდგომმა სასამართლოებმა გვერდი აუარეს წინა თავმჯდომარისა და გამგეობის წევრთა მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების საკითხს, რის თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება, ასევე ახალი თავმჯდომარის არჩევის თაობაზე კანონის მიერ იმპერატიულად დადგენილ კვორუმს, რომელიც წევრთა უბრალო უმრავლესობით განისაზღვრება.

6.1.2. ქვემდგომმა სასამართლობმა არასწორად არ გამოიყენეს სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 395-ე მუხლის მე-2 ნაწილი. 2013 წლის 31 მარტის კრებაზე ახალი თავმჯდომარის არჩევა განპირობებული იყო შემდეგით: ამხანაგობის 2013 წლის 31 მარტის კრების ჩატარების დროისათვის ამხანაგობის თავმჯდომარე იმხილებოდა მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რის თაობაზე ახლაც მიმდინარეობს გამოძიება. იგი, იმჟამინდელი გამგეობის წევრებთან ერთად, წევრებს უკანონოდ რიცხავდა ამხანაგობიდან, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნენ აღდგენილი ამხანაგობაში. სწორედ ეს გარემოებები გახდა ამხანაგობის ახალი დებულების შემუშავების, ახალი თავმჯდომარის არჩევისა და სხვა საკითხების განხილვის საფუძველი. ამდენად, უბრალო უმრავლესობით სადავო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება კანონიერია, ხოლო სასამართლომ, კანონის იმპერატიული დათქმის საწინააღმდეგოდ, არასწორად ანსაზღვრა კვორუმის საკითხი. ამხანაგობის საქმეების გაძღოლისა და მისი მმართველი ორგანოს უკანონო ქმედებებისაგან დავის წინაპირობას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება და მე-4 ნაწილი.

6.1.3. სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას, ნაცვლად ზემოხსენებული ნორმებისა, არასწორად იხელმძღვანელეს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 930-ე და 931-ე მუხლებით, რომლებიც საერთოდ არ არეგულირებენ ამხანაგობის მმართველი თანამდებობის პირების არჩევის საკითხს.

6.1.4. გადაწყვეტილების მიღებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა ამხანაგობის 2000 წლის 8 დეკემბრის დებულებაში 2003 წლის 20 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ბათილადაა ცნობილი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მტკიცება ამ აქტის ბათილობის თაობაზე, თუმცა, დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

6.1.5. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელთანაც სრულ შესაბამისობაშია ამხანაგობის ახალი თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება. 2013 წლის 31 მარტის საერთო კრების გადაწყვეტილება ამხანაგობის წევრთა გარიგებაა საერთო კრებაზე მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კერძოდ, იგი ხელშეკრულების მონაწილეთა უფლებად აღიარებს კვორუმის განსაზღვრის საკითხს. ამ საკითხთან დაკავშირებით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ზ.თ-ი არჩეულ იქნა 46 წევრის მიერ, რომელიც მონაწილეთა უმრავლესობასაც არ წარმოადგენს. მიუხედავად ამ პრეცედენტისა, მოპასუხე სადავოდ ხდის კრების გადაწყვეტილებას _ კერძოსამართლებრივ აქტს, რომლის ნამდვილობაც ამხანაგობის არცერთი წევრის მიერ შედავებული არაა. მოპასუხის ამგვარი ქმედებით ირღვევა სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მოთხოვნები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 2000 წლის 8 დეკემბრის #... კრების ოქმი, შესაბამისად, იბა-ს სამოქმედო დოკუმენტი არ გააჩნია და ერთობლივი საქმიანობის მართვის წესები დამოკიდებულია კანონისმიერ რეგულაციაზე. ამ საფუძვლებიდან გამომდინარე, რადგანაც კასატორის ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩევის საკითხი არ ყოფილა სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიღებული, კრების გადაწყვეტილება წარმოადგენდა უცილოდ ბათილ გარიგებას (სკ-ის 54-ე მუხლი).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პრეტენზიებთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს რომ, ისეთ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს სადამფუძნებლო დოკუმენტი _ სამოქალაქო კოდექსის 931-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შედგენილი წერილობითი გარიგება, სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ გადაწყვეტილების მიღების საკითხზე მონაწილეთა შეთანხმება ითვალისწინებდა კანონისაგან განსხვავებულ რეგულაციას, საწინააღმდეგო ვითარებაში ყოველთვის გამოიყენება ამხანაგობის საქმეების მართვა-გადაწყვეტის კანონით გათვალისწინებული წესები (934-ე მუხლი). რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება და მე-4 ნაწილი ითვალისწინებს გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღებას, მას პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ წერილობით შეთანხმებაში ამგვარი ნების დეკლარირების არარსებობის პირობებში გამორიცხულია ნორმის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების იმგვარი გაგება, როგორც ამას განმარტავს კასატორი, ხოლო მე-4 ნაწილთან მიმართებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კრებაზე ყველა წევრს მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო კანონი არ ადგენს დამსწრეთა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. კანონის ამ დანაწესებს ვერ შეცვლის კასატორის მითითება ამხანაგობის თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების მიმართ გამოძიების წარმოების ფაქტზე.

1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 08.02.2016წ. #... საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ზ. ჯ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 08.02.2016წ. #... საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური