Facebook Twitter

საქმე №ას-92-88-2016 11 მარტი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ სადაზღვევო თანხის _ 19 980 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 855 ლარის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში დადებული სადაზღვევო ხელშეკრულება მოიცავდა სხვადასხვა სადაზღვევო რისკებს, მათ შორის, ავტომობილის დაზიანებისა და განადგურების რისკს. 2013 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე დადგა სადაზღვევო შემთხვევა: მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი მოცურდა, გადავიდა გზის მარცხენა გვერდულზე და ჩავარდა სანიაღვრე არხში. დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით ავტომობილის აღდგენა არაა მიზანშეწონილი. მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 19 980 ლარი. მოპასუხე უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ, სახელშეკრულებო პირობების თანახმად, ის არ არის პასუხისმგებელი, აანაზღაუროს ზიანი, თუ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იქნებოდა დამზღვევის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებით, ასევე, სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, გარდა აღნიშნულისა, ვალდებულებისაგან მზღვეველს ათავისუფლებდა სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის დანაწესი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის კუთვნილი ავტომობილი, „კია სერატო“ სახელმწიფო ნორმით T. დაზღვეული იყო მოპასუხე კომპანიის მიერ.

5.1.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 2.2. მუხლის შესაბამისად, სადაზღვევო მომსახურება მოიცავდა, მათ შორის, ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ ავტომობილის დაზიანებასაც, თუმცა, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის პირობების 5.9. პუნქტით მხარეებმა დააზუსტეს, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა ის ზარალი, რომელიც გამოწვეული იყო უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაშვებული, ზღვრული სიჩქარის გადაჭარბების შედეგად.

5.1.3. 2013 წლის 5 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისი-სოხუმი-ლესენიძის საავტომობილო გზის 58–ე კილომეტრზე, ცალმხრივი მოძრაობისთვის განკუთვნილ მშრალ, მობეტონებულ, უდეფექტო საავტომობილო გზაზე დაზღვეული ავტომობილით ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოძრაობისას, მძღოლმა _ ნ. თ-ემ გაშლილ მოსახვევში ვერ დაიმორჩილა საჭე, მოცურდა, გადავიდა მარცხენა მოხრეშილ გვერდულაზე და ჩავარდა სანიაღვრე არხში. ამის შედეგად, დაზღვეული ავტომობილი სრულად დაზიანდა.

5.1.4. დაზიანებული ავტომობილის საწყის და ნარჩენ ღირებულებას შორის სხვაობა 19980 ლარია.

5.1.5. საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად საქმეში წარმოდგენილია ორი დასკვნა: საქართველოს შსს საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს შიდა ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, საგზაო–სატრასპორტო შემთხვევის დროს დაზიანებული ავტომობილი მოძრაობდა დაახლოებით 100–110 კმ/სთ სიჩქარით. ამავე დასკვნის თანახმად, დაზიანებამდე ავტომობილი, ტექნიკურად, სავსებით გამართული იყო; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის დასკვნიდან კი დგინდება, რომ უშუალოდ შემთხვევის წინ ავტომობილს უნდა ემოძრავა, სულ მცირე, 140–150 კმ/სთ სიჩქარით მაინც. იმის გამო, რომ აღნიშნული დასკვნები ერთმანეთის საწინააღმდეგო იყო, სასამართლომ დანიშნა განმეორებითი ექსპერტიზა, თუმცა, იგი არ ჩატარდა, როგორც აღმოჩნდა, მსგავსი ტიპის ექსპერტიზებს სხვა საექსპერტო დაწესებულებები არ ატარებენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ წინასწარ დადგენილი ძალა არც ექსპერტთა დასკვნებს გააჩნია და სასამართლომ ისინი ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა განიხილოს. სასამართლო სხდომაზე ექსპერტთა დაკითხვით დადგინდა, რომ შსს საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეული ავტომობილის სიჩქარე არ შეუსწავლია და იგი დაეყრდნო მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს მიერ მიწოდებულ მონაცემებს, თავად ეს მონაცემი კი, უშუალოდ მძღოლის ჩვენებას ეყრდნობოდა. ამისგან განსხვავებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის მსჯელობის საგანს წარმოადგენდა სწორედ ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის განსაზღვრა. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნა უფრო დამაჯერებელი და სარწმუნო იყო. შსს საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნის თანახმადაც, საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევამ (ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის არასწორად განსაზღვრამ). ექსპერტის დასკვნით, ამ პირობის შესრულების შემთხვევაში, მძღოლს მომხდარი შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. ამრიგად, ამ დასკვნის თანახმადაც, საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა დაუშვებელმა სიჩქარემ გამოიწვია. სასამართლოს განმარტებით, საგზაო მოძრაობის წესები, მათ შორის, ზღვრული სიჩქარის განმსაზღვრელი ნორმები ისეა შედგენილი, რომ მათი დაცვა, ჩვეულებრივ, საგზაო მოძრაობის მონაწილის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, დღის ნათელ მონაკვეთში ცალმხრივ, მობეტონებულ, უდეფექტო გზაზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოძრავი, ტექნიკურად გამართული ავტომობილის სიჩქარე დასაშვებ ზღვარზე ბევრად მეტი უნდა ყოფილიყო, რომ ამას საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა გამოეწვია, რაც განამყარებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნას იმის თაობაზე, რომ უშუალოდ საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევამდე ავტომობილს, სულ მცირე, 140–150 კმ/სთ სიჩქარით მაინც უნდა ემოძრავა. იმის გათვალისწინებით, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის დასაშვები სიჩქარე 110 კმ/სთ–ია, პალატამ ჩათვალა, რომ საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის მომენტში ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

5.1.6. პალატი მოსაზრებით, რადგან ხელშეკრულების პირობები ზღვრული სიჩარის გადაჭარბების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებდა, სადაზღვევო კომპანიას მისი ანაზღაურების ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ ეკისრებოდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიკვლია მტკიცებულებები, შეფასება არ მისცა ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლომ უარყო საპროცესო სამართლის ის ნორმები, რომლებიც მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევის წესს ადგენს და იმსჯელა მხოლოდ იმაზე, რომ იზიარებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს. სასამართლოს უნდა შეეფასებინა ის გარემოება, ჰქონდა თუ არა ადგილი სიჩქარის გადაჭარბებას, დასაშვები სიჩქარის ფარგლებში მოძრაობა იყო თუ არა მოსარჩელის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება. ორივე ინსტანციის სასამართლომ შეაფასა მხოლოდ ლ.სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელშიც კონკრეტული ექსპერტის მოსაზრებაა გადმოცემული და არა უტყუარად დადგენილი გარემოება. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ექპერტიზა შემთხვევის დადგომიდან 1 წლის შემდეგ ჩატარდა, როდესაც არ არსებობდა შემთხვევის ადგილი, რაიმე კვალი. ექსპერტს დასკვნის გაცემისას ავტომობილიც კი არ უნახავს. გასაჩვრებულ განჩინებაში არ არის ასახული სასამართლოს მსჯელობა, რატომ არ იქნა სარწმუნოდ მიჩნეული საქართველოს შსს-ს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შემთხვევის დადგომიდან რამდენიმე დღეშია ჩატარებული. დაკითხვისას დადასტურდა, რომ ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ ერთი და იმავე მეთოდით. განჩინების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში სასამართლომ მიუთითა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლსა და სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლზე, რაც სხვა გარემოებებთან ერთად მოწმობს, რომ სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობები.

6.1.2. კასატორმა მიუთითა მხარეთა შორის დადებულ დაზღვევის ხელშეკრულების 1.1; 1.2.2; 4.11; 15.1 პუნქტებზე, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომობილი აღდგენას არ ექვემდებარება, რაც ხელშეკრულების პირობების თანახმად ავტომობილის სრულ დაზიანებად განიხილება. შსს-ოს ექსპერტიზის თანახმად, მძღოლი მოძრაობდა შემთხვევის ადგილას დაშვებული სიჩქარით, მოსარჩელის მიერვე წარდგენილი სხვა დასკვნებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ ნ.თ-ე ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო ექსპლუატაციისათვის ვარგისი. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარდგენილ დასკვნას, იგი არაა დასაბუთებული, ემყარება სავარაუდო სიჩქარის გამოანგარიშების ფორმულას.

6.1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი: კასატორის მტკიცების საგანს წარმოადგენდა ის, რომ სახეზე არ იყო ხელშეკრულების #1 დანართის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, ანუ მას უნდა ემტკიცებინა მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების დადგენილი საჩქარით მართვის ფაქტი, ამ კუთხით მოპასუხის დასკვნა არ არის გამყარებული, იგი სუბიექტურ მოსაზრებებს ემყარება; რაც შეეხება თავად მოპასუხის მტკიცების ტვირთს, მას ევალებოდა მძღოლის მიერ მოძრაობის წესის დარღვევის ფაქტის დადასტურება, ამ კუთხით მან მხოლოდ ერთი დასკვნა წარმოადგინა, რომელიც სადავო შემთხვევის დადგომიდან ერთი წლის შემდეგ ჩატარდა და ემყარება ექსპერტის სუბიექტურ მოსაზრებებს.

6.1.4. ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ის გარემოება, რომ ავტომობილის მძღოლმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მოთხოვნები, ამ მხრივ გასათვალისწინებელია ის, რომ მძღოლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არა სიჩქარის გადაჭარბების, არამედ, მგზავრების ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობდა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე, 409-ე მუხლი. კასატორმა მიუთითა ამავე კოდექსის 799-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მის მიერ სადაზღვევო პრემიის შეტანის ვალდებულება შესრულებულია, ამასთან, სადავო გახადა სააპელაციო პალატის დასკვნა იმის თაობაზე, რომ შსს-ს საექსპერტო კვლევისას ავტომობილის სიჩქარის კვლევა არ განხორციელებულა. კასატორის განმარტებით, დასკვნაში ნათლად არის გადმოცემული, რომ ავტომობილი 100-110 კვ/სთ-ის სიჩქარით მოძრაობდა, ხოლო დაკითხვისას ექსპერტმა განმარტა, რომ მტკიცებულებები იყო საქმეში. ამგვარ განმარტებას მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი სადაზღვევო შემთხვევისას მოძრაობდა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29.1 მუხლის დარღვევით, კერძოდ, მან გადააჭარბა დასაშვებ სიჩქარეს, რამაც გამოიწვია საგზაო შემთხვევა. თავის მხრივ, მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების პირობები გამორიცხავდა მზღვეველის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა დამზღვევის უფლებამოსილი მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბების შედეგად იყო დამდგარი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

1.5. მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა მოპასუხის შესაგებელი, რომელიც არ დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან არ ჰქონდა ადგილი მოძრაობის წესების დარღვევას. აღნიშნულით მან იმგვარი არსებითი შედავება წარმოადგინა, რომელიც გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. არსებითი შესაგებლის ფარგლებში კი, სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მისი უფლებამოსილი პირის მხრიდან არ დარღვეულა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ხოლო სადაზღვევო შემთხვევა ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად იმსჯელა მტკიცებულებების იურიდიულ სანდოობა-დასაბუთებულობაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის ფარგლებში სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას სწორად მიანიჭა უპირატესობა. ამ ნაწილში კასატორი ცდილობს წარმოაჩინოს შსს-ს მიერ შედგენილი დასკვნის უპირატესობა, თუმცა, მისი მოსაზრებები არ აბათილებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის სარწმუნოობას. რაც შეეხება პირგასამტეხლოს საკითხს, ვინაიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი არ დგინდება, საფუძველს მოკლებულია ამ მოთხოვნის შეფასებაც (სკ-ის 417-ე მუხლი).

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური