Facebook Twitter

ბს-941-527(კ-06) 11 სექტემბერი, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ქ. რუსთავის ¹... საშუალო სკოლა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ს.-ი» (მოსარჩელე); საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რუსთავის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო (მოპასუხე); საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ქირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 3 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს «ს.-მა» მოპასუხეების _ ქ. რუსთავის ¹... საშუალო სკოლის, ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის ტერიტორიული ორგანოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2002 წლის 25 იანვრის ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 50 კვ.მ ფართის ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად სარგებლობისას რუსთავის ¹... საშუალო სკოლის მხრიდან უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ქ. რუსთვის საკრებულოს 2001 წლის 26 ივლისის ¹70 დადგენილების საფუძველზე ქირავნობით გადაცემის უფლებით საკონკურსო წესით გამოტანილ იქნა ქ. რუსთავში ...-ის ¹35-ში მდებარე ¹... საშუალო სკოლის გამოუყენებელი 50 კვ.მ ფართი. 2001 წლის 13 დეკემბერს სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის სამმართველოს საკონკურსო კომისიის სხდომის ¹1/28 ოქმის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა სპს «დ.-ა,» რომელმაც შემდგომ განიცადა რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდა შპს «ს.-ად.» აღნიშნულის საფუძველზე 2002 წლის 25 იანვარს მოსარჩელესა და ქ. რუსთავის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის რუსთავში, ...-ის ¹35-ში მდებარე ¹... საშუალო სკოლის შენობაში განთავსებულ 50 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე დაიდო უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად დამქირავებელი უფლებამოსილი იყო, აღნიშნული ფართით ესარგებლა ხელშეკრულების შესაბამისად. მოპასუხე ¹... საშუალო სკოლა კი მოსარჩელეს არ აძლევდა ამ ფართით სარგებლობის საშუალებას (ს.ფ. 4-8).

2003 წლის 23 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ქ. რუსთავის მე-20 საშუალო სკოლამ მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის ტერიტორიული ორგანოსა და შპს «ს.-ის» მიმართ. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა რუსთავის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს «ს.-ს» შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და შპს «ს.-ის» ¹... საშუალო სკოლის შენობიდან გამოსახლება.

შეგებებული სარჩელის მოტივებს წარმოადგენდა შემდეგი:

მოსარჩელე შპს «ს.-სა» და მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის სამმართველოს არ ჰქონდათ უფლება, დაედოთ სადავო ქირავნობის ხელშეკრულება ¹... საშუალო სკოლის თანხმობის გარეშე. სკოლა წარმოადგენდა დაინტერესებულ მხარეს, რომლის მიერ ხელშეკრულების დადებამდე უნდა ყოფილიყო განცხადებული თანხმობა, ასეთი თანხმობა კი შეგებებული სარჩელის ავტორს არ მიუცია. ამასთან, სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის სამმართველომ არასწორად გააფორმა ქირავნობის ხელშეკრულება შპს «ს.-თან», ვინაიდან ქ. რუსთავის ¹.... საშუალო სკოლამ მანამდე წერილობით აცნობა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ სკოლაში 50 კვ.მ ფართი თავისუფალი იყო მხოლოდ მეორე ცვლაში (ს.ფ. 39-41).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს განათლების სამინისტრო (ს.ფ. 106).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «ს.-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე რუსთავის ¹... საშუალო სკოლას უსაფუძვლობის გამო ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, სადავო ფართი, რომელზეც დადებული იყო ქირავნობის ხელშეკრულება, გაქირავებულ იქნა ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის ტერიტორიული ორგანოს მიერ, ვინაიდან ფართი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. ქონების მესაკუთრე ვერ იქნებოდა უშუალოდ რუსთავის ¹... საშუალო სკოლა, რის გამოც ქირავნობის ხელშეკრულება ამ უკანასკნელთან არ გაფორმებულა. სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ საქმეზე მოპასუხეებმა სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ და საქართველოს განათლების სამინისტრომ ცნეს სარჩელი. ამასთან, ქ. რუსთავის ¹... საშუალო სკოლის, როგორც იურიდიული პირის ჩამოყალიბება დამთავრებული არ იყო და მას წარმოადგენდა განათლების სამინისტრო, ხოლო ეს უკანასკნელი თავდაპირველ სარჩელს ცნობდა (ს.ფ. 153-157).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის ¹... საშუალო სკოლის დირექტორმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 170-179).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით რუსთავის ¹... საშუალოს სკოლის დირექტორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «ს.-ს» მიეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 50 კვ.მ. ფართის სრული დატვირთვით გამოყენების უფლება 2002 წლის 25 იანვრის ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად, რუსთავის ¹... საშუალო სკოლის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

2001 წლის გაზეთ «...-ის» ¹7-ში გამოქვეყნდა ინფორმაცია სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის სამმართველოს მიერ გამოუყენებელი ფართების გაქირავების კომერციული კონკურსის გამოცხადების თაობაზე, მათ შორის, რუსთავის ¹... საშუალო სკოლაში არსებული 550 კვ.მ გასაქირავებელი ფართის შესახებ;

2001 წლის 20 დეკემბრის ¹140 სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს «განათლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებაში გამოუყენებელი ფართების ქირავნობის ¹1 კონკურსის შესახებ» ბრძანების 29-ე პუნქტის თანახმად, ქ. რუსთავში ...-ის ¹35-ში მდებარე ¹... საშუალო სკოლის გამოუყენებელი 50 კვ.მ. ფართის გაქირავების კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა სპს «დ.-ა». წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრა 140 აშშ დოლარით. შედგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, ქირავნობის ხელშეკრულება დადასტურდა სანოტარო წესით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 5 წლით და აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში;

სადავო 50 კვ.მ. ფართი, აგრეთვე თვით ¹... საშუალო სკოლის მიერ დაკავებული ფართი წარმოადგენდა მუნიციპალურ საკუთრებას, შესაბამისად, მისი მესაკუთრე იყო სახელმწიფო, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით;

ქ. რუსთავის მერიის განათლების განყოფილების 2001 წლის 22 აგვისტოს ¹138/02 წერილით რუსთავის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსადმი გაცემულ იქნა თანხმობა ¹... საშუალო სკოლაში არსებულ ფართზე სკოლა «ს.-ნთან» ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციული გარიგების დადებისას სავალდებულო არ იყო რუსთავის ¹... საშუალო სკოლის თანხმობა, რამდენადაც სკოლა არ წარმოადგენდა იმ მესამე პირს, რომლის წერილობითი თანხმობის შემდეგაც ადმინისტრაციული გარიგება შევიდოდა ძალაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, ასეთ მესამე პირს კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენდა რუსთავის განათლების განყოფილება, რომლის თანხმობაც გარიგების დადებაზე არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ფართი სპს «დ.-ს» გადაეცა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 27 მაისის ¹274 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) შესახებ» დებულებისა და «რუსთავის საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი დაწესებულებების ფართის იჯარით გაცემის ორგანიზაციული საკითხების შესახებ» ქ. რუსთავის საკრებულოს 2001 წლის 26 ივლისის ¹70 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი (ს.ფ. 260-268).

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის ¹... საშუალო სკოლის დირექტორმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე, 58-ე, 67-ე, 95-ე 98-ე და სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლებით. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ მოგვიანებით წარმოადგენდა დასაბუთებულ საკასაციო საჩივარს (ს.ფ. 271).

კასატორს დასაბუთებული საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია და არც საკასაციო სასამართლოს სხდომებზე გამოცხადებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის საოქმო განჩინებით, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, დადგინდა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რუსთავის ¹... საშუალო სკოლის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსთავის ¹... საშუალო სკოლის საკასაციო საჩივარი სრულიად დაუსაბუთებელია და არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას რაიმე დარღვევის დასაბუთებას, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ყოველ დაინტერესებულ პირს უფლებას აძლევს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს დარღვეული ან სადავო უფლების, ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად. იმავდროულად, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებზე მხარისათვის უზრუნველყოფილია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა. სარჩელის აღძვრის მიზანი ანუ იურიდიული ინტერესი, თავის მხრივ, მოსარჩელისაგან მოითხოვს აღნიშნული ინტერესის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნის საგნის სწორად განსაზღვრას, მისი საფუძვლების სწორად დასაბუთებას და მოთხოვნის პროცესუალური ფორმის სწორი ინდივიდუალიზაციის გზით ამა თუ იმ სახის სარჩელის სასამართლოში სწორად წარდგენას. იმავდროულად, აპელანტს ან კასატორს ასევე მოეთხოვება შესაბამისი საჩივრის დასაბუთებული სახით წარდგენა, ვინაიდან როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციის სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეზღუდულია შესაბამისად სააპელაციო და საკასაციო საჩივრის ფარგლებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსთავის ¹... საშუალო სკოლის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს კასატორის მოთხოვნის დამასაბუთებელ მსჯელობას, რაც საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შესაძლებლობას მისცემდა. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე, 58-ე, 67-ე, 95-ე 98-ე და სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლებით. კასატორი არ აკონკრეტებს, თუ რაში გამოიხატა სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმების დარღვევა, რატომ არის სააპელაციო სასამართლოს დასკვნები მცდარი, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დარღვევამ რამდენად განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

კასატორს არ წარმოუდგენია არც დამატებითი საკასაციო საჩივარი, როგორც იგი თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, საკასაციო სასამართლოს ასევე არ მიეცა შესაძლებლობა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოესმინა კასატორის განმარტებისათვის, საკასაციო სასამართლოს სხდომებზე ამ უკანასკნელის გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებულობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. რუსთავის მე-20 საშუალო სკოლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.