Facebook Twitter

საქმე #ას-270-257-2016 23 მარტი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ-ო“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – შ. მ-ა, უ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საპროცესო ვადის აღდგენა

დავის საგანი – დავალიანების გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.მ-ას, უ. გ-ასა და მ. გ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 10171.66 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ (ძირითადი თანხის ნაწილში) ცნეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე მ. გ-მა წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის კერძო საჩივარი შინაარსობრივად წარმოადგენს საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადებას და ის განსახილველად უნდა გადაეცეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით შ. მ-ას, უ. გ-ასა და მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარე მოითხოვს გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევას და ვადის აღდგენას.

პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 66-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება იმ სასამართლოში, რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კერძო საჩივარი განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც უნდა განიხილოს განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 66-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ის კერძო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე